ცხოვრების ჯანსაღ წესს პატარაობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრების ჯანსაღ წესს პატარაობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი

- რა პროცედურებს მოიცავს ახალშობილობის პერიოდში გამაჯანსაღებელი ღონისძიებები?

- ადრეული ასაკიდანვე დაწყებული ორგანიზმის გაკაჟება, სწორი მოძრაობები, მასაჟი, სწორი დღის რეჟიმი და კვება დაავადებათა პროფილაქტიკის საწინდარია. კარგი იქნება, თუ ახალშობილობის პერიოდში მშობლები შეასრულებენ შემდეგ მითითებებს:

  • ახალშობილი ხშირად დააწვინეთ მუცელზე, გვერდზე;
  • საფენის გამოცვლისას რამდენიმე წუთით დატოვეთ შიშველი, რათა თავისუფლად ამოძრაოს ხელ-ფეხი და მიიღოს ჰაერის აბაზანა;
  • სამი კვირიდან რეკომენდებულია მსუბუქი მასაჟი.

შემუშავებულია და ფართოდ გამოიყენება ორმოცამდე სახეობის ვარჯიში. სასურველია, ვარჯიში და მასაჟი პაწიას თავდაპირველად კვალიფიციურმა სპეციალისტმა ჩაუტაროს დედის თანდასწრებით, შემდგომ კი დედას შეეძლება, თვითონვე, დამოუკიდებლად ჩაატაროს იგივე პროცედურები.

- რა უნდა იცოდეს დედამ მასაჟის შესახებ?

- პაწიას კანი ძალიან ნაზია, ადვილად ზიანდება, ამიტომ მან, ვინც აკეთებს მასაჟს, უნდა შეასრულოს შემდეგი მითითებები:

  • ფრჩხილები დაიჭერით ძირში;
  • ხელები დაიბანეთ საპნითა და თბილი წყლით;
  • პროცედურის დაწყებამდე გაითბეთ ხელები, ცივი ხელებით მასაჟის გაკეთება არ შეიძლება;
  • ოთახში ჰაერი 21-22 გრადუსამდე გაათბეთ.

კანმა თავისუფლად რომ ისუნთქოს, მასაჟის დროს ნუ წაუსვამთ ტალკს, ზეთს, კრემს. უმჯობესია, ის თქვენ თვითონ შეიზილოთ ხელებზე პროცედურის დაწყებამდე. მასაჟი კეთდება ჭამიდან 40-45 წუთის შემდეგ, დღის პირველ ნახევარში. მასაჟის დროს ესაუბრეთ, მოეფერეთ პატარას, რომ ეს პროცედურა მისთვის სასიამოვნო იყოს. ტირილი, მოუსვენრობა, აგზნება იმის სიგნალია, რომ მასაჟი უნდა შეწყვიტოთ. ახალშობილებში მასაჟი ტარდება ძირითადად ხელსმის სახით. ის უნდა შესრულდეს მსუბუქად, ნაზად და მიმართული უნდა იყოს პერიფერიიდან ცენტრისკენ, ემთხვეოდეს ლიმფისა და ვენური სისხლის მიმოქცევის მიმართულებას. ასე, მაგალითად: ხელის მასაჟი კეთდება მტევნიდან მხრისკენ, ფეხისა - ტერფიდან საზარდულისკენ კვირისტავის შემოვლით, ტერფისა - ქუსლიდან ფეხის თითებისკენ. მუცლის მასაჟის დროს მოძრაობა უნდა ემთხვეოდეს საათის ისრის მიმართულებას. ერიდეთ:

  • სახსრის მიდამოში ბიძგისებრ მოძრაობებს;
  • წელის მიდამოში აქტიურ მოძრაობებს (თირკმლისა და სასქესო ორგანოების სიახლოვის გამო).

სამ თვემდე ასაკის ბავშვებისთვისაც ძირითადად ხელსმა გამოიყენება. მასაჟი გრძელდება 7-8 წუთი. ამის შემდეგ იწყება აქტიური მოძრაობები, ვარჯიში. ბავშვის ზრდასთან ერთად ვარჯიშების კომპლექსი იცვლება, უფრო ხანგრძლივი და  ინტენსიური ხდება. ვარჯიშისა და მასაჟის დროს დატვირთვა თანდათან უნდა გაძლიერდეს და მერე თანდათან შესუსტდეს, რათა დატვირთვა სხეულის ყველა ნაწილზე თანაბრად განაწილდეს. პროცედურის დამთავრებისთანავე ჩააცვით ბავშვს, შეახვიეთ თბილად და დააწვინეთ წყნარ, მყუდრო ოთახში.


- ასაკის მატების კვალდაკვალ რა პრინციპით იცვლება ვარჯიშთა კომპლექსი?

- სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი კუნთები გამშლელთან შედარებით აქტიურია. ამას ჰიპერტონუსი ეწოდება. ზრდის კვალობაზე მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობა თანაბრდება. სამი თვისთვის პაწიას ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსი. ვარჯიშებისა და მასაჟის შერჩევისას სწორედ ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ. ამ ასაკში შეიძლება შესრულდეს ხელების პასიური მოძრაობები. კისრის კუნთები თანდათან მაგრდება, ამიტომ თავს იჩენს მდებარეობის შეცვლის თანდაყოლილი რეფლექსი (ზურგიდან გვერდზე და მუცელზე გადაბრუნება). თუ პაწია ცდილობს მდებარეობის შეცვლას, ვარჯიშით უნდა დავეხმაროთ. სამი თვისთვის ქრება ხოხვის ფენომენი და უკვე შეიძლება, ვარჯიშში ქვედა კიდურებიც ჩავრთოთ. ოთხი თვიდან თანდათან უნდა ჩაირთოს ისეთი მოძრაობები, რომლებიც პატარას უფრო აქტიური ცხოვრებისთვის მოამზადებს, დაეხმარება ცოცვის, ჯდომის, დგომის, სიარულის დაუფლებაში. ვარჯიშისა და მასაჟის დროს პატარასთან ალერსიანი საუბრით ვიწვევთ საპასუხო რეაქციას, 6 თვიდან კი ბავშვი საპასუხო ბგერებსა და სიტყვებსაც წარმოთქვამს. 4-5 თვიდან მეთოდისტმა ყოველი მოძრაობის წინ აუცილებლად უნდა მიუთითოს: "გადაბრუნდი გვერდზე", "აიღე სათამაშო", "მომეცი ხელი" და ა.შ. როცა ვარჯიშთა კომპლექსი სწორად ტარდება, ბავშვი იცინის, ღუღუნებს. 4-5 თვის ასაკში იწყება ქვედა კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობის გათანაბრება, ამიტომ ვარჯიშთა კომპლექსში უნდა შევიტანოთ ქვედა კიდურების პასიური მოძრაობები - ფეხის აწევა, მონაცვლეობითი მოხრა. ვარჯიშის დროს არ დაივიწყოთ ხმამაღლა თვლა: ერთი, ორი, სამი, ოთხი. 9-იდან 12 თვემდე პატარა სწავლობს დამოუკიდებლად, საყრდენის გარეშე დგომასა და სიარულს, თითის წვერებზე ჩაჯდომას. მის ყოველ მოძრაობას კავშირი აქვს ამა თუ იმ საგანთან: ცდილობს, გაიაროს და აიღოს სათმაშო, ჩაჯდეს და იტაკიდან აიღოს დაბლა დავარდნილი ბურთი და ა.შ. კარგად ბაძავს უფროსებს, შეუძლია დასახელებული საგნის, თავისი სხეულის ნაწილის ჩვენება, მაგრად უჭირავს საგნები, იზრდება თითების მოძრაობის კოორდინაცია. გირჩევთ, პატარას ფეხზე ნაადრევად ნუ დააყენებთ. თუ თვითონ არ ცდილობს, თქვენ ნუ აიძულებთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, თუ ბავშვი ნორმაზე მეტს იწონის (პარატროფია), ასაკთან შედარებით მძიმეა - ეს მის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ძვლოვან სისტემას ზედმეტ დატვირთვას მიაყენებს. სასურველია:

  • ძილის დროს ბავშვი არ იწვეს ერთსა და იმავე გვერდზე;
  • სეირნობისას ხელი მოჰკიდეთ ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ხელზე, რათა თავიდან აიცილოთ ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის არათანაბარი განვითარება.

- ერთი წლიდან გამაჯანსაღებელი პროცედურები ძირითადად საბავშვო თამაშებთან არის დაკავშირებული. როგორ მოვაწყოთ სახლში საბავშვო ფიტნესკლუბი?

- ერთი წლიდან ბავშვი ძალიან აქტიურად იწყებს მოძრაობას. მისი ფიზიკური განვითარება ჰარმონიულად რომ გაგრძელდეს, საჭიროა, ყოველდღე რამდენიმე წუთი მაინც დავუთმოთ ვარჯიშს. ძვლოვანი სისტემის დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად, ახალ დატვირთვებთან კუნთოვანი აპარატის შესაგუებლად ტარდება თამაში-ვარჯიშები. სავარჯიშოდ ყველაზე ხელსაყრელი სეირნობის დროა, პირველი მნიშვნელოვანი ვარჯიში კი სიარულია. თუ პატარა ჯერ ვერ დადის დამოუკიდებლად, შესთავაზეთ, ატაროს თავისი ეტლი - უბიძგოს ხელით წინ, ან სიტყვიერად მიუთითეთ: "მოდი, მივიდეთ აი იმ ხესთან". ნუ შეაჩვევთ სეირნობისას ეტლში ჯდომას, უმჯობესია, თვითონ ატაროს იგი. ასე უფრო ადვილად და სწრაფად ისწავლის სიარულსა და სირბილს. წლინახევრის პატარა უკვე დარბის, ხშირი დაცემა აღარ აშინებს. 3 წლამდე შეგიძლიათ ასწავლოთ ხტომა. არსებობს ხტომის ორი სახეობა: პირველი - სიმაღლიდან ჩამოხტომა (შიშის დასამარცხებლად პირდაპირ თქვენს ხელებში ჩამოახტუნეთ); მეორე - შედარებით მცირე სიმაღლიდან უფრო დიდზე შეხტომა. ხტომის სასწავლებლად გამოიყენეთ კიბის საფეხურები. ჯერ თქვენ აჩვენეთ, როგორ უნდა ჩამოხტეს ერთდროულად ორივე ფეხით, მერე თვითონ დააყენეთ საფეხურზე. თავდაპირველად ხელი ჩასჭიდეთ და ისე ჩამოახტუნეთ. ასევე უნდა ასწავლოთ ადგილზე ხტუნვა ორივე და ცალ ფეხზე. როცა სიარულსა და სირბილს ისწავლის, მიაჩვიეთ სხვადასხვანაირად სიარულს - თითის წვერებზე, ქუსლებზე, ტერფის გარეთა და შიგნითა კიდეებზე. ეს კარგია ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. 2-იდან 3 წლამდე ასაკის პატარები სიამოვნებით ბაძავენ ცხოველებს ხმით, ქცევით. ამიტომ ვარჯიშებს დაარქვით შესაბამისი სახელები. მაგალითად, კურდღელი - ბავშვი ხტის ორ ფეხზე, ხელები ყურებზე მიუბჯენია, თითები კი კურდღლის ყურებივით აქვს აცქვეტილი; ცხენი - ჩორთით სირბილი; დათვი - ბაჯბაჯი ტერფების გარეთა ზედაპირებით; წერო - სიარული მუხლების რაც შეიძლება მაღლა აწევით. სეირნობისას შეგიძლიათ ასწავლოთ სკამზე აცოცება, მორზე გადაცოცება დ ა.შ. ბურთის თამაში: ასწავლეთ ბურთის გადაგდება ჯერ მაღლა აწეული ორივე ხელით, შემდეგ - ცალით; მერე ბურთის დაჭერა შეასწავლეთ - თავდაპირველად პირდაპირ ხელებში ჩაუდეთ. თანდათან გაზარდეთ მანძილი თქვენსა და პატარას შორის. 2-2,5 წლიდან შეგიძლიათ ასწავლოთ თხილამურებზე დგომაც. საერთოდ, 2,5 წლიდან ბავშვს სპორტის ნებისმიერი სახეობა შეგიძლიათ შეასწავლოთ. ოღონდ გახსოვდეთ: ის იმ შემთხვევაში მოუტანს ბავშვს სარგებლობას, თუ იგი სიამოვნებასა და სიხარულს ანიჭებს.


- სასკოლო ასაკის ბავშვი გაცილებით ნაკლებს მოძრაობს. ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერულმა თამაშებმა იგი მჯდომარე ცხოვრებას მიაჩვია. რას უქადის ასეთი ცხოვრების წესი მოზარდს და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემები?

- ტელევიზიის, ინტერნეტის, კომპიუტერული თამაშების გამო დღევანდელი ბავშვები, სამწუხაროდ, საჭიროზე ნაკლებს მოძრაობენ. რა ძნელიც უნდა იყოს საამისოდ დროის, სახსრების, ადგილის გამონახვა - ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. ურიგო არ იქნება, ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაში ჩავაბათ. უპირატესობა დასვენების აქტიურ ფორმებს უნდა მივანიჭოთ. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ, ბავშვებს კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. ხშირად შეექცევიან საკონდიტრო ნაწარმს, ცომეულს, სწრაფი კვების მზა კერძებს - ჰამბურგერს, ჩიპსებს, შაურმას, სვამენ უალკოჰოლო გაზიან სასმელებს - კოკა-კოლას, ფანტას და სხვა. დარღვეულია კვების ჯერადობა და რეჟიმი: დღე-ღამეში ბავშვმა სამჯერ-ოთხჯერ მაინც უნდა ჭამოს. ასეთ რეჟიმს მოსდევს სიმსუქნე, ჭარბი წონა და რაც ყველაზე სამწუხაროა, დიაბეტი. სწორედ სიმსუქნე მიიჩნევა ბავშვებში დიაბეტის რისკფაქტორად. ჭარბი წონის შემთხვევაში საკვები დაბალკალორიული უნდა იყოს - ცხიმებისა და ნახშირწყლების მინიმალურ ოდენობას შეიცავდეს. წონაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის - მემკვიდრეობა, ტემპერამენტი, მადა, სულიერი წონასწორობა. მშვიდ, დინჯ, ნაკლებად მოძრავ ბავშვს უამრავი დაუხარჯავი კალორია რჩება, რომელიც ორგანიზმში ცხიმის სახით გროვდება. სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი სულიერი დისკომფორტია. როდესაც ბავშვი თავს მარტოსულად გრძნობს, უჭირს ირგვლივ მყოფებთან კონტაქტში შესვლა, მშობლებს შორის უთანხმოებაა, ოჯახში არაჯანსაღი ატმოსფერო სუფევს, ის შვებას ჭამაში ეძებს.

- რამდენი და როგორი საკვები სჭირდება მოზარდის ორგანიზმს?

- ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ კვების კულტურა. როცა ნელა და მშვიდად ჭამს, პატარა დროულად შეიგრძნობს სიმაძღრეს, სწრაფი ჭამის დროს კი დანაყრებას ვერ გრძნობს და საჭიროზე მეტს მიირთმევს.

კვების რაციონისა და რეჟიმის შედგენისას გაითვალისწინეთ რამდენიმე მითითება:

  • ბავშვს საკვები ხშირად და მცირე ულუფებით მიეცით. ეს თრგუნავს შიმშილს და აცხრობს მადას. ორგანიზმიც უკეთ ინელებს საკვებს და ქსოვილებში ცხიმი აღარ ლაგდება.
  • დღიური რაციონი ისე გადაანაწილეთ, რომ მთავარი ულუფა დღის პირველ ნახევარზე მოდიოდეს, როცა ბავშვი უფრო აქტიურია.
  • ავახშმეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.

გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების ასაკი ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზეზით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა ზრდის პროცესზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან ამ პერიოდში ორგანიზმი გაძლიერებულად ითხოვს მინერალებს, ვიტამინებს, ენერგიას.

- შეიძლება თუ არა ბავშვისთვის დიეტა?

- დიეტის საჭიროება ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. მანვე უნდა შეარჩიოს კვების რეჟიმი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ექიმმა პატარა პაციენტს გამუდმებით უნდა ადევნოს თვალყური. გახდომა ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ამიტომ ექიმმა გამუდმებით უნდა აკონტროლოს ბავშვის წონა, ჰკითხოს, ხომ არაფერს უჩივის, ხომ არ გრძნობს სისუსტეს, ადვილად დაღლას. დაიმახსოვრეთ: რა მსუქანიც არ უნდა იყოს ბავშვი, კვირაში 500 გრამზე მეტის დაკლება სასურველი არ არის. ბავშვს დიეტის დაცვაში ოჯახის ყოველმა წევრმა უნდა შეუწყოს ხელი. პატარა ბუთხუზა საცდურს რომ მოარიდონ, სასურველია, მთელი ოჯახი, საერთო სუფრასთან მაინც, შეძლებისდაგვარად დიეტურად იკვებებოდეს.

- კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშობლების მიერ მიცემული მაგალითი და ოჯახური ჯანსაღი გარემო...

- რაც უნდა ბევრი ვესაუბროთ ბავშვს დიეტისა თუ ვარჯიშის აუცილებლობაზე, თუ ოჯახის წევრებმა მაგალითი არ მისცეს, ყოველგვარი მცდელობა ამაოა. მშობლები მოვალენი არიან პატარას ყველაფერი სწორად აუხსნან, თვითონაც ერიდონ ზედმეტ ტკბილეულსა თუ ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლსა თუ სიგარეტს (მით უმეტეს - ბავშვის თანდასწრებით), მასთან ერთად ისეირნონ სუფთა ჰაერზე, უქმეები მასთან ერთად გაატარონ და პირადად მისცენ ჯანსაღი ცხოვრების მაგალითი. და კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი: ჯანსაღი ცხოვრება უწინარეს ყოვლისა ჯანსაღ ოჯახურ ურთიერთობებს გულისხმობს. გიყვარდეთ ერთმანეთი და სიყვარულით გაზარდეთ თქვენი პატარა.