დიეტა ვირუსული A ჰეპატიტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტა ვირუსული A ჰეპატიტის დროს

ვირუსული A ჰეპატიტი - ბოტკინის დაავადება - მწვავე ენტეროვირუსული ინფექციაა, რომელიც ფეკალურ-ორალური მექანიზმით გადაეცემა. ის უმთავრესად ბავშვებს ემართებათ. დაავადებულთა საერთო რიცხვის 70% 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვია. წლამდე ასაკის პატარები A ჰეპატიტით პრაქტიკულად არ ავადდებიან - მათ დედის ორგანიზმიდან ტრანსპლაცენტური გზით მიღებული ანტისხეულები იცავთ. დაავადება იშიათად მიმდინარეობს სიყვითლით, ახასიათებს ხანმოკლე ინტოქსიკაცია, ღვიძლის დარღვეული ფუნქციების სწრაფი აღდგენა, აქვს საიმედო პროგნოზი.

A ჰეპატიტი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მისი გავრცელების ინტენსივობა ცხოვრების დონეზე, მოსახლეობის სანიტარულ კულტურაზეა დამოკიდებული. ინფექციის წყარო უშუალოდ ავადმყოფია. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია წაშლილი, უსიყვითლო ფორმები. ვირუსი უპირატესად საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით, ინფიცირებული საკვებისა და წყლის მეშვეობით ვრცელდება. საშიშია ბუზების მიერ ინფიცირებული საკვებიც. არც ინფექციის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემაა გამორიცხული.

A ჰეპატიტით განმეორებით ძალზე იშვიათად ავადდებიან. ტრანსპლაცენტური გზით (დედისგან ნაყოფს) ვირუსი არ გადაეცემა.

A ჰეპატიტი უპირატესად შემოდგომაზე და ზამთარში ვრცელდება, ავადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ივლის-აგვისტოზე მოდის.

ინფიცირების ხელშემწყობი ფაქტორებიდან დიდი მნიშვნელობა აქვს ცუდ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, თანამედროვე წყალსადენისა და კანალიზაციის უქონლობას. იქ, სადაც სოციალურ-ეკონომიკური პირობები უკეთესია, ბავშვთა ავადობაც ნაკლებია. ეპიდაფეთქებები, ჩვეულებრივ, ბავშვთა მჭიდრო კოლექტივებში აღირიცხება.

საკმარისია თუ არა დიეტოთერაპია?

თუ ჰეპატიტი მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, ბავშვს შეიძლება შინაც ვუმკურნალოთ. რასაკვირველია, სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვითა და ექიმის მეთვალყურეობით.

განურჩევლად დაავადების სიმძიმისა, მწვავე პერიოდში საერთო ინტოქსიკაციის გაქრობამდე - რაც ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას, სიყვითლის შემცირებას, მადის მომატებას, ღვიძლის ფუნქციების გაუმჯობესებას გულისხმობს - ავადმყოფს შეზღუდულ ან წოლით რეჟიმს უნიშნავენ. ეს ზოგავს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯს, აუმჯობესებს ღვიძლში სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს აღდგენით პროცესებს.

მეტისმეტად მკაცრი რეჟიმი აუცილებელი არ არის - ბავშვს შეუძლია საწოლში წამოჯდეს, მაგიდასთან ისადილოს, ტუალეტით ისარგებლოს. რეჟიმი თანდათან უნდა გაფართოვდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის მოვლასა და კვებას. რაციონი ცილებით მდიდარი და ადვილად ასათვისებელი უნდა იყოს. საკვები თერმულად და მექანიკურად კარგად დამუშავებული, უმთავრესად მოხარშული უნდა შევთავაზოთ. ცილების უდიდესი ნაწილი რძისა და მცენარეული ნაწარმის წილად უნდა მოდიოდეს.

3 წლამდე ასაკის ბავშვებს დღე-ღამეში 50-100 გრამ, შედარებით მოზრდილებს - 200-300 გრამ ხაჭოს უნიშნავენ. მცირე ასაკის ბავშვებს მწვავე პერიოდში ცხიმებსაც უზღუდავენ, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი შეიძლება კარაქი, მზესუმზირას, სიმინდის ან ზეითუნის ზეთი მივცეთ. ავადმყოფებს ენიშნებათ C, PP, B ჯგუფის ვიტამინები.

A ჰეპატიტის მძიმე ფორმის დროს რაციონიდან იღებენ ხორცის პროდუქტებს. ნებადართულია მხოლოდ თხიერი და ნახევრად თხიერი საკვები:

  • ხილის წვენები;
  • ტკბილი და ლიმონიანი ჩაი;
  • უგაზო მინერალური წყალი;
  • ხილის ახალმოხარშული (და არა ზამთრისთვის შენახული დაკონსერვებული) კომპოტი. ზამთარში შეგიძლიათ კომპოტი ჩირისგან მოხარშოთ. მიეცით ზომიერად დამტკბარი.

ყაბზობისას საჭიროა გამწმენდი ოყნა, ლაქტულოზა. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების შემთხვევაში მკურნალობა სათანადო რეჟიმითა და დიეტით შემოიფარგლება. ჰეპატიტის დროს ავადმყოფი ცუდად იტანს მედიკამენტების უსისტემო მიღებას, რაც ღვიძლის ისედაც დარღვეულ ფუნქციებს კიდევ უფრო აუარესებს, ამიტომ მედიკამენტური თერაპია მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს. ძლიერი ინტოქსიკაციის დროს ვენაში უსხამენ გლუკოზის 5%-იან ხსნარს, რინგერ-ლაქტატს, ალბუმინს და ა.შ. კორტიკოსტეროიდები ჰეპატიტის დროს არ ინიშნება. რაც შეეხება დიეტურ საკვებს, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, როდის შეიძლება საერთო რეჟიმზე გადასვლა, ვინაიდან მხოლოდ საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს. სრულ გამოჯანმრთელებაზე მხოლოდ ლაბორატორიული მონაცემების მოწესრიგების შემდეგ შეიძლება ლაპარაკი. ამიტომ საჭიროა მეთვალყურეობა - ჰეპატიტგადატანილებს პირველ დისპანსერულ გასინჯვას კლინიკური გამოჯანმრთელებიდან 30 დღის შემდეგ უტარებენ, ხოლო მეორეს - 3 თვის შემდეგ.