რა იწვევს ბავშვთა დისბაქტერიოზს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ბავშვთა დისბაქტერიოზს

ბავშვთა დისბაქტერიოზის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია:

  • დამატებითი საკვების მიცემის დარღვევა;
  • წამლების არარაციონალური დანიშვნა.

ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ადამიანის ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაშიც.

მაგალითად, ბავშვების დისბაქტერიოზი ხშირად ვითარდება დამწვრობის, მძიმე ქირურგიული ოპერციების, რადიაციის მომატების, ნებისმიერი ეკოლოგიური დარღვევისას, მაგალითად, სამრეწველო ნარჩენებით ჰაერის დაბინძურებისას და ა.შ.

ბავშვთა დისბაქტერიოზის განვითარებას ხელს უწყობს სამშობიარო ტრავმა, ხელოვნური კვება, სხვადასხვა დაავადება, რომელსაც თან ახლავს იმუნიტეტის დაქვეითება, პარაზიტები, მწვავე ინფექციური დაავადებები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა კოლიტი, ენტერიტი და სხვა.

ბავშვთა დისბაქტერიოზის პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელ წლებში დარღვეული ეკოლოგიის, ნებისმიერი დაავადების ანტიბიოტიკებით გაუმართლებლად, მასობრივი მკურნალობის გამო.

იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რა არის დისბაქტერიოზი, საჭიროა გავეცნოთ ნაწლავის მიკროფლორასა და ორგანიზმისთვის მის მნიშვნელობას.

ნორმალური ბაქტერიული მიკროფლორა აუცილებელია ადამიანის ცხოველმყოფელობისთვის. ბაქტერიული ფლორის შემადგენლობაში შედის სასარგებლო ბაქტერიები. ისინი ასტიმულირებენ ადამიანის იმუნიტეტს, მონაწილეობენ საკვების გადამუშავებაში, რთული ნახშირწყლების, ცილების დაშლაში, ცხიმების, რკინისა და ვიტამინების შეწოვაში. ამ სასარგებლო ბაქტერიების წყალობით კარგად იშლება უჯრედისი, სასარგებლო ბაქტერიების ფლორა აჩერებს მავნე ბაქტერიების ზრდას და გამოყოფს მათ გამანადგურებელ ნივთიერებებს.

რა არის დისბაქტერიოზი?

ეს არის ორგანიზში ნორმალური მიკროფლორის დარღვევა და მისი ჩანაცვლება ე.წ. პირობით პათოგენური ფლორით (სოკოები, სტაფილოკოკი, პროტეუსი, ლურჯ-მწვანე ჩხირი და სხვა).

ნაწლავში ნორმალური ბაქტერიული გარემოს რღვევისას ქვეითდება იმუნიტეტი და ბავშვები ხშირად და ხანგრძლივად ავადობენ. ამ ფლორის გარეშე ადამიანი ვერ ითვისებს რკინას, D, K, B ჯგუფის ვიტამინებს, კალციუმს.

ამიტომ სრულფასოვანი კვების დროსაც კი ბავშვი ვერ იღებს საკვებიდან განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებების სრულ კომპლექსს. ამასთან, ბავშვის ნაწლავი ღიზიანდება არასრულად გადამუშავებული კვების პროდუქტებით, რაც იწვევს შებერილობას და შინაგან ანთებით პროცესებს (კოლიტი). დისბაქტერიოზის დროს არა მხოლოდ მსხვილი ნაწლავი ზარალდება. ხშირად მავნე ფლორა ვრცელდება ზევით და მიდის წვრილ ნაწლავამდეც, სადაც ასევე ვითარდება ანთება. ასეთ შემთხვევაში უკვე სრულად ირღვევა საკვების მონელება და შეწოვა.

მავნე ბაქტერიები ჩვილების ან დასუსტებული ბავშვების საშარდე გზებშიც სახლდებიან და აავადებენ მას. ზოგჯერ შეიძლება ნაწლავიდან სისხლშიც შეაღწიონ და მრავალ ორგანოში ანთება გამოიწვიონ (ჩირქოვანი ოტიტი, სისხლიანი ფაღარათი, კანზე ბუშტუკები). ამგვარი დაზიანებები დამახასიათებელია სტაფილოკოკური ინფექციისთვის. ამ შემთხვევაში იგულისხმება სეფსისი. სტაფილოკოკი განსაკუთრებით საშიშია წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ამგვარივე გავრცელებულ დაზიანებას იძლევა სოკოები. ორგანოების სოკოვან დაზიანებას კანდიდომიკოზი ეწოდება. კანდიდომიკოზი ხშირად დასუსტებულ, მუდმივად მოავადე და მასიურ ანტიბაქტერიულ თერაპიაზე მყოფ ბავშვებს უვითარდებათ.

დისბაქტერიოზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივია

ამ მდგომარეობის პროფილაქტიკა, უმჯობესია, ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე დაიწყოს. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, დედების ნაწლავებში მშობიარობის წინ იზრდება ძალიან სასარგებლო ბიფიდობაქტერიების რაოდენობა. პროფილაქტიკის არსი ისაა, რომ არ დავუშვათ ორსულების სასარგებლო ფლორის სტერილიზაცია. ორსულობის პერიოდში შეძლებისდაგვარად თავი უნდა შეიკავოთ წამლების, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკების მიღებისაგან.

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება, ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება. ორსულობისას რეკომენდებულია წვენები, ხილი, ბოსტნეული. ამ დროს უკუაგდეთ ძნელად მოსანელებელი საკვები (ცხიმიანი ხორცი, ტორტები, შებოლილი პროდუქტები, ძეხვეული, შოკოლადი, კაკაო). ორსულობამდე საჭიროა ინფექციის ყველა ქრონიკული კერის მკურნალობა: კბილებში, ცხვირ-ხახაში, შარდ-სასქესო და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ორსულმა ბევრი უნდა ისეირნოს და არ გადაიღალოს.

თანამედროვე ქალების დიდი უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფს ჩვილს მისთვის ერთადერთი შესაძლო საკვებით - დედის რძით. ახალშობილებს დისბაქტერიოზი უვითარდებათ მედიკამენტურ ჩარევამდე.

დაბადებიდან პირველ ორ დღეს ახალშობილის ნაწლავები სტერილურია, შემდეგ მასში ნაწლავის ფლორა „სახლდება“. მავნე ფლორის დროს აღმოცენდება დისბაქტერიოზი. შეიძლება ბავშვი სამშობიაროდან წონის დიდი კლებით გამოწერონ. სახლში დედა აღნიშნავს ხშირ კუჭის მოქმედებას, ზოგჯერ - ყოველი კვების შემდეგ. კვებისას ბავშვი დასაწყისში ხარბად ეტანება დვრილს, მაგრამ უცბად იწყებს ყვირილს და შიმშილის მიუხედავად, უარს ამბობს ძუძუზე.

ზოგიერთს კი, პირიქით, აღენიშნება შეკრულობა და ბავშვი მხოლოდ ოყნის საშუალებით გადის კუჭში. ყაბზობა იმის მანიშნებელია, რომ დედის რძე ცუდად გადამუშავდება. ახალშობილთა დისბაქტერიოზი უკავშირდება დედისა და ახალშობილთან კონტაქტში მყოფი პირების ნაწლავში მიკრობული ფლორის დარღვევას.

ბავშვთა დისბაქტერიოზის სიმპტომები

მოზრდილ ბავშვებს აღენიშნებათ თხელი, გადაუმუშავებელი კუჭის მოქმედება ლორწოთი და მომწვანო ელფერით, ხშირად სისხლით (ან, პირიქით, ყაბზობა), ჩვილებს კი ამოქაფება, ღებინება, მუცლის შებერილობა. ექიმმა შეიძლება ნახოს გადიდებული ღვიძლი. ბავშვი ბევრს ტირის მუცლის ტკივილის გამო, გაღიზიანებულია. ხშირად და ხანგრძლივად ავადობს და თითქმის არ იმატებს წონას. ჩვეულებრივ, მადა დაქვეითებულია, აღინიშნება სისხლნაკლებობა და რაქიტის ნიშნები.

განსაკუთრებით მძიმეა ე.წ. გავრცელებული დისბაქტერიოზი, როდესაც მიკრობები ნაწლავიდან მთელ ორგანიზმში ვრცელდება და იწვევს ანთებით პროცესს სხვადასხვა ორგანოში. მაგალითად, სოკოვანმა დაავადებამ (კანდიდომიკოზმა) შეიძლება გამოიწვიოს ერთდროულად რძიანა, ანგინა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება და ფილტვების ანთება.

დისბაქტერიოზი შეიძლება შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს, საშიში, გამოხატული სიმპტომატიკის გარეშე, თუმცა აღინიშნება მადის დაქვეითება, წონის დეფიციტი.

ბავშვთა დისბაქტერიოზის მკურნალობა

დისბაქტერიოზის მკურნალობისას ტიპური შეცდომაა ის, რომ მავნე ფლორის მოსპობას ექიმი ანტიბიოტიკით ცდილობს, რაც, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ანტიბიოტიკები სასარგებლო ფლორის სტერილიზაციას ახდენენ და მხოლოდ დროებით აჩერებენ პირობით - პათოგენურ ფლორას, რის შედეგადაც იზრდება დისბაქტერიოზი. ხაზგასასმელია ბავშვის ძუძუთი კვების აუცილებლობა დისბაქტერიოზის დროს, რადგანაც დედის რძეში არის მავნე მიკრობების საწინააღმდეგოდ მოქმედი ანტისხეულები.

დედის სწორ კვებას კოლოსალური მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია, დედამ მიიღოს დიდი რაოდენობით ვიტამინები, დაისვენოს. თავად ბავშვის მკურნალობა სწორი დიეტის დანიშვნით იწყება.

ჩვილებისთვის აუცილებელია ძუძუთი კვება, თუ ეს შეუძლებელია, ნაწილობრივ მაინც უნდა მიეცეს. შერეული კვების დროს მიეცით ბავშვს შეჩვეული ნარევები. სიფრთხილეა საჭიროა ახალი პროდუქტების, განსაკუთრებით წვენებისა და ბოსტნეულის დანიშვნისას.

დისბაქტერიოზისას ყოველთვის ირღვევა საკვების გადამუშავება, ამიტომ ბავშვის კვება ისეთი უნდა იყოს, რომ საკვები მაინც გადამუშავდეს, არ გამოიწვიოს ალერგია და არ გააღრმაოს ნაწლავში ანთებითი პროცესი. ერთ კვებაზე უნდა მივცეთ ერთი კერძი, არ ავურიოთ პროდუქტები, რომელთაგან ზოგი შედგება ცილების, ზოგი კი ნახშირწყლებისაგან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვებს მკაცრად უნდა შეუზღუდოთ კვება. საკვების გადამუშავებისა და უკეთ მონელებისათვის უნდა ეცადოთ, არ აურიოთ სხვადასხვა პროდუქტი.

ასეთი დიეტის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ კვების რეჟიმი 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვისთვის. დილას, ძილის შემდეგ, უზმოზე, ბავშვს მიეცით მცირე რაოდენობით წყალი. წყალი ბავშვს იმ რაოდენობით უნდა მისცეთ, რამდენსაც მოგთხოვთ. 15-30 წუთის შემდეგ მიეცით განზავებული წვენი სეზონური ხილის მიხედვით. უკეთესი მონელებისთვის წვენი წყალში უნდა განვაზაოთ 1:1 ან 1 წილი წყალი და 2 წილი წვენი. განუზავებელი წვენი თრგუნავს პანკრეასის მუშაობას, ხოლო განზავებული აძლიერებს. პანკრეასის მომნელებელი უნარის დათრგუნვას ყოველთვის თან ახლავს კუჭის ფერმენტული აქტივობის დაქვეითება. უზმოზე მიღებული განზავებული წვენი კი ასტიმულირებს კუჭისა და პანკრეასის მოქმედებას.

15-20 წუთის მერე ბავშვს მიეცით ფაფა. სადილად ბავშვს შესთავაზეთ ნებისმიერი წვენი, პომიდვრის სალათა, ზეთმოსხმული, ბურღულეულის ან ბოსტნეულის ვეგეტარიანული სუპი, რომელშიც შეიძლება მოხარშული ხორცის, თევზის დამატება.

არ ღირს კარტოფილისა და ხორცის ერთდროულად მიცემა. ეს ერთობლიობა არასასურველად მოქმედებს მონელებაზე. 2-3 საათის შემდეგ შეიძლება ბავშვს მივცეთ კომპოტი, ან გამომცხვარი ვაშლი. ვახშამი უნდა შედგებოდეს ცილოვანი საკვებისგან - ხაჭო და მაწონი, კარტოფილის კერძი, კვერცხი.

გამწვავებისას უმი ვაშლი შეცვალეთ მოთუშულით, ბოსტნეულის წვნიანით, ბურღულის წვნიანით, არ არის საჭირო შემწვარი კარტოფილის მიცემა. წამლების მაგივრად შეიძლება ბავშვს მივცეთ განზავებული წვენები, რომლებიც საკუთარი ფერმენტების გამომუშავებას გააძლიერებს. ამას გარდა, წვენებით ვამცირებთ ავიტამინოზს და ვაკომპენსირებთ რკინის ნაკლებობას.

ბიოპრეპარატების ტრადიციული თერაპია მხოლოდ მთლიანი ორგანიზმის მდგომარეობის გაუმჯობესებისას არის ეფექტური. ამას კი ეხმარება დიეტა, ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპია და გამაკაჟებელი პროცედურები, რაც საკუთარი იმუნური ძალების გაძლიერებისკენაა მიმართული. მკურნალობის კურსი ხანგრძლივია და შეიძლება რამდენიმე კვირა მოიცვას. განავლის ანალიზის მიხედვით უნდა დაინიშნოს კონკრეტული ბიოპრეპარატი.

დაავადებული ნაწლავის ნორმალური ფლორით დასახლება ძალიან ნელა მიმდინარეობს, ამიტომ ზოგჯერ კურსის გამეორება ხდება საჭირო. თუმცა მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია არა ამ პრეპარატების რაოდენობაზე, არამედ ზოგადგამაჯანსაღებელ თერაპიაზე.