პედიატრიის ცნობარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიატრიის ცნობარი

* ქალებმა, რომელთაც უკვე ჰყავთ ალერგიული შვილები, ორსულობის დროს შეძლებისდაგვარად უნდა დაიცვან უალერგენო დიეტა.

* ჩვილი უნდა ვარიდოთ ალერგენებთან (უპირველეს ყოვლისა, კვებით ალერგენებთან) კონტაქტს. არ უნდა დავაწვინოთ ზღვის ბალახის ან თივის ლეიბზე, არ უნდა დავაფაროთ ბუმბულის საბანი, არ უნდა გვყავდეს შინ (ბავშვის ოთახში მაინც) ცხოველები და ფრინველები, არ უნდა გვედგას ნატურალური ტყავის ავეჯი, არ უნდა გვეკიდოს და გვეფინოს ხალიჩები და საერთოდ, ზედმიწევნით უნდა ვებრძოლოთ მტვერს, ასევე - მწერებსაც.

* შენობაში, სადაც ბავშვია, არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. სიგარეტის კვამლი იწვევს ალერგიას და ასუსტებს ორგანიზმის სუნთქვით ფუნქციას.

* მნიშვნელოვანია ბავშვის დაცვა ინფექციებისგან. პატარასთან ავადმყოფის კონტაქტი არ შეიძლება. დაავადების შემთხვევაში აუცილებელია დროული და სათანადო მკურნალობა. ნაწლავური ინფექციის შემთხვევაში მთელი ოჯახის მკურნალობაა საჭირო.

* მეძუძურმა დედამ არ უნდა მიიღოს ალერგიის გამომწვევი წამლები და რაციონიდან უნდა ამოიღოს ალერგიული პროდუქტები.

როგორ მკურნალობენ ალერგიულ დაავადებებს?

ალერგიული რეაქციის ნიშნების გამოვლენისთანავე დაწყებული მკურნალობა თავიდან აგვაცილებს კატარული ალერგიის რთული ფორმის განვითარებას.

ალერგიული დაავადების მკურნალობა, უწინარესად, ალერგენის ორგანიზმიდან გამოდევნას გულისხმობს. ეს შესაძლებელია, თუ ალერგენია საკვები, ცხოველის ბეწვი ან წამალი.

ოთახის მტვერზე, ყვავილის მტვერზე ან სხვა ისეთ სუბსტანციაზე ალერგიის შემთხვევაში, რომლის ბავშვის გარემოდან მოშორებაც შეუძლებელია, შეიძლება ჩატარდეს ჰიპოსენსიბილიზაცია - ალერგენისადმი ორგანიზმის მგრძნობელობის დაქვეითება. ის ორგანიზმში ალერგენის თანდათანობით, მზარდი დოზით შეყვანას გულისხმობს. ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს მაბლოკირებელ ანტისხეულებს, რომელთაც არ გააჩნიათ მასენსიბილიზებელი თვისებები და, რეაგინებისგან - კანმასენსიბილიზებელი ანტისხეულებისგან - განსხვავებით, ალერგენებისადმი დიდი მსგავსებით გამოირჩევიან. ამის წყალობით ორგანიზმში მოხვედრილი ალერგენები უპირატესად მაბლოკირებელ ანტისხეულებს უერთდებიან და არა რეაგინებს. შედეგად ორგანიზმის ქსოვილები არ რეაგირებენ ალერგენებზე და აღარც ალერგიული რეაქციები იჩენს თავს (მკურნალობის ამ მეთოდს 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან არ მიმართავენ).

მადესენსიბილიზებელ საშუალებებს შესწევთ პოხიერი უჯრედების სტაბილიზებისა და მათი დეგრანულაციის თავიდან აცილების უნარი. ამრიგად, მათი გრანულებიდან აღარ გამოთავისუფლდება სპეციფიკური სუბსტანცია - ალერგიული რეაქციის მედიატორი. ეს ალერგიის გამოხატულებას ამცირებს.

ზოგი მადესენსიბილიზებელი საშუალება ადგილობრივად მოქმედებს. მათ იყენებენ ასთმის დროს - ფხვნილის, თივის ცხელების დროს - ცხვირისა და თვალის წვეთების, კუჭნაწლავისმიერი ალერგიის დროს - ტაბლეტების სახით.

სხვა მადესენსიბილიზებელ საშუალებებს ზოგადი მოქმედების უნარი აქვთ. მათ, წესისამებრ, ხანგრძლივად ნიშნავენ, მეტწილად - ატოპიური დაავადებების დროს, თუმცა ასპირინით გამოწვეული ასთმის დროსაც შეიძლება გამოიყენონ. ზოგადი მოქმედების მადესენსიბილიზებელი საშუალებების რეგულარული გამოყენება თავიდან გვაცილებს ალერგიის გამოვლენას ან ამცირებს მის სიხშირეს.

აღსანიშნავია, რომ ანტიჰისტამინური საშუალებები ასთმის შეტევის დროს უეფექტოა, მაგრამ გამოიყენება ჭინჭრის ციების, კვინკეს შეშუპების, კვებითი ალერგიის, ალერგიული რინიტის დროს. ასთმის შეტევის შემთხვევაში გაცილებით ეფექტურია ბრონქოსპაზმის მომხსნელი პრეპარატები (ისინი ასთმის სამკურნალოდაც ინიშნება). მათ რიცხვს ეკუთვნის β-ადრენორეცეპტორებზე მოქმედი საშუალებები, მეთილქსანტინის წარმოებულები, ქოლინერგული რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალებები. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მათ, ბრონქებზე ზემოქმედებასთან ერთად, შეუძლიათ აგზნების გამოწვევა, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის აწევა, შარდის რაოდენობის მომატება, ბრონქებში ლორწოს შესქელება, ამიტომ ეს პრეპარატები დიდი სიფრთხილით ინიშნება, ხოლო მათი მიღებისას აუცილებელია დანიშნულების ზედმიწევნით დაცვა. უნდა გვახსოვდეს, რომ მადესენსიბილიზებელი საშუალებების ზედოზირებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბავშვის სიცოცხლეს.

არსებობს ნახველის გამათხიერებელი და ამოსახველებელი საშუალებებიც. ისინი ბრონქების ლორწოსგან გაწმენდას უწყობენ ხელს. მათი გამოყენების პარალელურად აუცილებელია ბავშვის ოთახის დატენიანება და ბავშვისთვის დიდი რაოდენობით სითხის მიცემა.

თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებსა და კორტიკოსტეროიდებს ალერგიული დაავადებების დროს ბავშვებს იშვიათად უნიშნავენ, რადგან გართულებების გამოწვევა შეუძლიათ. ჰორმონების ვენაში შეყვანის აბსოლუტური ჩვენებებია ასთმური სტატუსი, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება ხორხის სპაზმით. ზოგჯერ ჰორმონებს უნიშნავენ ასთმის მძიმე მიმდინარეობის ან კანის ძლიერი დაზიანებების დროსაც.

კორტიკოსტეროიდები შეიძლება დაინიშნოს ტაბლეტების, ინჰალატორების, წვეთებისა და კრემის სახით.

ბოლო ხანს ხშირად ინიშნება სტერიოდების (ჰორმონების) საინჰალაციო ფორმები, რომლებიც დოზის შემცირების და გართულებების თავიდან აცილების ან შემცირების საშუალებას იძლევა. წამლის (მაგალითად, სალბუტამოლის) შესუნთქვა ნაჩვენებია ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაშიც.

ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ანტიბიოტიკები ინიშნება ანთებითი პროცესების დროს, რომელიც ყოველთვის აძლიერებს ალერგიის გამოხატულებას. ანტიბიოტიკებს უნიშნავენ ჰორმონებით ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც, რადგან ჰორმონები, მართალია, აფერხებს ალერგიულ რეაქციას, მაგრამ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარსაც აქვეითებს.

ალერგიული დაავადების თერაპიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კლიმატურ მკურნალობას. ის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება.


ატოპია და ატოპიური დაავადებები

რა სახის ალერგიული დაავადებები გვხვდება ბავშვებთან?

არსებობს სხვადასხვა სახის ალერგიული დაავადება. ზოგი მათგანი გენეტიკურად გადაეცემა როგორც ატოპიური მდგომარეობა. გენეტიკური გადაცემის მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. ატოპია ალერგიული დაავადებებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილებაა. ატოპიურ დაავადებებს მიეკუთვნება: ბრონქული ასთმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთება, თივის ცხელება, ატოპიური დერმატიტი, ჭინჭრის ციების ზოგიერთი ფორმა, ზოგიერთი საკვების აუტანლობა.

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ატოპია აქვს ორივე მშობელს, ასიდან 60-70 შემთხვევაში შვილებსაც გამოაჩნდებათ ალერგიის ნიშნები; თუ მხოლოდ ერთ მშობელს აქვს ალერგია, ასიდან 40 შემთხვევაში ბავშვიც ალერგიულია; თუ მშობლები ატოპიისადმი განწყობილნი არ არიან, მხოლოდ 12-15%-ია ალბათობა, მათი შვილი ალერგიული იყოს. აღსანიშნავია, რომ მშობლებისგან შვილებს გადაეცემათ არა დაავადება, არამედ დაავადების განვითარების რისკი. მაგალითად, თუ დედას აქვს ბრონქული ასთმა, შვილს შესაძლოა განუვითარდეს კანის ალერგიული დაავადება ან კვებითი ალერგია.

როგორ იცვლება ასაკთან ერთად ატოპიის გამოვლენა?

ატოპიური დაავადებების გამოხატულება მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება. მაგალითად, ჩვილ ასაკში ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ატოპიური ეგზემა, 3-4 წლის ასაკში განუვითარდეს ასთმური შეტევები, 10-12 წლის ასაკში კი თივის ცხელება. ატოპიური ბავშვების 50%-თან ალერგია მრავალი ორგანოსმხრივი ცვლილებებით იჩენს თავს.

ატოპიური დაავადებების გამოვლენის ცვლილება იმის ბრალია, რომ ერთი და იმავე ალერგენის ზემოქმედებაზე ორგანიზმს შესაძლოა რამდენადმე განსხვავებული საპასუხო რეაქცია განუვითარდეს. საქმე ის გახლავთ, რომ ალერგენების მთელ ჯგუფს შეიძლება საპასუხო რეაქციების მსგავსი მექანიზმი ჰქონდეს. საყოფაცხოვრებო ალერგენები ყველაზე ხშირად ასთმას ან ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას იწვევს, იშვიათად - კანის ალერგიას. კვებით ალერგენებს შეუძლია ასთმის შეტევის, კანის ცვლილებებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემისმხრივი ალერგიული რეაქციების გამოწვევა.

როგორია ალერგიული რეაქციის განვითარების მექანიზმი?

ატოპია აღენიშნებათ ადამიანებს, რომელთაც ორგანიზმის განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებთ, სახელდობრ:

  • რეაგინების (IგE) ჰიპერპროდუქცია;
  • ზოგიერთი იმუნური მექანიზმის დარღვევა;
  • ვეგეტაციური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა.

ატოპიური მდგომარეობის დროს რეაგინების ჰიპერპროდუქცია იმუნიტეტის მარეგულირებელი მექანიზმის მანკიერი ქმედებითაა გამოწვეული. ნორმალურ მდგომარეობაში რეგულირდება ყველა კლასის ანტისხეულების პროდუქცია, მათ შორის - IgE-საც. იმუნური სისტემის უჯრედები, Т ლიმფოციტები (Т - ჰელპერები და Т - სუპრესორები), ორგანიზმის მოთხოვნისამებრ, ზრდიან ან ამცირებენ შესაბამისი იმუნოგლობულინის გამომუშავებას. ატოპიის შემთხვევაში ეს მექანიზმი ირღვევა.

ჯანმრთელი ორგანიზმი ახერხებს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე ალერგენების განადგურებას ან ნეიტრალიზებას. ამის კვალობაზე, მათი რაოდენობა მცირდება. საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს A (slgA) კლასის ანტისხეულები, რომლებიც გამომუშავდება ლორწოვანქვეშა გარსში და მუდამ მზადაა საპასუხო რეაქციისთვის. ეს ანტისხეულები ბევრია სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სანათურებში.

ბრონქების ლორწოვანი გარსი ამოფენილია წამწამოვანი ეპითელიუმით, რომლის მნიშვნელობა ალერგიზაციის პროცესში ძალიან დიდია. დაუზიანებელი ეპითელიუმის წამწამები უზრუნველყოფს ბრონქების გაწმენდას. ლორწოვანი გარსის უჯრედებს შორის ვიწრო სივრცეში ალერგენს შეღწევა უჭირს. ანთების დროს ლორწოვანი გარსის დაზიანება ხელს უწყობს ორგანიზმში ალერგენების მოხვედრას და ცდომილი ნერვის რეცეპტორების გაღიზიანებას. ამას მოჰყვება გარსის ქვეშ არსებული პოხიერი უჯრედების დაზიანება. ალერგიზაციის კერაში ეოზინოფილები და ნეიტროფილები გროვდება.

ალერგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ნერვულ სისტემასაც. მისი ავტონომიური მოქმედება ადრენერგული ბლოკადის შედეგად ირღვევა. უჯრედების გარსში არის ადრენერგული რეცეპტორები (α-და 0 რეცეპტორები), რომლებიც აღიქვამს ვეგეტაციური ნერვული სისტემის გამღიზიანებლებს. ნერვული სისტემის ზომიერი დაძაბვა ჯანმრთელობის მდგომარეობას განაპირობებს, ამ მდგომარეობის შეცვლა კი, თავის მხრივ, ცვლის რეცეპტორების ფუნქციას, აძლიერებს სხვადასხვა ორგანოს გაღიზიანებას, იწვევს ბრონქების შევიწროებას და ასთმას. ვირუსებით, ენდოტოქსინებით, ბაქტერიებით ან სხვა მიზეზით გამოწვეულ ადრენერგულ ბლოკადას ალერგიული რეაქციის გაძლიერებამდე მივყავართ.

საერთო პოპულაციაში ატოპიის სიხშირე 20-25%-ს შეადგენს. ყველა ალერგიული დაავადება ატოპია არ არის, მაგრამ ბავშვებთან ალერგიების 80% ატოპიის საფუძველზე ვითარდება. იმუნურ მექანიზმს, რომელიც ატოპიური დაავადების აღმოცენებასა და განვითარებას იწვევს, ეწოდება I ტიპის რეაქცია, ანაფილაქსიური ან დაუყოვნებლივი რეაქცია. ატოპიური დაავადება - ეს არის ორგანოს მიერ ანაფილაქსიის ადგილობრივი გამოხატვა. ზოგადი ანაფილაქსიური რეაქციაა ანაფილაქსიური შოკი.