ვის ეშინია კბილის ექიმის
რაც შეხება სულ პირველ გასინჯვა-დათვალიერებას, კარგი იქნება, თუ ის ერთი წლის ასაკში ჩატარდება. ექიმი სტომატოლოგი ნახავს, სწორად ვითარდება თუ არა ახალამოჭრილი კბილები, მოგცემთ რეკომენდაციებს მათი მოვლის შესახებ, შეაფასებს ღრძილების მდგომარეობას. რაც მთავარია, ეს იქნება ბავშვის პირველი კონტაქტი ექიმთან, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ექიმის მიმართ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ბავშვის პირველი შთაბეჭდილება. ამაზე ბევრად არის დამოკიდებული ექიმებთან მისი მომავალი ურთიერთობა. სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ასოცირდებოდეს ტკივილთან - მას მხოლოდ და მხოლოდ გაცნობითი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ბავშვმა, რომელიც არასოდეს ყოფილა კბილის ექიმთან, არ იცის, შეეშინდეს თუ არა. ხშირად ჩვენ თვითონ, ჩვენი სიტყვებით: “ნუ გეშინია”, “არ გეტკინება”, - ვუწევთ პროვოცირებას მის შიშს. ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, აშინებს გაურკვევლობა, არცოდნა, ახალი გარემო, უცხო ადამიანები, შეუცნობლის მოლოდინი. ექიმთან ვიზიტის თანმხლები უარყოფითი ემოციები მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ, ბავშვს უნდა ავუწეროთ, რას გააკეთებს კეთილი ექიმი, ოღონდ მისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე (თავი არიდეთ “საშიშ” სიტყვებს: “გაქლიბვა”, “ნემსი”, “ჩხვლეტა”). მაგალითად, შეიძლება ვუთხრათ: “ის დაათვალიერებს შენს კიჭებს და მოგცემს ვიტამინებს”. გამოიყენეთ ბავშვური ცნობისმოყვარეობა, გაითამაშეთ “კბილის ექიმთან სტუმრობა”, აჩვენეთ ბავშვს, როგორ უნდა შევიდეს ოთახში და დაჯდეს სტომატოლოგის სავარძელში, როგორ უნდა გააღოს პირი. ერთად დაითვალეთ მისი კბილები, დაათვალიერეთ სარკეში. როგორ შევარჩიოთ კარგი კლინიკა? ყველაზე საიმედო, რა თქმა უნდა, ნაცნობ- მეგობრების რეკომენდაციაა. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მომენტებს:
- არის თუ არა კლინიკაში ბავშვთა სტომატოლოგი;
- აღჭურვილია თუ არა სამკურნალო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით და მასალებით;
- იძლევიან თუ არა გარანტიებს სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.
პრაქტიკული რჩევები
სტომატოლოგთან სტუმრობა დილის საათებში დაგეგმეთ, რათა ბავშვმა მთელი დღე არ იფიქროს მოსალოდნელ ვიზიტზე. ამავე მიზეზით პატარა ვიზიტის თაობაზე იმ დილით ან წინა საღამოს გააფრთხილეთ. აჭამეთ ბავშვს შინიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე. კლინიკაში მიდით დანიშნულ დროზე 10 წუთით ადრე (და არა ერთი საათით ადრე, რათა პატარა პაციენტი ლოდინმა არ დაღალოს). აირჩიეთ კლინიკა, რომელიც თქვენს სახლთან ახლოსაა, რათა გზა ბავშვისთვის დამღლელი არ იყოს. მკურნალობის სეანსი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს - 10-15 წუთზე მეტს ბავშვი ვერ გაძლებს, დაიღლება და გაჭირვეულდება. ნუ ეტყვით პატარას, რომ ექიმი არაფერს არ უზამს, რომ არ ეტკინება. თუ პირიქით მოხდა, ბავშვი მიხვდება, რომ ის მოატყუეს და მის ნდობას დაკარგავთ. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სტომატოლოგთან ვიზიტზე, ნუ აქცევთ მას კვირის მნიშვნელოვან მოვლენად. პირიქით, ხაზი გაუსვით იმას, რომ ეს ჩვეულებრივი რამაა, რაც მთავარია - ბუნებრივი. უამბეთ იმის შესახებ, რომ ბავშვებიც და უფროსებიც რეგულარულად აჩვენებენ თავიანთ კბილებს ექიმს. თუ თავადაც გეშინიათ სტომატოლოგისა, ბავშვი გაატანეთ სხვას - მამას ან ბებიას. საქმე ის არის, რომ ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან მშობლების ემოციების მიმართ; თქვენი განწყობა, როგორც არ უნდა დამალოთ, მათაც გადაედებათ, ამან კი შესაძლოა ფსიქოლოგიური ბარიერი წარმოშვას. ყველანაირად ეცადეთ, ბავშვს არ ეშინოდეს და ხალისით წავიდეს კბილების სამკურნალოდ.