სეზონური პრობლემა - დიარეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეზონური პრობლემა - დიარეა

- მწვავე ნაწლავური ინფექცია სეზონური დაავადებაა. მისი გამომწვევი ყველაზე აქტიურად სითბოში მრავლდება. მრავლდებიან დაავადების გადამტანი მწერებიც. სიცხე ადამიანზეც ცუდად მოქმედებს - არღვევს წყალმარილოვან ცვლას, ასუსტებს ორგანიზმს. დაავადება ბავშვებსაც ემუქრებათ და მოზრდილებსაც, მაგრამ ბავშვებს - უფრო მეტად, რაც მათი ორგანიზმის ანატომიური თავისებურებებითა და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფერმენტული უმწიფრობით აიხსნება. რაც მთავარია, უფროსები პატარებივით ხელებს და ნივთებს პირში არ იდებენ.

- როგორ ინფიცირდება ადამიანი?

- დაავადების გამომწვევი მიკრობები ხვდებიან საკვებში არასწორი შენახვისა და მომზადებისას, ჰიგიენის წესების დარღვევისას. ისინი აქტიურად მრავლდებიან რძის, ხორცის, საკონდიტრო კრემიან ნაწარმში. კუჭ-ნაწლავის სისტემაში მოხვედრილი გამომწვევები იწყებენ ინტენსიურ გამრავლებას და გამოყოფენ ტოქსინებს. ხდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია, რასაც ხალხი მოწამვლას ეძახის. ინტოქსიკაციას მოჰყვება პირღებინება, ნაწლავთა აშლილობა, მუცლის მოვლითი ტკივილი, ტემპერატურის მომატება.

ყველაზე გავრცელებული ნაწლავური ინფექციები და მათი სიმპტომები

სალმონელოზი

- სალმონელა, დაავადების გამომწვევი, აზიანებს წვრილ ნაწლავებს და იწვევს ენტერიტს - ნაწლავთა ანთებას. სალმონელა მრავლდება წყალსა და საკვებში - რძეში, კვერცხში, ქათმის ხორცში, თევზსა და მათ პროდუქტებში. ინფექციისთვის დამახასიათებელია მოვლითი ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და ინტენსიური პირღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება მძაფრსუნიანი თხიერი განავლით, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, სისუსტე, უმადობა.

სტაფილოკოკური საკვებისმიერი ინტოქსიკაცია

- სტაფილოკოკით დაბინძურებული საკვების მიღების შემთხვევაში ვითარდება მწვავე ინტოქსიკაცია.

დაავადების ნიშნებია ტკივილი მუცლის არეში, პირღებინება, ნაწლავთა აშლილობა, ტემპერატურის მომატება. ეს სიმპტომები დაბინძურებული საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში იჩენს თავს ოჯახის იმ წევრებთან, ვინც ეს საკვები მიიღო.

შიგელოზი

- ინფექციის გამომწვევი შიგელა აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მის ანთებას - კოლიტს. ხალხში ეს დაავადება დიზენტერიის სახელითაა ცნობილი. გადაედება ავადმყოფის გამონაყოფით (განავლით) დაბინძურებული წყლის, საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის 38-39 გრადუსამდე მომატებით, მუცლის არეში მოვლითი ტკივილით, რომელსაც ერთვის ჭინთვები, განავალი მომწვანოა, მძაფრსუნიანი, შეიცავს სისხლიან ლორწოს.

ეშერიხიოზი

- დაავადების გამომწვევია ნაწლავის ჩხირი. ინფიცირება ხდება კონტაქტურ-საკვებისმიერი გზით. დასუსტებულ ორგანიზმში გამომწვევი შესაძლოა ენდოგენური გზითაც მოხვდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწლავის ჩხირი ჩვენს ორგანიზმში სასარგებლო ბაქტრიებთან ერთად ცხოვრობს, ამა თუ იმ მიზეზით (მაგალითად, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების გამო) იმუნიტეტის დაქვეითებისას სასარგებლო ბაქტერიები ითრგუნება და დაავადების გამომწვევი ნაწლავის ჩხირი მრავლდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი. ბავშვი უჩივის სისუსტეს, შემცივნებას, თავის ტკივილს. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია ან სუბფებრილური. თან ახლავს მოვლითი ტკივილი მუცლის არეში. ნაწლავთა მოქმედება გახშირებულია, განავალი - უხვი, თხიერი, უსუნო. გამორიცხული არ არის გულისრევა და პირღებინება.

ვირუსებით გამოწვეული დიარეა

- დიარეის გამომწვევი ვირუსები გადაეცემა ფეკალურ-ორალური და ჰაერწვეთოვანი გზით. ინფექციას აქვს სეზონური ეპიდემიის სახე, უფრო ხშირია გაზაფხულზე. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის 39 გრადუსამდე და მეტად მომატებით, შემცივნებით და მოთენთილობით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნებით (ცხვირიდან გამონადენით, ხველით) და ნაწლავური სიმპტომებით - მუცლის ყურყურით, ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით, გულისრევით, პირღებინებით. განავალი უხვია, თხიერი, ლორწოსა და სისხლის მინარევის გარეშე, აქვს მომჟავო სუნი.


- როგორ ავიცილოთ თავიდან ნაწლავური ინფექციები?

- დაიბანეთ ხელები საპნით ყოველი ჭამის წინ და ქუჩიდან შემოსვლისთანავე, ტუალეტიდან გამოსვლისას, შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ. იმავეს მიაჩვიეთ ბავშვები. მაღაზიაში ნაყიდი რძეც კი უნდა აადუღოთ. ხაჭო მხოლოდ პასტერიზებული შეიძინეთ. შეამოწმეთ ეტიკეტზე რძის ნაწარმის გამოშვების თარიღი და შენახვის ვადა. არ დატოვოთ მზა კერძი ოთახის ტემპერატურაზე 2-3 საათზე მეტხანს. სამ წლამდე ასაკის ბავშვებს საკვები მოუმზადეთ უშუალოდ ჭამის წინ. თუ მთელი დღის ულუფას ამზადებთ, შეინახეთ მაცივარში. ხორცისა და თევზისთვის უნდა გქონდეთ ცალკე დანები და დაფები. დაიცავით სურსათი ინფექციის გადამტანი მწერებისგან. მჭიდროდ დაახურეთ სახურავი ნაგვის ურნას, ხოლო მაგიდაზე საკვებს გადააფარეთ ხელსახოცი. თერმულად კარგად დაამუშავეთ ხორცი და თევზი. შეწვის შემდეგ ტაფას სახურავი დაახურეთ და ჩაშუშეთ. არ დალიოთ შეუმოწმებელი, საეჭვო სისუფთავის წყალი. აუხსენით ბავშვებს, აუზში, წყალსატევში ბანაობისას წყალი არ გადაყლაპონ. კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის გაძლიერება დაავადების პროფილაქტიკის მთავარი გზაა. აგარაკზე წასვლამდე ჩაუტარეთ პატარას პრობიოტიკების კურსი. სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას ხელს უწყობს რძემჟავა პროდუქტები. ზაფხულში პატარას ნუ გადააჩვევთ ძუძუს. თუ ბავშვი ხელოვნურ ან შერეულ კვებაზეა, ზედმიწევნით დაიცავით ბოთლების, საწოვარებისა და სხვა ჭურჭლის სისუფთავე. ბოთლში დარჩენილ ნარევს მეორე კვებისთვის ნუ შეინახავთ, თუნდაც მაცივარში.

- როდის მივმართოთ ექიმს?

- თუ ბავშვს აქვს შეუპოვარი პირღებინება და ნაწლავთა აშლილობა და ბევრ სითხეს კარგავს, დაყოვნებას არ გირჩევთ - ინტოქსიკაცია და გაუწყლოება სერიოზულ საფრთხეს უქადის ორგანიზმს. თვითმკურნალობა დაუშვებელია. მშობელი მდგომარეობას ადეკვატურად ვერ შეაფასებს. მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს. ექიმის მოსვლამდე ბავშვს უნდა მივაწოდოთ ელექტროლიტების (მარილის, რეჰიდრონის) ხსნარი - 1-2 ჩაის კოვზი 5-10 წუთში ერთხელ. თუ ღებინება და დიარეა შეუპოვარია, ექიმს ნუ დაელოდებით, თვითონვე წაიყვანეთ ბავშვი საავადმყოფოში, მეტადრე - თუ ის სამ წლამდე ასაკისაა. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს ავადმყოფობა.

გაუწყლოება

- პირღებინებისა და დიარეის დროს სითხისა და მინერალური მარილების კარგვა სერიოზულ საფრთხეს უქადის ორგანიზმს. ის ღარიბდება კალიუმისა და ნატრიუმის მარილებით, რომლებიც აუცილებელია გულის კუნთის, ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოების მუშაობისთვის. ამას გამოშრობა - ექსიკოზი ეწოდება. რაც უფრო მეტია სითხის დანაკარგი, მით უფრო მძიმეა ბავშვის მდგომარეობა. გამოშრობის ნიშნებია:

  • კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, კანის ელასტიკურობის დაქვეითება;
  • ძლიერი წყურვილი;
  • სისუსტე, მოთენთილობა, ძილად მივარდნა, უმადობა;
  • შარდვის გაიშვიათება, მუქი ჩალისფერი შარდი;

თუ სითხის კარგვა გაგრძელდა:

  • ჩვილებში - დიდი ყიფლიბანდის ჩავარდნა;
  • თვალების ჩაცვენა;
  • წონის კლება;
  • არტერიული წნევის დაცემა, კიდურების გაცივება და აჭრელება, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება.

სითხის შემდგომ კარგვას მოსდევს შოკი. წყალმარილოვანი ბალანსის აღდგენა შესაძლებელია რეჰიდრონის ხსნარით, თუ ეს ვერ მოხერხდა - ინტრავენური გადასხმით კლინიკის პირობებში.

- სამწუხაროდ, მკურნალობისას იშვიათი არ არის შეცდომები. რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დროს?

- არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, სანამ დაავადების გამომწვევს არ დავადგენთ. თუ ის ბაქტერიაა, ანტიბიოტიკი ექიმმა უნდა შეარჩიოს. ამისთვის კი უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი და განავლის კოპროლოგიური გამოკვლევა. არ შეიძლება ე.წ. დიარეის სამკურნალო იმოდიუმის ტიპის პრეპარატების მიცემა - ისინი ნაწლავებში წარმოქმნიან განავლოვან საცობებს, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. პრობიოტიკები, ფერმენტები, ადსორბენტები შეიძლება მიეცეს ექიმის რჩევით. შეიცვალა მიდგომა კვების მიმართაც. შიმშილობა არ შეიძლება. ჩვილების კვება ისევე უნდა გაგრძელდეს, როგორც მანამდე, ხოლო მოზრდილებს მივცეთ დიეტური, მოხარშული, უცხიმო, ადვილად მოსანელებელი საკვები. წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობს სპეციალიზებული ანტიდიარეული ნარევები ელექტროლიტებით. ავადმყოფობის შემდეგ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღსადგენად საჭიროა ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების მიღება, სითხის უხვად სმა. გამოჯანმრთელების შემდეგ ჩვილს სჭირდება ინფექციონისტის მეთვალყურეობა და პერიოდული გამოკვლევა.