კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება

- რა შეიძლება მოჰყვეს კუნთოვანი ტონუსის დარღვევას?

- ადამიანის კუნთები ბოლომდე არასოდეს არის მოდუნებული, - ძილის დროსაც კი ინარჩუნებს მინიმალურ დაჭიმულობას, რასაც კუნთოვანი ტონუსი ჰქვია. სამწუხაროდ, კუნთოვანი ტონუსის დარღვევა (ისევე, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები) ძალზე გავრცელებული პათოლოგიაა ადრეული ასაკის ბავშვებში. კუნთოვანი ტონუსის დარღვევა აფერხებს ბავშვის განვითარებას. თუ მდგომარეობა დროულად არ შეფასდა, არ მოხდა სამედიცინო ჩარევა, არ ჩატარდა სპეციალიზებული მკურნალობა, ტონუსის დარღვევის შედეგად ყალიბდება ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა:

  • კისერმრუდობა;
  • ტერფმრუდობა;
  • ტანადობის დარღვევა;
  • ხერხემლის გამრუდება.

ამ შემთხვევაში ნორმალური მდგომარეობის აღდგენას წლები სჭირდება.

- რა არის ჰიპოტონუსი და როგორ გამოვლინდება იგი?

- ჰიპოტონუსი კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებაა. დაქვეითებული კუნთოვანი ტონუსის მქონე ბავშვი მშობლებს საერთოდ არ აწუხებს: მშვიდია, დიდხანს სძინავს და იშვიათად ტირის.

- ამ შემთხვევაში რამ უნდა შეაშფოთოს დედა?

  • შეშფოთების საფუძვლად უნდა იქცეს, უწინარეს ყოვლისა, ბავშვის დამახასიათებელი იერსახე - რბილი, შებერილი (ბაყაყისებური) მუცელი, მოშვებული ხელ-ფეხი;
  • კუნთების სისუსტის გამო დარღვეულია წოვისა და ყლაპვის რეფლექსები, პატარას საკვები გადასცდება, თითქოს იხრჩობაო, ან მეტისმეტად ცოტას ჭამს;
  • ბავშვის მოძრაობითი განვითარება ფერხდება, პატარა გვიან იწყებს თავის დაჭერას, გვერდზე გადაბრუნებას, ჯდომას, დგომას, სიარულს.

- ჰიპოტონუსისგან განასხვავებენ დისტონიურ მდგომარეობას. რა არის ეს და როგორ გამოიყურება ამ დროს პატარა?

- დისტონია არათანაბარი ტონუსია. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა კუნთების ერთი ჯგუფი მეტისმეტად არის მოდუნებული, ხოლო მეორე, პირიქით, მეტისმეტად არის დაჭიმული. კუნთოვანი ტონუსის ასიმეტრია ადვილად ვლინდება არათანაბრად განლაგებული კანის ნაოჭების მიხედვით. განსაკუთრებით მკაფიოდ არის იგი გამოხატული, როდესაც პატარა პირქვე წევს მაგარ, სწორ ზედაპირზე. თუ მას თუნდაც რამდენიმე წამით ასე დავტოვებთ, იგი ადვილად გადაგორდება იმ მხარეს, საითაც ტონუსი მომატებულია, თავი დაჭიმული კუნთების მხარეს ექნება მიბრუნებული, ხოლო ტანი შესაძლოა მოერკალოს.


- საზოგადოდ, როგორ აფასებენ კუნთოვან ტონუსს?

- კუნთოვანი ტონუსი ვიზუალური ტესტებით ფასდება. პირველადი დათვალიერება ტარდება სამშობიარო სახლში, სადაც გამორიცხავენ სამშობიარო ტრავმას, აფასებენ ახალშობილის ძვალკუნთოვანი სისტემის მდგომარეობას. მერე კი ჩვილი ექვს თვეში ერთხელ უნდა მიიყვანოთ საკონსულტაციოდ ნევროლოგსა და ორთოპედთან. ჩვილის კუნთოვანი ტონუსის განსაზღვრისთვის ზოგიერთი მარტივი მანიპულაცია შეგიძლიათ თვითონ ჩაატაროთ შინ:

  • ბარძაყების განზიდვა - დააწვინეთ პატარა ზურგზე და ფრთხილად, ძალდაუტანებლად გადაუწიეთ ფეხები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით. ნორმაში უნდა შეიგრძნოთ ზომიერი წინააღმდეგობა. თუ ფეხები წინააღმდეგობის გარეშე, თავისუფლად გადაიწია, ეს ტონუსის დაქვეითებაზე მეტყველებს. ჯანმრთელი ბავშვის ფეხებმა გადაწევისას ერთმანეთის მიმართ 90-გრადუსიანი კუთხე უნდა შექმნას.
  • წამოჯდომა ხელის დახმარებით - დააწვინეთ ახალშობილი ზურგზე და ხელისგულებში თითების ჩაჭიდებით შეეცადეთ წამოსვათ. ნორმაში იგრძნობთ ზომიერ წინააღმდეგობას ხელის იდაყვში გაშლის დროს. თუ ხელები თავისუფლად, წინააღმდეგობის გარეშე გაიშალა, ეს ტონუსის დაქვეითების ნიშანია.
  • სიარულისა და ნაბიჯების რეფლექსი - ახალშობილს ხელები იღლიებში ამოსდეთ და ოდნავ გადახარეთ წინ, რომ იძულებით გადადგას ნაბიჯი. ნორმაში იგი უნდა იდგეს ტერფების სრული დაყრდნობით, ბჯენით და ბოლომდე გაშლილი ფეხის თითებით, ხოლო წინ გადახრისას სიარულის იმიტაციას აკეთებდეს და ფეხებს არ აჯვარედინებდეს. ეს რეფლექსი თანდათანობით ქრება და 1,5 თვის ასაკში პრაქტიკულად აღარ შეინიშნება. თუ პატარამ დადგომის ნაცვლად ჩაიმუხლა, ნაბიჯი ძლიერ მოხრილი ფეხებით გადადგა ან საერთოდ ვერ გააკეთა ბიჯი, ეს ტონუსის დაქვეითების ნიშანია.
  • სიმეტრიული და ასიმეტრიული რეფლექსები. დააწვინეთ ახალშობილი ზურგზე, ხელისგული კეფაზე ამოსდეთ და თავი მკერდისკენ წამოუწიეთ. ამ დროს მან ხელები უნდა მოხაროს, ხოლო ფეხები გაშალოს. შემდეგ ფრთხილად მიუბრუნეთ თავი მარცხენა მხარეს. ამ დროს იგი მარცხენა ხელს გაშლის, ხოლო მარჯვენას მოხრის. თავის მარჯვნივ მობრუნებისას უნდა გააკეთოს იგივე საპირისპირო მხარეს. ასიმეტრიული და სიმეტრიული რეფლექსები 2-3 თვისთვის უნდა გაქრეს. პირველი ორი თვის განმავლობაში ამ რეფლექსების უქონლობა ტონუსის დაქვეითების მაჩვენებელია.
  • ტონური რეფლექსი. ახალშობილი გულაღმა დააწვინეთ მყარ ზედაპირზე. ნორმაში ამ დროს მომატებულია გამშლელი კუნთების ტონუსი. პატარა ცდილობს გაშალოს კიდურები, იჭიმება, თითქოს იხსნება. შემდეგ მუცელზე დააწვინეთ; ის თითქოს ეცდება, ჩაიკეტოს - ხელ-ფეხს სხეულისკენ მოიკეცავს. ამ დროს მუცელზე მომატებულია მომხრელი კუნთების ტონუსი. ნორმაში ტონური რეფლექსი 2-2,5 თვისთვის ქრება. თუ ახალშობილს ეს რეფლექსი არ გააჩნია, ეს ტონუსის დაქვეითებაზე მეტყველებს; თუ ტონური რეფლექსი 3 თვის შემდეგაც არ გაქრა, ეს ჰიპერტონუსის ნიშანია.
  • მოროს რეფლექსი - ბავშვი გაღიზიანებისას ხელებს განზე შლის.
  • ბაბინსკის რეფლექსი - ტერფების თითით გაღიზიანებისას ფეხის თითები რეფლექსურად იშლება. ნორმაში მოროსა და ბაბინსკის რეფლექსები მე-4 თვის დასასრულს ქრება. მათი არარსებობა ტონუსის დაქვეითების მანიშნებელია.

- მშობლებისთვის ამ რეფლექსების ცოდნა აუცილებელია, რათა დროულად შეაფასონ მდგომარეობა და ეჭვის შემთხვევაში მიმართონ ექიმს. როგორია შემდგომი მოქმედების ტაქტიკა?

- მას შემდეგ, რაც პედიატრი მდგომარეობას შეაფასებს, უნდა ჩატარდეს ნევროლოგის კონსულტაცია და დაინიშნოს მასაჟის კურსი. მასაჟის გაკეთება დედასაც შეუძლია:

  • კომპლექსი მოიცავს ტრადიციულ ილეთებს - კიდურებსა და მთელ სხეულზე ჯერ ხელისგულით ტარდება ხელსმა, მერე კი, უფრო ხანგრძლივად, ხელის გვერდითა ზედაპირით - "დაყოფა", "დასრესა".
  • დააწვინეთ ბავშვი მუცელზე და ხელისგულები გადაატარეთ ზურგზე, დუნდულებზე, ხელ-ფეხზე ქვემოდან ზემოთ, შემდეგ ზურგზე დააწვინეთ და ხელი საათის ისრის მიმართულებით მუცელზე გადაატარეთ.
  • კუნთოვანი ტონუსის ასიმეტრიის დროს გამოიყენება მომადუნებელი და მასტიმულირებელი მასაჟის ილეთები.
  • მომადუნებელი მასაჟი - ხელსმა, ვიბრაცია, მსუბუქი გაჭიმვა - უნდა ჩაუტარდეს დაჭიმულ მხარეს მომხრელების მიმართულებით. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ზურგის კუნთების გამაძლიერებელი მასაჟი. შეეცადეთ, ჯანმრთელ მხარეს ის უფრო ღრმად და აქტიურად ჩაატაროთ.
  • თუ დედა შეისწავლის მასაჟის ილეთებს, შეიძლება, მომდევნო სეანსები თვითონვე ჩაუტაროს პატარას.

ზოგადი წესები კი ასეთია:

  • თავდაპირველად მთელი კომპლექსი უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს 5 წუთისა. ხანგრძლივობა თანდათან გაზარდეთ 15-20 წუთამდე.
  • მასჟის დროს ყველა მოძრაობა ტარდება პერიფერიიდან ცენტრისკენ: მტევნიდან, თითებიდან მხრისკენ, ტერფებიდან საზარდულისკენ.
  • თუ პატარა კარგ გუნებაზეა, მასაჟი გაუკეთეთ ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ. თუ ჭირვეულობს - გირჩევთ, დაიცადოთ. მასაჟის დროს ბავშვს გარშემო შემოუწყვეთ სათამაშოები, ჩაურთეთ მშვიდი, სასიამოვნო მუსიკა, შეუქმენით სასიამოვნო გარემო. ოთახის ტემპერატურა 22 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს.
  • მასაჟის დროს დედას ხელები თბილი უნდა ჰქონდეს. სასურველია, შეიზილოს ბავშვის ზეთი, რათა ხელისგულებმა რბილად, თანაბრად იმოძრაონ ბავშვის კანზე.
  • კუნთოვანი ტონუსის დაქვეითების სამკურნალოდ მასაჟთან ერთად ტარება ფიზკულტურაც. ვარჯიშთა კომპლექსს ასაკის გათვალისწინებით ბავშვს სპეციალისტი შეურჩევს. მკურნალობა კომპლექსურია და ხანგრძლივი. პედიატრი ნევროლოგსა და ორთოპედთან ერთად განუწყვეტლივ უნდა ადევნებდეს თვალს მდგომარეობას.