ნაწლავთა დისბიოზი, პრებიოტიკები, პრობიოტიკები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავთა დისბიოზი, პრებიოტიკები, პრობიოტიკები

- რა ფუნქცია აკისრიათ ლაქტობაქტერიებსა და ბიფიდობაქტერიებს?

- ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები მიკროფლორის 95-99%-ს შეადგენს. ისინი ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოქმნიან დამცავ ბიოლოგიურ შრეს, რომელიც მასზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას ეწინააღმდეგება და ტოქსინების ზემოქმედებისგან იცავს. ბიფიდობაქტერიები ამუხრუჭებენ დაავადების გამომწვევი და ლპობითი ბაქტერიების განვითარებას, მონაწილეობენ ჰორმონების, B ჯგუფისა და K ვიტამინების, ფოლიუმისა და პანტოთენის მჟავას სინთეზში, ხელს უწყობენ კალციუმის, D ვიტამინის, რკინის შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას. ლაქტობაქტერიები ანტიბიოტიკის მსგავს ნივთიერებებს, ინტერფერონს, ინტერლეიკინ-1-ს გამოიმუშავებენ, ახასიათებთ ბაქტერიციდული აქტივობა პათოგენური მიკროფლორის მიმართ, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტაციულ დაშლას განაპირობებენ. ლაქტობაცილები და რძემჟავა ბაქტერიები გვიცავენ ყაბზობისგან, ალერგიული რეაქციების განვითარებისგან, აკონტროლებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას, ხელს უშლიან ბაქტერიების შეჭრას შინაგან ორგანოებსა და სისხლში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობისა და მისი ცხოველქმედების ადგილის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ცვლილებებს დისბიოზს უწოდებენ. დისბიოზის დროს ლაქტო და ბიფიდობაქტერიების რაოდენობა მცირდება, პირობითპათოგენურისა კი საგრძნობლად იმატებს.

- რა ზიანი მოაქვს პირობითპათოგენურ მიკროორგანიზმებს?

- პირობითპათოგენური ფლორის ცხოველქმედების პროდუქტები - ინდოლი, სკატოლი, გოგირდწყალბადი და სხვა - ასუსტებს ღვიძლის ბარიერულ ფუნქციას, აძლიერებს ინტოქსიკაციას, ამცირებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ შესაძლებლობებს და თრგუნავს პერისტალტიკას, რაც საჭმლის მონელებისა და შეწოვის დარღვევას, ასევე ჰიპოვიტამინოზის განვითარებას იწვევს. დისბიოზიან ადამიანს ადვილად ერევა ინფექცია. დისბიოზი ამძიმებს მრავალი დაავადების მიმდინარეობას და ართულებს მათ მკურნალობას.

- როგორ ვლინდება დისბიოზი, რა ნიშნები ახასიათებს მას?

- ნაწლავის ეკოლოგიის დარღვევას შესაძლოა მოწმობდეს ისეთი ნიშნები, როგორიც არის მუცლის ხშირი შებერვა, ტკივილი ჭიპის არეში,  დეფეკაციის ხანგრძლივი მოშლა (ყაბზობისა და ფაფისებრი განავლის მონაცვლეობა), გულისრევა, მწარე პირი, ასევე გამოჯანმრთელების გაჭიანურება ნაწლავთა მწვავე ინფექციის გადატანის შემდეგ, ნაწლავთა დისფუნქცია, რომელიც წამლების მიღებით არის გამოწვეული. ამ ფონზე ხშირია მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების, ჰერპესული ინფექციის, ლამბლიოზის, კანდიდოზის განვითარება, აღინიშნება საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა. წლამდე ასაკის ბავშვებში მიკროფლორის ბალანსის დარღვევა ვლინდება ამოქაფებით, დეფეკაციის დარღვევით (ქაფიანი, თხევადი ან ფაფისებრი განავალი), მუცლის შებერვით, დიათეზით. ასეთი ბავშვები ძნელად იმატებენ წონას და ძილიც დარღვეული აქვთ.

- რაზეა დამოკიდებული ნაწლავის მიკროფლორის ცვლილება?

- ადამიანის ნაწლავის ეკოსისტემა შესაძლოა შეიცვალოს ასაკის, სხეულის ტემპერატურის, რაციონის, წელიწადის დროის, ნერვული დაძაბულობის მიხედვით. ამ ფაქტორთა გავლენით მიკროფლორის შემადგენლობაში მომხდარი ხანმოკლე ცვლილებები, ეგრეთ წოდებული დისბიოზური რეაქციები, მკურნალობას არ საჭიროებს. რაც შეეხება ჭეშმარიტ დისბიოზს, მას სხვანაირი მიდგომა სჭირდება. დისბიოზის განვითარების რისკჯგუფში შედიან: ავადმყოფები, რომლებიც დიდხანს მკურნალობდნენ ანტიბაქტერიული, ჰორმონული, სხივური და ქიმიოთერაპიული საშუალებებით; ქიმიურ-ფარმაცევტული საწარმოების თანამშრომლები; პაციენტები, რომლებსაც საჭმლის მომნელებელ ორგანოებთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ; ალერგოზიანი ავადმყოფები; სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის პათოლოგიების მქონე ბავშვები.

- რომელი გამოკვლევები ტარდება დისბიოზის დასადგენად?

- დისბიოზის არსებობას ადასტურებს განავლის დათესვა და ბაქტერიოლოგიური კვლევა. თანამედროვე ლაბორატორიებში იყენებენ ექსპრეს-მეთოდს - აიროვან-თხევადსა და თხევად ქრომატოგრაფიას, კვლევა კი რეკომენდებულია ჩატარდეს 2-3-ჯერ, არანაკლებ 14-დღიანი ინტერვალით.

- რას გვეტყვით პრო და პრებიოტიკებზე?

- მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის კოლოსალური როლი, დაიწყო იმ სამკურნალო პრეპარატებისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შექმნა, რომლებიც ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის აღდგენასა და შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს. ასე გაჩნდა პრე და პრობიოტიკები.


 

პრებიოტიკები ნაწლავში სასარგებლო მიკროორგანიზმების (პრობიოტიკების) ზრდის მასტიმულირებელ ინგრედიენტებს წარმოადგენს. პრებიოტიკები, წესისამებრ, ადამიანის საკვების ის კომპონენტებია, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილებში არ იშლება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სასარგებლო მიკროფლორისთვის ნუტრიენტულ წყაროს წარმოადგენს. პრებიოტიკები ცოცხალ ბაქტერიებს არ შეიცავს, მაგრამ სასარგებლო ბაქტერიების სიცოცხლისა და განვითარებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. როგორც აღვნიშნეთ, მრავალი პრებიოტიკი ბაქტერიების საკვებს წარმოადგენს. არსებითად, ესენია შაქრების (ნახშირწყლების) ისეთი ფორმები, რომელთა დამშლელი ფერმენტები ადამიანის ორგანიზმს არ გააჩნია, ამიტომ აღნიშნული ნივთიერებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ შეიწოვება, სწორ ნაწლავამდე დაუშლელი სახით აღწევს და მიკროფლორისთვის საკვებ გარემოს ქმნის. გარდა ამისა, პრებიოტიკებს საფაღარათო თვისებებიც აქვს. ეს ნივთიერებები აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას. პრებიოტიკების თვისებები ყველაზე მეტად ფრუქტოზა-ოლიგოსაქარიდებს, ინსულინს, გალაქტო-ოლიგოსაქარიდებს, ლაქტულოზას, ლაქტიტოლს ახასიათებს. პრებიოტიკებს შეიცავს რძის ნაწარმი, სიმინდი, ბურღულეული, პური, ხახვი, ნიორი, ლობიო, ბარდა, ბანანი, არტიშოკი, ვარდკაჭაჭა და სხვა, თუმცა საკვებთან ერთად ადამიანი პრებიოტიკების აუცილებელი ოდენობის მხოლოდ ნახევარს იღებს. სამკურნალო პრეპარატებიდან ყველაზე გავრცელებული პრებიოტიკია ლაქტულოზა (დუფალაკი, ნორმაზე, ლაქტუსანი და ა.შ.). ჩვილ ბავშვთა სპეციალიზებული საკვების ზოგიერთ ფორმას დამატებული აქვს პრებიოტიკები: ფრუქტოზა-ოლიგოსაქარიდები, ლაქტულოზა. ასეთი ნარევები ცოცხალ ბაქტერიებს არ შეიცავს, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და რეკომენდებულია ნაწლავთა პრობლემების მქონე ბავშვებისათვის (მაგალითად, ბიფიდუსი). უკანასკნელ ხანს პრებიოტიკებს ბავშვების საკვებ ჩვეულებრივ ნარევებსაც უმატებენ. ასეთი საკვები ყველა ბავშვისთვის  სასარგებლოა. საკვებ ნარევში პრებიოტიკების შემცველობის შესახებ ქილაზე ან კოლოფზე წარწერილი შემადგენლობიდან შეიტყობთ.

პრობიოტიკები ადამიანის ბუნებრივი მიკროფლორის შემადგენელი ცოცხალი მიკროორგანიზმებია. პრობიოტიკების პრეპარატები (მათ ეუბიოტიკებსაც უწოდებდნენ) ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავს, რომლებიც პერორალური მიღების შემდეგ აღადგენს ნაწლავთა დარღვეულ ფლორას ან არსებული ბაქტერიების ცხოველქმედებას უწყობს ხელს. მათი გავლენით ნაწლავის მიკრობული შემადგენლობა რეგულირდება და საჭმლის მომნელებელი პროცესები უმჯობესდება. პრობიოტიკული პრეპარატები ყველაზე მოთხოვნადი სამკურნალო საშუალებებია ნაწლავთა ნებისმიერი ფორმის დისბიოზის საკორექციოდ. გარდა ამისა, პრობიოტიკები რეკომენდებულია პროფილაქტიკისთვისაც, მაგალითად, ანტიბიოტიკების მიღების პერიოდში. პრობიოტიკებს სასარგებლო ბაქტერიების თვისებები აქვთ, ესე იგი მათი გამოყენება შესაძლებელია ალერგიისა და კუჭის მოქმედების დარღვევის დროს, იმუნური სისტემის მოსაწესრიგებლად.

- როგორი სახით  (სამკურნალო ფორმით) გამოდის პრობიოტიკები?

- არსებობს პრობიოტიკები, რომლებიც ბიფიდობაქტერიებს ან ლაქტობაქტერიებს შეიცავს. არსებობს ასევე კომბინირებული პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში ნორმალური ფლორის რამდენიმე სახის მიკროორგანიზმები შედის. პრობიოტიკები სხვადასხვა სამკურნალო ფორმით გამოდის. კერძოდ, შეგხვდებათ შუშის ფლაკონებში მოთავსებული გამომშრალი პრეპარატები, ნახშირწყლოვან სორბენტზე მიმაგრებული ბაქტერიები, ფხვნილები, კაფსულები, ტაბლეტები, თხევადი პრობიოტიკები. პირობითად შესაძლებელია პრობიოტიკული პრეპარატების რამდენიმე თაობა გამოვყოთ: პირველი თაობა - საშუალებები, რომლებიც ნორმალური ფლორის ერთ სახეობას შეიცავს (ბიფიდუმბაქტერინი, ლაქტობაქტერინი, კოლიბაქტერინი და ა.შ.); მეორე თაობა - კომბინირებული პრეპარატები (ბიფიკოლი, ლინექსი და სხვ.); მესამე თაობა - პრინციპულად ახალი თხევადი პრობიოტიკები, რომელთა შემადგენლობაში შედის არა მარტო აქტიური ცოცხალი ბაქტერიები, რომლებიც მოქმედებას პირის ღრუდანვე იწყებს, არამედ სხვა ფაქტორებიც (ანუ პრებიოტიკები), რომლებიც ნაწლავში მიკროფლორის საუკეთესო შეთვისებას უწყობს ხელს. პრობიოტიკების მიღებისას საჭიროა უჯრედისის შემცველი მცენარეული საკვების, ლაქტო და ბიფიდობაქტერიების შემცველი რძემჟავა პროდუქტების უხვი გამოყენება. სოკოვანი შტამების ჭარბი ზრდისას რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ყურძენი, ქიშმიში, ლუდი, ბურახი, ახალი პური, ყველი, კეფირი. პრობიოტიკები სამკურნალო საკვების სახითაც არსებობს. ასეთია, მაგალითად, მრავალი რძემჟავა პროდუქტი (მაწონი, იოგურტები და ა.შ.), რომელთა დამზადება შინაც შესაძლებელია. ნაწლავთა დისბიოზის პროფილაქტიკისთვის (მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების, ნაწლავთა ინფექციების, ანტიბიოტიკების მიღების დროს) პრე და პრობიოტიკები ხანმოკლე კურსის სახით შეიძლება დაინიშნოს. დისბიოზის სამკურნალოდ პრობიოტიკების უფრო მეტხანს (სულ მცირე, 3-4 კვირის განმავლობაში) მიღებაა საჭირო, პრე და პრობიოტიკების შემცველი სამკურნალო კვება კი უფრო ხანგრძლივი, ზოგ შემთხვევაში მუდმივიც კი შეიძლება იყოს.