გამონადენი ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამონადენი ბავშვებში

- თუ ჭიპის ჭრილობა შეხორცებულია, გამონადენი არ უნდა იყოს. ჭრილობის ინფიცირებისას შეხორცების პროცესი შედარებით დიდხანს გასტანს, ჭრილობის სველი, შეუხორცებელი ზედაპირიდან სეროზული სითხე დის, აღიზიანებს ირგვლივ მდებარე ქსოვილებს, მოგვიანებით სისველე შრება და რჩება ფუფხი, რომლის მოვარდნისას შესაძლოა დარჩეს სისხლმდინარი წყლული. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხეულის ტემპერატურა - ნორმალური, პერიფერიულ სისხლში გადახრა არ ვლინდება. სველი ჭიპი სეფსისის ერთ-ერთი წინამორბედია. ჭიპის დამუშავება საჭიროა ჯერ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ - 2%-იანი ბრილიანტის მწვანით. რეკომენდებულია ულტრაიისფერი სხივებით დასხივებაც. გადახვევა მიზანშეწონილი არ არის, რადგან იგი ხელს უშლის სითხის გამოყოფას და ომფალიტის განვითარების საშიშროებას ქმნის.

- რა არის ომფალიტი და როგორი გამონადენი ახასიათებს მას?

- ომფალიტი ქსოვილის, ჭიპის სისხლძარღვების ბაქტერიული ანთებაა. მას უმეტესად სტაფილოკოკი იწვევს. ჭიპის ჭრილობის არასწორი მოვლა შეხორცებას აფერხებს და ბაქტერიების ჩაბუდებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამის შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესი. ჭრილობიდან სეროზული, სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი პერიოდულად ან მუდმივად გამოიყოფა. ზოგჯერ ჭიპის ცენტრალური ნაწილი იფარება გამხმარი ფუფხით. ფუფხის ქვეშ ჩირქია. თვით ჭიპის არე წყლულდება. ანთებითი პროცესი ჭიპიდან ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე გადადის, ჭრილობის მიდამო წითლდება, შუპდება, ჭიპის არე კონუსისებურად იწევს მაღლა. ჭიპის ირგვლივ წითელი ზონარებივით ჩანს გაფართოებული ვენები. ისინი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც პროცესში ლიმფური სადინარები ერთვება და ლიმფანგოიტი ვითარდება. ბავშვის საერთო მდგომარეობა შეცვლილია - პატარა წრიალებს, ჭირვეულობს, ცუდად სძინავს, სუნთქვა ზერელე და ხშირი აქვს, ცუდად წოვს, ხშირად წამოაქაფებს, აქვს პირღებინებაც. ომფალიტის დროს ჭიპი ისევე უნდა დამუშავდეს,  როგორც სველი ჭიპის შემთხვევაში. აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპია.

- ახალშობილებს არცთუ იშვიათად აქვთ გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან ან სასქესო ორგანოებიდან. რა სახის გამონადენია ეს და საჭიროებს თუ არა სამედიცინო ჩარევას?

- ზოგიერთ ახალშობილს, განურჩევლად სქესისა, სარძევე ჯირკვლები უჯირჯვდება და იქიდან ხელის მოჭერისას სდის ხსენისმაგვარი სითხე. გოგონებს ახასიათებთ სეროზულ-სისხლიანი ან ლორწოვანი გამონადენი საშოდან, დიდი ბაგეების შეშუპება, ბიჭებს კი სასქესო ასოსა და სათესლე პარკის შეშუპება. ეს არის ახალშობილის გარდამავალი მდგომარეობის ერთ-ერთი სახე - სქესობრივი კრიზი, რომელსაც იწვევს მუცლადყოფნის უკანასკნელ კვირებსა და სიცოცხლის პირველ დღეებში დედის ორგანიზმიდან მიღებული ჰორმონები. სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვება ფიზიოლოგიური მოვლენაა. ის იწყება სიცოცხლის მე-2-5 დღეს და პიკს აღწევს მე-8-10 დღეს. 2-3 კვირიდან იწყება პროცესის უკუგანვითარება, ხოლო თვის მიწურულს სარძევე ჯირკვლები პირვანდელ ზომას უბრუნდება. მკურნალობა საჭირო არ არის. აკრძალულია სითხის გამორწყვა - ეს, ჯერ ერთი, აძლიერებს სეკრეციას, მეორეც, ინფექციის შეჭრას უწყობს ხელს და ზრდის ახალშობილთა მასტიტის განვითარების საშიშროებას. თუ ბავშვი აგზნებულია, მიზანშეწონილია მშრალი ნახვევის ან თბილი საფენის დადება. საშოდან სეროზულ-სისხლიანი ან ლორწოვან-სისხლიანი გამონადენი უფრო იშვიათია, თავს იჩენს სიცოცხლის მე-6 დღეს, გასტანს 2-3 დღე და თავისთავად ქრება. გამონადენს ლეიკორეას უწოდებენ. არ აქვს სუნი, არ იწვევს ქავილსა და მტკივნეულ შეგრძნებებს და არც მკურნალობას საჭიროებს, თუმცა აუცილებელია ჰიგიენის დაცვა.

- თვალიდან გამონადენი ახალშობილობის პერიოდში ფიზიოლოგიური მოვლენაა თუ დაავადებაზე მეტყველებს?

- თვალიდან გამონადენის არსებობა ანთებითი პროცესის - კონიუნქტივიტის ნიშანია. ახალშობილობის პერიოდში ის თანდაყოლილ ინფექციაზე, კერძოდ, ქლამიდიურ კონიუნქტივიტზე მიუთითებს. იწყება მწვავედ. გამონადენი ჩირქოვანი და სეროზულია. თვალის დამუშავება აუცილებელია. საამისოდ ინიშნება სპეციალური თვალის წვეთები. საჭიროა პერიოდული კონსულტაცია და მხედველობის შემოწმება. თვალის ანთება ორმხრივია.

- შედარებით მოზრდილ ასაკში თვალიდან გამონადენის გამო ექიმს იშვიათად მიმართავენ, უმეტესად სხვადასხვა წვეთებისა და საფენების გამოყენებით გადიან ფონს...

- თვითმკურნალობა არამც და არამც არ შეიძლება. შესაძლოა, გამონადენი ქუთუთოების ანთების - ბლეფარიტის ნიშანი იყოს. ის ხშირად სდევს თან კანის თანდაყოლილ და შეძენილ დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, სხვადასხვა წარმოშობის ანემიას. არსებობს მისი სებორეული, სტაფილოკოკური და შერეული ფორმები. ბავშვებში ყველაზე ხშირად სტაფილოკოკური გვხვდება. მისი მთავარი ნიშნებია:

  • ქავილი;
  • წვის შეგრძნება;
  • ქუთუთოების კიდეების გასქელება;
  • მუდამ სველი თვალები;
  • გარეგანი გამღიზიანებლების (მტვერი, ქარი, სინათლე) მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

სებორეული ბლეფარიტის დროს გამონადენის გამო წამწამები ერთმანეთს ეწებება. სასწრაფოდ მიმართეთ თვალის ექიმს, თუ ბავშვი დილაობით უგუნებოდ არის, არ სიამოვნებს მკვეთრი სინათლე და განუწყვეტლივ ისრესს თვალებს. ეს ქუთუთოების ანთების ნიშანია და უმჯობესია, კვალიფიციური სამედიცინო ჩარევა გამონადენის გაჩენამდე მოხდეს.


 

- რის ნიშანი შეიძლება იყოს ცხვირიდან გამონადენი?

- სიცოცხლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუდმივი გამონადენი ჩვეულებრივი მოვლენაა. ის არც ალერგიულია და არც ინფექციური. უსუნოა. შესაძლოა, გამოიწვიოს ცხვირის გაჭედვა და ბავშვის კვებაში ხელი შეგიშალოთ. ამ დროს ექიმს უნდა მიმართოთ. ის ცხვირის წვეთებს გამოგიწერთ.  უმჯობესია ჩააწვეთოთ ფიზიოლოგიური ხსნარი. პრობლემა რამდენიმე კვირაში გაივლის. ცხვირიდან გამონადენი, სურდო, მოზრდილებშიც ჩვეულებრივი, უსაფრთხო მოვლენაა. მას რესპირაციული ვირუსები იწვევს. ბავშვების უმრავლესობას კატარული პერიოდი 8 წლამდე უგრძელდება. ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ორგანიზმი ვირუსებს ისე ეფექტურად ვერ ებრძვის, როგორც მოზრდილისა, ამიტომ გაციების სიმპტომები უფრო მეტხანს გრძელდება. ცხვირიდან მუდმივი გამონადენის მიზეზი შესაძლოა იყოს ალერგია. უფერულ გამონადენს თან სდევს თვალების სიწითლე, შეშუპება და წვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გახშირება. თუ გამონადენი მხოლოდ ცალი ნესტოდან დის, უნდა ვიეჭვოთ ცხვირში უცხო სხეულის არსებობა. სურდო (რინიტი) ხშირად იჩენს თავს გარემოს ტემპერატურის მკვეთრი დაცემის დროს, რაც ვირუსების ინფიცირების უნარის (ვირულენტობის) ცვალებადობასა და ორგანიზმის გადაცივებას უკავშირდება. განსაკუთრებით ძლიერია ცხვირის ლორწოვანის რეაქცია ტერფების გაციებაზე, რაც მათი რეფლექტორული კავშირით აიხსნება. სურდოს დროს ცხვირის ლორწოვანთან ერთად ზიანდება ცხვირის დანამატი ღრუები (ჰაიმორიტი) და შუა ყური.

- რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ორგანიზმს ერთი შეხედვით უწყინარმა სურდომ, თუ დროულად არ ჩატარდა სათანადო მკურნალობა?

- თუ ცხვირით სუნთქვის გაძნელება დიდხანს (რამდენიმე თვეს ან წელს) გაგრძელდა, მზარდ ორგანიზმს შესაძლოა დიდი ზიანი მიადგეს. კერძოდ, ფერხდება:

  • სახისა და გულმკერდის ფორმირება;
  • ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება;
  • სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობა;
  • ზოგადი ფიზიკური განვითარება.

ბავშვი ადვილად იღლება, ერღვევა ძილი, უფუჭდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრირების უნარი, სწავლაში ჩამორჩება. გარდა ამისა, იზრდება ალერგიული დაავადებების განვითარების რისკი, მწვავდება ქრონიკული დაავადებები (თირკმელების, ბრონქების). ჩვილს სურდოს დროს მშობელი უსუფთავებს ცხვირს, მოზრდილებს კი საჭიროა ვასწავლოთ ცხვირის სწორად მოწმენდა, უმჯობესია წყლის ქვეშ, ცხვირის ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ნესტოზე თითის მიჭერით.

- ჩვილ ბავშვებში სურდოს ხშირად თან სდევს ყურიდან გამონადენიც. შესაძლებელია თუ არა, სურდოს დროს თავიდან ავიცილოთ მეორე უსიამოვნება - ყურის ანთება?

- ყურიდან გამონადენი შუა ყურის ანთების მანიშნებელია. სურდოს დროს შუა ყურზე ანთებითი პროცესის გადასვლა ჩვილის ორგანიზმის ანატომიური თავისებურებით აიხსნება: წლამდე ასაკის ბავშვებს სასმენი მილი მოკლე და განიერი აქვთ; მათი მუდმივად მწოლიარე მდგომარეობა, დახველებისა და ცხვირის მოწმენდის ჩვევის უქონლობა ხელს უწყობს გამონადენის ცხვირის ღრუდან ყურში გადასვლას და ანთების განვითარებას. თავდაპირველად აღმოცენდება ტკივილი, რომელიც თანდათან ძლიერდება, ბავშვი წრიალებს, თავს აქნევს, ტირის, აგზნებულია, უარს ამბობს ჭამაზე, ეწყება პირღებინება. ამ ნიშნების გაჩენისთანავე ბავშვი ყელ-ყურის სპეციალისტს აჩვენეთ. უყურადღებობის შემთხვევაში გაჩნდება ჩირქოვანი გამონადენი, რაც დაფის აპკის გახვრეტაზე მიგვანიშნებს. ამ დროს სპეციალისტის ჩარევა გარდაუვალია, თანაც მკურნალობა სტაციონარულ პირობებში უნდა ჩატარდეს.

მშობლების საყურადღებოდ: თუ პატარას ყურიდან გამონადენს შეამჩნევთ, ყურის წვეთებს ნუ ჩააწვეთებთ. ამ დროს საჭიროა მკურნალობაში ანტიბიოტიკის ჩართვა და ყურის დამუშავება სპეციალისტის მიერ.