რა აჩენს წყლულს ბავშვის ორგანიზმში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

რა აჩენს წყლულს ბავშვის ორგანიზმში

რა აჩენს წყლულს ბავშვის ორგანიზმში

ბავშვებში, მეტადრე - მცირე ასაკის პატარებში, წყლული დაავადების არა მხოლოდ გართულება, არამედ ძირითადი ნიშანიც შეიძლება იყოს. როდის ჩნდება ის და რა იწვევს, ამის შესახებ გვესაუბრება ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თამარ ჯოხთაბერიძე.


- მცირე ასაკის ბავშვებს, მათ შორის ჩვილებსაც, ლორწოვანსა და კანის ზედაპირზე შესაძლოა წყლული გაუჩნდეთ. რა იწვევს მას?
- ამ ასაკის ბავშვებში ეროზიისა და წყლულის გამომწვევი უმთავრესად ჰერპესის ვირუსია. პირის ღრუს ლორწოვანის მწვავე ინფექციური სტომატიტი ანუ მწვავე ჰერპესული გინგივოსტომატიტი შესაძლოა იყოს პირველადი ჰერპესული ინფექციის გამოვლინება, რომელიც ხშირად ემართებათ 1-3 წლის ბავშვებს,

მოზრდილებში კი იშვიათია.

ავადმყოფი უჩივის პირის ღრუს ტკივილს, ნერწყვდენას, ტემპერატურა 40 გრადუსამდე იწევს, ჭირს ჭამა. ლოყებისა და ღრძილების ლორწოვან გარსებზე ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც მალე სკდება და წარმოშობს 1-10 მმ-მდე ზომის ეროზიას ან წყლულს, რომელიც მონაცრისფრო-მოყვითალო ნადებით იფარება. დიდდება ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლები. შესაძლოა პროცესში ჩაერთოს ნუშურებიც.

ამ დროს საჭიროა დაავადების დიფერენციაცია ვულგარული ანგინისგან. რაც შეეხება სასქესო ორგანოების ჰერპესს, ის მეორეულად, სხვა ორგანოების დაზიანებასთან ერთად ვითარდება. ინფექციის გადატანა ხდება ჭუჭყიანი ხელებით, ხელსახოცით, საცვლებით. მშობიარობისას ახალშობილების ინფიცირება ავადმყოფ მშობლებთან კონტაქტის შედეგია. საზოგადოდ, გენიტალური ჰერპესი მოზრდილთა პრობლემაა, იგი სქესობრივი კონტაქტის დროს გადაეცემა. ავადმყოფის საერთო მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა იმატებს, დიდდება რეგიონული ლიმფური კვანძები, ირღვევა შარდვა. შეწითლებული და შეშუპებული გენიტალიის კანსა და ლორწოვანზე ჩნდება ჰერპესული გამონაყარი - ეროზიული და წყლულოვანი ელემენტები. გოგონებს გამონაყარი შესაძლოა გაუჩნდეთ საშოს დიდ და მცირე ბაგეებზე, შორისის არეში, ბარძაყების შიდა ზედაპირებზე, საშოს ლორწოვანზე, კლიტორზე, ანუსზე, პროცესში შესაძლოა ჩაერთოს საშო და ვულვაც, პირველადი ინფექცია კი საშვილოსნოს ყელზე ლოკალიზდება. სწორედ ეს ადგილია ინფექციის წყარო ნაყოფისთვის დაბადებისას. ბიჭებში ჰერპესული გამონაყარი ლოკალიზდება ასოს თავზე, სათესლე პარკის კანზე და შესაძლოა, შარდის ბუშტზეც გავრცელდეს.


- როგორ დავიცვათ ახალშობილი დაავადებისგან, როდესაც ვიცით, რომ დედა ჰერპესვირუსით არის ინფიცირებული?
- უმჯობესია, ქალმა დაორსულებამდე იმკურნალოს, ხოლო თუ მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანა ჰერპესი ან მშობიარობის დროს აქვს აქტიური პროცესი, ჯობს, ჩაუტარდეს საკეისრო კვეთა, რათა ახალშობილი არ დაინფიცირდეს, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სანაყოფე წყლების დაღვრიდან 4 საათის შემდეგ ეს ოპერაცია სარისკოა, ვინაიდან შესაძლოა აღმავალი ინფექცია განვითარდეს.


