ბავშვი და შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი და შაქრიანი დიაბეტი

- რით აიხსნება მოზრდილთა ტიპის დიაბეტის გაახალგაზრდავება?

- მოზრდილთა ტიპის დიაბეტი ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის უმთავრესად განვითარებულ ქვეყნებში გახშირდა, რის მიზეზადაც ჭარბი წონა მიაჩნიათ. ამერიკელ მკვლევართა მიერ მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, MODY-ზე II ტიპის დიაბეტის შემთხვევათა დაახლოებით 15% მოდის. დაავადება აუტოიმუნურ-დომინანტური მექანიზით გადაეცემა - თუ ოჯახის რომელიმე წევრი II ტიპის დიაბეტით არის ავად, მნიშვნელოვნად იზრდება საფრთხე, ბავშვიც დაავადდეს.

- გარდა გენეტიკურისა, კიდევ რომელი რისკფაქტორები არსებობს?

- დიაბეტის ჩამოყალიბებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია რამდენიმე, კერძოდ:

  • დედამ ორსულობისას სწრაფად დაიწყო წონის მატება;
  • დაბადებისას ახალშობილი ნორმაზე მეტს იწონიდა;
  • ჩვილი წონაში ყოველთვიურად უფრო მეტს იმატებს, ვიდრე ასაკით ეკუთვნის;
  • სიმსუქნესთან ერთად ბავშვს აღენიშნება კანის გამუქება და გასქელება, ჩვეულებრივ, კისერსა და იდაყვებზე;
  • აქვს საკვერცხეების პოლიკისტოზი;
  • ბავშვი ხშირად ან მუდმივად განიცდის სტრესს (მაგალითად, ოჯახური უთანხმოების გამო).

არსებობს ფაქტორებიც, რომლებიც, საბედნიეროდ, იოლად ექვედებარება კორექციას. ასეთია:

  • არასწორი კვება, ზედმეტად რაფინირებული და ადვილად ასათვისებელი, მარტივი შაქრებისა და ცხიმების შემცველი საკვების დიდი ოდენობით მოხმარება;
  • ადინამია, უმოძრაობა, ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა, განსაკუთრებით - ქალაქის მკვიდრთა შორის.

- რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ უკვე დაწყებული დაავადება არ გამოეპაროთ?

- ბავშვთა ასაკში II ტიპის დიაბეტი ხშირად უსიმპტომოდ და მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათის გარეშე მიმდინარეობს. სიცოცხლის პირველ თვეებში კუთვნილზე მეტი წონის ნამატი რისკფაქტორიც არის და კლინიკური ნიშანიც. დიაბეტის ზოგიერთი ფორმის დროს ყალიბდება კლასიკური სურათი:

  • თავს იჩენს გაძლიერებული შარდვა და წყურვილი;
  • პატარა ჭრილობები ძნელად ხორცდება;
  • ზოგჯერ აღინიშნება კანის ქავილი;
  • ჩნდება ფურუნკულები;
  • ხშირია სოკოვანი ინფექცია, მათ შორის - ვაგინალურიც.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შაქრიანი დიაბეტის არსებობის შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები, გინეკოლოგების ჩათვლით. ადვილი შესაძლებელია, პაციენტი თავდაპირველად არა ენდოკრინოლოგთან, არამედ სხვა პროფილის სპეციალისტთან მოხვდეს, ამიტომ ექიმს მოეთხოვება ანამნეზის ყურადღებით შეკრება, პაციენტის გამოკითხვა და ყოველი დეტალის, მათ შორის - ოჯახური ანამნეზის გათვალისწინება.

- გოლიათის დაბადებას მშობლები და ნათესავები სიხარულით და სიამაყით ხვდებიან. ბევრმა როდი იცის, რომ დიდ წონას საფრთხეც სდევს თან. რას ურჩევთ ხოლმე ასეთ დროს მშობლებს?

- როცა ბავშვი დიდი წონისა იბადება, მას სამშობიაროშივე იკვლევენ და დედას რჩევა-დარიგებას აძლევენ.

ახალშობილს აუცილებლად უნდა ვაწოვოთ ძუძუ, 6 თვემდე მხოლოდ ძუძუთი ვკვებოთ, 6 თვიდან კი დამატებითი საკვებიც მივცეთ, პირველად - ბოსტულის სუპი-პიურე, მერე და მერე - სხვა კერძებიც. ვეცადოთ, ნაკლებად დავტვირთოთ ცხიმითა და ნახშირწყლებით, ვასვათ ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, ოდნავ დამტკბარი ჩაი და კომპოტი, ამავე დროს ვაკონტროლოთ წონა და ყოველთვიური ნამატი. თუ ბავშვი კუთვნილზე მეტს იმატებს, შესაძლოა, პედიატრმა მისი დიეტაზე გადაყვანა გირჩიოთ. ასეთ შემთხვევაში დიეტოლოგის კონსულტაციაც დაგჭირდებათ.


- დიდი ხანია ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს. ყოველ შემთხვევაში, აჩქარებს მის გამოვლენას. აქედან გამომდინარე, დიაბეტის პრევენცია სიმსუქნესთან ბრძოლისკენ უნდა იყოს მიმართული...

- დიაბეტის თავიდან ასაცილებლად, მეტადრე - რისკის ჯგუფში შემავალთათვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დიეტას, კვების სწორ რეჟიმსა და ფიზიკურ აქტიურობას. ბავშვი ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა მისდევდეს, განსაკუთრებით - თუ ის ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით დიაბეტის რისკჯგუფში შედის. ტელევიზორის, ინტერნეტისა და კომპიუტერული თამაშების წყალობით დღევანდელი ბავშვები საჭიროზე გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ, განსაკუთრებით - ქალაქებში. რა ძნელიც უნდა იყოს საამისოდ დროის, ადგილისა და სახსრების გამონახვა, ბავშვს მაინც უნდა შევუქმნათ პირობები ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვისთვის. ურიგო არ იქნება, სპორტის რომელიმე სახეობით თუ დავაინტერესებთ და შესაბამის სპორტულ ჯგუფში შევიყვანთ. სასურველია, მივაჩვიოთ კიბეზე, მოკლე მანძილზე (სკოლაში) ფეხით სიარულს, კარგი იქნება, ძილის წინ მასთან ერთად გავისერნოთ ფეხით. ბავშვებს ხშირად კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. სიამოვნებით შეექცევიან საკონდიტრო ნაწარმს, სწრაფი კების ობიექტების პროდუქტებს - ჰამბურგერს, ჩისბურგერს, ჩიპსებს,  გაზიან გამაგრილებელ სასმელებს - ფანტას, კოკა-კოლას, პეპსი-კოლას. დარღვეულია კვებათა ჯერადობაც: წესით, ბავშვმა დღე-ღამეში ოთხჯერ უნდა ჭამოს. ჭარბი წონის შემთხვევაში საკვები დაბალკალორიული უნდა იყოს და მინიმალური ოდენობით შეიცავდეს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

- საკმარისია თუ არა დიეტა და ფიზიკური აქტიურობა დაავადების სამართავად?

- სამწუხაროდ, არა ყოველთვის. არსებობს დიაბეტის ისეთი ფორმები, რომლებიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს და გართულებებსაც ნაადრევად იწვევს. ასეთ დროს მშობლებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ენდოკრინოლოგს, ვინაიდან ბავშვს სისხლში შაქრის დონის დამწევი პრეპარატები და ინსულინი სჭირდება. მაგრამ უდიდესი პრობლემაა ის, რომ პიროვნულად ჩამოუყალიბებელ პაციენტებთან - ბავშვებთან გვაქვს საქმე. მათ არ ესმით მდგომარეობის სერიოზულობა, არ უჯერებენ ექიმებს, არ იცავენ დიეტას, არ ვარჯიშობენ, წამლებს არაორგანიზებულად სვამენ, წინააღმდეგობას უწევენ მშობლებს. მოზარდი კიდევ უფრო ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს და გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქოსოციალური პრობლემებიც აწუხებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო მუშაობას შინ თუ სასწავლებელში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას. სასურველია, ბავშვებისა და მოზარდების თავშეყრის ადგილებში მკაცრი კონტროლი იყოს დაწესებული საკვები პროდუქტების ხარისხსა და ასორტიმენტზე, სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკურ კულტურას მეტი ყურადღება ეთმობოდეს. მინდა, მშობლების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელიც დღესდღეობით არსებობს და არამარტო ჩვენთან. სიმსუქნით დაავადებული ბავშვების რიცხვი მთელ მსოფლიოში კატასტროფულად იზრდება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მატება აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებად ქვეყნებში. ბოლო 20 წლის განმავლობაში ნამატმა აშშ-ში 66% შეადგინა, ხოლო ბრაზილიაში - 24%. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ჭარბწონიანებისა და მსუქნების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მოშიმშილეთა რიცხვს. დიდი ხანია ცნობილია, რომ სიმსუქნის ფონზე იზრდება II ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობა, მაგრამ ბოლოდროინდელ გამოკვლევათა შედეგები შოკის მომგვრელი აღმოჩნდა - დადგენილ იქნა, რომ სიმსუქნე I ტიპის დიაბეტის რისკსაც ზრდის. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში სიმსუქნისა და I ტიპის დიაბეტის  ერთდროული ზრდა აღირიცხა. არსებობს კავშირი დიაბეტის გამოვლენას, ბავშვის ასაკსა და წონას შორისაც: ნორმაზე მეტი წონის მქონე ბავშვებს დიაბეტი უფრო ადრეულ ასაკში უვითარდებათ. სიმსუქნის ეპიდემიის ერთ-ერთი მიზეზია საკვების კალორიულობის მატება. მაგალითად, 1,5 ლიტრი კოკა-კოლა 1500კკალ-ს შეიცავს. კოლუმბიის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ დღეში 100 კალორიით ნაკლებს მივიღებთ, წლის განავლობაში 1კგ-ს დავიკლებთ. ეს გასახდომად საკმარისი არ არის, მაგრამ დაგეხმარებათ, რომ წონა არ მოიმატოთ. აქედან გამოდინარე, ექიმები მივიჩნევთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა საზოგადოებრივ და სახელმწიფო საქმედ უნდა იქცეს.

- კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, განურჩევლად იმისა, არსებობს თუ არა მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა დიაბეტის მიმართ.

- მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ:

  • ორსულისა და ნაყოფის დიდ წონას;
  • ახალშობილის დიდ წონას;
  • სიცოცხლის პირველ თვეებში წონის ნორმაზე სწრაფ მატებას.

ეს ის ნაადრევი ნიშნებია, რომლებიც ბავშვებში დიაბეტის განვითარების დიდ ალბათობაზე მიგვითითებს. გარდა ამისა, დაინგრა ძველი სტერეოტიპი, თითქოს I ტიპის დიაბეტის მქონე ადამაინი ყოველთვის გამხდარია. არც იმის უპირობოდ აღიარება შეიძლება, რომ მსუქან ბავშვებს მაინცდამაინც II ტიპი განუვითარდებათ. ბავშვთა ასაკში ჭარბი წონის ფონზე ორივე ტიპის დიაბეტის გავითარების ალბათობა იზრდება.