რკინის დეფიციტი ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რკინის დეფიციტი ბავშვებში

  • საკვების მეშვეობით რკინის არასაკმარისი მიღება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი შეწოვის დარღვევა. მნიშვნელობა აქვს არა იმდენად სურსათში რკინის შემცველობას, რამდენადაც მის შეწოვასა და ათვისებას ორგანიზმის მიერ. რკინა თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილ ნაწლავში შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს კი შეწოვის პროცესი დარღვეულია და რკინის დეფიციტი ვითარდება.
  • რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნა ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდში. ამ დროს მიმდინარეობს ქსოვილთა ინტენსიური ზრდა, ორგანოებისა და სისტემების მომწიფება, იმატებს მოცირკულირე სისხლის მოცულობა. რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია სქესობრივი მომწიფებისა და მენსტრუალური ფუნქციის ჩამოყალიბების პერიოდებში.
  • ორგანიზმის მიერ რკინის კარგვა. ასეთი რამ უმთავრესად სისხლდენით მიმდინარე დაავადებების (კუჭის წყლულოვანი დაავადება,  პოლიპები, სისხლძარღვოვანი ანომალიები, ცხვირიდან სისხლდენა), ჭიებით ინვაზიის, მენსტრუაციის დროს ხდება. ბევრ რკინას ხარჯავენ ბავშვები, რომლებსაც ხშირად ემართებათ მწვავე რესპირაციული ინფექციები, ვინაიდან ვირუსები და ბაქტერიები ბავშვის ორგანიზმში არსებულ ამ მიკროელემენტს თავიანთი მეტაბოლური პროცესებისთვის იყენებენ.

ამრიგად, ადრეული ასაკის ბავშვებში რკინის დეფიციტის მიზეზია ამ მიკროელემენტის უკმარისობა დაავადებისას და როგორც დედის, ასევე ბავშვის არარაციონალური კვება, ხოლო მოზრდილებში - სისხლდენები და ორგანიზმის ინტენსიური ზრდა.

- რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ ანემია არ გამოეპაროთ?

- რკინადეფიციტური ანემია ქრონიკული მდგომარეობაა. მისი სიმპტომების გამოვლენის ხარისხი პროცესის განვითარების სიჩქარესა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. საშუალო ხარისხის ანემიაც კი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაძლოა, ბავშვი უჩიოდეს სწრაფად, ადვილად დაღლას, ქოშინსა და გაძლიერებულ გულისცემას, განსაკუთრებით - ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. მძიმე ანემიის დროს ეს ნიშნები მოსვენებულ მდგომარეობაშიც ვლინდება. მდგომარეობის სიმძიმე, უპირველეს ყოვლისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევის ხარისხზეა დამოკიდებული. ანემიის საშუალო და მძიმე ფორმების დროს ცვლილებები სხვა ორგანოებშიც ხდება. ანემიის დროს ვითარდება ორგანიზმის ქრონიკული ჰიპოქსია - ჟანგბადის უკმარისობა, რომელიც თავბრუხვევას იწვევს. ბავშვები თავბრუხვევასთან ერთად უჩივიან:

  • თავის ტკივილს;
  • ყურებში ხმაურს;
  • ხშირად მისდით გული;
  • გაღიზიანებულნი არიან;
  • დარღვეული აქვთ ძილი;
  • უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, რის გამოც აკადემიური მოსწრებით თანატოლებს საგრძნობლად ჩამორჩებიან.

სისხლის მიმოქცევის გაუარესების გამო შესაძლოა თავი იჩინოს ზემგრძნობელობამ სიცივის მიმართ. ასეთ ბავშვებს ხელ-ფეხი მუდამ გაყინული აქვთ და სულ სცივათ. ცვლილებები შეიმჩნევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივაც: მადა მკვეთრად უარესდება, ხშირია ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. გოგონებს ერღვევათ მენსტრუალური ციკლი, რაც ამენორეით ან, პირიქით, უხვი სისხლდენით ვლინდება. ყველაზე საგულისხმო ნიშანია ხილული ლორწოვანი გარსების: პირის ღრუს ლორწოვანის, კონიუნქტივიტის - სიფითრე, ფრჩხილების სიფითრე ან სილურჯე.

- აქვს თუ არა ანემიას სპეციფიკური ნიშნები?

- რკინის ხანგრძლივი დეფიციტის დროს მოსალოდნელია მადის, ყნოსვის გაუკუღმართება (ბავშვი ჭამს ცარცს, ტალახს, საღებავებს, ყინულს, მოსწონს ბენზინის, საღებავების, ლაქის, მასტიკის მკვეთრი სუნი), ხმის წასვლა (გლოსიტი), ფრჩხილების მტვრევადობა (კეილონიქია). ორგანიზმის თავდაცვითი უნარი მკვეთრად მცირდება, ამიტომ ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, ინფექციური დაავადებები კი უფრო მეტად ამცირებს რკინის მარაგს და აღრმავებს დეფიციტს.

- როგორ ვებრძოლოთ რკინის დეფიციტს?

- რკინის მარაგის შესავსებად საჭიროა იმ მიზეზთა აღმოფხვრა, რომლებიც მის დეფიციტს განაპირობებს. ამისთვის საჭიროა, გულდასმით გამოვკითხოთ მშობელი, შევკრიბოთ ანამნეზი (ორსულობის პერიოდის ჩათვლით). დიაგნოზის დაზუსტებაში ლაბორატორიული გამოკვლევები გვეხმარება. კერძოდ, ანემიისთვის დამახასიათებელია შრატის რკინის ნაკლებობა - სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა რკინის 13მმოლ/ლ-ზე მეტად დაქვეითებას გვიჩვენებს. სისხლის საერთო ანალიზში ყურადღებას იპყრობს ჰემოგლობინის დაქვეითება 80გ/ლ-ზე მეტად, ხოლო ფერადობის მაჩვენებელი, ეგრეთ წოდებული ფარბეს ინდექსი, 0,8-ზე ნაკლებია. რკინის ჭეშმარიტ დეფიციტს თან სდევს ვიტამინ B12-ის, ვიტამინ B6-ის, ფოლიუმის მჟავას უკმარისობა. რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის დასმის შემდეგ უნდა ჩატარდეს მკურნალობა რკინის პრეპარატებით, ვინაიდან მხოლოდ დიეტით რკინის მარაგის შევსება შეუძლებელია. კურსი ხანგრძლივია, დაახლოებით 3 თვეს გრძელდება, ზოგჯერ მეტხანსაც. უნიშნავენ უპირატესად დასალევ პრეპარატებს. რკინადეფიციტური ანემიის დროს სისხლის გადასხმა მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაშია დასაშვები.

- ცნობილია, რომ რკინის პრეპარატების მიღების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, პირღებინება, დიარეა, რასაც მოსდევს თავბრუხვევა, ზოგადი სისუსტე. როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი მოვლენები?


- გარდა თქვენ მიერ ჩამოთვლილი დისპეფსიური მოვლენებისა, რკინის პრეპარატების მიღებას შესაძლოა სხვაგვარი უკუეფექტიც მოჰყვეს, მაგალითად:

  • კბილის მინანქრის ფერის შეცვლა, გამუქება;
  • ლითონის გემო პირში;
  • ალერგიული გამონაყარი კანზე.

ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა ჩატარდეს. თვითმკურნალობა დაუშვებელია. რკინის პრეპარატების საწყისი დოზა კუთვნილის 1/2-1/3-ს უნდა შეადგენდეს და რამდენიმე დღის განმავლობაში საფეხურობრივად გაიზარდოს. არსებობს რკინის პრეპარატების ორი ჯგუფი: იონური რკინის შემცველი საშუალებები და არაიონური პრეპარატები, რომლებიც სამვალენტიან რკინას შეიცავს. ეს პრეპარატები მოთავსებულია კაფსულებში, რომელთა ორმაგი გარსი ხანგრძლივი მიღების შემთხვევაშიც კი იცავს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს დაზიანებისგან. ამდენად, მიზანშეწონილია კაფსულის გადაყლაპვა და არა გახსნა და მისი შიგთავსის კოვზით მიღება.

- მკურნალობის დაწყებიდან რამდენი ხნის შემდეგ ეტყობა ბავშვს უკეთესობა?

- კლინიკური გაუმჯობესება თანდათან ხდება შესამჩნევი: ბავშვი აქტიურდება, თავბრუხვევას აღარ უჩივის, მადა ემატება, ვარდისფერს იბრუნებს ხილული ლორწოვანი გარსები და კანი. მესამე-მეექვსე კვირიდან იწყება ჰემოგლობინის დონის ნორმალიზება, მაგრამ ეს რკინის დეფიციტის აღმოფხვრას არ ნიშნავს - როგორც აღვნიშნეთ, ორგანიზმში რკინის სათანადო მარაგის აღსადგენად სამი თვე და მეტია საჭირო.

- რას ურჩევთ მშობლებს  რაციონის თაობაზე, როგორ ვკვებოთ ბავშვი რკინადეფიციტური ანემიის დროს?

- ზემოთქმულს გავიმეორებ: რკინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად დიეტოთერაპია საკმარისი არ არის. ეს იმიტომ, რომ საკვებიდან რკინის შეწოვა შეზღუდულია - რამდენიც უნდა იყოს ეს მიკროელემენტი კერძში, ორგანიზმი დღე-ღამეში 2,5 მგ-ზე მეტს ვერ აითვისებს. შედარებისთვის მოვიყვან მაგალითს: ჯანმრთელი ბავშვი, ასაკის გათვალისწინებით, დღე-ღამეში 0,15-,6 მგ რკინას კარგავს, მოზარდი გოგონა მენსტრუაციული ციკლის დროს - 15-50 მგ-ს, თანამედროვე პრეპარატების მეშვეობით კი ორგანიზმი 20-ჯერ მეტ რკინას იღებს. ამრიგად, დიეტოთერაპია რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის ერთადერთ გზად ვერ გამოდგება, თუმცა მისი ერთ-ერთი კომპონენტი ნამდვილად უნდა იყოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია არა რკინის ოდენობა სურსათში, არამედ მისი ფორმა. სწორედ ფორმაზეა დამოკიდებული, როგორ შეიწოვს და აითვისებს ორგანიზმი ამ ელემენტს და ამის კვალობაზე, რამდენად ეფექტური იქნება მკურნალობა. ყველაზე იოლად შეიწოვება ის ორგანული ნაერთი, რომელიც ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის. მისი ათვისება არც მჟავიანობაზეა დამოკიდებული და არც ფერმენტებზე. სიცხადისთვის ასეთ მაგალითს მოვიყვან: ძროხის ხორცის მიღებისას (ორგანული რკინა) რკინის შეწოვის კოეფიციენტი 17-22%-ია, ხილის მიღებისას კი (არაორგანული რკინა) მხოლოდ 3%. რკინის შეწოვა არც თავად ცხოველური წარმოშობის სურსათიდან არის ერთგვაროვანი. მაგალითად, ღვიძლიდან, სადაც ის ფერიტინისა და ტრანსფერინის სახით არის წარმოდგენილი, რკინა გაცილებით უარესად შეიწოვება, ვიდრე ხორციდან, თუმცაღა ეს ელემენტი ღვიძლში უფრო მეტია, ვიდრე ხორცში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რკინადეფიციტური ანემიის დროს რაციონი მდიდარი უნდა იყოს სურსათით, რომელშიც რკინა ჰემის ფორმით მოიპოვება. ასეთია:

  • ძროხის ხორცი;
  • ძროხის ენა;
  • კურდღლის ხორცი.

ხორცსა და ღვიძლთან ერთად რაციონში ხილი და ბოსტნეულიც უნდა შევიტანოთ - ის არაორგანული რკინის ათვისებას აუმჯობესებს. არაორგანული რკინის შეწოვას ასევე ხელს უწყობს:

  • ასკორბინის მჟავა - ჩ ვიტამინი;
  • რძემჟავა პროდუქტები - მაწონი, იოგურტი, კეფირი, ხაჭო.

არაორგანული რკინის ათვისებას აფერხებს:

  • სოიის ცილა;
  • ჩაი;
  • ყავა;
  • პარკოსნები.

ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინას დიდი ოდენობით შეიცავს, მაგრამ მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. ცხადია, იმავე მიზეზით, რომ ორგანიზმი არაორგანულ (მცენარეულ) რკინას ძნელად ითვისებს. ამიტომ ვაშლი, ბროწეულის წვენი, წიწიბურა და სხვა ამგვარი სურსათი, რამდენიც არ უნდა მივიღოთ, რკინადეფიციტური ანემიის დროს უშედეგოა. მოდი, შევაჯამოთ ზემოთქმული: სამკურნალო კვებას რკინის დეფიციტის შევსება არ შეუძლია, თუმცა ჯანმრთელი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება ნამდვილად ხელეწიფება. რკინადეფიციტური ანემიის დროს სამკურნალო კვება რკინის პრეპარატებთან ერთად კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთ კომპონენტად უნდა გამოვიყენოთ.