- რა აჩენს წყლულს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში?
- ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულოვან დაზიანებას სხვადასხვა ინფექცია იწვევს, მათ  შორის - პროტეუსი, ფსევდომონა, კლოსტრიდია, ასევე - ამება. პროტეუსული მიკრობები ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში, იქ, სადაც ხვდება ცხოველური წარმოშობის ლპობადი ნივთიერებები - განავალი, გახრწნილი ხორცი და სხვა. ინფექციის წყაროა პროტეუსით დაავადებული ადამიანი, ნაკლებად - ჯანმრთელი მატარებელი. ინფექციის გადამცემი ფაქტორებია ინფიცირებული წყალი, საკვები (ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, ძეხვი და სხვა). ინფიცირებულ პროდუქტში პროტეუსი სწრაფად მრავლდება და გამოყოფს ტოქსინს, თანაც ამ დროს პროდუქტის გემო, შესახედაობა და სუნი არ იცვლება. დაავადება გვხვდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე აფეთქებების სახით, უმთავრესად - ზაფხულში და ყველაზე მეტად - მცირე ასაკის ბავშვებში (თანმხლები დაავადებებითურთ). მიკრობი უპირატესად აზიანებს წვრილ და  მსხვილ ნაწლავებს, იწვევს ანთებას, ზოგჯერ წყლულს. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ეროზიულ-კოლიტური ანთება. ახალშობილებსა და დაუძლურებულ ბავშვებში დაავადება მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციით. აღინიშნება წამოქაფება, ღებინება, ადინამია, ფაღარათი, მოუსვენრობა, მუცლის პერიოდული ტკივილი. ანუსი ძლიერ არის გაღიზიანებული. ფაღარათის დროს გამოიყოფა თხელი, მომწვანო ფერის, მყრალი უხვი განავალი ლორწოსა და სისხლის მინარევებით. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ტოქსიკოინფექციის სურათი ვითარდება. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით. ტემპერატურა შესაძლოა იყოს ნორმალურიც და მომატებულიც - 38-39 გრადუსამდე. რამდენიმე დღე ბავშვს აწუხებს მუცლის შეტევითი ტკივილი. იმავდროულად ვითარდება ფაღარათი წყლისებრი განავლით, ზოგჯერ - ლორწოსა და სისხლის მინარევებით. ფსევდომონური წარმოშობის ნაწლავთა მწვავე ინფექცია უპირატესად დღენაკლულ, მცირე ასაკის, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში გვხვდება და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციით, ჩირქოვან-ნეკროზული ენტეროკოლიტით, სეფსისით მიმდინარეობს. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ტოქსიკოინფექციის სურათი ყალიბდება. ნაწლავებში მიმდინარე ანთებითი პროცესი შესაძლოა იყოს როგორც  კატარული, ასევე ნულოვანი ხასიათისა. პირველ დღეებში ტოქსიკოზის სურათი ზომიერად არის გამოხატული, შემდგომ კი ხშირი ფაღარათის გამო შესაძლოა ორგანიზმი გამოშრეს - ექსიკოზი განვითარდეს. ნაწლავთა მოქმედების სიხშირემ დღე-ღამეში შესაძლოა 20-ს და მეტსაც მიაღწიოს. განავალი თხიერი, მყრალი, მომწვანო ფერისაა, დიდი ოდენობით შეიცავს ლორწოს, ზოგჯერ სისხლსაც. წყლულოვანი ენტეროკოლიტის შემთხვევაში შესაძლოა ნაწლავებიდან სისხლდენა განვითარდეს. კლოსტრიდიული წარმოშობის დიარეულ დაავადებებს ახასიათებს ტოქსიკოინფექციის ტიპის მიმდინარეობა და ნეკროზული ანუ ფსევდომემბრანული კოლიტის სურათი. გადაცემის მექანიზმი ფეკალურ-ორალურია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ინფექცია იჭრება საკვებთან ერთად (კლოსტრიდიუმ პერფიგენსის შემთხვევაში), საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით, ინფიცირებული ჭურჭლის, სათამაშოებისა თუ სხვა საგნების საშუალებით (კლოსტრიდიუმ დიფიცილეს შემთხვევაში). საავადმყოფოებში ნოზოკომიური აფეთქებები განსაკუთრებით ხშირია დღენაკლულ და დასუსტებულ ბავშვებს შორის. ამჟამად კლოსტრიდიული ინფექცია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ნოზოკომიურ ინფექციად არის მიჩნეული. წლამდე ასაკის ბავშვების დიარეის 30-40% (საავადმყოფოს პირობებში) მის წილად მოდის. გარდა სანიტარიულ-ეპიდემიური რეჟიმის დარღვევისა, ბრალი ანტიბიოტიკებსაც მიუძღვის.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
1 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად უვითარდებათ დისბაქტერიოზი - დაავადება, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დარღვევითაა გამოწვეული.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად