"უბრალო" სურდო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"უბრალო" სურდო

- სურდო შეიძლება იყოს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური ბუნებისაც, მაგალითად, განვითარდეს ცხვირის ღრუში მტვრის, კვამლის, უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად, მაგრამ მის წარმომშობ ფაქტორებს შორის ინფექციური ფაქტორი დომინირებს. ყველაზე ხშირად სურდოს ვირუსი იწვევს. სახელდობრ, ეს სიმპტომი დამახასიათებელია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის, გრიპისთვის,  ადენოვირუსული და რინოვირუსული ინფექციებისთვის.

- რა ხდება ცხვირის ღრუში ვირუსის მოხვედრის შემდეგ?

- ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ცხვირის ღრუში მოხვედრილი ვირუსი ბუსუსების ზედაპირულ უჯრედებზე მოიკალათებს, სადაც 1-3 დღის განმავლობაში რჩება. ნორმაში ბუსუსები მოძრაობს და ცხვირის ღრუს უცხო აგენტებისგან ასუფთავებს, მაგრამ ვირუსი არღვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების მთლიანობას, რაც მათ განვლადობას ზრდის. ხელსაყრელი პირობები იქმნება ბაქტერიების შესაჭრელადაც, ეს კი სურდოს გართულების მიზეზად იქცევა. ცხვირის ლორწოვან გარსთან ერთად ზიანდება დანამატი წიაღები, შუა ყური. სურდოთი ავადობა უმეტესად გარემოს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის პერიოდში შეინიშნება. ამის მიზეზია ორგანიზმის გადაცივება, იმუნიტეტის დაქვეითება და თვით მიკრობის ვირულენტობის (ორგანიზმის დასნებოვნების უნარის) ცვალებადობა. განსაკუთრებით შესამჩნევია დამოკიდებულება ბავშვის ფეხების გაცივებასა და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეაქციას შორის - როგორც კი პატარას ფეხები გაუცივდება, სურდო ეწყება. ეს ტერფებსა და ცხვირს შორის რეფლექტორული კავშირის არსებობით აიხსნება.

- როგორც თავადაც ბრძანეთ, სურდო სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადების ერთ-ერთი ნიშანია, მაგრამ ის, ამასთანავე, გვხვდება როგორც თავისთავადი დაავადება, რომელიც ცნობილია რინოვირუსული ინფექციის სახელწოდებით. რა ნიშნებით ვლინდება ეს ინფექცია?

- რინოვირუსული ინფექციის საწყისი პერიოდისთვის დამახასიათებელია:

  • ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე;
  • ცემინება;
  • სიმშრალის (ფხაჭნის) შეგრძნება ყელში.

ასევე მოსალოდნელია ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებიც: ტკივილი, სისუსტე, მოთენთილობა, უმადობა. 1-2 დღის შემდეგ ჩნდება უხვი გამონადენი, თავდაპირველად - გამჭვირვალე, წყლისებრი, შემდეგ - სქელი, მოყვითალო-მომწვანო. სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურ ციფრებამდე - 37,2-37,5 გრადუსამდე - იმატებს; ცხვირის ლორწოვანი გარსი შეშუპებულია, ცხვირით სუნთქვა - გაძნელებული; ქრება ყნოსვის, გემოვნების შეგრძნება (ამითაც აიხსნება უმადობა). ზოგჯერ ამას ერთვის ცრემლდენა, ყურების დაგუბება ან ხმაური. დაავადების პირველი - რეფლექტორული სტადია სწრაფად ვითარდება. ის რამდენიმე საათს გრძელდება. ამ დროს სისხლძარღვების შევიწროების გამო ლორწოვანი გარსი ფერს კარგავს. შეინიშნება ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე, მრავალჯერადი ცემინება. მეორე - კატარული სტადია 2-3 დღე გრძელდება. იწყება სისხლძარღვების გაფართოება, რის გამოც ლორწოვანი გარსი წითლდება (ჰიპერემიული ხდება) და შუპდება, ცხვირით სუნთქვა ჭირს. ჩნდება უხვი გამჭვირვალე, წყლისებური გამონადენი ცხვირიდან, იწყება ცრემლდენა, ყნოსვა დაქვეითებულია, ყურები - დაგუბებული, ხმა - შეცვლილი (მოგუდული). მესამე სტადიის დასაწყისი უკავშირდება ანთებით პროცესში ბაქტერიული ფლორის ჩართვას - გამონადენი სქელდება, იღებს მოყვითალო ან მომწვანო ფერს. ცხვირით სუნთქვა და ყნოსვა აღდგება. დაავადების სრული ციკლი 7-10 დღეს გასტანს. თუ ბავშვს ძლიერი იმუნური სისტემა აღმოაჩნდა, შესაძლოა 2-3 დღეში გამოჯანმრთელდეს, დამცველობითი ძალების სისუსტის დროს კი, არ არის გამორიცხული, დაავადება 3-4 კვირას გაგრძელდეს, ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს ან გართულდეს.


- თუ ყურადღება დროულად არ მივაქციეთ, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას გაციებამ ბავშვის ორგანიზმს?

- მოგეხსენებათ, ცხვირი სუნთქვით, ყნოსვით, დამცველობით, სამეტყველო ფუნქციებს ასრულებს. სურდოს თან სდევს ყველა ამ ფუნქციის დარღვევა, რამაც შესაძლოა ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის ცვლილებაც გამოიწვიოს. ბავშვთა ასაკში ცხვირით სუნთქვის ხანგრძლივ (რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში) დარღვევას სახისა და გულმკერდის კონფიგურაციის ცვლილებამდე მივყავართ. გარდა ამისა, ირღვევა ჟანგბადის ცვლა, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობა, საერთო ფიზიკური განვითარება (ბავშვი სწრაფად იღლება, ერღვევა ძილი, უსუსტდება მეხსიერება, უჭირს ყურადღების კონცენტრირება). ირღვევა ცხვირის ღრუს ლორწოვანის ბუსუსების მოძრაობითი აქტიურობაც - ისინი ვეღარ ახერხებენ ჩასუნთქული ჰაერიდან უცხო მიკრონაწილაკების (ყვავილის მტვრის, ქიმიური ნივთიერების მოლეკულების, ცხოველის ბეწვის ნაწილაკების) გამოდევნას, რის გამოც იზრდება ალერგიული დაავადებების განვითარების ალბათობა. ცხვირის ღრუში ანთებითი პროცესის განვითარებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბრონქული ასთმის, თირკმლისა და სხვა ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.

- რამდენად საშიშია სურდო ახალშობილებისა და წლამდე ასაკის ჩვილებისთვის?

- ამ ასაკის ბავშვებში, მათი ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, დაავადება უფრო რთულად მიმდინარეობს: პატარებს ცხვირის გასასვლელები ძალიან მოკლე აქვთ, ამიტომ ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო შეშუპებაც კი ცხვირით სუნთქვის გაძნელებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, პაწიას კვებას ართულებს. ბავშვს უჭირს ჭამა, წრიალებს, სუნთქავს პირით, ეწყება ქოშინი, მოხრჩობის შეტევები. რაც უფრო მცირე ასაკისაა ჩვილი, მით უფრო მეტ დროს ატარებს მწოლიარე, რაც აადვილებს მოკლე და განიერი გასავლების საშუალებით ვირუსის ყურისკენ გავრცელებას. ამიტომ არის, რომ სურდოს ჩვილებში უმეტესად თან სდევს ყურის ანთებაც. პირით სუნთქვა კი ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილში.

- როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ცხვირიდან გამონადენი გაუჩნდა?

- თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა უცვლელია: ის უწინდებურად აქტიურია, კარგად ჭამს, მშვიდად სძინავს, - ინტენსიური მკურნალობა საჭირო არ არის. რაც შეეხება ზოგად რჩევებს: კარგი იქნება, თუ ხშირად გაანიავებთ ბინას, განსაკუთრებით - იმ ოთახს, სადაც პატარას სძინავს, სველი წესით დაალაგებთ სახლს, დაატენიანებთ ოთახის ჰაერს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საინჰალაციო აპარატი ან, უბრალოდ, ბავშვის საწოლ ოთახში დადგათ ელექტროჩაიდანი და წყალი 5-10 წუთის განმავლობაში ადუღოთ. თუ სურდოს მაღალი სიცხე დაერთო, ბავშვს ხშირ-ხშირად მიეცით ოთახის ტემპერატურის წყალი, თბილი ჩაი, თბილი ახალმოხარშული კომპოტი (ხილისა, ჩირისა), მინერალური წყალი. თუ მადა დაკარგა, ნუ დააძალებთ საკვებს. თუ ჯერ ჩვილია და ბუნებრივ კვებაზეა, უმჯობესია გამოწველილი რძე მისცეთ, ოღონდ კოვზით და არა საწოვარათი. მნიშვნელოვანია, ბავშვს რეგულარულად გაუთავისუფლოთ ცხვირის ღრუ დაგროვილი ლორწოსგან. ამისთვის სპეციალური ვაკუუმბალონი გამოიყენება. გამოტუმბვისას ბალონის თავი ჯერ ერთ, შემდეგ მეორე ნესტოში უნდა მოთავსდეს. ლორწოს გამოტუმბვის შემდეგ შეიძლება ცხვირის წვეთების ჩაწვეთება. ვაკუუმბალონის პლასტმასის თავი ყოველი ხმარების შემდეგ უნდა გაირეცხოს მდუღარე წყლით, ხოლო დღის ბოლოს 2-3 წუთით გამოიხარშოს სოდიან ხსნარში.

- ცხვირის რომელ წვეთებს გვირჩევთ და როგორ ჩავაწვეთოთ?

- ცხვირის წვეთებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი აქვს. ისინი სწრაფად შეიწოვება სისხლში და შესაძლოა, ორგანიზმზე არა მარტო ადგილობრივი, არამედ ზოგადი ზემოქმედებაც მოახდინოს, ამიტომ გირჩევთ, ექიმის ნებართვის გარეშე ბავშვს არავითარი პრეპარატი არ ჩააწვეთოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ წვეთების გამოყენება 7 დღეზე მეტხანს სასურველი არ არის. ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარი. ჩაწვეთება ხდება კვებამდე 15-20 წუთით ადრე. თავდაპირველად აწვეთებთ 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში, 10 წუთის შემდეგ - კიდევ 1-2 წვეთს, რათა დაიშალოს უფრო ღრმად მდებარე სქელი ლორწო. ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება 4-5 დღე შეიძლება. ამ ხნის განმავლობაში სხვა წვეთების გამოყენება რეკომენდებული არ არის. ჩაწვეთების შემდეგ უმჯობესია ბავშვი ზურგზე დააწვინოთ, თუ ეს სუნთქვაში ხელს არ შეუშლის. ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთების შემდეგ ლორწოს გამოსატანად შეგიძლიათ ვაკუუმბალონი გამოიყენოთ. ცხვირის წვეთები გამოყენების წინ სხეულის ტემპერატურამდე შეათბეთ. მაცივრიდან გამოღებულის ჩაწვეთება არ შეიძლება! გასათბობად ფლაკონი თბილი წყლით სავსე ფინჯანში მოათავსეთ. ერთ წელს გადაცილებულ ბავშვებს ჩააწვეთეთ 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში. ჩაწვეთებისას პატარა მუხლებზე დაისვით და თავი ოდნავ უკან გადაუწიეთ. მოზრდილ ბავშვებს ლორწოსგან ცხვირის ღრუს დამოუკიდებლად გათავისუფლება უნდა ასწავლოთ. ნესტოები ცალ-ცალკე უნდა გამოსუფთავდეს. ამ დროს მეორე ნესტოს ცერა თითი უნდა მიაჭიროს. უმჯობესია, ეს პროცედურა გამდინარე ცივი წყლის ქვეშ ჩაატაროთ.


- რას გვეტყვით ბიოაქტიური წერტილების მასაჟის, სუნთქვითი ვარჯიშების შესახებ? შეუძლია თუ არა ამ პროცედურებს ორგანიზმის ბრძოლის უნარის გაზრდა?

- დაავადების მწვავე პერიოდში, თუ ტემპერატურა 37,5 გრადუსს არ აღემატება, თავსა და ხელისგულებზე არსებული ბიოაქტიური წერტილების მასაჟი დასაშვებია. მასაჟი კეთდება დღეში 2-3-ჯერ, 1-1,5 წუთის განმავლობაში საჩვენებელი თითით. თავის ბიოაქტიური წერტილების დაზელა ორივე მხარეს ერთდროულად უნდა მოხდეს. სუნთქვითი ვარჯიშები კი მხოლოდ დაავადების მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ არის რეკომენდებული. ვარჯიშის მიზანია, ვასწავლოთ ბავშვს ღრმა სუნთქვა, ეს კი ორი წლიდან არის შესაძლებელი. ეცადეთ, ვარჯიში თამაშს დაამსგავსოთ. ვარჯიში სრულდება დღეში 3-4-ჯერ. ღრმად ამოსუნთქვისთვის ბავშვს დააკვრევინეთ სათამაშო სალამურზე. საყვირზე, ჩააბერინეთ სასტვენში ან მიეცით დავალება: "შეუბერე ბაბუაწვერას", "ჩააქრე სანთელი". ეფექტური სუნთქვითი ვარჯიშია "ყვინთვა": ბავშვი სკამზე დასვით და უთხარით: "წარმოიდგინეთ, რომ წყალში ჩავყვინთეთ. მოემზადე! ცერა თითები ყურზე მიიჭირე, შუა თითები - ნესტოებზე, ღრმად ისუნთქე პირით, მოკუმე ტუჩები და მაქსიმალურად გაბერე ლოყები". ვარჯიშის ხანგრძლივობა თანდათან გაზარდეთ. სამ წელს გადაცილებული ბავშვებისთვის ტერფის რეფლექტორულ ზონებზე ზემოქმედების მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მდოგვის ცხელი აბაზანები: 1 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი გახსენით 6 ლიტრ 38-გრადუსიან წყალში. ეს პროცედურა აუმჯობესებს ცხვირში სისხლის მიმოქცევას და იმუნური სისტემის მუშაობას. ეფექტურია 8-10-წუთიანი ინჰალაციებიც, რისთვისაც სპეციალური საინჰალაციო აპარატები გამოიყენება.

- როგორია სურდოს გართულებები?

- სკოლამდელი ასაკის ბავშვებში სურდოს დროს საკმაოდ ხშირია:

  • ქრონიკული რინიტი;
  • სინუსიტი (ცხვირის დანამატი ღრუების ანთება);
  • მწვავე ოტიტი (შუა ყურის ანთება).

წლამდე ასაკის ბავშვებში კი უფრო ხშირად შუა ყურის მწვავე ანთებას ვხვდებით, რაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ ასაკში ყურის ანატომიური აგებულების თავისებურებით აიხსნება. მწვავე ოტიტის დასაწყისში თავს იჩენს ყურის ტკივილი, რომელიც თანდათან ძლიერდება. ბავშვი წრიალებს, ტირის, თავს იქნევს. ამ ნიშნების შემჩნევისთანავე მშობელმა პატარა დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პედიატრთან ან ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან. თუ ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი გაჩნდა, შესაძლოა მკურნალობა სტაციონარულ პირობებში გაგრძელდეს. ქრონიკული რინიტი ვითარდება 3-5 წლის ასაკში, ხშირად (წელიწადში 12-ჯერ) განმეორებადი რინიტის დროს. მისი ძირითადი ჩივილებია:

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • ხან ერთი, ხან მეორე ნესტოს გაჭედვა;
  • ცხვირიდან გამონადენის არსებობა.

სამ წლამდე ასაკის ბავშვებში სინუსიტები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან დანამატი ღრუები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. თუ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს აღემატება, ბავშვი წრიალებს ანდა ცხვირიდან გამონადენი სისხლიანია, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.

- როგორ დავიცვათ ბავშვი სურდოსგან?

- სურდოსგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გაკაჟება - სუფთა ჰაერზე სეირნობა, წყლისა და მზის აბაზანები, ფიზკულტურა, მასაჟი და სრულფასოვანი კვება. დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და ავადმყოფის სწორ მოვლას. ბინა ხშირად უნდა ნიავდებოდეს, ლაგდებოდეს სველი წესით. არ შეიძლება, ავადმყოფის საგნებითა და ნივთებით ოჯახის დანარჩენმა წევრებმა ისარგებლონ. მომვლელმა უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენა. აუცილებელია ხელების ხშირი ბანა საპნით. გრიპის ეპიდემიის დროს ავადმყოფი ბავშვები სკოლებსა და ბაგა-ბაღებში არ მიიღებიან, საავადმყოფოებში კი ხდება ოთახების დეზინფექცია ულტრაიისფერი სხივებით. სუსტი ბავშვებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს გრიპის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი. საკმაოდ ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო თანამედროვე ინაქტივირებული პოლივალენტური სპლიტ-ვაქცინა. ის შეჰყავთ კანქვეშ, კანში ან კუნთებში. იმუნიტეტი ხანმოკლეა, მაქსიმუმ ერთწლიანი, ამიტომ ყოველ სეზონზე, მოსალოდნელი ეპიდემიის წინ, სასურველია ვაქცინაცია.