ვირუსული დიარეული ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსული დიარეული ინფექციები

- ვირუსულ დიარეას იწვევენ როტავირუსები და სხვა დიარეგენული ინფექციები: ასტროვირუსები, კალცივირუსები, სხვა წვრილი, მრგვალი ვირუსები. ასტროვირუსებით გამოწვეული გასტროენტერიტი, რომელიც მცირე ასაკის ბავშვებში ვითარდება, სიხშირით მეორე ადგილზე დგას როტავირუსების შემდეგ, მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულებში კი გასტროენტერიტების მიზეზი უფრო ხშირად დანარჩენი ვირუსებია. გარდა აღნიშნული ვირუსებისა, დიარეა შეიძლება გამოიწვიონ კორონავირუსებმა, ენტეროვირუსებმა, ადენოვირუსებმა (ყველაზე ხშირი მიზეზია ძუძუმწოვარ ბავშვებში) და სხვა. მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ხანმოკლე და მსუბუქი  მიმდინარეობით გამოირჩევა. ასეთი ეტიოლოგიის დიარეაზე ეჭვის მიტანა შეიძლება ნაწლავთა ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების (შიგელოზი, ეშერიხიოზი, კამპილობაქტერიოზი) გამორიცხვის შემდეგ.

- ბრძანეთ, რომ როტავირუსული ინფექცია ვირუსულ დიარეულ ინფექციებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. რამდენად საშიშია იგი?

- როტავირუსული ინფექცია მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მრავალ განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანაში ორ წლამდე ასაკის ბავშვებში იგი შეადგენს ნაწლავთა აშლილობის შემთხვევათა თითქმის ნახევარს. აშშ-ში როტავირუსული ინფექციით ყოველწლიურად ავადდება 1 მილიონი ბავშვი. აქედან ლეტალური შემთხვევები აღწევს 150-ს. ბავშვებსა და მოზრდილებში დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს სუსტად გამოხატული ნიშნებით. ყველაზე ხშირად ავადდებიან ახალშობილები და 6-დან 24 თვემდე ასაკის ბავშვები. ნებისმიერი კლინიკური ფორმით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება გაავრცელოს დაავადება და გადასდოს იგი გარშემომყოფებს. ვირუსის გარემოში გამოყოფა ხდება განავლით. დაავადების პირველ 8-9 დღეს განავალი შეიცავს ვირუსების საკმაოდ დიდ რაოდენობას. ვირუსის გამოყოფა 3 კვირამდე გრძელდება.

- იქნებ ინფექციის გადაცემის გზებზე უფრო ვრცლად გვესაუბროთ...

- ინფექციის გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური გზით - დაავადებული ადამიანის განავალი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვირუსებს, ხვდება ჯანმრთელის პირის ღრუში ჭუჭყიანი ხელების, საყოფაცხოვრებო საგნების, წყლის, საკვები პროდუქტების საშუალებით. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს წყლის რეზერვუარების ინფიცირება, რაც იწვევს წყლისმიერ აფეთქებებს ეპიდემიების სახით. საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით ინფექციის გავრცელება განაპირობებს აფეთქებას ოჯახის პირობებში.

- შესაძლებელია თუ არა, ბავშვი ვირუსული დიარეისგან განკურნების შემდეგ განმეორებით დაავადდეს?

- ინფექციის გადატანის შემდეგ ორგანიზმში ვითარდება იმუნიტეტი, რომელიც მხოლოდ 7-9 თვეს გრძელდება, ამიტომ, თუ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაირღვა, განმეორებითი დაავადება შესაძლებელია.

- ვირუსული დიარეებისთვის, ბაქტერიულისგან განსხვავებით, დამახასიათებელია წყლისებრი ფაღარათი. რატომ?

- ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 30 წუთის შემდეგ იწყება მისი შეჭრა წვრილი ნაწლავის ზემო ნაწილის უჯრედებში - ენტეროციტებში, და 24-72 საათის განმავლობაში ხდება მათი მაქსიმალური დაზიანება. როგორც ცნობილია, მომწიფებულ ენტეროციტებს საჭმლის მონელებისა და შეწოვის ფუნქცია აკისრიათ (გლუკოზისა და დამხმარე ამინომჟავების მეშვეობით ხდება წყლისა და ელექტროლიტების ტრანსპორტი). დაზიანებული უჯრედები ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, რის გამოც ნაწლავის სანათურში დიდი ოდენობით გროვდება შეუწოველი ნახშირწყლები. ნაწლავებში არსებული ბაქტერიების ზემოქმედებით ხდება მათი დაშლა და ორგანული მარილების წარმოქმნა, რაც უფრო მეტად აძლიერებს ნაწლავთა შიგთავსის ჰიპეროსმოლარობას - ქსოვილებიდან, უჯრედშუა სივრციდან, ნაწლავებიდან დიდი ოდენობით სითხე მოედინება, ნაწლავთა შიგთავსი კი ხდება წყლიანი. მოსალოდნელია მძიმე ცვლილებები სხვადასხვა ორგანოს მხრივაც. ვითარდება სხვადასხვა ხარისხის გაუწყლოება.

- კლინიკურად როგორ ვლინდება დაავადება?

- როტავირუსული ინფექცია იწყება 1-5-დღიანი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ, მწვავედ ან მძაფრად, ტემპერატურის 37,5-38 (იშვიათად 39) გრადუსამდე მომატებით. შემდეგ ამ სიმპტომებს ერთვის პირღებინება და ფაღარათი წყლისებრი მასებით. თავდაპირველად ღებინება პროდუქტიულია და შეიცავს საჭმლის მინარევებს. შემდეგ ხდება წყლისებური და შეიცავს ლორწოს მცურავი ფიფქების სახით. ღებინება უმეტესად დაავადების პირველსავე დღეებში წყდება, თუმცა ბავშვს კიდევ დიდხანს აქვს გულისრევის შეგრძნება და უქვეითდება მადა. ტემპერატურა მეორე დღესვე უბრუნდება ნორმას. თუ ტემპერატურა გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გააქტიურდა ორგანიზმში არსებული ქრონიკული ანთებითი კერა. ღებინების გამო სასის რკალები შეწითლებულია და ხშირად პირიდან ამოდის აცეტონის სუნი. ფაღარათი გრძელდება 5-7 დღე. განავალი, ბაქტერიული დიარეისგან განსხვავებით, არ შეიცავს ერითროციტებს და ლეიკოციტებს. იგი უხვია, წყლისებური, მოყვითალო ან მომწვანო, ქაფიანი, აქვს მკვეთრი (ხშირად მომჟავო) სუნი. ზოგჯერ განავალი მღვრიე თეთრი ფერისაა და მოგვაგონებს ქოლერის განავალს. მოზარდები, რომლებსაც შეუძლიათ გადმოგვცენ თავიანთი ჩივილები, ზოგჯერ კუჭისა (ეპიგასტრიუმის) და ჭიპის მიდამოში ტკივილს უჩივიან. მოსალოდნელია მუცლის ძლიერი მოვლითი ხასიათის ტკივილი. დამახასიათებელია დეფეკაციის იმპერატიული სურვილი, რომელიც უეცრად წარმოიშობა და თან სდევს ხმაურიანი ყურყური და აირების ხმაურიანი გამოშვება შხეფიანი განავლით. დეფეკაციის შემდეგ ავადმყოფი შვებას გრძნობს. დეფეკაციის ცრუ სურვილი, რომელიც შიგელოზის დროს გვხვდება, ვირუსული დიარეისთვის დამახასიათებელი არ არის.


- წლამდე ასაკის ბავშვებში რა ნიშნებით მიმდინარეობს დაავადება?

- მცირე ასაკის ბავშვებში ასიდან თითქმის 75-85 შემთხვევაში სწრაფად ვითარდება და პროგრესირებს გაუწყლოების, ექსიკოზის ნიშნები. ჩვილ, კვებადაქვეითებულ, იმუნოდეფიციტის მქონე (ხშირად მოავადე) ბავშვებში დაავადება ხანგრძლივად მიმდინარეობს. ზოგჯერ ფაღარათი 10-15 დღეს და მეტხანსაც გრძელდება. დაავადების მძიმე ფორმების დროს შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვა, გონების დაბინდვა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ახალშობილებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ ინფექციის ზოგიერთი აფეთქების დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნეკროზული ენტეროკოლიტის (სისხლიანი განავალი) სურათი, რასაც ახალშობილთა განყოფილებაში ახალი შტამის გაჩენას უკავშირებენ.

- დაავადების გამომწვევის იდენტიფიცირება, ლაბორატორიულად დადგენა, ყოველთვის ვერ ხერხდება. შესაძლებელი თუა, კლინიკური ნიშნების მიხედვით მივხვდეთ, რომელი ვირუსია დიარეის მიზეზი?

- ასტროვირუსული ინფექციის კლინიკური გამოვლინება თითქმის არ განსხვავდება როტავირუსული ინფექციისგან. დაავადება რამდენადმე კეთილმიმდინარეა, ნაკლებად არის გამოხატული ორგანიზმის გამოშრობა. ადენოვირუსული ინფექცია იწვევს უფრო ხანგრძლივ - 10-14-დღიან დიარეას. ნორვოლკვირუსულ ინფექციას აქვს ხანმოკლე საინკუბაციო პერიოდი, კლინიკურ სურათში დომინირებს ღებინება და გულისრევა. ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 დღეს. კლინიკა მოგვაგონებს სტაფილოკოკურ კვებით მოწამვლას.

- როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?

- გულისრევისა და წყლისებრი დიარეის გამო ორგანიზმი სწრაფად შრება, მით უმეტეს, ზაფხულში. ბავშვი ერთი-ორი პირღებინების შემდეგ შესაძლოა უცბად მოითენთოს, ძილად მივარდეს. ეს საგანგაშო მდგომარეობაა, საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას და ორგანიზმის შევსებას სითხითა და ელექტროლიტებით. თუ ბავშვი, გულისრევისა და ფაღარათის მიუხედავად, აქტიურია, იღებს საკვებს, სითხეებს, შეიძლება მისი ბინაზე დატოვება და მკურნალობის გაგრძელება სახლის პირობებში, ექიმის მეთვალყურეობით. გაუწყლოების დროს პატარა აგზნებულია, ჭირვეულობს, თვალები ჩაცვენილი აქვს, უცრემლოდ ტირის, მუცელი ჩავარდნილი აქვს, კანი - დანაოჭებული, გამომშრალი. ასეთ დროს დაყოვნება შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს.

- ბაქტერიულისგან რა თავისებურებებით გამოირჩევა ვირუსული დიარეების მკურნალობა?

- განურჩევლად მიზეზისა, დიარეის დროს პირველი რიგის სამკურნალო ღონისძებაა ბრძოლა ორგანიზმის გამოშრობასთან, ელექტროლიტების ინტრავენური წვეთოვანი გადასხმები ან იმავე ხსნარების დასალევად მიცემა (მსუბუქი ექსიკოზის დროს). მინდა, როგორც ექიმების, ასევე მშობლების გასაგონად ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვირუსული დიარეის დროს ანტიბიოტიკების დანიშვნა არ შეიძლება - ისინი უეფექტოა! გარდა ამისა, შესაძლოა გაახანგრძლივოს დაავადება და გააღრმაოს დისბაქტერიოზი. კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვის კვება, რომელსაც სამკურნალო მნიშვნელობაც აქვს. არ შეიძლება, დიარეის დროს პატარა ვაშიმშილოთ. წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობს სპეციალური ანტიდიარეული რაციონი, ხოლო წლის შემდეგ სამკურნალო კვება გულისხმობს ნახშირწყლებისა და ცხიმების შეზღუდვას. მიეცით ბავშვს ცილით მდიდარი საკვები - მოხარშული ხორცი, ხაჭო, ფაფა. პირველი 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ რძისა და მისი ნაწარმისგან, შემდეგ კი შეიტანეთ მენიუში მაწონი, ნაკლებცხიმიანი ყველი... მკურნალობის სქემა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად დგება, ამიტომ ბავშვმა მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები (ფერმენტები, პრობიოტიკები) უნდა მიიღოს და არა სხვათა გამოცდილების საფუძველზე ნაყიდი.

- შეიძლება თუ არა, ბავშვს თავიდან ავაცილოთ ვირუსული დიარეა?

- საამისოდ საუკეთესო გზაა პირადი ჰიგიენის დაცვა, სანიტარიული რეჟიმის კონტროლი და დაავადებულ ბავშვთან ან მოზრდილთან ყოველგვარი კონტაქტის შეზღუდვა.