ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები

მკურნალობა

პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმის მკურნალობა ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან უნდა დაიწყოს. კუნთების კონტრაქტურის თავიდან ასაცილებლად ახალშობილს, მედიკამენტური მკურნალობის გარდა, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს აქტიური მოძრაობითი ვარჯიშები. შინების დახმარებით ჩვილის ხელებს ფიზიოლოგიურ მდებარეობას აძლევენ, კეთდება მასაჟები და ტარდება ფიზიოთერაპია. სამკურნალო პრეპარატებიდან ინიშნება ბ ჯგუფის ვიტამინები - ატფ, დიბაზოლი, პროპერ-მილი, ალოე, პროზერინი, გალანტამინი და სხვა.

დროულად დაწყებული სწორი მკურნალობით ბავშვს კიდურების ფუნქცია 3-6 თვის განმავლობაში აღუდგება. საშუალო სიმძიმის პარეზების დროს აღდგენის პერიოდი 3 წელი გრძელდება, მაგრამ ხშირად კომპენსაცია სრული არ არის. მძიმე სამეანო დამბლა კი იწვევს ხელების ფუნქციის მოშლას.

პროფილაქტიკა

პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმის პროფილაქტიკა მშობიარობის რაციონალურ და ტექნიკურად სწორად წარმართვას გულისხმობს.

დიაფრაგმის პარეზი

დიაფრაგმის პარეზის დროს, დიაფრაგმის ნერვის ფესვების დაზიანების გამო, დიაფრაგმის ფუნქცია იზღუდება ჩIII-ჩV დონეზე. ამის მიზეზი კი შეიძლება გახდეს მშობიარობის დროს გადამეტებული გვერდითი ტრაქცია (გაჭიმვა).

კლინიკური ნიშნები

დიაფრაგმის პარეზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი მიოტონური დისტროფიის ერთ-ერთი სიმპტომი. კლინიკურად ის ვლინდება ქოშინით, გახშირებული, არარეგულარული ან პარადოქსული სუნთქვით, ციანოზით (პერიოდული), პარეზის მხარეს გულმკერდის ყაფაზის გამოდრეკით. დაავადებულთა 80%-ს უზიანდება მარჯვენა მხარე, ორმხრივი დაზიანება კი 10%-ზე ნაკლებს უვითარდება. დიაფრაგმის პარეზი ყოველთვის არ ვლინდება კლინიკურად და საკმაოდ ხშირად მხოლოდ გულმკერდის ყაფაზის რენტგენოლოგიური კვლევით აღმოჩნდება ხოლმე. პარეზის მხარეს დიაფრაგმის გუმბათი მაღლა დგას და ნაკლებად მოძრავია, რამაც ახალშობილებთან შეიძლება პნევმონია გამოიწვიოს. დიაფრაგმის პარეზს ხშირად ერთვის მხრის წნულის ტრავმა.

დიაგნოზი

დიაფრაგმის პარეზის დიაგნოზი დგინდება კლინიკური ნიშნებისა და რენტგენოლოგიური კვლევის მონაცემების საფუძველზე.

მკურნალობა

დიაფრაგმის პარეზის მკურნალობა გულისხმობს ახალშობილის ფილტვების ადეკვატური ვენტილაციის უზრუნველყოფას დამოუკიდებლად სუნთქვის უნარის აღდგენამდე. საჭიროების შემთხვევაში ხდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, დიაფრაგმის ნერვის კანიდან სტიმულაცია.

დიაფრაგმის პარეზის პროგნოზი დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე. ბავშვების უმრავლესობა გამოჯანმრთელდება 10-12 თვის განმავლობაში. კლინიკური გამოჯანმრთელება შეიძლება რენტგენოლოგიური ცვლილებების გაქრობამდე დადგეს. ორმხრივი დაზიანების დროს ლეტალობა (სიკვდილიანობა) 50%-ია.

სახის ნერვის პარეზი

მშობიარობის დროს უხეში ჩარევით (მაგალითად, მაშებით) შეიძლება სახის ნერვის ღერო და/ან ტოტები ტრავმულად დაზიანდეს. მწვავე პერიოდში ახალშობილის სახის ნერვის გარსში შეშუპება და სისხლჩაქცევა აღმოჩნდება.

კლინიკური ნიშნები

სახის ნერვის პარეზისთვის დამახასიათებელია სახის ასიმეტრიულობა (რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ყვირილის, ხმამაღლა ტირილის დროს) და თვალების ნაპრალის გაფართოება (ლაგოფთალმი ან „კურდღლის თვალები“). ყვირილის დროს თვალის კაკლები შეიძლება ზემოთ გადაადგილდეს, ხოლო არასრულად დახუჭული თვალების ნაპრალში ჩანს თეთრი გარსი. ტუჩის ერთი კუთხე მეორესთან შედარებით ჩამოწეულია, პირი გადაადგილებულია ჯანმრთელ მხარეს. სახის ნერვის უხეშმა პერიფერიულმა პარეზმა შეიძლება გაართულოს წოვის პროცესი.

დიაგნოზი

სახის ნერვის პარეზის დიაგნოზი კლინიკური სიმპტომების საფუძველზე ისმება.

სახის ნერვის პარეზის მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, ფუნქციის აღდგენა ხშირად სწრაფად ხდება, ყოველგვარი სპეციფიკური მიმდინარეობის გარეშე. მძიმე დაზიანებისას ტარდება ფიზიოთერაპია. გამოჯანმრთელების შემდეგ ნარჩენი მოვლენები (სინკინეზიები და კონტრაქტურა) იშვიათად ვითარდება.

ხახის ნერვის პარეზი

ხახის ნერვის პარეზი საშვილოსნოში ნაყოფის არასწორი მდებარეობის დროს ხდება, როდესაც თავი ოდნავ მობრუნებული და გვერდზე დახრილია. თავი ამგვარად შეიძლება მშობიარობის დროსაც მოტრიალდეს, რაც ხმის იოგების დამბლას იწვევს.

კლინიკური ნიშნები

თავის გვერდზე მოხრა ხახის ნერვის ზედა და ქვედა ტოტებს ჭყლეტს. ზედა ტოტის დაზიანებით ირღვევა ყლაპვის პროცესი, ქვედა ტოტის დაზიანება კი იწვევს ხმის იოგების შემჭიდროებას, რასაც დისპნოემდე (სუნთქვის დარღვევა) მივყავართ. თავის როტაციის შედეგად ნაყოფი სახეს აჭერს მშობიარის მენჯს, ამიტომ საწინააღმდეგო მხარეს შეიძლება დაზიანდეს სახის ნერვი. თუ გამოხატულია კისრის გვერდით გადახრა, მაშინ შეიძლება დაზიანდეს დიაფრაგმის ნერვი და განვითარდეს დიაფრაგმის პარეზი.

დიაგნოზი

ხახის ნერვის დიაგნოზი დგინდება ლარინგოსკოპიით.

მკურნალობა

ხახის ნერვის მკურნალობა სიმპტომურია, მძიმე შემთხვევაში აუცილებელია ახალშობილის ზონდით კვება და ტრაქეოსტომის დადება. ხმაურიანი სუნთქვა და ასპირაციის საშიშროება წელიწადზე მეტხანს გრძელდება.

ხშირად პროგნოზი კეთილსაიმედოა. აღდგენას, როგორც წესი, ყველაზე ბევრი 12 თვე სჭირდება.

შუათანა ნერვის ტრავმა

ახალშობილებში შუათანა ნერვის ტრავმა შეიძლება ორ ადგილას განვითარდეს - ანტიკუბიტალურ ჩაღრმავებასა და მაჯაში. ორივე ფორმა დაკავშირებულია არტერიის (მხრის და სხივის) ფუნქციასთან.

კლინიკური ნიშნები

ორივე შემთხვევაში ვითარდება მსგავსი კლინიკური სურათი, კერძოდ, მოშლილია საგნების თითების დაჭერის ფუნქცია, რადგან დაქვეითებულია საჩვენებელი თითის მოხრისა და გაწევის უნარი და ცერა თითის წინააღმდეგობის გაწევის უნარი. შუათანა ნერვის ტრავმის დროს პირველი სამი თითის პროქსიმული ფალანგებისა და დიდი თითის დისტალური ფალანგის მოხრის უნარი შესუსტებულია, ასევე დაქვეითებულია დიდი თითის გვერდზე გაწევისა და წინააღმდეგობის უნარი. შეიმჩნევა დიდი თითის ატროფია.

დიაგნოზი

შუათანა ნერვის დაზიანება დამახასიათებელი სიმპტომებით დგინდება.

მკურნალობა

შუათანა ნერვის მკურნალობა გულისხმობს მტევანზე თაბაშირის სახვევების დადებას, სამკურნალო ფიზკულტურასა და მასაჟს.

შუათანა ნერვის დაზიანების პროგნოზი კეთილსაიმედოა.

სხივის ნერვის დაზიანება

სხივის ნერვი შეიძლება დაზიანდეს მხრის მოტეხისა და ნერვის მიჭყლეტის გამო. ეს კი შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოში ნაყოფის არასწორმა მდებარეობამ და მძიმე მშობიარობამ.

კლინიკური ნიშნები

სხივის ნერვის დაზიანება კლინიკურად ვლინდება კანის ცხიმოვანი ნეკროზით სხივის როკის ზემოთ, რაც შეესაბამება ნერვის მიჭყლეტის უბანს და ახასიათებს მტევნისა და თითების გაშლის სისუსტე (დაკიდული მტევანი).

დიაგნოზი

დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს მზის წნულის ქვედა ნაწილის დაზიანებასთან, მაგრამ სხივის ნერვის დაზიანების დროს შენარჩუნებულია ტაცების რეფლექსი და მტევნის სხვა წვრილი კუნთების ფუნქცია.

სხივის ნერვის დაზიანების პროგნოზი კეთილსაიმედოა, შემთხვევათა უმრავლესობაში მტევნის ფუნქცია სწრაფად აღდგება.

წელ-კუდუსუნის წნულის ტრავმა

წელ-კუდუსუნის წნულის ტრავმის მიზეზია LII-LIV და LIV-შII დონეზე ნერვების ფესვების დაზიანება, რასაც იწვევს ნაყოფის საშვილოსნოში ჯდომითი მდებარეობა. ასეთი დაზიანება იშვიათად გვხვდება.

კლინიკური ნიშნები

წელ-კუდუსუნის წნულის ტრავმას ახასიათებს ქვედა კიდურების ტოტალური პარეზი; განსაკუთრებით დარღვეულია მუხლში გაშლის ფუნქცია და არ არსებობს მუხლის რეფლექსები.

დიაგნოზი

წელ-კუდუსუნის წნულის ტრავმული დაზიანება უნდა დიფერენცირდეს საჯდომი ნერვის ტრავმისგან.

პროგნოზი მეტწილად კეთილსაიმედოა, შეიძლება 3 წლის ასაკის შემდეგაც შენარჩუნდეს მოძრაობების მხოლოდ მსუბუქი დარღვევები.

საჯდომი ნერვის ტრავმა

ახალშობილებთან საჯდომი ნერვის დაზიანების, კერძოდ, საჯდომი ნერვის მკვებავი ქვედა საჯდომი არტერიის სპაზმის ან თრომბოზის მიზეზი შეიძლება გახდეს საჯდომის კუნთზე არასწორი ინექცია, ასევე ჭიპის არტერიაში გლუკოზის ჰიპერტონიული ხსნარის, ანალეპტიკების, კალციუმის ქლორიდის შეყვანა.

კლინიკური ნიშნები

საჯდომი ნერვის დაზიანებისას ირღვევა მენჯ-ბარძაყის სახსრებში კიდურების გარეთ გაწევა და მუხლის სახსრებში მოძრაობა, ზოგჯერ ვითარდება დუნდულო კუნთების ნეკროზი. წელ-კუდუსუნის წნულის ტრავმისგან განსხვავებით, საჯდომი ნერვის დაზიანების დროს შენარჩუნებულია მენჯ-ბარძაყის სახსრებში კიდურების მოხრა, შიდა მხარეს შეწევა და შიდა მხარეს როტაცია.

დიაგნოზი

საჯდომი ნერვის დაზიანების დიაგნოსტირება ხდება ანამნეზით, დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებითა და ნერვში იმპულსის გატარების სიჩქარის განსაზღვრით. უნდა გაიმიჯნოს პერონეალური ნერვის ტრავმისგან.

მკურნალობა

საჯდომი ნერვის დაზიანების მკურნალობა გულისხმობს ტერფებზე თაბაშირის სახვევების დადებას, მასაჟს, სამკურნალო ფიზკულტურას, სითბურ პროცედურებს და ელექტროსტიმულაციას.

კუნთებში საინექციო წამლების არასწორად შეყვანის შემთხვევაში პროგნოზი შეიძლება არაკეთილსაიმედო (აქვს ხანგრძლივი აღდგენითი პერიოდი) იყოს. საჯდომი არტერიის თრომბოზით განვითარებული საჯდომი ნერვის პარეზის დროს კი პროგნოზი კეთილსაიმედოა.

პერონეალური ნერვის ტრავმა

პერონეალური ნერვის ტრავმის მიზეზი შეიძლება გახდეს მუცლადყოფნის ან პოსტნატალურ პერიოდში ნერვის მიჭყლეტა. ზიანდება მცირე წვივის ძვლის თავის გარშემო მდებარე ნერვის ზედაპირი.

კლინიკური ნიშნები

პერონეალური ნერვის დაზიანებისათვის დამახასიათებელია ტერფის დაკიდება. დიაგნოზი დგინდება კლინიკური ნიშნებითა და ნერვში იმპულსის გატარების სიჩქარის განსაზღვრით.

