ზომიერებას პატარაობიდანვე მიაჩვიეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზომიერებას პატარაობიდანვე მიაჩვიეთ

- ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში კვების დარღვევა თავს იჩენს წამოქაფებით. როდის არის წამოქაფება ფიზიოლოგიური და როდის - პათოლოგიის მანიშნებელი?

- წამოქაფება ახალშობილებსა და პირველი თვეების ჩვილებს ახასიათებთ. წამოქაფების დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ ირღვევა. ამონაღები მასა - კუჭის შიგთავსი, შეუხაჭოებელი რძეა. ჩვეულებრივ, ამოქაფების მიზეზია:

  • ნორმაზე მეტი საკვების მიღება;
  • აეროფაგია - კუჭში საკვებთან ერთად ჰაერის მოხვედრა.

ზედმეტი საკვების მიღების შემთხვევაში პატარას წამოაქაფებს უშუალოდ კვების დროს ან მისი დამთავრებისთანავე. ჩვილ ასაკში აეროფაგიაც ნორმალური მოვლენაა. ოთხ თვემდე წამოქაფება აღენიშნება ჩვილების 67%-ს, ოთხიდან შვიდ თვემდე - 21%-ს, შვიდი თვიდან ერთ წლამდე - 5%-ს. თუ ბავშვს წამოაქაფებს დღეში 2-3-ჯერ და ამოღებული მასა უმნიშვნელო რაოდენობისაა, სანერვიულო არაფერია. თუმცა კვების კორექცია მაინც საჭიროა. ამაში პირადი პედიატრი დაგეხმარებათ. მდგომარეობა საგანგაშოა, როცა წამოქაფება პირღებინებაში გადადის. ეს უკვე პათოლოგიაა - გერ-გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, რომლის დროსაც პატარა უკან ამოიღებს მიღებული საკვების ნახევარს ან მთელ ულუფას. ამ დროს საჭიროა მკურნალობა. პათოლოგიურ წამოქაფებას ჰიპოტროფია - წონის დეფიციტი - და სხვა დარღვვები მოჰყვება.

- რა იწვევს ასეთ წამოქაფებას?

- მიზეზი შეიძლება იყოს:

  • პილოროსტენოზი - კუჭის შესასვლელი ნაწილის შევიწროება. ეს პათოლოგია გამოვლინდება დაბადებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ჩვილს აქვს შეუპოვარი ღებინება, იკლებს წონას. ასეთ დროს დედამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ბავშვთა ქირურგს კვალიფიციური დახმარებისთვის.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვითარების ანომალია - ეს თანდაყოლილი პათოლოგიაა. შეუპოვარ ამოქაფებასა და წონის კლებასთან ერთად დამახასიათებელია დამოუკიდებელი დეფეკაციის უქონლობა (ოყნის შემდეგ საკვები გადაუმუშავებლად გამოიყოფა უკანა ტანიდან).
  • ინფექციური დაავადებები - ეს შეიძლება იყოს მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი ინფექციები, დედის მიერ ორსულობის დროს გადატანილი ესა თუ ის დაავადება. ყურადღებას იპყრობს ხშირი წამოქაფება, მოდუნება, მონოტონური ტირილი, სიყვითლე, გამონაყარი. ამ შემთხვევაში საჭიროა ბავშვთა ინფექციონისტის დახმარება.
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. იგი ხშირი და უხვი წამოქაფების მიზეზია. თუ დედას ჰქონდა მძიმე ორსულობა, პათოლოგიური მშობიარობა, ხოლო ახალშობილს უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა სამშობიარო სახლში, საჭიროა მკურნალობის პროცესში ბავშვთა ნევროპათოლოგის ჩართვა.

თუ ჩვილს აქვს პათოლოგიური წამოქაფება და იმყოფება ხელოვნურ კვებაზე, ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად ენიშნება სპეციალიზებული სამკურნალო ნარევი (Aღ - ანტირეფლუქსი). თუ ბუნებრივ კვებაზეა, ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა.

- როგორ ხდება წამოქაფების კორექცია?

- უკვე აღვნიშნეთ, რომ საკორექციოდ გამოიყენება სპეციალური ნარევები - მათში დამატებულია ნარევის შემასქელებელი კომპონენტი, მაგალითად, ბრინჯის სახამებელი, რომელიც რძის ნარევის შესქელების ხარჯზე ხელს უშლის კუჭში მოხვედრილი ულუფის ორ ფრაქციად - სითხედ და სისქედ დაყოფას. კუჭში წარმოიქმნება საკვების რბილი, ერთგვაროვანი, სქელი მასა და წამოქაფება ბრკოლდება. ასეთი ნარევი პატარას შეიძლება მისცეთ ჩვეულებრივ ნარევთან ერთად. პროპორციასა და ულუფას პედიატრი ინდივიდუალურად შეგირჩევთ. როდესაც ბავშვი იღებს დამატებით საკვებს - პიურეს, ფაფას, წამოქაფება იშვიათდება და, ამდენად, შემასქელებელი ნარევის მიცემის აუცილებლობა ქრება.


- რას გვირჩევთ მშობლებს?

- თუ პატარას წამოქაფება აწუხებს, გირჩევთ, დაიცვათ შემდეგი წესები:

  • ბავშვი დააწვინეთ ისე, რომ თავი ტანზე მაღლა ჰქონდეს.
  • კვების შემდეგ დაიჭირეთ ვერტიკალურად, პირით თქვენკენ, სანამ კუჭიდან ჰაერს არ ამოუშვებს.
  • დასაძინებლად ხშირად დააწვინეთ გვერდზე. ასეთი მდგომარეობის შესანარჩუნებლად გამოგადგებათ ზურგს უკან ამოდებული მოკეცილი პირსახოცი ან მუთაქა.
  • ყოველი კვების წინ 1-2 წუთით პირქვე გადაიწვინეთ მუხლებზე, შემდეგ გადმოაბრუნეთ და ხელისგულით გაუკეთეთ მასაჟი ჭიპის ირგვლივ, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით.

- არსებობს თანდაყოლილი პათოლოგიები, რომლებიც საკვების მონელებისა და შეწოვის  პროცესების დარღვევას (მალაბსორბციის) უკავშირდება. როგორ გამოვლინდება ისინი?

- ეს პათოლოგიებია:

ლაქტაზის უკმარისობა

ეს არის საკვების გადამუშავებისა და მონელების პროცესის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია ფერმენტული დეფიციტით და ცნობილია როგორც რძის აუტანლობა. რძისა და რძის ნაწარმის აუტანლობა დაკავშირებულია ფერმენტ ლაქტაზის უკმარისობასთან. ნაწლავებში, კერძოდ კი წვრილ ნაწლავებში, რძის შაქარი - ლაქტოზა ფერმენტ ლაქტაზის (ბეტა-გალაქტოზიდაზა) ზემოქმედებით იშლება. არსებობს ლაქტაზური უკმარისობის ორი კლინიკური ფორმა:

  • ჰიპოლაქტაზია - როცა ნაწილობრივ არის დაქვეითებული ფერმენტის აქტივობა;
  • ალაქტაზია - როცა ფერმენტი აქტიური არ არის.
  • აქტაზური უკმარისობის დროს დაუშლელი რძის შაქარი ნაწლავების ქვედა ნაწილში განიცდის ბაქტერიულ დუღილს, ეს კი იწვევს:
  • მეტეორიზმს, აირების დაგროვებას;
  • დისპეფსიურ მოვლენებს (კუჭის აშლას);
  • პირღებინებას;
  • უმადობას. ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე, ამიტომ სათანადოდ ვერ იმატებს და საბოლოოდ უვითარდება ჰიპოტროფია.

ამ პათოლოგიის მკურნალობის ძირითადი მეთოდია რძისა და მისი ნაწარმის სრული (ალაქტაზიის დროს) ან ნაწილობრივი (ჰიპოლაქტაზიის დროს) ამოღება ჩვილის რაციონიდან - პირველი 5-6 თვის მანძილზე არასასურველია დედის რძისა და ძროხის რძეზე დამზადებული ხელოვნური, ადაპტირებული საკვები ნარევები. ამ ასაკში ბავშვი უნდა ვკვებოთ სოიის რძისგან ან პროტეინჰიდროლიზაციის საფუძველზე დამზადებული სპეციალიზებული ნარევებით. 5-6 თვიდან ჩვილის რაციონში შეგვაქვს დამატებითი საკვები. მას პედიატრი ინდივიდუალურად შეურჩევს პატარას.

გალაქტოზემია

რძის შაქარი ლაქტოზა გლუკოზისა და გალაქტოზისგან შედგება. რძესა და მის ნაწარმთან ერთად ორგანიზმში მოხვედრილი ლაქტოზა გლუკოზად და გალაქტოზად იშლება, წვრილი ნაწლავებიდან შეიწოვება და სისხლის მეშვეობით აღწევს ღვიძლს. გალაქტოზემიის დროს ორგანიზმი განიცდის განსაზღვრული ფერმენტის უკმარისობას, რის გამოც ლაქტოზა გლუკოზად ვეღარ გარდაიქმნება და ამის ნაცვლად წარმოიქმნება შუალედური პროდუქტი - გალაქტოზა-1-ფოსფატი, რომელიც ზიანს აყენებს ღვიძლსა და თირკმელებს. ასეთ დროს დედის რძით ან რძის ნარევით კვებისას თავს იჩენს დამახასიათებელი ნიშნები: პირღებინება, ფაღარათი, ძლიერი სიყვითლე.

- თუ გალაქტოზემია ვიეჭვეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ?

- როგორც კი გაჩნდება გალაქტოზემიის არსებობის ეჭვი, მეტადრე - როცა დაისმება დიაგნოზი, ბავშვის რაციონი უნდა შეიცვალოს: დედის ან ძროხის რძის ნაცვლად უნდა მივცეთ უგალაქტოზო ან გალაქტოზით ღარიბი საკვები, კერძოდ, სოიის რძეზე მომზადებული ნარევები (ჰუმანა შL და სხვა). 5-6 თვიდან მენიუ შეგვიძლია მცენარეულ ზეთზე დამზადებული ბოსტნეულის (კარტოფილის) პიურეთი, ხილით გავამდიდროთ, 6-7 თვიდან ამას ემატება ბურღულის ურძეო ფაფა დღეში ერთხელ, 7-9 თვიდან - ხორცი და ბოსტნეულის სუპი. ერთი წლიდან ბავშვი ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად უნდა იკვებებოდეს. ამდენად, საერთო საკვები მისთვისაც მისაღები უნდა იყოს. ასეთია, მაგალითად, პურ-ფუნთუშეული, ხილი და ბოსტნეული, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, გოგრის თესლი, მინერალური წყლები, ჩაი, კაკაო, პური, კარტოფილი, ბრინჯი და ვერმიშელი. ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეუზღუდავად მისცეთ, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, ფუნთუშის შემადგენლობაში არ იყოს რძე. ურძეო რაციონის დროს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა კალციუმის მიღების შეფერხებაა. ამის თავიდან ასაცილებლად რაციონი უნდა გაამდიდროთ ყველით, ოღონდ არა ჭყინტი (ახალამოყვანილი), არამედ სამი კვირისა მაინც უნდა იყოს. სწორედ მისი საშუალებით უნდა შეივსოს კალციუმზე ორგანიზმის მოთხოვნილება, რათა ბავშვის ზრდა-განვითარება არ შეფერხდეს, კბილებისა და ძვლების ფორმირება სწორად წარიმართოს.

ცელიაკია

მალაბსორბციის ერთ-ერთი ფორმაა ცელიაკია, რომლის დროსაც დარღვეულია ცილა გლადინის ათვისება. ამ ცილას შეიცავს ხორბალი, ბრინჯი, შვრია, ჭვავი, ამიტომ დაავადება თავს იჩენს მას შემდეგ, რაც რაციონში ამ პროდუქტებს შევიტანთ - 5-6 თვის ასაკიდან. ცელიაკია ვლინდება დიარეით, დიდი რაოდენობის განავლოვანი მასებით, წონის მატების შეფერხებით. ბავშვს ენიშნება უგლადინო დიეტა (შეგირჩევთ პედიატრი). დიეტა გრძელდება 9-10 თვე. შემდეგ მენიუში თანდათან ერთვება გლუტენის შემცველი პროდუქტები. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ მეთვალყურეობა.


მუკოვისციდოზი

ეს საჭმლის, კერძოდ, ცხიმების მონელების დარღვევაა. მუკოვისციდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი მემკვიდრეობითი დაავადებაა. გადაეცემა აუტოიმუნურ-რეცესიული გზით და ვლინდება გარეგანი სეკრაციის ჯირკვლების უნივერსალური დაზიანებით, რომლის შედეგადაც ვითარდება სასუნთქი სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადება. კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ფერმენტების დეფიციტი. ოფლში აღინიშნება ელექტროლიტების მაღალი შემცველობა. მუკოვისციდოზი შეიძლება გამოვლინდეს:

  • დაბადებისთანავე - მეკონიუმზე ნაწლავების გაუვალობის სახით;
  • ჩვილ ასაკში - ბრონქ-ფილტვის ფორმით;
  • შედარებით მოზრდილ ასაკში - ნაწლავური ფორმით.

დაავადებული ახალშობილის მეკონიუმი - პირველი განავლოვანი მასა - არ შეიცავს ფერმენტ ტრიფსინს, რის გამოც იგი წებოვანი და მკვრივია, ხშირად გროვდება ნაწლავებში და იწვევს გაუვალობას. ბავშვს ეწყება ღებინება ნაღველშემცველი მასებით. ებერება მუცელი, ვერ გამოყოფს მეკონიუმს. საერთო მდგომარეობა სწრაფად მძიმდება და თუ ქირურგიული ჩარევა დაგვიანდა, ახალშობილი შეიძლება დაიღუპოს. მუკოვისციდოზის ბრონქ-ფილტვის ფორმა საერთო სისუსტით, მოდუნებით, სიფითრით ვლინდება. ნორმალური მადის მიუხედავად, პატარა წონას საკმარისად არ იმატებს, დამახასიათებელია ყივანახველის მსგავსი ხველა, რომელსაც ერთვის ქოშინი (სუნთქვის შეკავების გარეშე) და ციანოზი. ნახველი თავდაპირველად ბაცი და წებოვანია, თანდათან სქელდება და ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება. პროცესის პროგრესირებისდა კვალად ვითარდება შეუქცევადი მოვლენები. ფილტვებში წარმოიქმნება ბრონქოექტაზიები. დამახასიათებელი სუნი და შესახედაობა აქვს განავალს: იგი წებოვანი და მბრწყინავია, მოცულობით კი ჩვეულებრივზე 2-3-ჯერ მეტი. დაავადება მაშინ იწყებს პროგრესირებას, როცა ბავშვი ბუნებრივიდან (დედის რძიდან) დამატებით ან ხელოვნურ კვებაზე გადაჰყავთ. ამ დროს წყდება დედის რძის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტის - ლიპაზის მოქმედება. ერთ წელს გადაცილებულ ბავშვებში დაავადება ვლინდება ნაწლავური ფორმით, შემდეგი ნიშნებით:

  • პოლიფეკალიით - დიდი რაოდენობით განავლოვანი მასების გამოყოფით;
  • დისტროფიით - წონაში მკვეთრი ჩამორჩენით;
  • ჰიპოვიტამინოზით.

- რის საფუძველზე სვამენ დიაგნოზს?

- დიაგნოზი ეფუძნება ოთხ მთავარ ნიშანს:

  • ოფლში ელექტროლიტების (ნატრიუმის, ქლორის) ნორმასთან შედარებით 2-3-ჯერ მომატებას;
  • დამახასიათებელი ხველით მიმდინარე ქრონიკულ პროცესს ბრონქებსა და ფილტვებში;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების არარსებობას ან მათი შემცველობის დაქვეითებას თორმეტგოჯა ნაწლავის წვენში;
  • ოჯახურ ანამნეზს - მსგავსი დაავადების არსებობას სისხლით ნათესავებს შორის.

- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?

- მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. შედეგი დროულ დაწყებაზეა დამოკიდებული. ავადმყოფთა ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია დიეტის სწორად შერჩევა. მართებული კვების რეჟიმი გულისხმობს მაღალი ენერგეტიკული ღირებულების დიეტას, ცხიმების შეზღუდვით, ცილებისა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობით. მუკოვისციდოზის დროს დარღვეულია ცხიმის ათვისება: ორგანიზმი მიღებულის მხოლოდ 60%-ს შეიწოვს, დანარჩენი კი განავალთან ერთად გამოიყოფა. სწორედ ამიტომ არის განავალი წებოვანი, სქელი და ბზინვარე. ბავშვს ფერმენტების მასიური დოზაც რომ მივცეთ, მაშინაც კი ორგანიზმი მიღებული ცხიმის 80%-ზე მეტს ვერ აითვისებს. ამიტომ პატარას ცხიმი ემულგირებული, არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების სახით უნდა ეძლეოდეს. მათ კი შეიცავს სიმინდის, მზესუმზირას, ზეითუნის ზეთი. ცხოველური ცხიმი რაციონიდან საერთოდ უნდა ამოიღოთ. ნახშირწყლები ადვილად ასათვისებელი უნდა იყოს. საკვები დაატკბეთ არა შაქრით, არამედ თაფლით. ცილა რაციონში ჩვეულებრივზე მეტი უნდა იყოს, კერძოდ, 3-5 გრამი სხეულის ყოველ კილოგრამზე. დღე-ღამეში ბავშვმა უნდა მიიღოს 150-200 კალორია კილოგრამზე. რეკომენდებულია შემდეგი საკვები: ქათმისა და საქონლის ხორცი, თევზი (არაცხიმოვანი ჯიშები), კვერცხი, ახალი რძე, მაწონი, დაბალი ცხიმიანობის ხაჭო. ჩვილებს უნიშნავენ ცილით მდიდარ საკვებს ყოველ 3 საათში ერთხელ. უმადო ბავშვებს აძლევენ კონცენტრირებულ და ადვილად ასათვისებელ საკვებს. დისპეფსიური მოვლენების შემთხვევაში ცხიმის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს. უფროსი ასაკის ბავშვებმა დღე-ღამეში შეიძლება მიიღონ 30-40 გ ცხიმი. პანკრეასის ფერმენტების სწორი დოზირების შემთხვევაში ავადმყოფ ბავშვს ცხიმში ხსნად ვიტამინებს (A, D, E) ორჯერ მეტი დოზით აძლევენ, ვიდრე მის ჯანმრთელ თანატოლებს.

- მცირე ასაკის ბავშვებში კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები ყველაზე ხშირად კვებისას დაშვებული შეცდომების შედეგია. ჩვილ ასაკში უმართებულოდ შერჩეული ხელოვნური თუ შერეული კვება, ამა თუ იმ საკვების ნაადრევი დანიშვნა, ნაწლავური ინფექციები, უფრო მოზრდილებში კი საკვების ჭარბი მიღება საჭმლის მონელების დარღვევას იწვევს...


- მართალს ბრძანებთ. აქედან გამომდინარე, სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსში მთავარი ფაქტორი კვების მართებული რეჟიმი და რაციონია, ამასთანავე, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ პათოლოგიური პროცესის თავისებურება, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა და ასაკი. მწვავე გასტრიტის დროს რეკომენდებულია საკვების მიცემა დღე-ღამეში 5-6-ჯერ. საკვები თერმულად, მექანიკურად, ქიმიურად კარგად დამუშავებული უნდა იყოს, რათა მაქსიმალურად დავზოგოთ კუჭის ლორწოვანი გარსი. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:

  • საქონლის, ცხვრის, ღორის, ფრინველის (განსაკუთრებით - იხვის, ბატის) ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი ხორცი, ძეხვეული, ხორცის კონსერვი.
  • ცხიმიანი თევზი, შემწვარი და შებოლილი თევზი, კონსერვი;
  • რძის ნაწარმიდან - შებოლილი ყველი, მომჟავო არაჟანი ან მაწონი, ნაყინი, შოკოლადი;
  • წვნიანი კერძებიდან - მსუყე ბულიონი, კომბოსტოს ნახარში, საწებელი (სოუსი);
  • კვერცხის გული, შემწვარი კვერცხი;
  • შავი პური, თეთრი ახალგამომცხვარი პური, ღვეზელი, ბლინი, სუფრაზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი;
  • უმი ბოსტნეული, ხახვი, ნიორი, ბოლოკი, მჟაუნა, ისპანახი, მწნილეული, ცხარე სანელებლები, ძმარი;
  • ხილიდან - ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ყურძენი, ბროწეული, ქლიავი, ლიმონი;
  • სასმელებიდან - გაზიანი წყალი, კაკაო.

საკვები უნდა მომზადდეს ორთქლზე. გამწვავების პერიოდში ყველაფერი უნდა მოიხარშოს და გაიხეხოს. არ უნდა იყოს მეტისმეტად ცხელი ან ცივი. რეკომენდებულია წყალში მოხარშული შვრიის ფაფა, კისელი, ტკბილი ხილის კომპოტი და პიურე. ასეთივეა რაციონი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს - კვება უნდა იყოს დამზოგველი. კარგია ყოველდღიურ რაციონში რძისა და მისი ნაწარმის, კარაქზე მომზადებული სუპების, თხიერი რძიანი ფაფების, ასევე ხილის ჟელეს, მოხარშული ხორცისა და თევზის ჩართვა. შეზღუდვით უნდა გამოვიყენოთ მარილი. წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას ბავშვს ყველანაირი საკვები ეძლევა თხიერი ან ნახევრად თხიერი. პური ამოღებულია რაციონიდან. საკვების მიცემა სასურველია დღეში 6-8-ჯერ, მცირე ულუფებით. მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე რაციონი 7-10 დღეში ერთხელ ფართოვდება. ბავშვის რაციონიდან დიდი ხნით უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული, შემწვარი პროდუქტი, სანელებელი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, მდოგვი; იკრძალება ხორცის კონცენტრირებული ბულიონი, გაზიანი სასმელი, ნაყინი, უხეში უჯრედისის შემცველი პროდუქტი - კომბოსტო, კიტრი, შავი პური და სხვა. ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს რაციონი უნდა შეიცავდეს ყველა ძირითად საკვებ ნივთიერებას, მაგრამ ადვილად მოსანელებელი ფორმით. სასურველია დამატებით პოლივიტამინების მიღებაც. ბავშვთა ასაკში ხშირია ქოლეცისტიტი - სანაღვლე გზების ანთებითი დაავადება. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ირღვევა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ფუნქციები, ხდება ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია და სხვა. ანთებითმა პროცესმა შესაძლოა მოიცვას ღვიძლიც. ღვიძლის ანთებითი დაავადებები მიმდინარეობს ხანგრძლივად, ქრონიკულად, ამიტომ მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტათერაპიას. დაავადების პირველ დღეებში ავადმყოფს სჭირდება უხვად სითხე - ტკბილი ჩაი, ასკილის ნაყენი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები. დიეტა ხელს უწყობს ღვიძლის დარღვეული ფუნქციის აღდგენას, ნაღვლის წვენის ნორმალურ გამოყოფას, აფერხებს შეგუბებით პროცესებს. დიეტა უნდა გაგრძელდეს წელიწადზე მეტხანს, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია, ამიტომ სასურველია, ყოველგვარი ცვლილება პირად პედიატრთან შეათანხმოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ დღესასწაულის დღეებში, რათა ქართული სუფრის მრავალფეროვნების შემხედვარე ბავშვს სულმა არ წასძლიოს და ისედაც დაავადებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტს უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოს. თუმცა არც ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონე ბავშვებს ექნებათ სახარბიელოდ საქმე, თუ გადაჭარბებით მიიღებენ ამა თუ იმ კერძს.

- ამა თუ იმ საკვებისგან თავის შეკავება მართებს ასევე მეძუძურ დედას. რა შეიძლება მოჰყვეს საკვების გადაჭარბებულ მიღებას, რამდენად საზიანო იქნება ეს ბავშვისთვის და საერთოდ, როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა?

- მეძუძური დედის რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი, მრავალფეროვანი, ალერგენებისგან თავისუფალი, ადვილად მოსანელებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც და მის პატარასაც პრობლემები შეექმნებათ. ასეთ დროს აირების დაგროვების გამო პატარა წრიალებს, ვერ იძინებს, უჩნდება ალერგიული გამონაყარი. დედის მიერ მიღებულმა ცხიმიანმა საკვებმა პატარას ორგანიზმში შესაძლოა დიარეაც კი გამოიწვიოს. როდესაც დედა უპირატესად ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს მიირთმევს (ვეგეტარიანელია), ესეც პრობლემებს უქმნის პატარას - მისი ორგანიზმი ვერ იღებს აუცილებელ ინგრედიენტებს. ვეგეტარიანელი ქალის რძე ვიტამინ B12-ს ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს. მით უმეტეს - როცა ქალი არ იღებს პოლივიტამინებს, ვიტამინიზებულ პროდუქტს. ამ შემთხვევაში ჩვილმა ორი წლის განმავლობაში დამატებით უნდა მიიღოს ვიტამინი B12. ვეგეტარიანელის რაციონი ღარიბია ცხიმითა და კალორიებით, სამაგიეროდ მდიდარია უჯრედისით (ნახშირწყლებით), ამიტომ როდესაც ბავშვი მყარი საკვების მიღებაზე გადავა, გაითვალისწინეთ:

  • მისი რაციონი გაამდიდრეთ ცილოვანი პროდუქტებით, შეამცირეთ ნახშირწყლები;
  • ნუ ეცდებით შეუზღუდოთ ცხიმი. არ არის სასურველი უცხიმო რძე და რძის ნაწარმი, ასევე - უცხიმოდ მომზადებული კერძები; უხვად გამოიყენეთ მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის ხარისხიანი ზეთი;
  • მიეცით ყავისფერი ბრინჯისა და შვრიის ფაფები - ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ საჭირო მინერალურ ნივთიერებებს;
  • უმი ბოსტნეული და ხილი შეზღუდული რაოდენობით მიეცით;
  • კვებათა შორის შუალედში დამატებით მიეცით კალორიებით მდიდარი საკვები, მაგალითად, კრეკერი, ყველი და პური, შინ გამომცხვარი ხილის კექსი ან იოგურტი.

გახსოვდეთ: ჭარბად მიიღებს საკვებს მეძუძური დედა თუ პირიქით, დაიკლებს, ბავშვს ორივე შემთხვევაში ავნებს. და კიდევ: პატარაობიდანვე შეაჩვიეთ შვილი ზომიერებას, თავშეკავებას. რაც არ უნდა მოსწონდეს საკვები, გადაჭარბების უფლებას ნუ მისცემთ.