მწვავე ბრონქიოლიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვავე ბრონქიოლიტი

ხსენებულ დაავადებებს ამ ასაკში და როგორ მკურნალობენ მათ. ამაზე პედიატრი ნინო ყურაშვილი გვესაუბრება.

- მწვავე ბრონქიოლიტი სასუნთქი სისტემის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ბრონქიოლებისა და წვრილი ბრონქების გენერალიზებული ობსტრუქციული დაზიანება. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა სასუნთქი გზების ობსტრუქცია განსაზღვრეს როგორც სასუნთქი გზების შევიწროება ან ოკლუზია (დახშობა), რომელიც შეიძლება იყოს ბრონქის სანათურში ექსუდატის დაგროვების, ბრონქის კედლის შესქელების, ბრონქის კუნთების შეკუმშვის, ფილტვების რეტრაქციის ძალის შემცირების, სასუნთქი გზების დესტრუქციისა და სასუნთქი გზების კომპრესიის შედეგი.

მწვავე ბრონქიოლიტი უმთავრესად ორ წლამდე აღინიშნება. ყველაზე ხშირად 5-6 თვის ჩვილები ავადდებიან.

- რით აიხსნება ჩვილებში ავადობის უფრო მაღალი მაჩვენებელი?

- ამის მიზეზია სასუნთქი სისტემის ასაკისთვის დამახასიათებელი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებანი, რომლებიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების დაზიანებას და მწვავე ვირუსული ინფექციის მძიმე ობსტრუქციული სინდრომით მიმდინარეობას, თუმცა ობსტრუქციული სინდრომის განვითარება მხოლოდ ამით რომ ავხსნათ, გაუგებარი იქნება, რატომ არ უვითარდება იგი ყველა ბავშვს ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს. საქმე ის არის, რომ არსებობს დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებიც. ესენია:

  • ხელოვნური კვება;
  • ალერგიული დიათეზი;
  • პარატროფია (დიდი წონის ჩვილი);
  • თანდაყოლილი ფაქტორები.

- რომელი ვირუსი იწვევს მწვავე ბრონქიოლიტს?

- ასიდან 55-60 შემთხვევაში - რესპირაციულ-სინციტიური (რს) ვირუსი, შედარებით იშვიათად - ციტომეგალოვირუსი, ქლამიდია. რს-ვირუსული ეპიდემიის ტალღა, ჩვეულებრივ, ოქტომბრიდან ივნისამდე გრძელდება. ეპიდემიის დროს ავადდება ადრეული ასაკის ბავშვების 20-29%. ოჯახში, წესისამებრ, ინფექციის წყაროა უფროსი ბავშვი, რომელსაც რს-ინფექციის დროს მხოლოდ ცხვირიდან ჩამონადენი და ხველა უვითარდება.

- როგორ უვლინდებათ დაავადება ადრეული ასაკის ბავშვებს?

- თავდაპირველად - ცხვირიდან ჩამონადენით, რინიტის ან ნაზოფარინგიტის (ყელის სიწითლე) სიმპტომებით, შემდეგ ნელ-ნელა ან სწრაფად პროგრესირებს ხველა და ქოშინი, სუნთქვის სიხშირე წუთში 70-90-ს აღწევს, ამოსუნთქვა ძნელდება, სუნთქვაში მონაწილეობს დამხმარე კუნთები, რაც ნეკნთაშუა არეების, ლავიწზედა და ლავიწქვედა ფოსოების ჩაზნექით, ნესტოების ბერვით გამოიხატება; აღინიშნება სიფითრე, ცხვირ-ტუჩის არის სილურჯე, იშვიათად - გენერალიზებული ციანოზი; ხველა მშრალია, სპაზმური, სუნთქვა - ხმაურიანი; სუნთქვის უკმარისობის პროგრესირებასთან ერთად იმატებს მოუსვენრობა; დამახასიათებელია მაჯისცემის აჩქარება, გულის ტონების მოყრუება. დაავადების სიმძიმე სუნთქვის უკმარისობით არის განპირობებული. ბავშვი მძიმე ავადმყოფის შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა კლინიკურ სურათში ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები არ დომინირებს.

ტემპერატურა ასიდან 50 შემთხვევაში სუბფებრილურია, 15-20 შემთხვევაში - ნორმალური. ადენოვირუსული ინფექციის დროს სიცხე 6-8 დღე გრძელდება, რს-ინფექციისა და პარაგრიპის დროს - 2-3 დღე.

- როდის უნდა მიმართონ მშობლებმა ექიმს?

- მწვავე ბრონქიოლიტის მიმდინარეობა უმეტესად კეთილსაიმედოა. ობსტრუქციული სინდრომი 1-2 დღე გრძელდება, შემდეგ კი სუსტდება და მე-7-10 დღისთვის სავსებით ქრება.

ადენოვირუსული ინფექციის დროს ობსტრუქციული სინდრომის გაქრობა ტემპერატურის დაცემას ემთხვევა. მიუხედავად ამისა, ხმაურიანი სუნთქვის, სპაზმური ხველის შემჩნევისთანავე აუცილებელია, ბავშვი ექიმმა ნახოს.

მწვავე ბრონქიოლიტი ძალზე იშვიათად რთულდება, მაგრამ გამორიცხული არ არის მეორეული გართულება.

- ტარდება თუ არა სპეციფიკური მკურნალობა? რას გვეტყვით ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ?

- მწვავე ბრონქიოლიტის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. დაავადების საწყის სტადიაში იყენებენ იმ საშუალებებს, რომლებსაც სხვა ვირუსული ინფექციების დროს. ინიშნება დამზოგველი რეჟიმი და დიეტა. ტემპერატურული რეაქციის პერიოდში, ასევე - 2-3 დღე მისი დასრულების შემდეგ საჭიროა წოლითი რეჟიმი. თუ პატარა ჭამაზე უარს ამბობს, ნუ დააძალებთ; მიეცით საკვები ხშირად და მცირე ულუფებით.

ტემპერატურული რეაქციის პერიოდში ავადმყოფს სიცხის დამწევ საშუალებებთან ერთად უხვად ეძლევა სითხე, თუ ტემპერატურას პირღებინება ერთვის, მედიკამენტები სანთლის ფორმით ინიშნება. ვინაიდან ობსტრუქციის მთავარი შედეგი ფილტვის ვენტილაციის დარღვევა და ჟანგბადის ნაკლებობაა, მკურნალობის ძირითადი პრინციპია ოპტიმალური ოქსიგენოთერაპია, ამიტომ ჟანგბადის მიწოდება სველი წესით აუცილებელია მუდმივად, ობსტრუქციული სინდრომის გაქრობამდე.

მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდია აეროზოლთერაპია - ავადმყოფს აეროზოლით, ინჰალაციით მიეწოდება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მუკოლიზური (სეკრეტის გამათხელებელი) და ბრონქოლიზური საშუალებები (აცეტილცისტეინი, ტრიფდინი, ჰიდროკორტიზონი).

მწვავე ბრონქიოლიტის დროს ანტიბიოტიკოთერაპია უეფექტოა. ცალკეულ შემთხვევებში ის შესაძლოა გამოიყენონ თანმხლები ინფექციური კერების გასაქრობად. მკურნალობის აუცილებელი ნაწილია ექსიკოზთან ბრძოლა. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შეიძლება ფიზიოთერაპიული მეთოდების, ვიბრაციული მასაჟის, ამოსახველებელი საშუალებების დანიშვნა.

გახსოვდეთ: მწვავე ბრონქიოლიტი კეთილსაიმედო პროგნოზის მქონე დაავადებაა, მაგრამ ეს უყურადღებობის საფუძველი არ უნდა გახდეს - მისი პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს, რათა პატარას ავადმყოფობასთან ბრძოლა გაუადვილოთ და გართულებები თავიდან ააცილოთ.