თუ პატარა ხშირად ტირის
ლიქვორი მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში და დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ განახლდება. ქალასშიდა წნევა დამოკიდებულია ლიქვორის ოდენობაზე, მისი ცირკულაციის (მიმოქცევის) სიჩქარეზე და ვენურ ქსელში მისი შეწოვის ხარისხზე. ლიქვორის რაოდენობის მომატებისას ქალასშიდა წნევა იზრდება, ხოლო მისი შემცირებისას - ქვეითდება. როგორც არტერიული, ასევე ქალასშიდა წნევა სტაბილური არ არის და დღის განმავლობაში შეიძლება მოიმატოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური გადატვირთვის დროს. თუ წნევის მომატება ხდება ხანგრძლივი დროით, ეს წარმოქმნის პრობლემებს.
- რა ჩივილებით მიმართავენ ექიმს მშობლები?
- მომატებული ქალასშიდა წნევის დროს მშობლები მიმართავენ ექიმს შემდეგი ჩივილებით:
- ძილის დარღვევა;
- ჭირვეულობა, მუდმივად ტირილი;
- მადის დარღვევა, დაქვეითება;
- წამოქაფება;
- ნიკაპის, ხელებისა და ფეხების ტრემორი - კანკალი;
- თვალების ქაჩვა.
ლიქვორი - თავზურგტვინის სითხეა, რომელიც ცირკულირებს თავისა და ზურგის ტვინს შორის და შეიწოვება სისხლძარღვებში, ხვდება სისხლის მიმოქცევაში. ლიქვორი იცავს ტვინს ტრავმებისგან, ინარჩუUნებს მუდმივ ქალასშიდა წნევას. ქალასშიდა წნევის მომატების სიმპტომები წლამდე ასაკში თავისებურია. ეს დაკავშირებულია ყიფლიბანდთან - ქალას ძვლებს შორის არსებულ სივრცესთან. წნევის მომატებისას იზრდება ყიფლიბანდის ზომა, რაც იწვევს თავის გარშემოწერილობის ზრდას და დიდი ყიფლიბანდის ამობურცვას. ვერტიკალურ მდგომარეობაში ის თავის ზედაპირიდან წამოწეულია. ქალასშიდა წნევის ხანგრძლივმა მომატებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქალას ნაკერების გახსნა, ქალას ვენების ამობერვა, თავზე თვალნათლივ ჩანს ვენური ქსელი. გარდა ამისა ჩნდება გრეფეს სიმპტომი, იგივე ჩამავალი მზის სიმპტომი, როდესაც ბავშვი იყურება ქვევით, ხოლო თვალის ფერად გარსსა და ზედა ქუთუთოს შორის ჩანს თეთრი სკლერის ზოლი. მოსალოდნელია ხშირი წამოქაფება, ღებინებაც კი, ჩვილები უარს ამბობენ ძუძუზე. პატარა მოდუნებულია, განვითარებით ჩამორჩება, ხშირად ტირის მონოტონურად, ერთ ნოტზე.
- როგორ სვამენ ქალასშიდა წნევის მომატების დიაგნოზს?
- უშუალოდ ქალასშიდა წნევის გაზომვა სირთულეს წარმოადგენს. დიაგნოზის დასმისას გასათვალისწინებელია სიმპტომები, ჩივილები, ასევე გამოკვლევის შედეგები.
ექიმის გამოკვლევა
ექიმი შეამოწმებს კუნთოვან ტონუსს და რეფლექსებს, გაზომავს თავის გარშემოწერილობას და ყიფლიბანდის მდგომარეობას. მნიშვნელოვანია დინამიკაზე დაკვირვება და მონაცემების შეჯერება.
თავის ტვინის ექოსკოპიური გამოკვლევა (ნეიროსონოგრაფია)
ეს გამოკვლევა ტარდება დიდი ყიფლიბანდის დახურვამდე. მისი საშუალებით განისაღვრება თავის ტვინის პარკუჭების სიგანე; განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დინამიკაში პარკუჭების ზომის ცვლილებას.
ოკულისტის მიერ თვალის ფსკერის გამოკვლევა
ყიფლიბანდის დახურვის შემდეგ ეს გამოკვლევა ძალზე ინფორმაციულია. გვეხმარება ქალასშიდა წნევის მომატების ფაქტის დადგენაში. ამაზე მეტყველებს თვალის ფსკერის ვენების გაფართოება, ასევე მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება.
დამატებითი კვლევები
დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმი პაციენტს აგზავნის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე (მრტ). საბოლოო დიაგნოზის დასმისთვის მნიშვნელოვანია გამოკვლევების შედეგების კვალიფიციური წაკითხვა და გაანალიზება, მხოლოდ ნეიროსონოგრაფიული ან კტ-ის შედეგებით მკურნალობის დანიშვნა არ ხდება. გათვალისწინებული უნდა იყოს მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისას ყველა შედეგის ერთობლიობა.
- როგორ მკურნალობენ?
- მომატებული ქალასშიდა წნევით ცხოვრება არასასიამოვნოა და ჯანმრთელობისთვის მავნებელი. მომატებული წნევის ზემოქმედებით თავის ტვინს ნორმალური მუშაობა არ შეუძლია, მიმდინარეობს მისი თანდათანობითი ატროფია, რომელიც გამოვლინდება ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით, შინაგანი ორგანოების ნერვული რეგულაციის დარღვევით (ჰორმონული დარღვევა, არტერიული ჰიპერტონია და ა.შ.). რეალურად არსებული პრობლემის მკურნალობას ნიშნავს ექიმი-ნევროლოგი კლინიკური სურათისა და გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით. იგი მიმართული უნდა იყოს ქალასშიდა წნევის მომატების მიზეზის აღმოსაფხვრელად. მაგ., ჰიდროცეფალიის დროს მკურნალობა გულისხმობს თავის ქალიდან მოჭარბებული ლიქვორის გამოდევნას. ტრადიციულად, მიღებულია ასეთ დროს შარდმდენი საშუალებების დანიშვნა. ნეიროინფექციების დროს ინიშნება ანტიბიოტიკები. ტარდება სიმპტომური თერაპია წნევის დასაქვეითებლად. თუ თავ-ზურგტვინის სითხის მოცულობის მომატებულია, შეიძლება შარდმდენის გარეშეც ჩატარდეს მკურნალობა. ბავშვებს უტარებენ თავის ტვინის სისხლით მომარაგებისა და კვების გასაუმჯობესებელ თერაპიას, ინიშნება სისხლძარღვოვანი პრეპარატები, ვიტამინები. გამოიყენება სხვა მეთოდებიც - მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ცურვა.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ქალასშიდა წნევის მომატება?
- ქალასშიდა წნევის მომატების (ქალასშიდა ჰიპერტენზიის) მიზეზი შეიძლება იყოს:
- სამშობიარო ტრავმა, ბავშვის მიერ მიღებული ნებისმიერი ქალა-ტვინის ტრავმა;
- ქალას ღრუდან ვენური სისხლის გამოდინების დარღვევა - ვენების შევიწროების ან შეშუპების გამო, ჰემატომის (სისხლჩაქცევის) ან სიმსივნური წარმონაქმნის გამო;
- ჰიპოქსია (ჟანგბადის შიმშილი) მენინგიტის, ენცეფალიტის ან ზურგისა და თავის ტვინის აგებულების თანდაყოლილი პათოლოგიის ფონზე.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვებსა და მოზრდილებში ქალასშიდა წნევის უმნიშვნელო მომატება შეინიშნება ფიზიკური დატვირთვის, ყვირილის, ტირილის, ძლიერი ემოციების, სტრესის დროს. ასე რომ, ტირილის დროს ჩვილებში დიდი ყიფლიბანდის ამობერვა ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენაა და მას მკურნალობა არ სჭირდება. გირჩევთ, ქალასშიდა წნევის მომატების საეჭვო ნიშნების შემჩნევისთანავე კონსულტაციისთვის მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს.