ბავშვები და ანტიბიოტიკები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვები და ანტიბიოტიკები

- პედიატრიულ ასაკში ანტიბაქტერიული თერაპიის სპეციფიკა განპირობებულია ბავშვის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით, ინფექციებისა და ინფექციურ დაავადებათა მიმდინარეობის ხასიათით, არასასურველი რეაქციებითა და დოზირების რეჟიმით. მიკროორგანიზმებს ახასიათებთ ტროპიზმი განსაზღვრული ასაკის მიმართ. მაგალითად, სიცოცხლის პირველი სამი წლის მანძილზე ჩირქოვანი მენინგიტის ძირითადი გამომწვევია ჰემოფილური ჩხირი, ახალშობილთა სეფსისისა - B ჯგუფის სტრეპტოკოკი. საზოგადოდ, ბავშვებში ხშირად გვხვდება ისეთი დაავადებები, რომლებიც მოზრდილი ადამიანისთვის არ არის დამახასიათებელი. საუბარია არა მხოლოდ ბავშვთა ინფექციურ დაავადებებზე - წითელაზე, წითურაზე, ყბაყურაზე, არამედ შუა ყურის მწვავე ანთებაზე, ღშ-ვირუსითა და ქლამიდიით გამოწვეულ პნევმონიაზეც. დაავადების გამომწვევის ამოსაცნობი ლაბორატორიული მეთოდები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომაც შეუძლებელია, თავიდან ავიცილოთ ანტიბიოტიკების დაუსაბუთებელი გამოყენება. ეს აიხსნება როგორც დიაგნოსტიკის სირთულით, ისე ექიმის სურვილით, თავი დაიზღვიოს შესაძლო გართულებებისგან. პედიატრიულ პრაქტიკაში ანტიბიოტიკებით მკურნალობის ძირითადი თავისებურება ის არის, რომ ანტიბიოტიკები მოქმედებს უშუალოდ დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე, ეს მიკროორგანიზმები კი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და, გამრავლებისდაკვალად, პრეპარატისადმი გამძლეობასაც იცვლიან. ასე რომ, ანტიმიკრობული პრეპარატები - ეს არის ერთადერთი კლასი სამკურნალო საშუალებებისა, რომელთა ეფექტიანობაც თანდათან მცირდება. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა გარდაუვალი მოვლენაა, რასაც ცხადყოფს უკანასკნელი წლების მაგალითები. ინფექციური დაავადების გამომწვევის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით, ამ დროს კი მკურნალობა შესაძლოა დაგვიანებულიც აღმოჩნდეს. ამდენად, ემპირიულ თერაპიას ინფექციური დაავადების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ანტიბიოტიკოთერაპიამ (ფართო სპექტრის ანტიბიოტიკით) დადებითი შედეგი გამოიღო, პრეპარატის შეცვლა, განურჩევლად ანტიბიოტიკოგრამის (ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დადგენა) პასუხისა, საჭირო არ არის.

- ბავშვებს ანტიბიოტიკებს თითქმის იმავე დოზით უნიშნავენ, რომლითაც მოზრდილებს, მაგრამ ნაკლებია ჯერადობა, მაგალითად, რვის ნაცვლად 24 საათში ერთხელ კეთდება. რით აიხსნება ეს?

- ანტიბიოტიკების შერჩევა-მორგება და დოზირება ბავშვის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მათი გამოყენება ახალშობილებში, მათ შორის - დღენაკლულებშიც. ეს აიხსნება ორგანოებისა და სისტემების ზოგიერთი ფუნქციის, კერძოდ, ღვიძლის ფერმენტული სისტემისა და თირკმლის ფილტრაციული (შარდგამომყოფი) მექანიზმის უმწიფრობით. პრეპარატის ან მისი დოზის არასწორმა შერჩევამ შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს. მკურნალობაში ანტიბიოტიკის ჩართვა შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით გაუმართლებელია. საპირისპირო შედეგს ვიღებთ - ანტიბიოტიკი ასუსტებს ორგანიზმის ბრძოლის უნარს უკვე არსებული დაავადების მიმართ. რაც შეეხება წამლის დოზირებასა და ჯერადობას, მათი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მედიკამენტის ჯგუფი. მაგალითად, ამინოგლიკოზიდების განაწილება ახალშობილის ორგანიზმში უფრო მეტია, ვიდრე მოზრდილისაში. აქედან გამომდინარე, პრეპარატის დოზა ახალშობილის სხეულის მასაზე გადაანგარიშებით ინიშნება. გარდა ამისა, თირკმლის გამომყოფი სისტემის უმწიფრობის გამო ორგანიზმი უფრო მეტხანს უნდება წამლის გამოყოფას. შესაბამისად, ინტერვალი ინექციებს შორი მეტია. იგივე შეიძლება ითქვას ცეფალოსპორინებზეც. ამ თავისებურებათა გაუთვალისწინებლობა და პრეპარატის არასწორად დანიშვნა გვერდითი მოვლენების განვითარებას იწვევს.

- ბავშვებს ანტიბიოტიკები ხშირად ამბულატორიულ პირობებში, ანუ სახლში, პედიატრის ბინაზე გამოძახებისას ენიშნებათ. რა პრაქტიკულ რეკომენდაციებს მისცემდით კოლეგებს ამ თვალსაზრისით?

- ანტიბიოტიკებით მკურნალობა ათიდან საშუალოდ რვა შემთხვევაში მწვავე რესპირაციული ინფექციის ან მისი გართულების დროს ინიშნება, მაგრამ უმეტესად - უსაფუძვლოდ. საზოგადოდ, სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციის დროს, ისევე როგორც ნაწლავთა ვირუსული ინფექციის დროს, ანტიბიოტიკის დანიშვნა გაუმართლებელია.  ჯერ ერთი, ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსებზე. მეორე - ანტიბიოტიკების წინასწარი დანიშვნით ბაქტერიული გართულებისგან თავის დაზღვევა შეუძლებელია. გახსოვდეთ: ანტიბიოტიკები

  • არ მოქმედებს ვირუსებზე;
  • არ სწევს დაბლა სხეულის ტემპერატურას;
  • ვერ იცავს ორგანიზმს ბაქტერიული გართულებებისგან.

- რა მოჰყვება ანტიბიოტიკების მიზანშეუწონელ გამოყენებას?

- ანტიბიოტიკების მიზანშეუწონელმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ბაქტერიათა რეზისტენტობის მატება;
  • ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის დარღვევა;
  • არასასურველი რეაქციების (სოკოვანი ინფექცია, ალერგიული რეაქციები) განვითარების ალბათობის ზრდა.

დაბოლოს, იზრდება მკურნალობისთვის გაწეული ხარჯიც.


- რა უნდა გაითვალისწინოს ექიმმა ანტიბიოტიკების დანიშვნისას?

- ამბულატორიულ პირობებში ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს მხოლოდ დაავადების ბაქტერიული ბუნების დასაბუთების ან უტყუარი ნიშნების არსებობის შემთხვევაში (ასეთი ნიშნებია, მაგალითად, ჩირქოვანი კერა ყელში, ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან). ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომელი პრეპარატები მიიღო ბავშვმა წინა 2-3 თვის განმავლობაში, რათა შეაფასოს რეზისტენტული ფლორის მატარებლობის რისკი. ამბულატორიულ პირობებში მიზანშეწონილია დასალევი ანტიბიოტიკების (სიროპის, სუსპენზიის, აბის) დანიშვნა. ანტიბიოტიკების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ასაკიც. მაგალითად, ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატები მხოლოდ 8 წლიდან ინიშნება, ფთორქინოლონები - 18 წლიდან. უფრო ადრეულ ასაკში მათი გამოყენება საზიანოა.

- როდის შეიძლება ანტიბიოტიკის შეცვლა?

- ანტიბიოტიკის შეცვლა ნებადართულია, თუ:

  • მკურნალობის დაწყებიდან 48-72 საათის შემდეგ ბავშვს უკეთესობა ვერ შევამჩნიეთ;
  • უფრო ადრე (48-72 საათის გასვლამდე) მდგომარეობა დამძიმდა;
  • განვითარდა მძიმე, არასასურველი რეაქციები;
  • ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით დადგინდა გამომწვევი და მისი შესაბამისი ანტიბიოტიკი.

თუ ინფექციის ბაქტერიული ბუნება არ დადასტურდა, ანტიბიოტიკის მიღება კურსის დასრულებამდე უნდა შეწყდეს. მოკლე, 3-5-დღიანი კურსით ანტიბიოტიკის დანიშვნისას მის პარალელურად ნუ გამოიყენებთ ანტიჰისტამინურ ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, იმუნომოდულატორებს.

- როგორია ანტიბიოტიკების დანიშვნის ჩვენება?

- განურჩევლად იმისა, არსებობს თუ არა უტყუარი საბუთი (სისხლის საერთო ანალიზის, ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის პასუხი და სხვა), ანტიბიოტიკების დანიშვნის აბსოლუტურ ჩვენებად მიიჩნევა:

  • მწვავე ჩირქოვანი სინუსიტი;
  • ქრონიკული სინუსიტის გართულება;
  • მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი;
  • შუა ყურის მწვავე ანთება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში;
  • პარატონზილიტი;
  • ეპიგლოტიტი;
  • პნევმონია.

- ხშირად  მშობლები თვითონვე იწყებენ შვილის მკურნალობას და ექიმთან შეუთანხმებლად აძლევენ ანტიბიოტიკებს. რას ურჩევთ მათ?

- ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დაუსაბუთებლად ანტიბიოტიკის დანიშვნა გაუმართლებელია. შედეგი კიდევ უფრო სავალალოა, როცა პრეპარატს ექიმი კი არ ნიშნავს, არამედ მშობელი საკუთარი შეხედულებისამებრ ყიდულობს ან ფარმაცევტის რეკომენდაციას ენდობა, რაც, სამწუხაროდ, არცთუ ისე იშვიათია. 2-3 წლამდე ბავშვის იმუნური სისტემა ბოლომდე არ არის ფორმირებული. ანტიბიოტიკის ყოველი ზედმეტი დოზა სერიოზულ დარტყმას აყენებს მას, ორგანიზმი `ზარმაცდება~ და ცდილობს, ყოველგვარი პრობლემა მედიკამენტების დახმარებით მოაგვაროს. ორგანიზმს პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ, საკუთარი ძალებით გაუწიოს წინააღმდეგობა დაავადებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მოავადე ბავშვს, რომელიც სულის შებერვაზეც კი ცივდება. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები განსხვავებულად მიმდინარეობს. თუ ბავშვს ტემპერატურამ 39 გრადუსამდე აუწია, ამას დაერთო სურდო და ხველა, ყელის ტკივილი, თვალების სიწითლე და ცრემლდენა, ტუჩებზე გაჩნდა ჰერპესული ბუშტუკები - ეს არ არის ბაქტერიული ინფექცია. შესაბამისად, არც ანტიბიოტიკია საჭირო. მსტვენი ხიხინი ფილტვებში, რომელიც ხშირად ფონენდოსკოპის გარეშეც ისმის, ბრონქიტზე მიუთითებს, ხმის ჩახლეჩა - ლარინგიტზე. ორივე დაავადების გამომწვევი უმეტესად ვირუსია. ბაქტერიული ინფექცია განსხვავებულად იწყება: ბავშვი უჩივის ყურის ტკივილს, ყურიდან ან თვალიდან აქვს ჩირქოვანი გამონადენი, უშუპდება და უწითლდება კანი ლოყების ან თვალების ირგვლივ, უდიდდება და სტკივა ლიმფური ჯირკვლები, აღენიშნება ტონზილიტი ჩირქოვანი ნადებით ნუშურა ჯირკვლებზე... პნევმონიის გამოვლენა რთულია - იგი იშვიათად იწვევს დამახასიათებელ სიმპტომებს, მაგრამ ამ დროს, ვირუსული დაავადებისგან განსხვავებით, ტემპერატურა თავისთავად არ იკლებს და სამ დღეს და უფრო მეტხანსაც კი 38 გრადუსზე მაღალი რჩება. ასეთ დროს ანტიბიოტიკები აუცილებელია, მაგრამ ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს. თუ ბავშვს ერთხელ მაინც ჰქონია ალერგიული რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკზე, მშობლებმა აუცილებლად უნდა გააფრთხილონ ექიმი ამის შესახებ. ახალი ანტიბიოტიკის სრული დოზით შეყვანამდე უნდა გაკეთდეს სინჯი - შემოწმდეს ორგანიზმის მგრძნობელობა მის მიმართ.

- არსებობს თუ არა ანტიბაქტერიული თერაპიის ალტერნატივა?

- ანტიბაქტერიული პრეპარატების ალტერნტივად შეიძლება ჩაითვალოს ფაგები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ანტიბიოტიკოთერაპიის თანმხლები პრობლემები - ალერგიული რეაქციები, რეზისტენტობა, დისბაქტერიოზი და სხვა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფაგების მიმართ ორგანიზმის განწყობაც ინდივიდუალურია. გაცილებით შედეგიანი იქნებოდა ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის აუტოფაგის შექმნა და გამოყენება, რაც არცთუ ისე შორეულ წარსულში შესაძლებელი  იყო საქართველოში, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში. სხვათა შორის, დღესდღეობით ბაქტერიოფაგში ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს.