ბავშვის კუნთოვანი სისტემის თავისებურებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის კუნთოვანი სისტემის თავისებურებები

- როგორ ვითარდება ადამიანის კუნთოვანი სისტემა?

- ბავშვის კუნთოვანი მასის სხეულის მასასთან შეფარდება გაცილებით დიდია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვებს კუნთოვანი მასა სხეულის საერთო მასასთან შედარებით უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მოზრდილებს. ახალშობილობის პერიოდში ის სხეულის მასის 23-24%-ს შეადგენს, 8 წლის ასაკში - 27-28%-ს, 15 წლის ასაკში - 32-33%-ს, მოწიფულ ასაკში კი 44-ს აღემატება. ასაკის მატების კვალდაკვალ კუნთოვანი ქსოვილის მასა 34-ჯერ იმატებს, მაშინ როცა ჩონჩხისა მხოლოდ 27-ჯერ იზრდება. ახალშობილებში კუნთოვანი ქსოვილის განაწილებაც სხვაგვარია - მისი ძირითადი მასა სხეულის კუნთების წილად მოდის, ასაკთან ერთად კი იმატებს კიდურების კუნთოვანი ქსოვილის მასა. ახალშობილობის პერიოდის თავისებურებაა მომხრელი კუნთების ტონუსის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შედეგია ნაყოფის სპეციფიკური პოზა მუცლადყოფნის პერიოდში. ახალშობილებს, მოზრდილებისგან განსხვაებით, კუნთები ძილის დროსაც არ აქვთ მოდუნებული. კუნთების ძალის მომატების ინტენსივობა სქესზეც არის დამოკიდებული. კუნთების ძალის გაზომვა, დინამომეტრია, ცხადყოფს, რომ ის ვაჟებს გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე გოგონებს. თუმცა 10-დან 12 წლამდე დინამომეტრიის მაჩვენებლები გოგონების სასარგებლოდ იხრება. კუნთების შედარებითი ძალა (ძალა სხეულის ყოველ კილოგრამზე) 6-7 წლამდე თითქმის თანაბარია, მერე და მერე კი ვაჟებს უფრო მეტი აქვთ. კუნთების ამტანობა - მათი მაქსიმალურად დაჭიმვის ხანგრძლივობა - პიკს 17 წლის ასაკში აღწევს.

- რა უნდა გავაკეთოთ კუნთების ნორმალური განვითარებისთვის?

- კუნთების ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ჩვილი ასაკიდანვე. წლამდე ასაკის ბავშვისთვის ვარჯიშებისა და მასაჟის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კუნთების განვითარების პროცესი. სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში პაწიას აღენიშნება ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი კუნთების ჰიპერტონუსი - მომატებული აქტიურობა გამშლელ კუნთებთან შედარებით. ასაკის მომატებასთნ ერთად მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობა თანაბრდება. სამი თვისთვის პაწიას ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსის გაქრობა ზედა კიდურების მომხრელებში, მაგრამ ფეხის კუნთების ჰიპერტონუსი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ოთხი-ხუთი თვის ასაკში ქვედა კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთების გაწონასწორება იწყება, ამიტომ ვარჯიშთა კომპლექსში შეტანილ უნდა იქნეს ქვედა კიდურების პასიური მოძრაობები - ფეხების აწევა, მონაცვლეობითი მოხრა, ასევე ჩატარდეს ქვედა კიდურების, ზურგის, მუცლისა და ტერფების მასაჟი. თუ ბავშვი არ წუხს, მშვიდადაა, ამას ზედა კიდურების მასაჟიც დაემატება. ცხრა-თორმეტი თვის ასაკში პატარას უყალიბდება დამოუკიდებლად, საყრდენის გარეშე დგომისა და სიარულის, თითის წვერებზე ჩაჯდომის უნარი, მისი ყოველი მოძრაობა კავშირშია გარკვეულ საგანთან - ცდილობს, გაიაროს და აიღოს სათამაშო, ჩაიცუცქოს და იატაკიდან აიღოს დაბლა დავარდნილი ნივთი; უკვე მაგრად უჭირავს საგნები, უუმჯობესდება თითების მოძრაობის კოორდინაციაც - ჭმუჭნის ქაღალდს და ასე შემდეგ. ვარჯიშისა და მასაჟის შერჩევისას სწორედ ეს ფაქტორებია გასათვალისწინებელი. კიდევ ერთი: დროზე ადრე ნუ დააყენებთ პატარას ფეხზე, თუ თვითონვე არ ცდილობს დადგომას ან ასაკთან შედარებით ზედმეტს იწონის. მისი მყესკუნთოვანი და ძვლოვანი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ამიტომ ნაადრევმა დადგომამ შესაძლოა ტანდეგობის არასწორი განვითარება და მაკროტრავმებიც კი გამოიწვიოს.

- როგორი უნდა იყოს ჯანმრთელი ბავშვის კუნთოვანი სისტემა?

- ჯანმრთელ ბავშვს, რომლის ფიზიკური განვითარება შეესაბამება მის ასაკსა და სქესს, უნდა ჰქონდეს მკვრივი, თანაბრად განვითარებული, სხეულზე სიმეტრიულად განლაგებული კუნთები. კუნთების მასის შემცირება, მოდუნება დამახასიათებელია მძიმე ავადმყოფი, დასუსტებული, უმოძრაო ცხოვრების წესის მიმდევარი, კვებადარღვეული ბავშვისთვის. კუნთების უკიდურესად სუსტი განვითარება, ატროფია, გვხვდება პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიის, ნევრიტის, პოლიომიელიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს. კუნთების მასის მომატება, ჰიპერტროფია, ჩვეულებრივ, სისტემატური ვარჯიშით არის გამოწვეული და იშვიათად მიიჩნევა დაავადების ნიშნად. კუნთოვანი სისტემის განვითარებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მუცლის ფორმისა და ბეჭის ძვლების დგომის მიხედვით. როცა კუნთოვანი სისტემა სუსტად არის განვითარებული, მუცელი ჩამოკიდებულია, კუნთების რელიეფი არ არის გამოხატული. კარგად განვითარებულ კუნთოვან სისტემას შეესატყვისება შეზნექილი ან ოდნავ წინ წამოწეული მუცელი, გამართული ბეჭები. თუმცა მცირე ასაკის ბავშვებში ამ კრიტერიუმებით კუნთოვანი სისტემის შეფასება შეუძლებელია, რადგან მათ კუნთოვანი რელიეფი ცუდად აქვთ განვითარებული, ხოლო კანქვეშა ცხიმოვანი შრე - კარგად. კუნთოვანი სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია ტონუსი, ძალა და მოძრაობითი აქტიურობა. ჯანმრთელ, დროულ ახალშობილს ხელები იდაყვში აქვს მოხრილი, მუხლები და ბარძაყები ეკვრის მუცელს. ჩამოკიდებული ხელი ან ფეხი, რომელიც არ მონაწილეობს საერთო მოძრაობით აქტიურობაში, მიუთითებს კუნთოვანი ტონუსის იზოლირებულ (შემოსაზღვრულ) დაქვეითებაზე ან დუნე დამბლაზე. კუნთის ტონუსის განსაზღვრა ხდება გასინჯვით (პალპაციით). კუნთოვანი ტონუსის ცვლილების შესაძლო მიზეზებზე მსჯელობისას უნდა გვახსოვდეს, რომ დღენაკლულ და უმწიფარ ბავშვებს 1,5-2 თვემდე შესაძლოა ჰქონდეთ ზოგადი კუნთოვანი ჰიპოტონია (დაქვეითებული ტონუსი), შემდგომ განვითარებული მომხრელების ჰიპერტონუსი კი 5-6 თვემდე გრძელდება. როგორც აღვნიშნეთ, დროულ ახალშობილებში ზედა კიდურების ჰიპერტონუსი 3 თვის ასაკში ქრება. დროულ ახალშობილებში კუნთოვანი ტონუსის ცვლილებები, წესისამებრ, უკავშირდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას მუცლადყოფნის პერიოდში, სამშობიარო ტრავმებს, ასფიქსიასა და ჰიპერბილირუბინემიას. ჩვილ და უფრო მოზრდილ ასაკში კუნთოვანი ტონუსის ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს ნეიროინფექცია (ენცეფალიტი, მენინგიტი), ქალას ტრავმა, კვების ქრონიკული და მწვავე დარღვევა, წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, დ ვიტამინის დეფიციტი. თუ ბავშვს მცირე ასაკში აღენიშნება კუნთოვანი ტონუსის მყარი დაქვეითება და ამასთან დაკავშირებული მოტორიკის დარღვევა, ეს კუნთების თანდაყოლილ დაავადებებზე - მიოპათიაზე, მიოტონიაზე - მეტყველებს.

- არცთუ ისე ცოტა ბავშვი იბადება თანდაყოლილი კისერმრუდობით, რომელიც კუნთის მოუმწიფებლობის შედეგია. რას გვეტყვით ამის შესახებ, როგორ დავეხმაროთ პატარას?

- თანდაყოლილ კისერმრუდობას მრავალი მიზეზი აქვს. ის შეიძლება გამოიწვიოს მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მოუმწიფებლობამ, სამშობიარო ტრავმამ... მას უმეტესად მშობლები ამჩნევენ 2 კვირდან 3 თვემდე ასაკში. რაც უფრო ადრე გამოვავლენთ პათოლოგიას, მით უფრო ეფექტურია მკურნალობა. აუცილებელია, კისერმრუდობის შემჩნევისთანავე პატარა ორთოპედს აჩვენოთ.


ამ დროს მშობელს ურჩევენ, ბავშვი ჯანმრთელი მხარით კედლისკენ დააწვინონ; შეუკერონ სპეციალური კისრის დამჭერი, რომ თავი სწორად ეჭიროს (ეს დამჭერი დაზიანებულ მხარეს უფრო მაღალი უნდა იყოს და ჯანმრთელ მხარეს იკვრებოდეს), შეუკერონ ბალიში, რომელიც ჯანმრთელ მხარეს უფრო ამაღლებული იქნება. ყოველივე ეს ბავშვს აიძულებს, თავი დაზიანებულ მხარეს ატრიალოს. ამით იგი თვითონვე ავარჯიშებს დაზიანებულ კუნთს. არსებობს ვარჯიშებისა და მასაჟების სპეციალური კომპლექსი:

ლ ბავშვი ზურგზე წევს. მასაჟისტი უდგას უკან, ხელებით უჭერს თავს, მსუბუქად მიიზიდავს და დაზიანებულ მხარეს ატრიალებს, მერე კი საპირისპირო მიმართულებით ანუ ჯანმრთელ მხარეს და ნიკაპით ეწევა ზევით.

თავის ასეთი მოძრაობები ავარჯიშებს დაზიანებული მხარის კუნთებს. თუ ბავშვს თავის ტრიალი არ ესიამოვნა და ატირდა, ჯობს შეასვენოთ.

ლ ბავშვი გვერდულად დააწვინეთ პათოლოგიის მხარეს. ხელი თავქვეშ ამოუდეთ და თანდათან გამოაცალეთ, რომ თავი თვითონვე დაიჭიროს.

ვარჯიშები გაიმეორეთ 5-10-ჯერ. ვარჯიშის შემდეგ კეთდება მასაჟი. ბავშვი წევს ზურგზე, მასაჟისტი დაზიანებულ მხარეს უდგას. პროცედურა 10-15 წუთი გრძელდება. მკურნალობის კურსი საშუალოდ 15-20 პროცედურაა - მისი ხანგრძლივობა ორთოპედთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. უმჯობესია, მასაჟთან ერთად ჩატარდეს ფიზიოპროცედურებიც.

- ბავშვთა ასაკში საკმაოდ არის გავრცელებული ბრტყელტერფიანობა, ტერფმრუდობა, რომლებიც ასევე კუნთოვანი აპარატის განვითარების პათოლოგიას უკავშირდება. რას გვეტყვით მათ შესახებ?

- ტერფის გაბრტყელება აღენიშნებათ დისპლაზიური (არასწორად განვითარებული) შემაერთებელი ქსოვილის მქონე ბავშვებს, რომელთაც კუნთებისა და მყესოვანი სისტემის ტონუსის დაქვეითება აღენიშნებათ. ბრტყელტერფიანობა თაღების ტონუსის გასადავებაა. ამ დროს ტერფი ბრტყელდება და სიარულისას ზამბარასავით ვეღარ იდრიკება. გასწვრივი თაღის გაბრტყელება ტერფის წაგრძელებას იწვევს. ეს ადამიანს აიძულებს, ადრინდელზე ერთი ან ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი ატაროს. როცა ბრტყელდება განივი თაღი, თითების ძირთან ტერფი ფაროვდება, ფეხისგულებზე ბებერა ჩნდება, ცერა თითზე კი ძვლოვანი წანაზარდი. განივი და გრძივი თაღების გადასწორება, წესისამებრ, ერთდროულად იწყება. თაღების სრული ფორმირება 6-7 წლის ასაკში ხდება, მანამდე ტერფის ფორმა საბოლოოდ გამოკვეთილი არ არის, თუმცა ბრტყელტერფიანობისკენ მიდრეკილების ამოცნობა 1 წლამდეც შეიძლება. თუ მშობელმა ტერფის გაბრტყელება იეჭვა, სასურველია, დროულად მიმართოს ორთოპედს. ტერფმრუდობა ძვალსახსროვანი სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიაა. ის შეიძლება იყოს ცალმხრივი, ორმხრივი, ორივე ტერფით შიგნით შებრუნებული, გარეთ მიქცეული (ვალგუსური) და მიზიდული. ტერფმრუდობას პირველად მიკროპედიატრი (ნეონატოლოგი) ამჩნევს, რომელიც მშობიარობისას იღებს ახალშობილს და დედას აცნობებს, რომ მის შვილს თანდაყოლილი ტერფმრუდობა აქვს. თუ ამ ეტაპზე პათოლოგია ვერ ამოიცნეს, დედა ყურადღებით უნდა იყოს, რათა გაარკვიოს, ხომ არ აქვს მის პატარას ცალი ან ორივე ტერფი გარეთ ან შიგნით შებრუნებული ანდა ზურგისკენ მიზიდული. თუ ტერფი გამრუდებულია და დედა მის გასწორებას ცდის, ხელის გაშვებისთანავე ის პათოლოგიურ მდგომარეობას  დაუბრუნდება. ასეა მყესკუნთოვანი დაზიანების დროს, ძვლოვანი დაზიანებისას კი ტერფს ხელით ვერ შეაბრუნებ, ის თითქოს ჩაჭედილია. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტერფის რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას ატარებენ. არცთუ იშვიათად ტერფმრუდობას პირველად ერთი თვის ასაკში, პროფილაქტიკური გასინჯვისას, ბავშვთა პოლიკლინიკის ორთოპედი ამჩნევს. როდესაც პათოლოგია თავს იჩენს, გირჩევთ, დროულად მიმართოთ ექიმ სპეციალისტს. ეს შედეგზე, საბოლოო ჯამში კი ბავშვის სიცოცხლის ხარისხზე აისახება.