ართროსონოგრაფია ახალშობილთა მენჯ-ბარძაყის სახსრის სკრინინგდიაგნოსტიკაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ართროსონოგრაფია ახალშობილთა მენჯ-ბარძაყის სახსრის სკრინინგდიაგნოსტიკაში

- როგორ დავადგინოთ, აქვს თუ არა ახალშობილს ეს პათოლოგია?

- მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია დაბადებისთანავე მჟღავნდება, თუმცა ადრეულ ასაკში გარეგნული დათვალიერებით შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. არც ისაა გამორიცხული, სხვა თანდაყოლილი პათოლოგია იწვევდეს მისი კლინიკური ნიშნების სიმულაციას. ამის კვალობაზე, ძალზე აქტუალური საკითხია დროული დიაგნოსტიკა. მკურნალობის ტაქტიკა და ეფექტურობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს ახალშობილთა მენჯ-ბარძაყის სახსრის სკრინინგგამოკვლევის სპეციალური პროგრამები, რომლებიც ულტრაბგერით კვლევას ეფუძნება.

ულტრასონოგრაფია წარმოადგენს მენჯ-ბარძაყის სახსრის სკრინინგდიაგნოსტიკის ყველაზე ადრეულ და ეფექტურ მეთოდს, რომელსაც შესწევს აღნიშნული სახსრის ძვლოვანი, ხრტილოვანი და სხვა რბილქსოვილოვანი სტრუქტურების ყველაზე ადრეული ვიზუალიზაციის უნარი. თანაც ის ერთადერთი მეთოდია, რომელიც დინამიკური კვლევის საშუალებას იძლევა. დინამიკური კვლევა ნიშნავს კვლევას სახსარში ბარძაყის თავის მოძრაობისას. ამ გზით ფასდება, რამდენად ცენტრირებულია ბარძაყის ხრტილოვანი თავი ტაბუხის ბუდეში მოსვენებისა თუ დატვირთვის დროს.

ულტრასონოგრაფიული კვლევის მეთოდიკა, რომელიც ავსტრიელმა ექიმმა რეინჰარდ გრაფმა შეიმუშავა, ეფუძნება ბარძაყის თავის ტაბუხის ფოსოთი დაფარვის ხარისხსა და ძვლოვანი და ხრტილოვანი (ა და ბ) კუთხეების ზომას. მათ გასაზომავად შეიქმნა ულტრაბგერითი კვლევის სპეციალური პროგრამაც - Hიპ ჟოინტ, რომელიც დღეს, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, უკვე აქვს ბოლო თაობის ყველა ექოსკოპიის აპარატს.

- როგორია დისპლაზიის მექანიზმი?

- ახალშობილის ბარძაყის თავი, ხრტილოვანი ბაგე და ტაბუხის ფოსოს ძირი ჰიალინური ხრტილითაა შევსებული. ბარძაყის თავში ზრდის კვალდაკვალ ყალიბდება გაძვალების ბირთვი. ამის შესაბამისად, ტაბუხის ფოსოს გარეთა ხრტილოვანი კიდის ნაწილიც იწყებს გაძვალებას. დისპლაზიის დროს ეს პროცესი შეფერხებულია. ბარძაყის თავის დაჭერა მხოლოდ ხრტილოვან ბაგეზეა დამოკიდებული, რომელსაც ძლიერი დისპლაზიის დროს ამის უნარი აღარ შესწევს. როგორც კი ხრტილოვანი სტრუქტურები დაიტვირთება, სახსარი არასტაბილური ხდება, რაც განაპირობებს ბარძაყის თავის დეცენტრაციას (ქვეამოვარდნილობას, ამოვარდნილობას). ეს პათოლოგია განსაკუთრებით კარგად ჩანს დინამიკური კვლევის რეჟიმში.

- წლების განმავლობაში მთავარ დიაგნოსტიკურ მეთოდად რენტგენოგრაფია მიიჩნეოდა. რა უპირატესობა აქვს მასთან შედარებით ულტრასონოგრაფიას?

- რენტგენოგრაფია ვერ აღნუსხავს გაუძვალებელ (არაოსიფიცირებულ) ბარძაყის თავს და ტაბუხის ფოსოს სახურავს, რადგან ხრტილოვანი სტრუქტურები, რომლებიც სასახსრე ზედაპირების უმეტეს ნაწილს შეადგენს, რენტგენონეგატიურია. ნორმალურ მენჯ-ბარძაყის სახსარში გაძვალების ბირთვი წარმოქმნას იწყებს 2 თვიდან, შეფერხებისას კი - 3-დან 5 თვემდე. ამის კვალობაზე, რენტგენოგრაფიას დისპლაზიის გამოვლენა 4-5 თვემდე არ შეუძლია, დასხივების ხარისხი კი საკმაოდ მაღალია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ პათოლოგიის ადრეულ დიაგნოსტიკას, განსაკუთრებით - 1,5-2 თვემდე, რადგან ამ პერიოდში დაწყებული სწორი მკურნალობა ანატომიურად და ფუნქციურად მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული აღდგენის საწინდარია. დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში დიდია ბარძაყის თავის ასეპტიკური ნეკროზის და ადრეული კოკსართროზის განვითარების ალბათობა, რომლებიც ოპერაციული ჩარევის გარეშე ვეღარ გამოსწორდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენოგრაფიული კვლევა ადრეულ ასაკში სრულიად არაინფორმაციულია, თანაც მავნებელი.

- რომელ კლინიკურ ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- დისპლაზიების კლინიკური შეფასებისას საყურადღებოა სიმპტომების ტრიადა: მარქს-ორტოლაინის ტკაცუნი, ბარძაყის შეზღუდული განზიდვა და დუნდულა კუნთის ნაოჭების ასიმეტრია, - თუმცა ეს სიმპტომები ყოველთვის არ ახლავს თან მენჯ-ბარძაყის პათოლოგიას, რაც ხშირად ჰიპერდიაგნოსტიკის მიზეზად იქცევა. ამ შემთხვევაში აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ბოლო ხანს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებასთან ერთად გახშირდა ცენტრალური ნერვული სისტემის ნატალური დაზიანებაც, რაც კლინიკური სურათის პოლიმორფულობის გამო ხელს უშლის ადრეულ დიაგნოსტიკას, განსაკუთრებით - ახალშობილებთან. სხეულის ასიმეტრია მენჯის გადახრით და როტაციით კლინიკურად შეესაბამება დისპლაზიას, თუმცა ჰიპერტონუსი კლინიკურ გამოკვლევას ართულებს. სონოგრაფიული კვლევებით დადგენილია, რომ ასეთი შემთხვევების მხოლოდ 23% მოდის ჭეშმარიტი დისპლაზიის წილად. პირველ თვეებში დისპლაზიაც და ამოვარდნილობის სიმულაციაც ხშირადაა განპირობებული წელის არეში თანდაყოლილი ნახევარმალების ნიადაგზე განვითარებული სკოლიოზით. ეს პათოლოგია იწვევს მენჯის გადახრას, რასაც დუნდულას ნაოჭების ასიმეტრია და ერთ-ერთი ფეხის ფუნქციური სიმოკლე მოჰყვება, ამიტომ ზემოთ აღწერილი სიმპტომების დროს დიდ ყურადღებას მოითხოვს ხერხემალიც, განსაკუთრებით - მისი წელის სეგმენტი.

- რამდენად მარტივი და ხელმისაწვდომია ახალშობილის მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრასონოგრაფიული კვლევა?

- რამდენადაც ინფორმაციულია კვლევის ეს მეთოდი, იმდენადვე მნიშვნელოვანია აპარატურის ხარისხიც, რაც გულისხმობს Hიპ ჟოინტ პროგრამულ უზრუნველყოფას და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტის მაღალ კვალიფიკაციას. არასწორად მიღებული გამოსახულება არასწორ კუთხეებს აჩვენებს და, აქედან გამომდინარე, პასუხიც მცდარია. უნდა ითქვას, რომ ეს კვლევა მიეკუთვნება იმ გამონაკლისთა რიცხვს, როცა სონოგრამის, ესე იგი სურათზე დაფიქსირებული კუთხეების გარეშე დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. სონოგრამაა სპეციალისტის კვალიფიციურობის მაჩვენებელიც.

ამრიგად, ულტრასონოგრაფია წარმოადგენს ახალშობილთა მენჯ-ბარძაყის სახსრის სკრინინგდიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტურ მეთოდს. ვინაიდან აღნიშნული სახსრის ზრდის პოტენციალი 6-დან 12 კვირამდე (1,5-3 თვემდე) აღწევს პიკს, დიაგნოსტიკა და მკურნალობა არ უნდა გადავაცილოთ ამ ასაკს. დროული დიაგნოსტიკა, როგორც მოგახსენეთ, მდგომარეობის სრული კორექციის საწინდარია, ამიტომ ყველა ახალშობილის გამოკვლევა აღნიშნულ ვადაში უნდა მოხდეს.

- როგორ მკურნალობენ მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიას?

- მკურნალობა ბავშვთა ორთოპედის კომპეტენციაა, რომელსაც სწორი მკურნალობისთვის ზუსტი დიაგნოზი სჭირდება. საზოგადოდ კი დისპლაზიის გამომჟღავნებისთანავე, განსაკუთრებით - 1,5-2 თვიდან, მომწიფების დასაჩქარებლად სასურველია მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და დინამიკური სონოგრაფიული კონტროლი მდგომარეობის სრულ გამოსწორებამდე.