მწვავე აპენდიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვავე აპენდიციტი

პათოლოგია ბავშვებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. ძნელია დიაგნოზის დასმაც. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ჯერ ერთი, მცირე ასაკში ყველა ანთებითი პროცესი ერთმანეთს ჰგავს და უმთავრესად ზოგადი ნიშნებით - მაღალი ტემპერატურით, ღებინებით, ფაღა¬რათით, მუცლის ტკივილით - ვლინდება. მეორეც, ბავშვი თავის შეგრძნებებს ზუსტად ვერ გადმოსცემს, უჭირს მიუთითოს, სად სტკივა, ჭირვეულობს და გამოკვლევასა თუ გასინჯვაში ხელს გვიშლის.

- ალბათ, ჩვილებისთვის აპენდიციტის დიაგნოზის დასმა კიდევ უფრო ძნელია...

- წლამდე ასაკში მწვავე აპენდიციტი იშვიათობაა, რასაც თვით ბავშვის ორგანიზმს უნდა ვუმადლოდეთ და აი რატომ:

  • ჭიანაწლავი ისეა მოწყობილი, რომ მასში ნაწლავის შიგთავსი არ გუბდება;
  • ჭიანაწლავის ლიმფური აპარატი ჯერ განუვითარებელია, საზოგადოდ კი, რაც უფრო ნაკლებია ლიმფური ფოლიკულების რაოდენობა, მით უფრო მცირეა ანთების განვითარების ალბათობა. ლიმფური აპარატი ათი-თორმეტი წლისთვის მწიფდება და აპენდიციტიც ყველაზე ხშირად სწორედ ამ ასაკში ვითარდება.

მნიშვნელობა აქვს კვების ხასიათსაც. კერძოდ, წლამდე ბავშვს უმთავრესად ადვილად ასათვისებელ, თხევად საკვებს აძლევენ, რაც ჭიანაწლავს ნაკლებად აზარალებს.

- რა ნიშნებით ვლინდება დაავადება?

- სამ წლამდე და შედარებით მოზრდილ ასაკში მწვავე აპენდიციტი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს.

  • მცირე ასაკის ბავშვი ჭიანაწლავის ანთების დროს წრიალებს, ჭირვეულობს, ერღვევა ძილი, აღებინებს. აპენდიციტის დასაწყისში სხეულის ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იწევს. ხშირად ვითარდება შეკრულობა, იშვიათად - ათიდან ერთ შემთხვევაში - ფაღარათი. ტკივილი აპენდიციტისთვის უჩვეულო ადგილას - ჭიპის ირგვლივ შეიგრძნობა. როგორც თავადაც ხვდებით, ასეთი ზოგადი სიმპტომების საფუძველზე დიაგნოზის დასმა ძნელია, ამიტომ აუცილებელია ბავშვის ხელით გასინჯვა, ეს კი საკმაო სირთულეს წარმოადგენს. გამოკვლევა უფრო იოლად რომ ჩავატაროთ, სამ წლამდე ასაკის ბავშვებს მედიკამენტით სულ რაღაც 15-20 წუთით ვაძინებთ ხოლმე. პირველ რიგში ვამოწმებთ, დაჭიმულია თუ არა მუცელი. ჭიანაწლავი მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილში მდებარეობს. თუ ამ ადგილას ხელს დავაჭერთ, მძინარე ბავშვი ჩვენს ხელს მოიშორებს. ამას მოშორების სიმპტომი ეწოდება. სხვა მტკივნეული წერტილების დადგენის შემდეგ მივმართავთ სწორი ნაწლავიდან გასინჯვას. დიაგნოზის დასმაში გვეხმარება სისხლის ანალიზიც.

ზემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს, მწვავე აპენდიციტი მცირე ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელი სხვა დაავადებებისგან განვასხვაოთ. ასეთი დაავადება კი მრავლადაა: ფილტვების ანთება, ყურის ანთება, ნაწლავების გადახლართვა. მსგავსი კლინიკური ნიშნები ახასიათებს ნაწლავთა ინფექციურ დაავადებებსაც. სამი წლის შემდეგ აპენდიციტი უკვე ტიპურად მიმდინარეობს. გარდა ამისა,  ბავშვს უკვე შეუძლია სუბიექტური შეგრძნებების აღწერა. ამ დროს აღინიშნება:

  • ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ჯერ შეტევითია, მერე კი მუდმივ ხასიათს იღებს. პირველ საათებში ტკივილი ან მთელ მუცელს მოიცავს, ან მხოლოდ ჭიპის ირგვლივ მდებარე არეს, შემდეგ კი მუცლის ქვედა მარჯვენა კუთხეში - ილიოცეკალურ არეში, ჭიანაწლავთან ლოკალიზდება. თავდაპირველად ტკივილი ძალიან ძლიერია. მოგვიანებით შესაძლოა შესუსტდეს კიდეც, მაგრამ გაქრობით არ ქრება. ხშირად ბავშვი ტკივილის შესასუსტებლად მარჯვენა გვერდზე წვება. სხეულის ტემპერატურა უმეტესად 37,5-38 გრადუსამდე იმატებს. არის შემთხვევები, როდესაც სიცხე სრულიად არ აღინიშნება ან, პირიქით, 39 გრადუსამდე იწევს.
  • ღებინება, რომელიც დაავადების პირველსავე დღეს ვლინდება.
  • ყაბზობა, იშვიათად - ფაღარათი.

საბოლოო დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ბავშვის ხელით გასინჯვა, მაგრამ თუ ჭიანაწლავი არასწორად მდებარეობს, შესაძლოა, აპენდიციტის ამოცნობა ხელითაც გაძნელდეს.