მკურნალობა

პერონეალური ნერვის დაზიანების დროს მკურნალობა ისეთივეა, როგორიც საჯდომი ნერვის დაზიანებისას.

პროგნოზი კეთილსაიმედოა, ფუნქციის აღდგენას 6-8 თვე სჭირდება.

ბავშვების მეთვალყურეობა ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის დროს

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმით დაბადებულ ბავშვებთან დიდია სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების განვითარების რისკი. ამიტომ აუცილებელია მათი დისპანსერული მეთვალყურეობა და 1 წლის ასაკამდე ყოველ 2-3 თვეში ერთხელ შემოწმება. ეს ექიმებს დარღვევების ადრეულ სტადიაზევე ადეკვატურად მკურნალობის საშუალებას მისცემს.

ცერებრული დამბლის და მხრის წნულის დაზიანებით მკვეთრად გამოხატული მოძრაობითი დარღვევების დროს აუცილებელია ბავშვების მრავალი წლის განმავლობაში მუდმივი მკურნალობა, ანუ მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს დეფექტის მაქსიმალურ კომპენსაციამდე და პაციენტის სოციალურ ადაპტაციამდე. მშობლები პირველივე დღეებიდან აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ ბავშვის მკურნალობაში. მათ ექიმებმა უნდა აუხსნან, რომ ნერვული სისტემის დაზიანების დროს ბავშვის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კურსით, მოძრაობის, მეტყველების ფსიქიკის სტიმულირებისა და განვითარებისთვის საჭიროა ბავშვის მუდმივი ვარჯიში. მშობელმა უნდა ისწავლოს, როგორ მოუაროს ასეთ ბავშვს, უნდა ისწავლოს სამკურნალო ვარჯიშების, მასაჟის კეთება და ა.შ.

ბავშვებს ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის გადატანის შემთხვევაში ფსიქიკური დარღვევები სხვადასხვა სახით უვლინდებათ. ფსიქიკური და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულების ინტენსივობა დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე. ასეთ ბავშვებს აქვთ დაბალი ინტელექტი (ოლიგოფრენია, კრუნჩხვები და ფსიქოპათიის მსგავსი ქცევები). ნებისმიერ ვარიანტში ვლინდება ცერებრასთენიური სინდრომი (ნევრასთენიის მსგავსი სინდრომი). ასევე შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვაგვარი ნევროზული დარღვევა, იშვიათად ვლინდება ფსიქოზი.

ახალშობილთა ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგად განვითარებული ინტელექტის დეფიციტი ვლინდება ოლიგოფრენიის სახით. ასეთი ოლიგოფრენიისთვის დამახასიათებელია ფსიქიკური განუვითარებლობის შერწყმა პიროვნების სტატუსის დაქვეითებასთან, ხშირია კრუნჩხვითი შეტევები და ფსიქოპათიის მსგავსი მოვლენები. მსუბუქ შემთხვევაში ინტელექტუალური უკმარისობა გამოიხატება ფსიქიკური განვითარების მეორეული შეფერხებით და ინფანტილიზმით.

თუ ენცეფალოპათია კრუნჩხვებით მიმდინარეობს, მაშინ ბავშვს სამომავლოდ შეიძლება განუვითარდეს ეპილეფსიური სინდრომი, ასთენიური დარღვევები და დაბალი ინტელექტი.

ქალა-ტვინის დაზიანების დროს ხშირი გვიანი გართულებაა ფსიქოზის მაგვარი მოვლენები და მოძრაობის დარღვევები. ცერებრასთენიურ სინდრომს ყოველთვის აქვს ადგილი და ახასიათებს ასთენია, ნევროზული დარღვევები (ტიკები, შიშები, ენურეზი და სხვა) და ორგანული ფსიქიკური აშლილობები. ფსიქოზი იშვიათია.

ქალა-ტვინის სამშობიარო ტრავმისათვის დამახასიათებელია (ოლიგოფრენიის გარდა) სიმპტომების ლაბილობა და დარღვევების შედარებით შექცევადი ხასიათი. ამიტომ პროგნოზი ხშირად კეთილსაიმედოა, მით უმეტეს, დროული და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში.

მკურნალობა სიმპტომურია, ტარდება დეჰიდრატაცია, გაწოვითი, დამამშვიდებელი და მასტიმულირებელი თერაპია. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოკორექციასა და სამკურნალო-პედაგოგიურ ღონისძიებებს.

პროფილაქტიკა გულისხმობს ორსულობისა და მშობიარობის გართულებების თავიდან აცილებას.