რა აჩენს წყლულს ბავშვის ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აჩენს წყლულს ბავშვის ორგანიზმში

ავადმყოფი უჩივის პირის ღრუს ტკივილს, ნერწყვდენას, ტემპერატურა 40 გრადუსამდე იწევს, ჭირს ჭამა. ლოყებისა და ღრძილების ლორწოვან გარსებზე ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც მალე სკდება და წარმოშობს 1-10 მმ-მდე ზომის ეროზიას ან წყლულს, რომელიც მონაცრისფრო-მოყვითალო ნადებით იფარება. დიდდება ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლები. შესაძლოა პროცესში ჩაერთოს ნუშურებიც. ამ დროს საჭიროა დაავადების დიფერენციაცია ვულგარული ანგინისგან. რაც შეეხება სასქესო ორგანოების ჰერპესს, ის მეორეულად, სხვა ორგანოების დაზიანებასთან ერთად ვითარდება. ინფექციის გადატანა ხდება ჭუჭყიანი ხელებით, ხელსახოცით, საცვლებით. მშობიარობისას ახალშობილების ინფიცირება ავადმყოფ მშობლებთან კონტაქტის შედეგია. საზოგადოდ, გენიტალური ჰერპესი მოზრდილთა პრობლემაა, იგი სქესობრივი კონტაქტის დროს გადაეცემა. ავადმყოფის საერთო მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა იმატებს, დიდდება რეგიონული ლიმფური კვანძები, ირღვევა შარდვა. შეწითლებული და შეშუპებული გენიტალიის კანსა და ლორწოვანზე ჩნდება ჰერპესული გამონაყარი - ეროზიული და წყლულოვანი ელემენტები. გოგონებს გამონაყარი შესაძლოა გაუჩნდეთ საშოს დიდ და მცირე ბაგეებზე, შორისის არეში, ბარძაყების შიდა ზედაპირებზე, საშოს ლორწოვანზე, კლიტორზე, ანუსზე, პროცესში შესაძლოა ჩაერთოს საშო და ვულვაც, პირველადი ინფექცია კი საშვილოსნოს ყელზე ლოკალიზდება. სწორედ ეს ადგილია ინფექციის წყარო ნაყოფისთვის დაბადებისას. ბიჭებში ჰერპესული გამონაყარი ლოკალიზდება ასოს თავზე, სათესლე პარკის კანზე და შესაძლოა, შარდის ბუშტზეც გავრცელდეს.

- როგორ დავიცვათ ახალშობილი დაავადებისგან, როდესაც ვიცით, რომ დედა ჰერპესვირუსით არის ინფიცირებული?

- უმჯობესია, ქალმა დაორსულებამდე იმკურნალოს, ხოლო თუ მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანა ჰერპესი ან მშობიარობის დროს აქვს აქტიური პროცესი, ჯობს, ჩაუტარდეს საკეისრო კვეთა, რათა ახალშობილი არ დაინფიცირდეს, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სანაყოფე წყლების დაღვრიდან 4 საათის შემდეგ ეს ოპერაცია სარისკოა, ვინაიდან შესაძლოა აღმავალი ინფექცია განვითარდეს.

- რა აჩენს წყლულს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში?

- ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულოვან დაზიანებას სხვადასხვა ინფექცია იწვევს, მათ  შორის - პროტეუსი, ფსევდომონა, კლოსტრიდია, ასევე - ამება. პროტეუსული მიკრობები ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში, იქ, სადაც ხვდება ცხოველური წარმოშობის ლპობადი ნივთიერებები - განავალი, გახრწნილი ხორცი და სხვა. ინფექციის წყაროა პროტეუსით დაავადებული ადამიანი, ნაკლებად - ჯანმრთელი მატარებელი. ინფექციის გადამცემი ფაქტორებია ინფიცირებული წყალი, საკვები (ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, ძეხვი და სხვა). ინფიცირებულ პროდუქტში პროტეუსი სწრაფად მრავლდება და გამოყოფს ტოქსინს, თანაც ამ დროს პროდუქტის გემო, შესახედაობა და სუნი არ იცვლება. დაავადება გვხვდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე აფეთქებების სახით, უმთავრესად - ზაფხულში და ყველაზე მეტად - მცირე ასაკის ბავშვებში (თანმხლები დაავადებებითურთ). მიკრობი უპირატესად აზიანებს წვრილ და  მსხვილ ნაწლავებს, იწვევს ანთებას, ზოგჯერ წყლულს. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ეროზიულ-კოლიტური ანთება. ახალშობილებსა და დაუძლურებულ ბავშვებში დაავადება მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციით. აღინიშნება წამოქაფება, ღებინება, ადინამია, ფაღარათი, მოუსვენრობა, მუცლის პერიოდული ტკივილი. ანუსი ძლიერ არის გაღიზიანებული. ფაღარათის დროს გამოიყოფა თხელი, მომწვანო ფერის, მყრალი უხვი განავალი ლორწოსა და სისხლის მინარევებით. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ტოქსიკოინფექციის სურათი ვითარდება. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით. ტემპერატურა შესაძლოა იყოს ნორმალურიც და მომატებულიც - 38-39 გრადუსამდე. რამდენიმე დღე ბავშვს აწუხებს მუცლის შეტევითი ტკივილი. იმავდროულად ვითარდება ფაღარათი წყლისებრი განავლით, ზოგჯერ - ლორწოსა და სისხლის მინარევებით. ფსევდომონური წარმოშობის ნაწლავთა მწვავე ინფექცია უპირატესად დღენაკლულ, მცირე ასაკის, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში გვხვდება და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციით, ჩირქოვან-ნეკროზული ენტეროკოლიტით, სეფსისით მიმდინარეობს. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ტოქსიკოინფექციის სურათი ყალიბდება. ნაწლავებში მიმდინარე ანთებითი პროცესი შესაძლოა იყოს როგორც  კატარული, ასევე ნულოვანი ხასიათისა. პირველ დღეებში ტოქსიკოზის სურათი ზომიერად არის გამოხატული, შემდგომ კი ხშირი ფაღარათის გამო შესაძლოა ორგანიზმი გამოშრეს - ექსიკოზი განვითარდეს. ნაწლავთა მოქმედების სიხშირემ დღე-ღამეში შესაძლოა 20-ს და მეტსაც მიაღწიოს. განავალი თხიერი, მყრალი, მომწვანო ფერისაა, დიდი ოდენობით შეიცავს ლორწოს, ზოგჯერ სისხლსაც. წყლულოვანი ენტეროკოლიტის შემთხვევაში შესაძლოა ნაწლავებიდან სისხლდენა განვითარდეს. კლოსტრიდიული წარმოშობის დიარეულ დაავადებებს ახასიათებს ტოქსიკოინფექციის ტიპის მიმდინარეობა და ნეკროზული ანუ ფსევდომემბრანული კოლიტის სურათი. გადაცემის მექანიზმი ფეკალურ-ორალურია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ინფექცია იჭრება საკვებთან ერთად (კლოსტრიდიუმ პერფიგენსის შემთხვევაში), საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით, ინფიცირებული ჭურჭლის, სათამაშოებისა თუ სხვა საგნების საშუალებით (კლოსტრიდიუმ დიფიცილეს შემთხვევაში). საავადმყოფოებში ნოზოკომიური აფეთქებები განსაკუთრებით ხშირია დღენაკლულ და დასუსტებულ ბავშვებს შორის. ამჟამად კლოსტრიდიული ინფექცია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ნოზოკომიურ ინფექციად არის მიჩნეული. წლამდე ასაკის ბავშვების დიარეის 30-40% (საავადმყოფოს პირობებში) მის წილად მოდის. გარდა სანიტარიულ-ეპიდემიური რეჟიმის დარღვევისა, ბრალი ანტიბიოტიკებსაც მიუძღვის.


 

- მაშასადამე, ფსევდომემბრანული კოლიტი შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე, მათი ჭარბი მიღების ან არასწორი შერჩევის შემთხვევაში?

- არა, დოზის გადაჭარბებასა და არასწორ შერჩევაზე არ არის საუბარი. თანამედროვე თვალსაზრისით, ანტიბიოტიკებით ნამკურნალევ ავადმყოფში ნაწლავის ნორმალური ფლორის დათრგუნვის ფონზე ხდება კლოსტრიდიუმ დიფიცილეს შეუკავებელი გამრავლება, რაც ფსევდომემბრანული კოლიტის ჩამოყალიბებას იწვევს. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს - ცეფალოსპორინებს, ამპიცილინს, ლინკომიცინს, კლინტამიცინს და სხვა. მათ მიერ გამოწვეული დისბაქტერიოზის ფონზე იქმნება ხელსაყრელი პირობები კლოსტრიდიუმ დიფიცილეს გამრავლებისთვის, მის მიერ გამოყოფილი ტოქსინები კი სისხლში შეიწოვება და მძიმე შემთხვევებში კაპილარების ტოქსიკურ და ნეკროზულ დაზიანებას იწვევს. ამ დროს ხდება ნაწლავთა ლორწოვანი გარსების მკვეთრი შეშუპება,  ჰიპერემია,  მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევა, ღრმა ნეკროზები, ჩნდება წყლულები, მოსალოდნელია ნაწლავის პერფორაციაც. ცვლილებები ხდება შინაგან ორგანოებშიც. დაავადება ვითარდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებიდან 7-10 დღის შემდეგ, ზოგჯერ - უფრო ადრეც. იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით, განმეორებითი პირღებინებით, მუცლის ტკივილით, ფაღარათით. ამ ფონზე სწრაფად იკლებს სხეულის მასა, განავალი შეიცავს უხვ ლორწოს, ფიბრინულ ნაფლეთებს, სისხლსა და ჩირქს. აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკების მიღების შეწყვეტის შემდეგ საერთო მდგომარეობა უმჯობესდება. დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს დღენაკლულ ბავშვებში - ნაწლავის დაწყლულების შემთხვევაში მოსალოდნელია მისი გახვრეტა და განავლოვანი პერიტონიტი მძიმე პროგნოზით.

- სამწუხაროდ, დიარეის დროს არცთუ იშვიათად ინიშნება ანტიბიოტიკები. რას ურჩევდით ასეთ დროს მშობლებს და არა მარტო მათ?

- ეს სავალალო ფაქტია - კუჭის აშლილობის დროს ანტიბიოტიკის მიღება უფრო მეტად ართულებს მდგომარეობას. ანტიბიოტიკოთერაპიით  განპირობებული დიარეის სამკურნალოდ მოწოდებულია ცოცხალი სოკოს ლიოფილიზებული ფორმა - ენტეროლი. ამ სოკოს ეფექტი ემყარება მის მიერ ისეთი ცილის გამოყოფას, რომელიც ამცირებს კლოსტრიდიუმ დიფიცილეს ტოქსინის ზემოქმედებას ნაწლავის გარსზე.

- არსებობს კიდევ ერთი დაავადება - ამებური დიზენტერია, რომელიც ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებით მიმდინარეობს. რა დაავადებაა იგი და როგორ დავიცვათ ბავშვი მისგან?

- ამებური დიზენტერია ანუ ნაწლავთა ამებიაზი ამებიაზის ყველაზე გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა. დაავადების გამომწვევი, ამება, პარაზიტია, რომლის ცისტური ფორმა ეპიდემიოლოგიურად საშიშია. ინფექციის წყაროა ადამიანი, რომლის განავალი გამომწვევის ამ ფორმას შეიცავს. ვეგეტაციური ფორმა გარემოში მოხვედრისას ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საშიში არ არის. ადამიანის დასნებოვნება ხდება პროდუქტების (განსაკუთრებით - ხილ-ბოსტნეულის), იშვიათად - წყლის საშუალებით. არ არის გამორიცხული, მაინფიცირებელ ფაქტორად იქცეს ჭურჭელი, სათამაშო, ოყნა, კარის სახელურები, ანტისანიტარიულ პირობებში უშუალო კონტაქტი ცისტის მატარებელთან. ამების განთესვას ხელს უწყობენ ბუზები და ტარაკნები, რომელთა ნაწლავში ამება 48-72 საათს ცოცხლობს. ნაწლავის ლორწოვანი გარსის გადალახვის შემდეგ ამება აღწევს ლორწქვეშა შრეს, სადაც ოპტიმალური პირობებია მისი კვებისა და გამრავლებისთვის და ქსოვილს ანეკროზებს. თავდაპირველად ჩნდება მცირე ზომის აბსცესი, შემდეგ - წყლული ღრმა ფუძითა და არასწორი, ჩამოკიდებული კიდეებით. წყლული უმეტესად ბრმა ნაწლავსა და ასწვრივ კოლინჯში წარმოიქმნება. არ არის გამორიცხული სწორი ნაწლავისა და სხვა ნაწლავების დაზიანება. დაავადების მთავარი კლინიკური სიმპტომია ფაღარათი, რომელიც თავდაპირველად უხვგანავლოვანი და მკვეთრსუნიანია, შეიცავს გამჭვირვალე ლორწოს, შემდეგ ფაქტობრივად მთლიანად ლორწოვანი ხდება. ლორწო გამჭვირვალეა და ადვილად ეკვრის ქოთანს. მოგვიანებით განავალში ჩნდება სისხლი, რომლის გამოც ლორწო ჟოლოსებრ ჟელეს ემსგავსება და ლაბისებრი თრთოლა ახასიათებს. დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში ზოგჯერ 20-30-საც კი აღწევს. პროცესში სწორი ნაწლავის ჩართვისას ავადმყოფი უჩივის ძნელად ასატან, შეტევითი ხასიათის ჭინთვებს. მოსალოდნელია ანუსის ღიაობა და სწორი ნაწლავის გამოვარდნა. მტკივნეულ ჭინთვებს, ტენეზმებს, ამებური დიზენტერიის დროს სწორი ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება განაპირობებს. ნაწლავთა ინფექციების პროფილაქტიკა უწინარესად სანიტარიული ნორმების დაცვას გულისხმობს. საჭიროა, რეგულარული გამოკვლევები ჩაუტარდეს მთელ პერსონალს, ვინც კი დასაქმებულია პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციაში, კვების ობიექტებში, მით უმეტეს - როდესაც საქმე გვაქვს საბავშვო დაწესებულებებთან, დასასვენებელ სახლებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებთან.