პატარას ქავილი აწუხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარას ქავილი აწუხებს

ჩვილს შორისის მიდამო ექავება, რის გამოც უცნაურ მოძრაობებს ასრულებს - ფეხებს ხრის და ჭიმავს, განსაკუთრებით - პამპერსის გამოცვლისას, როცა შიშველს ვტოვებთ მაგიდასა თუ საწოლზე. თუ ასეთი რამ შეამჩნიეთ, გირჩევთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს და თქვენი შეშფოთების მიზეზი აუხსნათ. სასურველია, დედასაც და შვილსაც ვირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდეთ. თუ პატარას მოგვიანებით, 4-5 თვის ასაკში, დაეწყო მოუსვენრობა, ოფლიანობა, განსაკუთრებით - ძილისა და ჭამის დროს, თავის ქავილი, რის გამოც ბალიშს განუწყვეტლივ უხახუნებს თავს და კეფაზე თმა სცვივა, - რაქიტთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვის პირად პედიატრს, რათა დროულად იქნეს დაწყებული ანტირაქიტული მკურნალობა - დაინიშნოს მედიკამენტები, კვებისა და დღის რეჟიმი. 10-11 თვიდან პატარა ხოხვას იწყებს. რაც უნდა ხშირად და გულმოდგინედ დაასუფთაოთ იატაკი, ალბათობა იმისა, რომ პატარას ორგანიზმი ჭიებით დაბინძურდეს, მაღალია. მით უმეტეს, კბილების ამოჭრისას, როცა ბავშვს პირისკენ მიაქვს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება. ინვაზიის ნიშნები ასეთია: ბავშვი ცუდად ჭამს, ჭირვეულობს, მოუსვენრად სძინავს, კბილებს აკრაჭუნებს, იქავებს უკანა ტანს, უზმოზე პირიდან ამოსდის უსიამოვნო სუნი. თუ ამ ნიშნებს დროულად არ მივაქციეთ ყურადღება, ბავშვი ზრდაში ჩამორჩენას დაიწყებს, ცვლილებები განუვითარდება სისხლში (ანემია, ეოზინოფილია). ამ შემთხვევაშიც პედიატრს უნდა მიმართოთ. ბავშვი მკურნალობის დაწყებისთანავე იგრძნობს შვებას, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღებად კურსი რამდენიმეჯერ უნდა განმეორდეს. პარაზიტებთან ბრძოლა არც ისე ადვილია...

- ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელი, გამონაყარით მიმდინარე ინფექციური დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომი ქავილიც არის...

- დავიწყოთ წითელათი. დამახასიათებელ გამონაყარს წინ უძღვის ტემპერატურის 38,5-39 გრადუსამდე მომატება, ზედა სასუნთქი გზების კატარი, კონიუნქტივიტი, მშრალი შემაწუხებელი ხველა და გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნება, ცხვირცემინება, ცხვირიდან გამონადენი. გამონაყარი ჩნდება დაავადების მე-4-5 დღეს. მის გაჩენას თან სდევს ტემპერატურის ხელახალი მომატება და საერთო ინტოქსიკაციის გაძლიერება. პირველი ელემენტები ჩნდება ყურის უკან, ნიჟარის ახლოს, ასევე - ცხვირის ზურგზე, ლოყებზე. 24 საათში გამონაყარი ვრცელდება მთელ სახესა და სხეულზე დაღმავალი გზით. იგი ლაქოვან-პაპულურია და შერწყმისკენ მიდრეკილება ახასიათებს. რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, მით უფრო ხშირი და შერწყმულია გამონაყარი. წითელას დროს ქავილი არცთუ ისე მძაფრია. გაცილებით ძლიერი ქავილი ახასიათებს ჰერპესის ოჯახის ვირუსებით გამოწვეულ დაავადებებს. მარტივი ჰერპესის კანის ფორმის დროს იქ, სადაც შესაძლოა გაჩნდეს გამონაყარი, თავდაპირველად წარმოიშობა წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, სუსტი ტკივილი და დაჭიმულობა. 1-2 დღის შემდეგ გამონაყარიც ჩნდება. ეს არის 0,1-0,3 სმ ზომის თხელკედლიანი ბუშტუკები, რომელთა ირგვლივ კანი შეშუპებული და შეწითლებულია. ბუშტუკები სავსეა გამჭვირვალე სეროზული სითხით, რომელიც შესაძლოა აიმღვრეს. რამდენიმე დღის შემდეგ ბუშტუკები სკდება, ფუფხს იკეთებს და უნაწიბუროდ ქრება. შესაძლოა, დატოვოს სუსტი პიგმენტაცია.

სარტყლისებრ ჰერპესს ახასიათებს კანზე ჯგუფური ბუშტუკოვანი გამონაყარი და ნევრალგია (ტკივილი) მგრძნობიარე ნერვების გასწვრივ. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით, საერთო სისუსტით. ერთ-ერთი სეგმენტური ნერვის მიერ ინერვირებულ ადგილას (მაგალითად, ნეკნების გასწვრივ) ავადმყოფს უჩნდება წვის, ქავილის, ჩხვლეტის შეგრძნება და გამკვრივება. 1-2 დღის შემდეგ ჩნდება წითელი პაპულების ჯგუფი, რომლებიც თანდათან გამჭვირვალეშიგთავსიან, ერთმანეთთან შერწყმულ ბუშტუკებად იქცევა. გამონაყარი 7-14 დღეში ქრება. ჰერპესვირუსით არის გამოწვეული ჩუტყვავილაც. ის, როგორც ვიცით, ტალღისებურად მიმდინარეობს. გამონაყარის ყოველ ტალღას თან სდევს ტემპერატურული რეაქცია. გამონაყარის პიკზე ბავშვები უჩივიან საერთო სისუსტეს, უმადობას, ძილის დარღვევას, კანის ქავილს და ინტოქსიკაციის სხვა გამოვლინებებს. გამონაყარი თავდაპირველად ჩნდება ტანზე, შემდეგ - სახესა და თავის თმიან ადგილებზე. შიგთავსის დაღვრის შემდეგ ბუშტუკები ხმება და წარმოქმნის ფუფხს, რომელიც რამდენიმე დღეში თავისით სცილდება. გამონაყარი ნაწიბურებს არ ტოვებს, თუმცა მის ადგილას რჩება მუქი პიგმენტაცია, რომელიც 2-3 თვეში გაივლის.

არსებობს კიდევ ერთი დაავადება, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. ეს არის კავასაკის დაავადება, რომელიც უმეტესად 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ისიც გამონაყარით მიმდინარეობს და ორგანოთა მრავალ სისტემას აზიანებს. ახასიათებს მწვავე ცხელება, თვალის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსების დაზიანება, პოლიმორფული მაკულურ-პაპულური გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, მტევნებისა და ქუსლების ერითრემა, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება. დაავადების დიაგნოსტიკა სიმპტომთა ერთობლიობას ეფუძნება. ერთ-ერთი მათგანია 2-10 მმ დიამეტრის ერითრემული მქავანა გამონაყარი, რომელიც უმეტესად მუცლის ქვედა ნაწილზე ან პერიანალურ მიდამოში შემოიფარგლება. გამონაყარის ალაგების შემდეგ იწყება კანის სქელი, ფირფიტისებრი აქერცვლა (შედარებისთვის: ქუნთრუშის დროს ქერცლი წვრილი და ქატოსებრია).

- რა იწვევს ბავშვებში შორისის მიდამოს ქავილს?

- შორისის მიდამოს ქავილი, გარდა ზემოთ ნახსენები თანდაყოლილი პაპილომავირუსული ინფექციისა, შეიძლება გამოიწვიოს ჭიებით ინვაზიამ, ხოლო სქესობრივი მომწიფების პერიოდში - ვულვოვაგინიტმა. ამ დაავადებას კანდიდას ოჯახის სოკოები იწვევენ. მის განვითარებას ხელს უწყობს ჰიგიენის არასათანადო დაცვა და ანტიბიოტიკების ხშირი, უსისტემო მიღება. ვულვოვაგინიტს ქავილი, ჰიპერემია, თეთრი ხაჭოსებრი ნადები, ანთებითი ფიფქები ახასიათებს. ის ადვილად ემორჩილება ვაგინალური მალამოებით, ნისტატინით, კლოტრიმაზოლით მკურნალობას, მაგრამ თვითმკურნალობას არ გირჩევთ - ადვილი შესაძლებელია, პროცესი გახანგრძლივდეს და სხვა ორგანოებიც დააზიანოს.

- კანის ქავილი ვირუსულ ჰეპატიტებსაც ახასიათებს...

- ვირუსული ჰეპატიტების დროს ქავილი მართლაც ხშირად გვხვდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ იგი დამახასიათებელი სადიაგნოსტიკო ნიშანი იყოს. A და B ვირუსული ჰეპატიტების საწყისი, პროდრომული პერიოდი მწვავედ, საერთო ინტოქსიკაციის თანხლებით მიმდინარეობს - დამახასიათებელია სისუსტე, უძლურება, უმადობა, გულისრევა, პირღებინება, ძილად მივარდნა, თავის ტკივილი, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და ეპიგასტრიუმის არეში, ნაწლავთა დისფუნქცია - ყაბზობა ან დეფეკაცია თხიერი განავლით. A ჰეპატიტის დროს ქავილი სიყვითლის გამომჟღავნებამდე იჩენს თავს. B ჰეპატიტის შემთხვევაში სიყვითლისწინა პერიოდში კანზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც წითელას, ქუნთრუშას ან ჭინჭრის ციებას წააგავს. განსაკუთრებით ხშირია პაპულური დერმატიტი. სწორედ ამით აიხსნება, რომ B ჰეპატიტის დროს ქავილი უფრო ძლიერი და შემაწუხებელია, ვიდრე A ჰეპატიტის დროს. ამრიგად, შესაძლებელია, ბავშვთა ასაკში ქავილი ერთ-ერთ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმად ჩაითვალოს. მშობლებს მხოლოდ დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა დროულად შეამჩნიონ ეს სიმპტომი და მიმართონ პედიატრს. სრულყოფილ ანამნეზზე, დაავადების დროულ გამოვლენასა და დიაგნოზის სიზუსტეზე ბევრად არის დამოკიდებული მკურნალობის საბოლოო შედეგი.