თანდაყოლილი და ტრავმული ამოვარდნილობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანდაყოლილი და ტრავმული ამოვარდნილობები

- რომელ ადათ-წესებსა და კლიმატურ პირობებს გულისხმობთ?

- მაგალითად, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიით სამხრეთის ქვეყნებში, შავკანიანი მოსახლეობით დასახლებულ ცხელი კლიმატის რეგიონებშიც იბადებიან, მაგრამ ეს დისპლაზია ამოვარდნილობაში არ გადადის, ვინაიდან სიცხის გამო იქ თითქმის არ ახვევენ ბავშვებს, თავისუფლად ზრდიან. მთიან სოფლებში კი ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობა უფრო მეტად არის გავრცელებული - მკაცრ კლიმატურ პირობებში ბავშვს მჭიდროდ ახვევენ, ქართული ტრადიციისამებრ, ფეხებსაც კარგად უსწორებენ და უკრავენ, არ გაუმრუდდესო. საბედნიეროდ, ასეთ შეხვევას ახლა ნაკლებად იყენებენ. შეკრულ ბავშვს რომ გახსნი, ის ხელ-ფეხს გადაშლის. სწორედ ეს არის მისი ნორმალური მდგომარეობა. ჩვენში აკვანი აფუჭებს საქმეს. მართალია მისი ხმარება გაიშვიათდა, მაგრამ სოფლებში დღესაც შემორჩენილია. აკვანი ხელს უწყობს დისპლაზიის ამოვარდნილობაში გადასვლას, თუმცა ბავშვებს, რომლებიც აბსოლუტურად ჯანმრთელი მენჯ-ბარძაყის სახსრით იბადებიან, ვერც კლიმატური პირობები ვნებთ და ვერც აკვანი.

- რა სიმპტომები ახასიათებს ამ პათოლოგიას?

- წლამდე ასაკის ბავშვებში დიაგნოსტირებისას ხუთი კლინიკური ნიშნით ვხელმძღვანელობთ:

  1. მენჯ-ბარძაყის სახსარში განზიდვის შეზღუდვა. ზურგზე დაწვენილ ბავშვს კიდურებს მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოვუხრით და განვუზიდავთ. ნორმაში განზიდვა 60-70 გრადუსს აღწევს, თუმცა ზოგიერთი ბავშვი 90 გრადუსითაც შლის ბარძაყებს. განზიდვის შეზღუდვა დისპლაზიას გვაფიქრებინებს. მაგრამ ეს ნიშანი არ არის უტყუარი.
  2. ხმაურის, ჩაცურების სიმპტომი: მოხრას და განზიდვას თან ახლავს ხმაური. ეს მიგვითითებს ჯერ კიდევ დაბალ ამოვარდნილობაზე, როდესაც ბარძაყის თავი ფოსოს ზედა კიდესთან ახლოს დგას და ხმაურით ჩაცურდება და ხმაურითვე ამოვარდება ფოსოდან. ეს ამოვარდნილობის უტყუარი ნიშანია.
  3. კიდურების გარეთა როტაცია - ტერფები 10-20 გრადუსით არის გადახრილი გარეთ, ამოვარდნილობისას კი გვაქვს სრული გარეთა როტაცია - ტერფები გარეთა გვერდითი ზედაპირებით საწოლს ეხება, მუხლები, კვირისტავები აბსოლუტურად გარეთ იყურება. ეს ნიშანი რაქიტულ ბავშვებსაც ახასიათებთ.
  4. კიდურის სიმოკლე, რაც  ცალმხრივი ამოვარდნილობისას უფ¬რო შესამჩნევია. ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ პატარას ცალი ფეხი მეორეზე მოკლე აქვს, გასინჯვისას კი ყველაფერი რიგზე აღმოჩნდება ხოლმე. ბავშვი სწორად უნდა დავაწვინოთ, მენჯი აბსოლუტურად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა მოთავსდეს. როგორც კი მენჯი დაიხრება, ცალი ფეხი მოკლე გამოჩნდება.
  5. ნაოჭების ასიმეტრია. მას ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირებზე ნაოჭების რაოდენობით განვსაზღვრავთ. რომელ მხარესაც მეტია ნაოჭი, ამოვარდნილობაც იმ მხარეს არის საგულვებელი.

წლამდე ასაკში ამ ნიშნების არსებობა ბარძაყის თანდაყოლილ ამოვარდნილობას გვაეჭვებინებს. დიაგნოზის დასადასტურებლად ბავშვს რენტგენოლოგიურად ან ულტრაბგერით ვიკვლევთ. ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში წამყვანი კლინიკური ნიშანია კოჭლობა. ნორმალურად განვითარებული ბავშვი წლისა და 1-2 თვის ასაკში პირველ დამ¬ოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს. ამოვარდნილობის შემთხვევაში ბავშვების უმრავლესობა სიარულს უფრო გვიან - დაახლოებით წლისა და 5-6 თვის ასაკში იწყებს. ცალმხრივი ამოვარდნილობისას ბავშვი მეტად კოჭლობს, ვიდრე ორმხრივი ამოვარდნილობისას. ორმხრივი ამოვარდნილობისას უფრო იხვისებურად დადის.

- როგორ უნდა მოიქცეს დედა?

- ახალშობილობის პერიოდში ბავშვს რამდენიმე პამპერსი უნდა გაუკეთდეს, რათა ფეხები რაც შეიძლება მეტად ჰქონდეს განზიდული, 3-4 თვიდან კი პათოლოგიის შესაბამისად უკვე არტაშნებს ვიყენებთ. 4-5 თვიდან ბავშვს სპეციალურ საფიქსაციო საშუალებებს უკეთებენ, ერთი წლიდან კი  ჩამოთვლილი საშუალებები საკმარისი აღარ არის - კუნთოვანი სისტემა ძლიერია, კიდურებს თასმები ვეღარ აკავებს და ამოვარდნილობაც უფრო მაღლა მიდის. ამის გამო ზოგჯერ საჭირო ხდება თაბაშირის ნახვევი, რომელიც ფეხებს განზიდულ მდგომარეობაში აკავებს.

- რა მოჰყვება დაგვიანებას?

- თუ ბავშვი მეტისმეტად გვიან მიიყვანეს სპეციალისტთან, არ უმკურნალია ან იმკურნალა, მაგრამ უშედეგოდ, ასეთ შემთხვევაში ორ წელს გადაცილებულს უკვე ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. რაც უფრო მცირე ასაკში გაკეთდება ოპერაცია, მით უკეთესია. ჩასწორება ათი წლის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ ამ ასაკში მოძრაობის აღდგენა უკვე ძნელია.


- ქმნის თუ არა პრობლემას ნაოპერაციევი სახსარი მშობიარობის შემდეგ?

- ხშირად ნაოპერაციევ ქალს მეანი საკეისრო კვეთას ურჩევს - დაკოჭლდებიო. ეს არასწორი შეხედულებაა. მშობიარობის დროს სახსარი არც ერთ შემთხვევაში არ ამოვარდება - ბავშვი თეძოს ძვლის შიგნითა მხრიდან გამოდის, სახსარი კი მის გარეთაა. საქმე სხვა რამ არის: როდესაც მენჯ-ბარძაყის სახსარი დისპლაზიური ან ამოვარდნილია, მისი სრული ფორმირება იშვიათად ხდება, მასში მცირე დისპლაზიური ელემენტები მაინც რჩება, რომლებიც შემდგომ, ასაკის მატებასთან ერთად, კოქსართროზის განვითარებას უწყობს ხელს. ხშირად ორსულობისას ქალები წონას იმატებენ, რის გამოც დისპლაზიური სახსრები ზომაზე მეტად იტვირთება. ეს უკვე პრობლემას ქმნის. ამას ემატება ისიც, რომ მშობიარობამდეც და მის შემდეგაც (რაკი ქალს ბავშვის მოვლისას უმეტესად ფეხზე დგომა უწევს) სახსარს დასვენების საშუალება არ აქვს. ასე რომ, პრობლემები შეიძლება საკეისრო კვეთის შემდეგაც დაიწყოს. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან, რომ დისპლაზიური სახსარი აქვთ, მაგრამ როგორც კი წონას მოიმატებენ, პრობლემებიც მაშინ იჩენს თავს.

- ბავშვთა ასაკში ძვალსახსროვანი სისტემის ტრავმული ამოვარდნილობა თუ გვხვდება?

- ბავშვთა ტრავმული ამოვარდნილობა ძალზე იშვიათია, ვინაიდან ბავშვს სახსრის შემადგენელი ჩანთა და იოგები მოზრდილ ადამიანთან შედარებით საკმაოდ ელასტიკური აქვს და გადაჭარბებულ მოძრაობებს უფრო იოლად იტანს. ხშირად მშობლები, რომელთა შვილსაც ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა აქვს, მეანს ემდურიან - მშობიარობის  დროს ამოუგდოო. ცხადია, არსებობს გართულებული მშობიარობა - მენჯით წინამდებარეობა და სხვა, როცა მეანი იძულებულია ჩაერიოს მშობიარობის მიმდინარეობაში, შეაბრუნოს ნაყოფი ფიზიკური ძალის მოქმედებით (ხელით), მაგრამ ამ დროსაც არ ხდება ამოვარდნა. შესაძლოა მოტყდეს ბარძაყის ძვალი, მხრის ძვალი, ლავიწი, მაგრამ ამოვარდნა ძალზე იშვიათია. ბავშვებში ვხვდებით იდაყვის სახსრის  სხივის ძვლის (თავის) ქვეამოვარდნილობას - ეს ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ამოვარდნილობა სრული არ არის. წინამხარში ორი ძვალია - სხივისა და იდაყვისა. იდაყვის სახსრის ძირითადი საყრდენი ლავიწის ძვალია, რომელიც მხრის ძვალთან ერთად სახსარს ქმნის. სხივის ძვალი ოდნავ მოკლეა. იდაყვის ძვალს იგი ბეჭდისებრი იოგით უკავშირდება. ხშირად სხივის ძვალი მაშინ ამოვარდება, როცა ბავშვს ხელებში ხელს მოჰკიდებენ და ისე აიყვანენ, ხელჩაკიდებულს დაატრიალებენ ან წინააღმდეგობის გაწევისას მიათრევენ. არის შემთხვევები, როცა სხივის ძვალი ტანსაცმლის ჩაცმის დროს ამოიწევს, თუ ბავშვს ხელი ცუდად შეუტრიალეს.

- როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რათა ამოვარდნილობა არ განმეორდეს?

- ასეთი ქვეამოვარდნილობა უმთავრესად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. შემდეგ ბეჭდისებრი იოგი მაგრდება და ამოვარდნილობაც იშვიათდება. მშობლები უნდა ერიდონ ბავშვის ხელებით აწევას, ასწიონ ტანით ან იდაყვსა და მხრის სახსარს შორის მონაკვეთზე მოჰკიდონ ხელი. ასეთი მოფრთხილება საკმარისია.

- როგორ ხდება ამოვარდნილობის ამოცნობა და ჩასწორება?

- მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი ხელს ვეღარ ამოძრავებს, მათრახივით აქვს ჩამოშვებული, უძრავ მდგომარეობაში მშვიდად არის, სძინავს კიდეც, მაგრამ როგორც კი ძილში რაიმე მოძრაობას გააკეთებს, უმალ ტირილს იწყებს.  ქვეამოვარდნილობის დიაგნოსტირებისას გასათვალისწინებელია, რომ ტკივილი და ხელის ჩამოშვება შესაძლოა ნებისმიერმა მოტეხილობამ გამოიწვიოს. მით უმეტეს, ლავიწის ძვლისამ, მხრისამ, წინახრისამ, რაც ძალიან ხშირია ბავშვებში. ამიტომ ექიმმა კარგად უნდა გამოიკითხოს, რა ვითარებაში მოხდა ყოველივე - ბავშვი ასწიეს, დაატრიალეს თუ გადმოვარდა. აუცილებლად უნდა ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევაც, რომ სწორი მოქმედების ტაქტიკა შემუშავდეს. მანიპულაციამ, რომლითაც ამოვარდნილობას ჩაასწორებენ, მოტეხილი ფრაგმენტები შესაძლოა დააცილოს ერთმანეთს, ამიტომ თუ ტრავმაა ნახსენები, აუცილებელია რენტგენოგრაფია. ჩასწორების ტექნიკა ძალიან მარტივია - ექიმი შეეხება ამოვარდნილ კიდურს, ისმის ტკაცანი და ყველაფერი მთავრდება. ატირებული პატარა ხელებაწეული გარბის დედიკოსკენ და ეხუტება მას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამოვარდნილობა ჩასწორებულია.