როგორ მოვუაროთ პატარას ვირუსული ინფექციის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ პატარას ვირუსული ინფექციის შემდეგ

- ავადმყოფობის ნიშნების გავლის შემდეგ დგება არანაკლებ მნიშვნელოვანი - რეკონვალესცენციის - პერიოდი. ეს ის პერიოდია, რომელიც სჭირდება ორგანიზმს გადატანილი ინფექციის შემდეგ ძალ-ღონის აღსადგენად. სანამ ეს პერიოდი არ გაივლის, ბავშვი სავსებით გამოჯანმრთელებულად ვერ ჩაითვლება. რამდენი ხანი დასჭირდება ორგანიზმს ნარჩენი მოვლენების გაქრობამდე, ძნელი სათქმელია - გააჩნია როგორც თვით დაავადების სიმძიმესა და მიმდინარეობის თავისებურებას, ასევე ბავშვის ორგანიზმის მდგომარეობასაც. სასუნთქი სისტემის ჩვეულებრივი, გაურთულებელი ვირუსული დაავადების ან საშუალო სიმძიმის გრიპის შემდეგ ორგანიზმს საშუალოდ 10-14 დღე ჰყოფნის, ბრონქიტის ან ფილტვების ანთების შემდეგ კი უფრო მეტი ხანია საჭირო, ზოგჯერ - რამდენიმე კვირა და რამდენიმე თვეც კი. მშობლებს ხშირად არ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პერიოდი, მიუხედავად ექიმის გაფრთხილებისა, რომ თუ ბავშვს არ გააკაჟებენ და სათანადო პირობებს (კვების, დღის რეჟიმს) არ შეუქმნიან, ის შესაძლოა ხელმეორედ გახდეს ავად. ნაავადმყოფარ ბავშვს ნაადრევად უშვებენ საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, შედეგად კი პატარას სეზონზე რამდენიმეჯერ ემართება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია.

- მაინც როგორ მოვიქცეთ ამ პერიოდში, როგორ შევამციროთ ხელმეორედ ინფიცირების რისკი?

- ინფექციაგადატანილ ბავშვს ახასიათებს:

  • მომატებული ოფლიანობა;
  • სიფითრე;
  • მოდუნება, სისუსტე, გაღიზიანება;
  • უმადობა.

მისი ყველა ორგანო და სისტემა დასუსტებულია და ისე აქტიურად ვეღარ მუშაობს, როგორც ავადმყოფობამდე. განსაკუთრებით უჭირს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ყალიბდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. თუ ბავშვს ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ, დასუსტებული ექნება იმუნური სისტემაც და ორგანიზმს ადვილად მოერევა სხვა ინფექცია. მუშაობა ნერვულ სისტემასაც უჭირს - პატარა მოშვებულია, ადვილად იღლება. ყოველივე ამის გამო ნაავადმყოფარ ბავშვს ორი კვირა მაინც დამზოგველი რეჟიმი სჭირდება.

- რას ნიშნავს დამზოგველი რეჟიმი?

- იგი გულისხმობს:

  • სწორ კვებას;
  • მეტ დასვენებას;
  • ნაკლებ სტრესსა და უარყოფით ემოციას;
  • ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას და სუფთა ჰაერს;
  • ვიტამინებისა და იმუნური სისტემის მომაძლიერებელი სხვა პრეპარატების მიღებას.

- სახელდობრ, რა პრეპარატებია ესენი?


- ბოლო დროს ძალიან პოპულარულია სამკურნალო პრეპარატები სიტყვა "იმუნოს" დამატებით. მათ რეკლამირებას უწევენ ყველგან. ჩვეულებრივი იოგურტები და რძემჟავა პროდუქტებიც კი იმუნიტეტის ამაღლებას გვპირდებიან. რა ხდება სინამდვილეში? იმუნიტეტი - ძალზე სერიოზული რამაა საიმისოდ, რომ ერთი ხელის მოსმით, თუნდაც რომელიმე პრეპარატის საშუალებით გავაძლიეროთ. თანაც იმუნომოდულატორების უმეტესობა ბავშვებს მხოლოდ ექიმის ნებართვით შეიძლება მივცეთ. არსებობს იმუნომოდულატორების რამდენიმე ჯგუფი:

  • მცენარეულ საფუძველზე დამზადებული პრეპარატები. ამათგან შედარებით უსაფრთხოა ექინაცეის, ჟენ-შენის, ალოეს პრეპარატები და ზოგიერთი სხვა. მათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ. არსებობს მათი ბავშვისთვის მისაღები ფორმებიც.
  • ბაქტერიული წარმოშობის პრეპარატები. ისინი შეიცავენ სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების გაწმენდილი და უვნებელყოფილი უჯრედების ნაწილაკებს. ასეთი პრეპარატები გამოდის სპრეის, წვეთების სახით და გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების ადგილობრივი იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
  • პრობიოტიკები და ეუბიოტიკები. პირველი ჯგუფი ხელს უწყობს ორგანიზმში მობინადრე სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, მეორე კი ბიფიდობაქტერიებსა და ლაქტობაქტერიებს შეიცავს. თუ პატარას ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ ან უბრალოდ აღენიშნებოდა დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, პირღებინება, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, კუჭის მოქმედების დარღვევა, - აღდგენით პერიოდში ექიმი მას პრობიოტიკებსა და ეუბიოტიკებს დაუნიშნავს. ნაწლავის მიკროფლორის აღდგენის გარეშე იმუნური სისტემის ნორმალური მუშაობა წარმოუდგენელია!

