სტუმრად ალერგოლოგთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტუმრად ალერგოლოგთან

- როდის ვითარდება შრატისმიერი დაავადება?

- უცხო ცილის - ტეტანუსის, დიფტერიის, ცოფის, გველის ნაკბენის, ბოტულიზმის, აერობული განგრენის საწინააღმდეგო შრატის, შედარებით იშვიათად - გამა-გლობულინისა და სხვა მედიკამენტების როგორც პირველადი, ისე განმეორებითი შეყვანის შემდეგ.

- როგორ ვლინდება დაავადება?

- შრატის შეყვანის მეექვსე-მეშვიდე დღიდან ან უფრო გვიან - მეთორმეტე-ოცდამეერთე დღესაც კი - თავს იჩენს ლიმფური კვანძების გადიდება, გამონაყარი (ურტიკარია, ერითემა, პაპულა, პურპურა), სახსრების ტკივილი. ამ ნიშნების გაჩენამდე 1-2 დღით ადრე შრატის შეყვანის ადგილას შეიმჩნევა სიწითლე, შესივება, ქავილი. სხეულის ტემპერატურა, წესისამებრ, მომატებულია (თუმცა იშვიათად აღემატება 38 გრადუსს) და 3-5 დღეს გრძელდება. ეს არის ტიპური შრატისმიერი დაავადება. არსებობს დაუყოვნებელი ტიპის შრატისმიერი რეაქციაც. ის ვითარდება შრატის შეყვანიდან 1-5 დღის შემდეგ სენსიბილიზაციის ფონზე (ერთხელ უკვე განვითარებული ალერგიული რეაქციის შემდეგ). მეორეული პასუხის კლინიკური სურათი უფრო ხანგრძლივია.

- სახიფათოა თუ არა სიცოცხლისთვის ეს მდგომარეობა?

- მსუბუქ შემთხვევაში დაავადების ნიშნები 3-4 დღეში ქრება, მძიმე მიმდინარეობისას კი 2-3 კვირას გასტანს. პროგნოზი კეთილსაიმედოა, მკურნალობა კი მიმართულია კონკრეტულ შემთხვევაში გამოვლენილი ნიშნების საწინააღმდეგოდ: ქავილის დროს ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალებები, სახსრების ტკივილისას - ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებები, ხოლო მძიმე მიმდინარეობისას სტეროიდების ხანმოკლე კურსია რეკომენდებული.

- რა არის ანაფილაქსიური შოკი, რა იწვევს მას?

- ანაფილაქსიური შოკი ჭეშმარიტი შოკია, რომელიც ვითარდება სენსიბილიზაციის ფონზე ალერგენთან განმეორებითი კონტაქტის შემდეგ. იგი სწრაფი ტიპის მწვავე გენერალიზებული რეაქციაა. მისი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ალერგენის შეყვანის გზას (პარენტერალურია თუ ორალური), ოდენობას, წინა ალერგიზაციიდან გასულ დროს და სხვა, თუმცა სენსიბილიზებული ორგანიზმისთვის ზოგჯერ ალერგენის მინიმალური დოზაც კი საკმარისია. ანაფილაქსიური შოკის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სამკურნალო საშუალება, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკი, ნოვოკაინი, რენტგენოკონტრასტული ნივთიერება, ვიტამინი (B1, B2, კოკარბოქსილაზა), ჰორმონი, ვაქცინა, გამაგლობულინი, შრატი, ასაცრელი მასალა; აღწერილია ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევები კანის სადიაგნოზო სინჯის გაკეთებისას; ანაფილაქსიური რეაქცია მოსალოდნელია მედიკამენტების პირველადი გამოყენების დროსაც, აგრეთვე - სამედიცინო პერსონალსა თუ იმ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ამ პრეპარატს იღებდნენ;
  • საკვები: თევზი, კვერცხი, ნიგოზი, რძე, ციტრუსი და სხვა;
  • მწერის ნაკბენი;
  • მიკრობული და პარაზიტული ანტიგენები.

- როგორ მიმდინარეობს ანაფილაქსიური შოკი?

- შოკი ვითარდება სწრაფად, ერთბაშად. სენსიბილიზებულ ორგანიზმში ალერგენის განმეორებითი მოხვედრისთანავე ვითარდება ძლიერი სისუსტე, იწყება გულისრევა. ხშირად შოკის ადრეული ნიშნებია ენაზე, კანზე, ხელებსა და თავზე ნემსის ჩხვლეტისა და ქავილის შეგრძნება, ცემინება, ხველა, მოუსვენრობა, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი. არტერიული წნევა მკვეთრად ეცემა, სახის ჰიპერემია იცვლება სიფითრით, ხშირია ალერგიული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ცივი წებოვანი ოფლი, მუცლის შეტევისებური ტკივილი. ელვისებური ანაფილაქსიური შოკი რამდენიმე წამში ან წუთში ვითარდება და არცთუ იშვიათად სიკვდილით სრულდება. ანაფილაქსიური შოკის ხანგრძლივობა ხშირად 30 წუთზე ნაკლებია. არცთუ იშვიათად იგი ორფაზიანია - ზოგადი მდგომარეობის მცირედი გაუმჯობესების შემდეგ არტერიული წნევა ისევ ეცემა. მოსალოდნელია მოგვიანებითი გართულებაც, ამიტომ ბავშვები, რომლებმაც შოკი გადაიტანეს, 12-15 დღის განმავლობაში პედიატრის, ალერგოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.


- როგორ გამოვიყვანოთ ბავშვი შოკური მდგომარეობიდან?

- შოკიდან გამოყვანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შოკის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების სისწრაფეს, სიზუსტესა და თანმიმდევრობას. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს შოკის საწინააღმდეგო კომპლექსი. ანაფილაქსიური შოკის დროს ყველაზე აქტიური და სწრაფმოქმედი საშუალებაა ადრენალინი.

- შესაძლებელია თუ არა ანაფილაქსიური შოკის თავიდან აცილება?

- საამისოდ ყველაზე მარტივი საშუალებაა ანამნეზის შეკრება: მშობელი დეტალურად უნდა გამოიკითხოს იმის თაობაზე, აქვს თუ არა მის შვილს რამენაირი ალერგიული რეაქცია და თუ აქვს, რომელ მედიკამენტსა თუ პროდუქტზე. გამოვლენის შეთხვევაში იგი მითითებული უნდა იყოს ბავშვის პოლიკლინიკურ რუკაში. ანტიბიოტიკების (განსაკუთრებით - საინექციო ფორმის) დანიშვნისას საჭიროა ჩატარდეს კანის წინასწარი სინჯი. გამონაყარის, შეშუპებისა და სხვა სიმპტომების გამოვლენისას მედიკამენტის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს მკურნალობა ანტიჰისტამინური საშუალებებით.

ბავშვები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ანაფილაქსიური შოკი, ალერგოლოგთან დისპანსერულ აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდნენ. შოკის გამომწვევი (ალერგენი) აუცილებლად უნდა იყოს მითითებული როგორც უბნის ექიმის პოლიკლინიკურ რუკაში, ისე ალერგოლოგის დისპანსერული მეთვალყურეობის დავთარში.

- ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება. რა ტიპის ალერგიული დაავადებებია ისინი?

- ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება კანის დაავადებებია. ისინი შესაძლოა გამოიწვიოს:

  • მცენარეულმა მტვერმა, ბუმბულმა, ცხოველის ქერცლმა;
  • კვერცხმა, რძემ, შოკოლადმა, ნიგოზმა, მარწყვმა, ციტრუსებმა, პომიდორმა, კონსერვებმა;
  • ანტიბიოტიკებმა, აცეტილსალიცილის მჟავამ, B ჯგუფის ვიტამინებმა, იოდის პრეპარატებმა;
  • მწერების ნაკბენმა, ჭიებით ინვაზიამ და სხვა.

ბავშვთა ასაკში ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზი საკვებია. ალერგიული რეაქცია შესაძლოა საკვების (მაგალითად, თევზის) მძაფრმა სუნმაც კი გამოიწვიოს.

ისეთი საკვები, რომელიც თვითონვე შეიცავს დიდი ოდენობით ჰისტამინს, - მაგალითად, ყველი, თევზი, კომბოსტოს მწნილი, ძეხვეული, - ალერგიული რეაქციის განვითარების მიზეზად იქცევა. მაპროვოცირებელ ფაქტორებად ითვლება:

  • ფიზიკური ფაქტორები (სიცივე, სითბო);
  • ფსიქიკური ტრავმა.

მემკვიდრეობითი ფაქტორიც უდიდეს როლს ასრულებს ზემოთ ჩამოთვლილი ალერგიული დაავადებების ქრონიკული ფორმების გენეზისში.

- რას გვეტყვით დაავადების სიმპტომებზე?

- ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების შემთხვევაში მეტ-ნაკლები სიძლიერით არის გამოხატული კანისმიერი სიმპტომები - ჰიპერემია,  პაპულა, ქავილი - და ვითარდება ლოკალური, ადგილობრივი შეშუპება. სახის კანზე ჩნდება ერითემა (წითელი, ფართოფოთლოვანი გამონაყარი), რომელიც შემდგომ სხეულის სხვა უბნებზე ვრცელდება. ამის შემდეგ იწყება კანის ქავილი. ხშირად ვითარდება კონიუნქტივიტიც, იშვიათად ხორხის შეშუპების გამო ძნელდება სუნთქვა, იწყება გულისრევა.

კვინკეს შეშუპების დროს აღინიშნება მკვეთრად შემოსაზღვრული შეშუპება სხეულის ნებისმიერ ადგილას, უმეტესად - ტუჩების, ენის, თვალების, ხელების, ფეხების, სასქესო ორგანოების მიდამოში. შეშუპება რჩება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. ალერგენთან გახანგრძლივებული კონტაქტის შემთხვევაში კანზე გამონაყარი კვლავ წარმოიქმნება.

- როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ასეთ დროს?

- უწინარეს ყოვლისა, მიმართონ ექიმს, რათა დროულად იქნეს გამოვლენილი რეაქციის გამომწვევი და მოხდეს მისი ლიკვიდაცია. კვებისმიერი ალერგიის დროს მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, ოყნა, ანტიჰისტამინური პრეპარატები. მძიმე ფორმის შემთხვევაში კორტიკოსტეროიდების გამოყენებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა, მაგრამ ალერგიული რეაქცია რომ აღარ გამეორდეს, საჭიროა ალერგენის გამოვლენა, მასთან კონტაქტის შეწყვეტა. მივმართავ ყველა მშობელს: ალერგიული რეაქციებისგან დაზღვეული არავინ არის, ამიტომ არამც და არამც არ შეიძლება შინ სამედიცინო პროცედურების თვითნებურად, მედპერსონალის გარეშე ჩატარება. მით უმეტეს, როდესაც საჭიროა მედიკამენტების შეყვანა კუნთში, ვენაში და ასე შემდეგ.