- რას ნიშნავს ჭიანაწლავის არასწორი მდებარეობა?

- ასიდან დაახლოებით 15 შემთხვევაში ჭიანაწლავი ბრმა ნაწლავს ან პერიტონიუმს არის ამოფარებული. პირველ შემთხვევაში აპენდიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა ძალზე სუსტად არის გამოხატული, ხოლო მეორე შემთხვევაში ჭიანაწლავის ანთება თირკმლის ჭვალს მოგვაგონებს. ამ დროს ბავშვი უჩივის წელის ტკივილს, რომელიც წინ, საზარდულისკენ ვრცელდება. როდესაც ჭიანაწლავის ატიპური მდებარეობის გამო პათოლოგია თავის თავს არ ჰგავს, უტყუარი დიაგნოზის დასასმელად კვლევის დამატებით მეთოდებს მივმართავთ. სხვაგვარად აპენდიციტი შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდსასქესო სისტემის, სასქესო ორგანოების დაავადებებში აგვერიოს.

- აპენდიციტს მხოლოდ ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ. ინფორმაციის სიმწირის გამო მშობლები ხშირად მეტისმეტად განიცდიან ოპერაციის აუცილებლობას...

- ქირურგიული ჩარევა მწვავე აპენდიციტის დიაგნოზის დასმისთანავე უნდა ჩატარდეს. მშობლების უყურადღებობის, დიაგნოზის დაგვიანების შემთხვევაში მოსალოდნელია სხვადასხვა გართულება.

კლასიკურ, გაურთულებელ შემთხვევებში ჭიანაწლავის ამოკვეთის შემდეგ ბავშვს 5-6 დღის მანძილზე ანტიბიოტიკოთერაპია უტარდება, მე-7 დღეს ნაკერებს ვხსნით, ხოლო მე-9 დღეს შინ ვუშვებთ. ოპერაციიდან 6-8 საათის შემდეგ შესაძლებელია, ბავშვს მივცეთ სითხე - კისელი, ნაკლებად დამტკბარი ჩაი, მეორე-მესამე დღიდან - ბულიონი, ფაფა, თეთრი პური, მეხუთე დღიდან კი უკვე ჩვეულებრივად ვკვებავთ. თუ ბავშვს 3-4 დღის განმავლობაში კუჭის მოქმედება არ ჰქონია, სასურველია გამწმენდი ოყნის გაკეთება. თუ ბავშვი სკოლაში დადის, მას ფიზკულტურის გაკვეთილებიდან ერთი თვით მაინც ათავისუფლებენ. იგივე შეზღუდვა ვრცელდება სპორტის აქტიურ სახეობებზე.

- თუ მკურნალობა დაგვიანდა, რა შეიძლება მოჰყვეს მწვავე აპენდიციტს?

- ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად ვითარდება პერიტონიტი - მუცლის ფარის ანთება, თუმცა გართულებებმა, კერძოდ, ადგილობრივმა ჩირქოვანმა პროცესებმა, შესაძლოა ოპერაციის შემდეგაც იჩინოს თავი. პერიტონიტი მუცლის ღრუს ამომფენი ფურცლის - პერიტონეუმის ანთებაა, რომელიც აპენდიციტისა და სხვა ქირურგიული პათოლოგიების ერთ-ერთი გავრცელებული და საშიში გართუ-ლებაა. ის უმეტესად მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმას ან პერფორაციას (გახვრეტას) მოსდევს - ამ დროს პერიტონეუმი ინფიცირდება და ვითარდება მძიმე ანთებითი პროცესი. მცირე ასაკის ბავშვებში პერიტონიტი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, რაც ისევ და ისევ ორგანიზმის თავისებურებებით არის განპირობებული. უყურადღებობის შემთხვევაში ბავშვი შეიძლება დაიღუპოს. ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა დროული ქირურგიული ჩარევა ჩირქისგან მუცლის ღრუს გასათავისუფლებლად, შემდეგ კი ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

- რა ნიშნებით შეიძლება მივხვდეთ, რომ ბავშვს პერიტონიტი დაეწყო?

- პერიტონიტს, როგორც უკვე გითხარით, წინ უძღვის მუცლის ღრუს რომელიმე დაავადება. როგორც კი პერიტონეუმის ფურცლის ანთება ჩამოყალიბდება, იწყება მუცლის მუდმივი ძლიერი ტკივილი და ღებინება. სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იმატებს, მაჯისცემა ჩქარდება, ბავშვი ფითრდება და ოფლი ასხამს, ქოშინებს. მუცელი შებერილია, ძლიერ მტკივნეული და ფიცარივით დაჭიმული (ამას დეფანსს უწოდებენ). დაავადების დასაწყისში ნაწლავების მოქმედება ხშირდება. განავალი თხიერია, ფაღარათს ერთვის ტენეზმები - ცრუ მტკივნეული ჭინთვები, მოგვიანებით კი ნაწლავთა მოქმედება საერთოდ წყდება. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა ეს ნიშნები არ გამოეპაროთ. ასეთი მდგომარეობა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ოპერაცია ენდოტრაქეული ნარკოზით რამდენიმე ეტაპად ტარდება. დასასრულ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: თუ ბავშვი მუცლის ტკივილს უჩივის, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის მიცემა, ოყნის გაკეთება და ანტიბიოტიკის მიცემა. თუ ტკივილს ვერაფერს უკავშირებთ და უბნის პედიატრსაც უჭირს დიაგნოზის დასმა, ბავშვი უთუოდ აჩვენეთ ქირურგს ან პირდაპირ ქირურგიულ სტაციონარში წაიყვანეთ.