- რა ვაჭამოთ ამ პერიოდში ბავშვს და როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი?

- დაავადების მწვავე პერიოდი რომ გაივლის, უპირველესი ამოცანაა ორგანიზმის შევსება სითხით, რომელიც დაიკარგა ცხელების დროს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ან სამკურნალო მცენარეების ჩაი, კომპოტი (განსაკუთრებით - ჩირისა), ხილისა და ბოსტნეულის წვენები. ერთხანს ნუ მისცემთ პატარას გაზიან სასმელებს - ლიმონათს, კოკა-კოლას, ფანტას და სხვა. სითხე მიეცით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. რაც შეეხება კვების რეჟიმს, ჩვეულებრივი 3-4-ჯერადი კვების ნაცვლად უმჯობესია პატარას დღეში 6-7-ჯერ შევთავაზოთ მცირე ულუფა. თუ ბავშვი საკვებზე უარს იტყვის, მის ნაცვლად ტკბილეულსა და სხვა სასუსნავს ნუ შესთავაზებთ. პირველ დღეებში საკვები ადვილად მოსანელებელი უნდა იყოს, არ აღიზიანებდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. უკუნაჩვენებია პროდუქტები, რომლებიც ნაწლავებში დუღილის პროცესებს აძლიერებს. ასეთია შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, საფუვრიანი ცომეული, ტკბილეული, სუნელებითა და სანელებლებით შეკაზმული კერძები, უხეში მცენარეული უჯრედისის შემცველი პროდუქტები. კარგია რძიანი ფაფა, ხილისა და ბოსტნეულის პიურე. ნუ გადატვირთავთ ბავშვის რაციონს ხორცით. ცილა საჭიროა, მაგრამ ზომიერად. ყველაფერს სჯობია რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო, მაწონი, ნაკლებცხიმიანი ყველი. ყოველგვარი ხილი და ბოსტნეული როდია სასარგებლო; არ გირჩევთ კომბოსტოს, ლობიოს, მწვანე ბადას, ხახვს, მჟავე ხილს. ბურღულეულიდან ყველაზე ადვილი მოსანელებელია წიწიბურა, ბრინჯი, შვრია. დროებით ამოიღეთ რაციონიდან ალერგენების შემცველი პროდუქტები - კვერცხი, თევზი, შოკოლადი, კაკალი, ციტრუსები, თუნდაც ბავშვი ამ პროდუქტებზე ალერგიას არ უჩიოდეს.

- საკმარისია თუ არა საკვებით მიღებული ვიტამინები? საჭიროა თუ არა, ბავშვს დამატებით პოლივიტამინების კომპლექსიც მივცეთ?

- ნაავადმყოფარი ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. მხოლოდ საკვების საშუალებით დეფიციტის შევსება ვერ მოხერხდება. სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის ბავშვის ორგანიზმს სჭირდება ჩ და ბ ჯგუფის ვიტამინების უფრო დიდი დოზა, ვიდრე საკვებთან ერთად შეიძლება მიიღოს, ამიტომ გირჩევთ, ბავშვს ექიმთან შეთანხმებით მისცეთ პოლივიტამინების კომპლექსი, რომელიც დამატებით მაკრო- და მიკროელემენტებსაც შეიცავს. გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი პრეპარატის შეძენის დროს. ვიტამინების დოზის გადაჭარბება არ შეიძლება!

- ექიმები იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად გაკაჟებასაც გვირჩევენ. როგორ გავაკაჟოთ ბავშვი, რომ მის ორგანიზმს სარგებლობის ნაცვლად ზიანი არ მივაყენოთ?

- ნებისმიერ გამაჯანსაღებელ პროცედურას ბავშვი თანდათანობით უნდა მივაჩვიოთ. დაავადების მწვავე პერიოდსა და აღდგენით პერიოდში ეს პროცედურები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან დასუსტებული ორგანიზმი მზად არ არის დატვირთვისთვის. ავადმყოფობის შემდეგ გაკაჟება უნდა დავიწყოთ ჰაერის აბაზანებით. როგორც კი ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდება, რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც ბავშვი იმყოფება. ეს მხოლოდ გასაკაჟებლად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი ინფექციის განვითარებასაც უშლის ხელს - გრილ და სუფთა ჰაერში მიკროორგანიზმები სწრაფად იღუპებიან. კარგია ჩვეულებრივი გასეირნება სუფთა ჰაერზე, მთავარია, ბავშვი მეტისმეტად არ ჩაფუთნოთ. სასარგებლოა სეირნობა დღის პირველ ნახევარში. დაავადების შემდეგ პირველ დღეებში ისეირნეთ არა უმეტეს 30 წუთისა. ეცადეთ, ბავშვმა არ ირბინოს და არ გაოფლიანდეს - ეს მისი დასუსტებული ორგანიზმისთვის სახიფათოა. დაბოლოს, რაც მთავარია, ნაავადმყოფარ ბავშვს, სათანადო დღის რეჟიმთან, კვებასა და გაკაჟებასთან ერთად, ჯანსაღი ოჯახური ატმოსფეროც სჭირდება. ბავშვები, რომელთაც აკლიათ ოჯახური სითბო, უფრო ხშირად ავადმყოფობენ და უფრო ძნელად უმკლავდებიან დაავადებებს.