ბავშვის ნაწლავებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ბავშვის ნაწლავებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები

ბავშვის ნაწლავებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები

ბავშვის ნაწლავებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები ძირითადად ასაკობრივ თავისებურებებს, კვების ხასიათსა და რეჟიმს უკავშირდება, თუ საქმე არ ეხება თანდაყოლილ ფერმენტულ თუ სხვა პათოლოგიებს. გვესაუბრება პედიატრი ლოლა ზვიადაძე.


- რა განაპირობებს ნაწლავთა ნორმალურ ფუნქციობას?
- ნაწლავთა ნორმალურ ფუნქციობას მათი მიკროფლორა განაპირობებს. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიკროორგანიზმები განუწყვეტლივ ხვდება. ზოგიერთმა მათგანმა ევოლუციური ცვლილებების გზით ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულების უნარი შეიძინა. ნაწლავის მიკროფლორაში 600-მდე სახეობის ბაქტერიაა.

ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულ ერთობლიობას - ბიოცენოზს წარმოქმნიან. ბაქტერიების ფუნქცია მრავალფეროვანია: პათოგენური (დაავადების გამომწვევი) მიკროორგანიზმების უვნებელყოფა, საჭმლის მონელების დამაჩქარებელი ფერმენტების გამომუშავება,

მონელებული საკვების შეწოვა, ვიტამინების სინთეზი, - ზოგიერთი მიკროორგანიზმის ცხოველქმედების პროდუქტები კი ფლორის სხვა წარმომადგენელთა გამრავლების სტიმულატორები და აუცილებელი კომპონენტებია.


- რა ფუნქცია აკისრიათ ლაქტობაქტერიებსა და ბიფიდობაქტერიებს?
- ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები მიკროფლორის 95-99%-ს შეადგენენ. ისინი წარმოქმნიან დამცავ ბიოლოგიურ შრეს, რომელიც ხელს უშლის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე პათოლოგიური

მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას და მას ტოქსინების ზემოქმედებისგან იცავს. ბიფიდობაქტერიები ამუხრუჭებენ დაავადების გამომწვევი ლპობითი ბაქტერიების გამრავლებას, მონაწილეობენ ჰორმონების, ბ ჯგუფისა და კ ვიტამინების, ფოლიუმისა და პანტოთენის მჟავების სინთეზში, ხელს უწყობენ კალციუმის, პ ვიტამინის, რკინის შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას. ლაქტობაქტერიები ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს - ინტერფერონს, ინტერლეიკინ-1-ს გამოიმუშავებენ, ახასიათებთ პათოგენური მიკროფლორის მიმართ ბაქტერიციდული აქტივობა, განაპირობებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლას. ლაქტობაცილები და რძემჟავა ბაქტერიები გვიცავენ ყაბზობისგან, ალერგიული რეაქციებისგან, აკონტროლებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას, ხელს უშლიან ბაქტერიების შეჭრას შინაგან ორგანოებსა და სისხლში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობისა და მისი ცხოველქმედების ადგილის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ცვლილებებს დისბიოზს უწოდებენ. დისბიოზის დროს ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების რაოდენობა მცირდება, პირობითპათოგენურისა კი საგრძნობლად იმატებს.


- რა ზიანი მოაქვს პირობითპათოგენურ მიკროორგანიზმებს?
- პირობითპათოგენური ფლორის ცხოველქმედების პროდუქტები - ინდოლა, სკატოლი, გოგირდწყალბადი და სხვა - ასუსტებს ღვიძლის ბაქტერიულ ფუნქციას, აძლიერებს ინტოქსიკაციას, ამცირებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ (აღმდგენ) შესაძლებლობებს და თრგუნავს პერისტალტიკას, რაც საჭმლის მონელებისა და შეწოვის დარღვევას, ასევე ჰიპოვიტამინოზის განვითარებას იწვევს. დისბიოზიან ადამიანს ადვილად ერევა ინფექცია. დისბიოზი ამძიმებს მრავალი დაავადების მიმდინარეობას და ართულებს მათ მკურნალობას.


- როგორ ვლინდება დისბიოზი, რა ნიშნები ახასიათებს?
- ნაწლავის ეკოლოგიის დარღვევაზე მიუთითებს ისეთი ნიშნები, როგორებიცაა მუცლის ხშირი შებერვა, ტკივილი ჭიპის არეში, დეფეკაციის ხანგრძლივი მოშლა (ყაბზობისა და ფაფისებრი განავლის მონაცვლეობა), გულისრევა, სიმწარე პირში, ასევე - გამოჯანმრთელების გაჭიანურება ნაწლავთა მწვავე ინფექციის დროს, ნაწლავთა დისფუნქცია, რომელიც წამლებით არის გამოწვეული. ამ ფონზე ხშირად ვითარდება მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები, ჰერპესული ინფექცია, ლამბლიოზი, კანდიდოზი, შეინიშნება საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა. წლამდე ასაკის ბავშვებში მიკროფლორის ბალანსის დარღვევა ვლინდება ამოქაფებით, დეფეკაციის დარღვევით (ქაფიანი, თხიერი ან ფაფისებრი განავალი), მუცლის შებერვით, დიათეზით. ასეთი ბავშვები ძნელად იმატებენ წონას და ძილიც დარღვეული აქვთ. უფრო მოზრდილ ბავშვებში შეინიშნება ჩამორჩენა ფიზიკური განვითარების მხრივ.


- რამ შეიძლება შეცვალოს ნაწლავის მიკროფლორა?
- ნაწლავის მიკროფლორა შეიძლება შეიცვალოს ასაკის, სხეულის ტემპერატურის, რაციონის, წელიწადის დროის, ნერვული დაძაბულობის გავლენით. ამ ფაქტორებით გამოწვეული მიკროფლორის ხანმოკლე ცვლილებები, ეგრეთ წოდებული დისბიოზური რეაქციები, მკურნალობას არ საჭიროებს. არსებობს ჭეშმარიტი დისბიოზიც, რომელიც მკურნალობას მოითხოვს. მისი განვითარების რისკჯგუფში შედიან:

  • ადამიანები, რომლებიც დიდხანს მკურნალობდნენ ანტიბაქტერიული, ჰორმონული, სხივური და ქიმიოთერაპიული საშუალებებით;
  • ქიმიურ-ფარმაცევტულ საწარმოთა თანამშრომლები;
  • პაციენტები, რომლებსაც საჭმლის მომნელებელ ორგანოებთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ;
  • ალერგოზიანი პაციენტები;
  • სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის პათოლოგიების მქონე ბავშვები.


- როგორ მკურნალობენ დისბიოზს?
- ნორმალური მიკროფლორის აღსადგენად და შესანარჩუნებლად იყენებენ პრო- და პრებიოტიკებს. პრობიოტიკები სამკურნალო საკვების სახითაც გამოდის. ასეთია, მაგალითად, მრავალი რძემჟავა პროდუქტი - მაწონი, ხაჭო, იოგურტი. ნაწლავთა დისბიოზის პროფილაქტიკისთვის პრე- და პრობიოტიკები შეიძლება დაინიშნოს ხანმოკლე კურსებად, უკვე სამკურნალოდ მათი უფრო მეტხანს (3-4 კვირის განმავლობაში) მიღებაა საჭირო, ხოლო პრე- და პრობიოტიკების შემცველი სამკურნალო კვება უფრო ხანგრძლივი, მუდმივიც კი შეიძლება იყოს.


- ჩვილებს ხშირად აწუხებთ ნაწლავის კოლიკა, რაც, არსებითად, აირების დაგროვების შედეგია. რა იწვევს მეტეორიზმს ჩვილებში?
- ნაწლავთა კოლიკა თითქმის ყოველი ჩვილის ხვედრია. ის ორი-სამი კვირის ასაკიდან იწყება, 3-4 თვემდე გასტანს და თავისთავად გაივლის. თუმცა ზოგიერთ პატარას მოთმინებით გადააქვს ჭვალი და კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მართავს ღამის კონცერტებს, ზოგიერთის წყალობით კი ოჯახური ცხოვრება კოშმარს ემსგავსება. ნაწლავური კოლიკა და მეტეორიზმი, ისევე როგორც წამოქაფების სინდრომი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევებია. ამაში ბრალი ბავშვის ორგანიზმის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს მიუძღვის. განსაკუთრებით ხშირია ასეთი დარღვევები წლამდე, რაც ადაპტაციის სირთულით აიხსნება - ცხრა თვის განმავლობაში დედის მუცელში თბილად და მშვიდად მოკალათებული პატარა ერთბაშად ვერ ეგუება ახალ გარემოს. ფუნქციური დარღვევები გამოწვეულია მოტორული (ფიზიოლოგიური რეფლექსი, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დისკინეზია) და სეკრეტორული (საჭმლის მომნელებელი ფერმენტების - ლიპაზის, პეპსინის და სხვა) ფუნქციების არასრულფასოვნებით. ავადმყოფობენ უმეტესად დღენაკლული, ჰიპოტროფიული, კონსტიტუციური ანომალიებით დაბადებული ბავშვები. ხელშემწყობ ფაქტორებად მიიჩნევა:

  • ასაკისთვის შეუფერებელი კვება;
  • ხელოვნურ კვებაზე ნაადრევად გადაყვანა;
  • დაუბალანსებელი კვება, მაგალითად, ცხიმების, ცილების ან ნახშირწყლების სიჭარბე რაციონში;
  • ურეჟიმო, ხშირი კვება;
  • კუთვნილზე მეტი საკვების მიცემა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირების 70% ჰაერია, რომელსაც ყლაპავს პატარა ტირილის, ყვირილის, კვების დროს, დანარჩენი კი თვით ნაწლავის სანათურში მიკრობთა მიერ წარმოქმნილი აირები და სისხლის პლაზმიდან გადმოსული აზოტი. ჩვილ ბავშვებში მეტეორიზმი დედის კუჭ-ნაწლავის სისტემის სწორ ფუნქციობასთანაც არის დაკავშირებული. თუ დედის რაციონი დიდი რაოდენობით შეიცავს ხილ-ბოსტნეულს, რომელიც ხელს უწყობს აირების წარმოქმნას (პარკოსნები, კომბოსტო და სხვა), ბავშვსაც მეტეორიზმი შეაწუხებს. არცთუ იშვიათად მეტეორიზმი მძიმე დაავადების - ლაქტოზური უკმარისობის სიგნალია. ამ დაავადების დროს გაძლიერებულია ლპობისა და დუღილის პროცესები წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილსა და მსხვილ ნაწლავში. შედარებით მოზრდილ ასაკში აირთა გაძლიერებული წარმოქმნა მეტყველებს კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე, რომელიც არღვევს ნაწლავის მიკრობიოცენოზს - წონასწორობას ნაწლავის სასარგებლო და პათოლოგიურ მიკრობებს შორის. აირების დაგროვებას იწვევს გაზიანი უალკოჰოლო და გამაგრილებელი სასმელებიც. არც სტრესის, ნერვული დარღვევებისა და ემოციური დაძაბულობის როლის უარყოფა შეიძლება, ნერვული სისტემის აღგზნება ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ორგანიზმში იწვევს ნაწლავთა გლუვი კუნთების სპაზმს, ნელდება პერისტალტიკა, დაგროვილი აირები ჭიმავს ნაწლავის სანათურს და ძლიერ ტკივილს იწვევს.




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 14-03-2020
ნანა
ჩვილის განავალში შეიმჩნევა თმის გამოყოლვა, რის ბრალია ეს?
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად