მათი გულის საიდუმლო
სისტემა სრულად არის ფორმირებული, თუმცა მას ჯერ კიდევ არ შეიძლება სრულყოფილი ვუწოდოთ. სამედიცინო ტერმინს თუ გამოვიყენებთ, გული ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული, ესე იგი პატარა რაღაცით მწვანე ვაშლს ჰგავს...
-
უმნიშვნელოვანესი მეტამორფოზა
ვიდრე ბავშვის ზრდა-განვითარება დედის საშოში მიმდინარეობდა, ის ჟანგბადით მდიდარ არტერიულ სისხლს ჭიპის, ქვემო ღრუ და კარის ვენით იღებდა. შემდეგ სისხლი გულის მარჯვენა ნახევარს მიეწოდებოდა და ვინაიდან ფილტვებისთვის მისი მთლიანად მიწოდება სულაც არ იყო საჭირო (ფილტვი ხომ მუცლადყოფნისას არ მუშაობს!), წინაგულებს შორის არსებული ოვალური ხვრელით გულის მარცხენა ნახევარში და ეგრეთ წოდებული ბოტალოს სადინარით აორტაში გადაინაცვლებდა. ასეთი სისხლის მიმოქცევა ნაყოფისთვის ნორმაა, უკვე დაბადებული ბავშვისთვის კი - პათოლოგია, რასაც მედიცინაში გულის თანდაყოლილი მანკი ეწოდება.
დაბადების შემდეგ გულის მუშაობა ძალიან მალე უნდა გარდაიქმნას. პირველი ჩასუნთქვის შემდეგ ფილტვის სისხლძარღვები სისხლით ივსება, სისხლის მიმოქცევის შემოვლითი გზები კი იხურება და თანდათან შემაერთებელი ქსოვილით ამოივსება (ამას ობლიტერაციას უწოდებენ). ჭიპის სისხლძარღვები და ბოტალოს სადინარი ბოლომდე იხურება 6-8, ზოგჯერ 9-11 კვირის მიწურულს, ოვალური ხვრელი კი მოგვიანებით, დაახლოებით 6 თვის ასაკისთვის ქრება.
დღენაკლულ ბავშვებს ეს პროცესები უხანგრძლივდებათ. მათ დასრულებამდე ბავშვის გული სუსტია. გულის უმწიფრობას პედიატრები პირდაპირ უკავშირებენ ერთ საკმაოდ სერიოზულ პრობლემას. ეს არის ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელიც შიშს ჰგვრის მშობლებს. ის ძალიან იშვიათია სიცოცხლის პირველ კვირას. ამ დროს პაწაწინას, როგორც წესი, განსაკუთრებული სამედიცინო კონტროლი უწესდება. აღნიშნული სინდრომი ექვსი თვის შემდეგ აღარ აღინიშნება, ვინაიდან გული მზად არის საკუთარი ფუნქციის სრულყოფილი შესრულებისათვის.
-
ვის ემუქრება მაღალი რისკი?
ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი ხშირია დღენაკლულ და მცირე წონის (<2500 გ), ასევე _ იმ ბავშვებს შორის, რომელთაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა უკვე აღენიშნებოდათ.
სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებს მიეკუთვნება:
- სუნთქვის უეცარი გაჩერება (აპნოე);
- კანის მკვეთრი სიფითრე ან სილურჯე;
- მოულოდნელი სისუსტე და მოდუნება.
მკვლევარებმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა შეამჩნიეს ერთი კანონზომიერება: ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის საშიშროება გაცილებით მეტია ვაჟებს შორის. განსაკუთრებით მაღალია რისკი, თუ ოჯახში აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა შემთხვევები და/ან ოჯახში ერთხელ უკვე იყო ახალშობილის უეცარი სიკვდილის შემთხვევა. ასეთ დროს განმეორების ალბათობა 7-ჯერ მეტია. გარდა ამისა, ამ სინდრომის საშიშროება იზრდება ასაკთან ერთად (პიკს აღწევს 4-5 თვისათვის) და დამოკიდებულია სეზონზე (ტრაგიკული შემთხვევების რიცხვი შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია მაქსიმალური). ყველაზე უარესია, როცა ხდება ჩამოთვლილი რისკების სუმაცია ანუ შეჯამება, მაგალითად, დღენაკლული ვაჟი 4 თვის ხდება ზამთარში. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კარდიოლოგთან ვიზიტი.
-
როგორ დავეხმაროთ პატარას
იმ ბავშვების მიმართ, ვისაც ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი აქვს, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკის შემცირებას და პაწიას გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარებას შეიძლება ხელი შევუწყოთ შემდეგი წესების დაცვით: ახალშობილს მჭიდროდ ნუ შეახვევთ, ამით შეიძლება მისი გულის მუშაობა შეაფერხოთ. ნუ დააწვენთ დასაძინებლად მუცელზე, ეს დატვირთავს მის გულს. კატეგორიულად აკრძალეთ თამბაქოს წევა არა მარტო ბავშვის ოთახში, არამედ მთელ ბინაში. მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით პატარას – ნუ გადატვირთავთ საკვებით, ნუ ატირებთ, ეს მის გულს დატვირთავს. გაასეირნეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე, მოარიდეთ ინფექციას.
-
რვა ფაქტი ახალშობილის გულის შესახებ
- ახალშობილის პულსი მეტისმეტად ცვალებადია. ნორმალურია 120-140 დარტყმა წუთში, თუმცა პირველ დღეებში ის შეიძლება 70-80-მდე იყოს შემცირებული. ტირილისა და ძუძუს წოვის დროს გულისცემის სიხშირე 160-200 დარტყმამდე იმატებს. ერთი წლისთვის გული წუთში 120-ჯერ იკუმშება და ერთ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე გულის 3 დარტყმა მოდის.
- დაბადებისას გულის წონა 18,5-24 გრამია, რაც სხეულის მასის 0,8%-ს შეადგენს, მაშინ როცა მოზრდილი ადამიანისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,5%-ს უტოლდება. გულის წონა 8 თვისთვის ორმაგდება, რაც უმთავრესად მისი კუნთის გასქელების ხარჯზე ხდება. ამ პროცესს ცილები, ვიტამინები, მიკრო- და მაკროელემენტები სჭირდება. ამ ნივთიერებებით ორგანიზმის უზრუნველყოფა ბალანსირებული კვებით უნდა მოხდეს.
- ძუძუთა ბავშვის არტერიული წნევა ერთი წლის განმავლობაში 75/50-დან 90/65-მდე იმატებს. ეს ბუნებრივია – ბავშვის გული არა მარტო იზრდება, არამედ ძლიერდება კიდეც.
- ახალშობილის გული მხოლოდ 20 მილილიტრ სისხლს იტევს. ერთი წლისთვის ოდენობა ორჯერ და მეტად იზრდება.
- დიაფრაგმის მაღლა დგომის გამო ახალშობილის გულს უფრო ჰორიზონტალური მდებარეობა აქვს, ვიდრე ზრდასრული ადამიანისას. სიცოცხლის პირველი 12 თვის განმავლობაში გულის ანატომია საგრძნობლად იცვლება – მზარდი ორგანო მარჯვნიდან მარცხნივ ტრიალდება თავისი ღერძის ირგვლივ, ზედა საზღვარი კი ოდნავ დაბლა ეშვება.
- გულის მარჯვენა ნახევარი, კერძოდ, მარჯვენა პარკუჭი, ახალშობილს უფრო უკეთ აქვს განვითარებული, ვიდრე მარცხენა. ეს ნაყოფის სისხლის მიმოქცევის თავისებურებას უკავშირდება. დაბადების მომენტიდან იმატებს მარცხენა პარკუჭის დატვირთვა, რაც მისი კედლების გაძლიერებას იწვევს.
- სისხლის ნაკადის სისწრაფე ახალშობილს გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე მოზრდილ ადამიანს. პირველი კვირის განმავლობაში სისხლი მთელ ორგანიზმს 12 წამში გაივლის.
- სისტოლა ანუ გულის შეკუმშვა ახალშობილს თითქმის იმავე ხანგრძლივობისა აქვს, როგორისაც დიასტოლა ანუ მოდუნება. ერთი წლის ბავშვის სისტოლის ხანგრძლივობა გულის ციკლის 62,2%-ია, ხოლო მოზრდილი ადამიანისა – 30%.