ბავშვის ნაწლავებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის ნაწლავებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები

ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულ ერთობლიობას - ბიოცენოზს წარმოქმნიან. ბაქტერიების ფუნქცია მრავალფეროვანია: პათოგენური (დაავადების გამომწვევი) მიკროორგანიზმების უვნებელყოფა, საჭმლის მონელების დამაჩქარებელი ფერმენტების გამომუშავება, მონელებული საკვების შეწოვა, ვიტამინების სინთეზი, - ზოგიერთი მიკროორგანიზმის ცხოველქმედების პროდუქტები კი ფლორის სხვა წარმომადგენელთა გამრავლების სტიმულატორები და აუცილებელი კომპონენტებია.

- რა ფუნქცია აკისრიათ ლაქტობაქტერიებსა და ბიფიდობაქტერიებს?

- ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები მიკროფლორის 95-99%-ს შეადგენენ. ისინი წარმოქმნიან დამცავ ბიოლოგიურ შრეს, რომელიც ხელს უშლის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას და მას ტოქსინების ზემოქმედებისგან იცავს. ბიფიდობაქტერიები ამუხრუჭებენ დაავადების გამომწვევი ლპობითი ბაქტერიების გამრავლებას, მონაწილეობენ ჰორმონების, ბ ჯგუფისა და კ ვიტამინების, ფოლიუმისა და პანტოთენის მჟავების სინთეზში, ხელს უწყობენ კალციუმის, პ ვიტამინის, რკინის შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას. ლაქტობაქტერიები ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს - ინტერფერონს, ინტერლეიკინ-1-ს გამოიმუშავებენ, ახასიათებთ პათოგენური მიკროფლორის მიმართ ბაქტერიციდული აქტივობა, განაპირობებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლას. ლაქტობაცილები და რძემჟავა ბაქტერიები გვიცავენ ყაბზობისგან, ალერგიული რეაქციებისგან, აკონტროლებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას, ხელს უშლიან ბაქტერიების შეჭრას შინაგან ორგანოებსა და სისხლში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობისა და მისი ცხოველქმედების ადგილის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ცვლილებებს დისბიოზს უწოდებენ. დისბიოზის დროს ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების რაოდენობა მცირდება, პირობითპათოგენურისა კი საგრძნობლად იმატებს.

- რა ზიანი მოაქვს პირობითპათოგენურ მიკროორგანიზმებს?

- პირობითპათოგენური ფლორის ცხოველქმედების პროდუქტები - ინდოლა, სკატოლი, გოგირდწყალბადი და სხვა - ასუსტებს ღვიძლის ბაქტერიულ ფუნქციას, აძლიერებს ინტოქსიკაციას, ამცირებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ (აღმდგენ) შესაძლებლობებს და თრგუნავს პერისტალტიკას, რაც საჭმლის მონელებისა და შეწოვის დარღვევას, ასევე ჰიპოვიტამინოზის განვითარებას იწვევს. დისბიოზიან ადამიანს ადვილად ერევა ინფექცია. დისბიოზი ამძიმებს მრავალი დაავადების მიმდინარეობას და ართულებს მათ მკურნალობას.

- როგორ ვლინდება დისბიოზი, რა ნიშნები ახასიათებს?

- ნაწლავის ეკოლოგიის დარღვევაზე მიუთითებს ისეთი ნიშნები, როგორებიცაა მუცლის ხშირი შებერვა, ტკივილი ჭიპის არეში, დეფეკაციის ხანგრძლივი მოშლა (ყაბზობისა და ფაფისებრი განავლის მონაცვლეობა), გულისრევა, სიმწარე პირში, ასევე - გამოჯანმრთელების გაჭიანურება ნაწლავთა მწვავე ინფექციის დროს, ნაწლავთა დისფუნქცია, რომელიც წამლებით არის გამოწვეული. ამ ფონზე ხშირად ვითარდება მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები, ჰერპესული ინფექცია, ლამბლიოზი, კანდიდოზი, შეინიშნება საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა. წლამდე ასაკის ბავშვებში მიკროფლორის ბალანსის დარღვევა ვლინდება ამოქაფებით, დეფეკაციის დარღვევით (ქაფიანი, თხიერი ან ფაფისებრი განავალი), მუცლის შებერვით, დიათეზით. ასეთი ბავშვები ძნელად იმატებენ წონას და ძილიც დარღვეული აქვთ. უფრო მოზრდილ ბავშვებში შეინიშნება ჩამორჩენა ფიზიკური განვითარების მხრივ.

- რამ შეიძლება შეცვალოს ნაწლავის მიკროფლორა?

- ნაწლავის მიკროფლორა შეიძლება შეიცვალოს ასაკის, სხეულის ტემპერატურის, რაციონის, წელიწადის დროის, ნერვული დაძაბულობის გავლენით. ამ ფაქტორებით გამოწვეული მიკროფლორის ხანმოკლე ცვლილებები, ეგრეთ წოდებული დისბიოზური რეაქციები, მკურნალობას არ საჭიროებს. არსებობს ჭეშმარიტი დისბიოზიც, რომელიც მკურნალობას მოითხოვს. მისი განვითარების რისკჯგუფში შედიან:

  • ადამიანები, რომლებიც დიდხანს მკურნალობდნენ ანტიბაქტერიული, ჰორმონული, სხივური და ქიმიოთერაპიული საშუალებებით;
  • ქიმიურ-ფარმაცევტულ საწარმოთა თანამშრომლები;
  • პაციენტები, რომლებსაც საჭმლის მომნელებელ ორგანოებთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ;
  • ალერგოზიანი პაციენტები;
  • სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის პათოლოგიების მქონე ბავშვები.

- როგორ მკურნალობენ დისბიოზს?

- ნორმალური მიკროფლორის აღსადგენად და შესანარჩუნებლად იყენებენ პრო- და პრებიოტიკებს. პრობიოტიკები სამკურნალო საკვების სახითაც გამოდის. ასეთია, მაგალითად, მრავალი რძემჟავა პროდუქტი - მაწონი, ხაჭო, იოგურტი. ნაწლავთა დისბიოზის პროფილაქტიკისთვის პრე- და პრობიოტიკები შეიძლება დაინიშნოს ხანმოკლე კურსებად, უკვე სამკურნალოდ მათი უფრო მეტხანს (3-4 კვირის განმავლობაში) მიღებაა საჭირო, ხოლო პრე- და პრობიოტიკების შემცველი სამკურნალო კვება უფრო ხანგრძლივი, მუდმივიც კი შეიძლება იყოს.

- ჩვილებს ხშირად აწუხებთ ნაწლავის კოლიკა, რაც, არსებითად, აირების დაგროვების შედეგია. რა იწვევს მეტეორიზმს ჩვილებში?

- ნაწლავთა კოლიკა თითქმის ყოველი ჩვილის ხვედრია. ის ორი-სამი კვირის ასაკიდან იწყება, 3-4 თვემდე გასტანს და თავისთავად გაივლის. თუმცა ზოგიერთ პატარას მოთმინებით გადააქვს ჭვალი და კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მართავს ღამის კონცერტებს, ზოგიერთის წყალობით კი ოჯახური ცხოვრება კოშმარს ემსგავსება. ნაწლავური კოლიკა და მეტეორიზმი, ისევე როგორც წამოქაფების სინდრომი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევებია. ამაში ბრალი ბავშვის ორგანიზმის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს მიუძღვის. განსაკუთრებით ხშირია ასეთი დარღვევები წლამდე, რაც ადაპტაციის სირთულით აიხსნება - ცხრა თვის განმავლობაში დედის მუცელში თბილად და მშვიდად მოკალათებული პატარა ერთბაშად ვერ ეგუება ახალ გარემოს. ფუნქციური დარღვევები გამოწვეულია მოტორული (ფიზიოლოგიური რეფლექსი, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დისკინეზია) და სეკრეტორული (საჭმლის მომნელებელი ფერმენტების - ლიპაზის, პეპსინის და სხვა) ფუნქციების არასრულფასოვნებით. ავადმყოფობენ უმეტესად დღენაკლული, ჰიპოტროფიული, კონსტიტუციური ანომალიებით დაბადებული ბავშვები. ხელშემწყობ ფაქტორებად მიიჩნევა:

  • ასაკისთვის შეუფერებელი კვება;
  • ხელოვნურ კვებაზე ნაადრევად გადაყვანა;
  • დაუბალანსებელი კვება, მაგალითად, ცხიმების, ცილების ან ნახშირწყლების სიჭარბე რაციონში;
  • ურეჟიმო, ხშირი კვება;
  • კუთვნილზე მეტი საკვების მიცემა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირების 70% ჰაერია, რომელსაც ყლაპავს პატარა ტირილის, ყვირილის, კვების დროს, დანარჩენი კი თვით ნაწლავის სანათურში მიკრობთა მიერ წარმოქმნილი აირები და სისხლის პლაზმიდან გადმოსული აზოტი. ჩვილ ბავშვებში მეტეორიზმი დედის კუჭ-ნაწლავის სისტემის სწორ ფუნქციობასთანაც არის დაკავშირებული. თუ დედის რაციონი დიდი რაოდენობით შეიცავს ხილ-ბოსტნეულს, რომელიც ხელს უწყობს აირების წარმოქმნას (პარკოსნები, კომბოსტო და სხვა), ბავშვსაც მეტეორიზმი შეაწუხებს. არცთუ იშვიათად მეტეორიზმი მძიმე დაავადების - ლაქტოზური უკმარისობის სიგნალია. ამ დაავადების დროს გაძლიერებულია ლპობისა და დუღილის პროცესები წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილსა და მსხვილ ნაწლავში. შედარებით მოზრდილ ასაკში აირთა გაძლიერებული წარმოქმნა მეტყველებს კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე, რომელიც არღვევს ნაწლავის მიკრობიოცენოზს - წონასწორობას ნაწლავის სასარგებლო და პათოლოგიურ მიკრობებს შორის. აირების დაგროვებას იწვევს გაზიანი უალკოჰოლო და გამაგრილებელი სასმელებიც. არც სტრესის, ნერვული დარღვევებისა და ემოციური დაძაბულობის როლის უარყოფა შეიძლება, ნერვული სისტემის აღგზნება ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ორგანიზმში იწვევს ნაწლავთა გლუვი კუნთების სპაზმს, ნელდება პერისტალტიკა, დაგროვილი აირები ჭიმავს ნაწლავის სანათურს და ძლიერ ტკივილს იწვევს.


- როგორ მივხვდეთ, რომ ჩვილს აირების დაგროვება აქვს?

- ამ დროს პატარა წრიალებს, დროდადრო წამოიყვირებს, ფეხებს ხრის და მუცელთან მიაქვს, დაჭიმულია, ასხამს ოფლი, ვერ ამშვიდებს ვერც ძუძუ, ვერც მატყუარა, მოხერხებულ პოზას ვერ უპოვით - დააწვენთ თუ ხელში გეჭირებათ, ერთნაირად წუხს. მუცელი შებერილი აქვს და უყურყურებს.

- როგორ დავეხმაროთ ჩვილს ასეთ დროს?

- ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი ხერხია მუცლის გათბობა. ამ დროს ნაწლავთა კუნთები ეშვება, სპაზმი სუსტდება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური გამტარობა აღდგება. ამას აირთა გამოსვლით მიხვდებით. ნუ გამოიყენებთ სათბურას! უმჯობესია, დააწვინოთ ბავშვი და დაადოთ მუცელზე უთოთი გამთბარი საფენი, ოღონდ ისეთი ცხელი არა, რომ კანი გაუწითლდეს. შემდეგ მუცლით გულზე მიიხუტოთ და ასე ატაროთ. შეგიძლიათ მიაღებინოთ აბაზანა - წელამდე ჩასვათ თბილი წყლით სავსე ვედროში. რამდენიმე წუთში დაინახავთ წყლის ზედაპირზე ამოსულ ბუშტუკებს. ძალიან ეფექტურია მუცლის მასაჟი: დააწვინეთ ბავშვი ზურგზე და დაუზილეთ მუცელი საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, წრიული მოძრაობებით, თბილი ხელით. შეგიძლიათ, ბავშვი პირქვე გადაიწვინოთ მუხლებზე - აირის ბუშტუკები ნაწლავებში უკანა ტანისკენ გადაადგილდება და სპაზმიც გაივლის. დაალევინეთ პატარას თბილი ჩაი. არსებობს მუცლის ტკივილისთვის განკუთვნილი სპეციალური საბავშვო ჩაიც. თუ არც ერთმა პროცედურამ შედეგი არ გამოიღო, შეიძლება გაზგამყვანი მილის გამოყენება. მილის ჩადგმის ტექნიკა ასეთია: დააწვინეთ ბავშვი მარცხენა გვერდზე მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოხრილი ფეხებით, ან ზურგზე ასევე მოხრილი და აწეული ფეხებით, მილის მომრგვალებულ ბოლოს წაუსვით საბავშვო კრემი, მარცხენა ხელით გადაუწიეთ პატარას დუნდულა კუნთები და მილი ფრთხილად შეუყვანეთ ანუსის ხვრელში 1-2 სმ სიღრმეზე, მილის მეორე ბოლო კი ჩაუშვით რაიმე ჭურჭელში ან ღამის ქოთანში, ვინაიდან გაზებს განავლოვანი მასებიც მოჰყვება. შეგიძლიათ ასე დატოვოთ 20-25 წუთი. უკეთესი ეფექტისთვის პარალელურად გაუკეთეთ მუცლის მასაჟი. მილის ამოღების შემდეგ არ დაივიწყოთ ანუსის ხვრელის ჩამობანა თბილი წყლით, მერე კი შეგიძლიათ წაუსვათ საბავშვო ზეთი. მიუხედავად ეფექტურობისა, გაზგამყვანი მილის ხშირად გამოყენებას არ გიირჩევთ - შესაძლოა, გააღიზიანოთ სწორი ნაწლავი, შეიტანოთ ინფექცია და უფრო დიდ პრობლემებს შეეჯახოთ. მეტეორიზმთან ბრძოლისას უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ყურადღება მიაქციეთ დედის კვების რეჟიმსა და რაციონს. ყავა, მაგარი ჩაი, ყურძენი, კომბოსტო, ლობიო, ბარდა, სოია, ხილი და ბოსტნეული, ტკბილეული - ეს ის პროდუქტებია, რომელთა სიჭარბე დედის რაციონში პრობლემებს შეუქმნის ძუძუთა პატარას. გარდა ამისა, უნდა დაიცვათ ძუძუთი კვების წესები, რათა ბავშვს ჭამის დროს აირები არ ჩაეყლაპოს. თუ პაწია ხელოვნურ კვებაზეა, ბოთლი ისე დაიჭირეთ, რომ საწოვარას ბოლო ყოველთვის სავსე იყოს საკვებით, ჭამის შემდეგ კი ჩვილი ხელში აიყვანეთ და ვერტიკალურ მდგომარეობაში გეჭიროთ, სანამ ჰაერს არ ამოუშვებს. ზურგით მიიბჯინეთ მკერდზე და მარჯვენა ხელით მუცელი ნაზად დაუზილეთ.  მეტეორიზმის სამკურნალოდ მისი მიზეზის დადგენაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს:

  • ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა;
  • კვების რეჟიმის დარღვევა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება.

    სამკურნალო საშუალება პედიატრმა უნდა შეარჩიოს.

- მეტეორიზმზე არანაკლებ მწვავე პრობლემაა შეკრულობა...

- შეკრულობა ნაწლავთა ფუნქციის დარღვევაა და გამოვლინდება დეფეკაციის აქტებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალით. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილებში დეფეკაციის სიხშირე ემთხვევა კვებათა რაოდენობას (დღე-ღამეში 3-6-ჯერ). ასაკის მატებასთან ერთად კუჭ-ნაწლავის მოქმედება იშვიათდება. 6 თვის ასაკში დამატებითი საკვების მიცემის შემდეგ მისი სიხშირე დღე-ღამეში 1-2 ჯერამდე მცირდება. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს ნაწლავთა მოქმედება დღე-ღამეში 1-2-ჯერ აქვთ. დეფეკაციის რაოდენობის მიხედვით შეკრულობაზე საუბარი არ შეიძლება. გასათვალისწინებელია განავლოვანი მასების კონსისტენცია და დეფეკაციის დროს არასასიამოვნო შეგრძნებების (ჭინთვების, ტკივილის) არსებობა. ერთ წლამდე ასაკის ჯანმრთელი ჩვილის განავალი ფაფისებურია, მოყვითალო-მოყავისფრო, მცირე რაოდენობით ლორწოს შემცველი (თუ ბუნერივ კვებაზეა). შეკრულობაა, როდესაც აღინიშნება მტკივნეული დეფეკაცია მკვრივი განავლოვანი მასებით, თუნდაც დეფეკაციის სიხშირე შეესაბამებოდეს ასაკობრივ ნორმას. დეფეკაცია ბავშვს შესაძლოა ყოველდღიურად ჰქონდეს, მაგრამ ჭინთვებით, შეცვლილი განავლოვანი მასით: ან განავლის ცილინდრის დიამეტრი იყოს დიდი, ან ის მყარ, მცირე ზომის ფრაგმენტებად გამოიყოფოდეს. შეკრულობას თან ახლავს ტკივილი მუცლის არეში, რაზეც ბავშვი წრიალითა და ტირილით რეაგირებს. განასხვავებენ ორგანულ და ფუნქციურ, მწვავე და ქრონიკულ შეკრულობას. ორგანული შეეკრულობა მსხვილი ნაწლავის ამა თუ იმ ნაწილის თანდაყოლილ ანომალიას უკავშირდება. ხშირად ორგანული შეკრულობა თავს იჩენს დაბადებისთანავე, დამოუკიდებლად დეფეკაციის შეუძლებლობით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰირშპრუნგის დაავადება და დოლიქოსიგმა. ჰირშპრუნგის დაავადება მსხვილი ნაწლავის ნერვული დაბოლოებების თანდაყოლილი განუვითარებლობაა, რომლის შედეგადაც ნაწლავის ქვედა ნაწილი ვიწროვდება, ხოლო ზედა ფართოვდება. განავლოვანი მასები გაფართოებულ ნაწილებში გროვდება. დაავადება იშვიათია, დაახლოებით 1 შემთხვევა 5000 ბავშვზე. დოლიქოსიგმა მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთი ნაწილის, სიგმოიდური ნაწლავის, ზომაზე მეტად დაგრძელებაა, რის გამოც ნაწლავი კარგავს მოძრაობის უნარს, ეს კი ხელს უშლის განავლოვანი მასების ფორმირებასა და გადაადგილებას. ეს დაავადება უფრო ხშირად გვხვდება. სტატისტიკის მიხედვით, 3-4 წლამდე ასაკის ბავშვებში შეკრულობის შემთხვევათა 40% დოლიქოსიგმაზე მოდის. არსებობს შეძენილი ორგანული შეკრულობაც, რომელიც გამოწვეულია ნაწლავის ან მუცლის ღრუს ორგანოთა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ განვითარებული შეხორცებებით. როდესაც ორგანული შეკრულობის მიზეზები გამოირიცხება, ფუნქციურ შეკრულობაზე საუბრობენ.

- რა იწვევს ფუნქციურ შეკრულობას?

- კვების რეჟიმი და ხასიათი, რაქიტი, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ცნს-ის დაზიანების ნარჩენი მოვლენები, უფრო მოზრდილ ასაკში ამ ნუსხას ემატება ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ჰელმინთები, ფსიქოგენური ფაქტორები, მედიკამენტები.

- რით შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს შინ?

- გავუკეთოთ გამწმენდი - ჰიპერტონიული ან ზეთიანი - ოყნა. შეიძლება გლიცეროლის სანთლის ან მიკროოყნის გამოყენებაც. ასაკის მიხედვით, ბავშვს ოყნით შეიძლება შეუყვანოთ შემდეგი ოდენობის სითხე:

  • ახალშობილებს - 25 მლ;
  • 1-2 თვის ბავშვებს - 30-40 მლ;
  • 6-9 თვისას - 100-120 მლ;
  • 1-2 წლისას - 200-250 მლ;
  • 2-5 წლისას - 300 მლ;
  • 6-10 წლისას - 400-500 მლ.

თუმცა მუდმივად ოყნის გამოყენებას არ გირჩევთ. ექიმს უნდა მიმართოთ, თუ:

  • წლამდე ასაკის ბავშვს 3 დღის განმავლობაში არ ჰქონია ნაწლავთა მოქმედება;
  • მოზრდილი ბავშვი შეკრულობასთან ერთად უჩივის მადის დაქვეითებას, მუცლის ტკივილსა და შებერილობას;
  • განავალში აღენიშნება სისხლი;
  • ემოციური მიზეზის გამო აქვს შეკავება ქოთანზე დაჯდომის დროს;
  • პერიოდულად აღენიშნება ენკოპრეზი - მყარი განავლოვანი მასების დაგროვების გამო სწორი ნაწლავიდან უნებლიეთ გამოეყოფა თხიერი მასა.

შეკრულობისას საჭიროა პედიატრის კონსულტაცია. იგი გადაწყვეტს, კიდევ რომელი სპეციალისტის ჩარევაა აუცილებელი - ნევროლოგისა, ენდოკრინოლოგისა თუ ქირურგისა. შვილს ეს უსიამოვნება თავიდან რომ ააცილოთ, გირჩევთ:

  • რაც შეიძლება მეტხანს აწოვოთ ძუძუ;
  • არ დაივიწყოთ ყოველდღიური ვარჯიში და მასაჟი;
  • დროულად ჩაუტარეთ რაქიტის, ანემიის, კვებითი ალერგიის პროფილაქტიკა;
  • ექიმის დანიშნულების გარეშე არასოდეს მისცეთ მედიკამენტები - თვითმკურნალობამ შესაძლოა ნაწლავურ დისბიოზამდე მიგიყვანოთ;
  • იყავით თქვენი შვილის მესაიდუმლე და მეგობარი, დაიმსახურეთ მისი ნდობა და ყველა დელიკატური პრობლემა ერთად მოაგვარეთ.

- თქვენ თანდაყოლილი პათოლოგიები ახსენეთ, რომლებიც ნაწლავში შეწოვის პროცესების დარღვევით მიმდინარეობს...

- რძის შაქარი ლაქტოზა გალაქტოზისა და გლუკოზისგან შედგება. რძესა და მის ნაწარმთან ერთად ორგანიზმში მოხვედრილი ლაქტოზა გალაქტოზიდად და გლიკოზიდად იშლება, წვრილი ნაწლავებიდან შეიწოვება და სისხლის მეშვეობით ღვიძლს აღწევს. ამ ეტაპზე ორგანიზმიდან გალაქტოზის გამოყოფა ირღვევა, ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დეფექტი - გალაქტოზემია. გალაქტოზემიის დროს ორგანიზმი განსაზღვრული ფერმენტის უკმარისობას განიცდის. ამ ფერმენტის დეფიციტის გამო ლაქტოზა გლიკოზიდად ვეღარ გარდაიქმნება. ამის ნაცვლად წარმოიქმნება შუალედური პროდუქტი - გალაქტოზა-1-ფოსფატი, რომელიც ვნებს ღვიძლსა და თირკმელებს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დედის რძით ან რძის ნარევით კვებისას თავს იჩენს დამახასიათებელი ნიშნები: პირღებინება, ფაღრათი, ძლიერი სიყვითლე. როგორც კი გაჩნდება ეჭვი გალაქტოზემიის თაობაზე, ბავშვის რაციონი უნდა შეიცვალოს - დედის ან ძროხის რძის ნაცვლად მიეცეს უგალაქტოზო და გალაქტოზით ღარიბი საკვები, კერძოდ, სოიის რძეზე დამზადებული ნარევები. 5-6 თვიდან მენიუ შეგიძლიათ გაამდიდროთ ბოსტნეულის (კარტოფილის) პიურეთი, ხილით, ხილის წვენით, მცენარეული ზეთით. 6-7 თვიდან ამას ემატება ურძეო ბურღულის ფაფები. 7-9 თვიდან - ხორცი და ბოსტნეულის სუპი. ერთი წლიდან ბავშვი ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად უნდა იკვებებოდეს, ამიტომ საერთო საკვები მისთვისაც მისაღები უნდა იყოს. მოარიდეთ რძისგან დამზადებულ ფუნთუშებს. დიდი ოდენობით მიეცით ყველი, ოღონდ ჭყინტი არა - სამი კვირისა მაინც. სწორედ მისი საშუალებით უნდა დაიკმაყოფილოს ორგანიზმმა კალციუმის მოთხოვნილება, რათა ბავშვის ზრდა-განვითარება არ შეფერხდეს, კბილებისა და ძვლების ფორმირება სწორად წარიმართოს. შესაძლოა იკითხოთ: ყველიც ხომ რძის პროდუქტიაო? საქმე ის არის, რომ მისი ამოყვანისას შრატი კაზეინს გამოეყოფა, შრატს კი თან მიჰყვება პრაქტიკულად მთელი ლაქტოზა, ხოლო დარჩენილ ლაქტოზას მომდევნო სამი კვირის განმავლობაში რძემჟავა ბაქტერიები თავიანთი ცხოველქმედებისთვის იყენებენ. აი, ამიტომ არ არის რეკომენდებული ახალამოყვანილი ყველი გალაქტოზემიის დროს. მთავარია, ბავშვი პატარაობიდანვე მიეჩვიოს ულაქტოზო კვებას, რათა შემდგომ ამის გამო უხერხულობას არ განიცდიდეს სხვებთან ერთად სადილობისას. გირჩევთ, რეგულარული კონტაქტი იქონიოთ ექიმ დიეტოლოგთან კვების რაციონის სწორად შესარჩევად და საკვები ნივთიერებების უკმარისობის შემთხვევაში მისი დროული კორექციისთვის.


- ცნობილია, რომ ნაწლავური დისფუნქციით ვლინდება თანდაყოლილი დაავადება მუკოვისციდოზი...

- მუკოვისციდოზი მემკვიდრეობითი დაავადებაა. ის დიდხანს იშვიათად მიაჩნდათ, მაგრამ ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი სნეულებაა, შთამომავლობას გადაეცემა აუტოსომურ-რეცესიული გზით და ვლინდება გარეგანი სეკრეციის ჯირკვლების უნივერსალური დაზიანებით. შედეგად ვითარდება სასუნთქი სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადება, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დეფიციტი, ოფლში აღინიშნება ელექტროლიტების (ქლორის) მაღალი შემცველობა. მუკოვისციდოზი შეიძლება გამოვლინდეს:

  • დაბადებისთანავე - ნაწლავური გაუვალობის სახით;
  • ჩვილ ასაკში - ბრონქ-ფილტვის ფორმით;
  • შედარებით მოზრდილებში - ნაწლავური ფორმით.

დაავადებული ახალშობილის მეკონიუმი - პირველი განავლოვანი მასა - არ შეიცავს ფერმენტ ტრიფსინს, ამიტომ წებოვანი და მკვრივია, გროვდება ნაწლავებში და იწვევს გაუვალობას. ბავშვს ეწყება ღებინება ნაღველშემცველი მასებით, ებერება მუცელი, საერთო მდგომარეობა სწრაფად მძიმდება და თუ ქირურგიული ჩარევა დაგვიანდა, ახალშობილი შესაძლოა დაიღუპოს. ბრონქ-ფილტვის ფორმის დროს ჩვილი მოდუნებულია, გაფითრებული, მიუხედავად ნორმალური მადისა, წონას არ იმატებს. ეწყება ყივანახველას მსგავსი ხველა, რომელსაც ერთვის ქოშინი (აპნოეს გარეშე) და ციანოზი. ნახველი თავდაპირველად ბაცი და წებოვანია, თანდათან სქელდება და ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება. ფილტვებში წარმოიქმნება ბრონქოექტაზიები. განავალი წებოვანი და მბრწყინავია, მოცულობით კი ჩვეულებრივზე 2-8-ჯერ მეტი. დაავადება პროგრესირებას მაშინ იწყებს, როცა ბავშვი ბუნებრივიდან დამატებით ან ხელოვნურ კვებაზე გადაჰყავთ. ამ დროს წყდება დედის რძის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტის - ლიპაზის მოქმედება. ერთ წელს გადაცილებულ ბავშვებში დაავადება ნაწლავური ფორმით ვლინდება. მისი კლინიკური სიმპტომებია:

  • პოლიფეკალია - დიდი ოდენობის განავლოვანი მასების გამოყოფა;
  • დისტროფია - წონაში მკვეთრი ჩამორჩენა;
  • ჰიპოვიტამინოზი.

მედიცინის განვითარების კვალდაკვალ გაჩნდა ავადმყოფთა სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება. სამაგიეროდ, გახშირდა დაავადების ისეთი გამოვლინებანი, როგორიცაა:

  • კბილების დაზიანება;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სიმაღლეში ჩამორჩენა;
  • უნაყოფობა.

მკურნალობა რთული და ხანგრძლივია. პარალელურად აუცილებელია მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე დიეტის დაცვა, სადაც ცხიმების შემცველობა შეზღუდულია, ხოლო ცილებისა და ნახშირწყლებისა - მაღალი. საქმე ის არის, რომ მუკოვისცოდიზის დროს დარღვეულია ცხიმის შეწოვა - ნაწლავები მიღებული ცხიმის მხოლოდ 60%-ს იწოვს, დანარჩენი კი განავალთან ერთად უცვლელად გამოიყოფა. რაც ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესი იქნება შედეგი, ამიტომ მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ და პირველსავე საეჭვო ნიშანზე მიმართონ პედიატრს, რომელიც ექიმი გენეტიკოსის დახმარებით დიაგნოზის დაზუსტებას შეძლებს.