როცა ოჯახში ორი პატარაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ოჯახში ორი პატარაა

დედებს ჰგონიათ, ერთჯერადი საფენები, ძუძუთი კვება და ერთად ძილი სავსებით საკმარისია ღამის პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ერთი ბავშვის პატრონებს ეს ყველაფერი მართლაც ეხმარება, ორის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა - დედა იძულებულია, ღამით ორჯერ უფრო ხშირად გაიღვიძოს. საბოლოოდ თითქმის ყველა ხვდება, რომ გამოძინებას მანამდე ვერ შეძლებს, ვიდრე ბავშვები 4-5 წლისანი არ გახდებიან. პირველი სირთულე მაშინვე იჩენს თავს, როგორც კი მეორე ბავშვი დაიბადება. უფროსი უნდა მიეჩვიოს, რომ დედასთან ურთიერთობის საათები დღისითაა, ხოლო ღამით მშობლების ყურადღება უფრო მეტად პატარას ეკუთვნის. როცა რამდენიმე კვირაში ღამის რეჟიმი ასე თუ ისე დალაგდება, ახალი პრობლემები წარმოიშობა, მათ შორის - ნაწლავური კოლიკა, კბილების ამოჭრა... ჩვილს სწრაფად ეცვლება დღისით ძილის რეჟიმიც. მას ჯერ თითქმის სულ სძინავს, მერე - დღეში სამჯერ, მერე - ორჯერ და ბოლოს - ერთხელ. ამის გამო გამუდმებით მერყეობს ღამით დაძინებისა და ბანაობის საათები. უფროსს კი უკვე სტაბილური რიტმი აქვს. როცა დედას ერთი ბავშვი ჰყავს, ღამით შეუძლია შვილის ჭირვეულობა გაითვალისწინოს და მასთან ერთად ღამეც კი გაათიოს. სანაცვლოდ ორივენი გამოიძინებენ დილით. ორი შვილის დედას ამის საშუალება არ აქვს, გათენდება თუ არა, ერთ-ერთი ბავშვი მაინც გაიღვიძებს და თავის წილ ყურადღებას მოითხოვს - მას დროზე უნდა ჭამა, თამაში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, 2-2,5 წლის შემდეგ პატარებს “ღამის კოშმარების” ასაკი ეწყებათ. ისინი ხშირად იღვიძებენ ტირილით, რომლის მიზეზის დადგენა და პატარას სწრაფად დამშვიდება შეუძლებელია. სტრესი, რომელიც ეუფლება უფროს შვილს ოჯახში “კონკურენტის” გაჩენის გამო, შესაძლოა ღამის კოშმარების მაპროვოცირებელი ფაქტორიც იყოს. შედეგად იქმნება სიტუაცია, რომელიც ასე გამოიყურება - დედა აძინებს უფროსს, შემდეგ აჭმევს და აძინებს უმცროსს, ამოსუნთქვასაც ვერ ასწრებს, რომ უფროსი ტირილით იღვიძებს. დაწყნარდება უფროსი და პატარას ისევ ჭამის დრო მოსდის, ან პამპერსი აქვს გამოსაცვლელი, ან წამოაქაფებს და ზეწარი ესვრება... ასე გადის მთელი ღამე, დილით კი ისევ - ადგომა, საუზმე, თამაში, სეირნობა... რასაკვირველია, დედის განსაკუთრებული ჰორმონული ფონი ხელს უწყობს მეძუძურ ქალს ადვილად ჩაძინებასა და კვების დროს ნახევრად მძინარე მდგომარეობის შენარჩუნებაში. მიუხედავად ამისა, ორი პატარას აღზრდის შემთხვევაში ძილის დეფიციტი მაინც მნიშვნელოვანია და ოჯახის წევრთა დახმარება აუცილებელია. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტია მამისა და უფროსი შვილის ერთად ძილი, რაც უქმე დღეებში მაინც იქნება შესაძლებელი. თუ დედა ღამით გამოძინებას მაინც ვერ ახერხებს, შეუძლია, დღის განმავლობაში სცადოს დეფიციტის შევსება. ამ დროს შეიძლება უმცროსის ძილი გასეირნებისას შინ დაძინებით შეიცვალოს, სეირნობა კი მერეც მოესწრება, როცა ძილის რეჟიმი ასე თუ ისე ჩამოყალიბდება.

შუადღის ძილი

თუ მეორე ბავშვის დაბადების დროისთვის უფროსს ჯერ კიდევ არ აქვს გამომუშავებული შუადღისას დამოუკიდებლად დაძინების ჩვევა, დღის ძილი შეიძლება ნამდვილ პრობლემად იქცეს. საქმეს ის ართულებს, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო აუცილებელია მისთვის დღისით ძილი. ორი წლის პატარა, რომელიც თუნდაც 40 წუთით არ დაიძინებს, საღამოს შესაძლოა შეურაცხადივით იქცეოდეს - ჭირვეულობდეს ყველა წვრილმანზე, დარბოდეს, სიტყვას აღარ იგონებდეს. ორი ბავშვის დედას კი საღამოსთვის ისედაც ელევა ძალა და მოთმინება. გარდა ამისა, როცა ბავშვი დღისით ძალიან იღლება, ღამის ძილიც მოუსვენარი და მშფოთვარე აქვს. თუ ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა ორი წელია, დედის ორსულობის პერიოდში უფროსი მეტისმეტად პატარა იქნება და მართლაც საცოდაობაა, ის დამოუკიდებლად დაძინებას შევაჩვიოთ. გამოდის, რომ დამოუკიდებლად დაძინების ჩვევის გამომუშავებას სამომავლოდ გადავდებთ ხოლმე.


შედეგად მალე დგება დღე, როცა დედას ხელში ახალშობილი უჭირავს, ხოლო საწოლში უფროსი ბავშვი ტირის, რადგან უდედოდ დაძინება არ სურს. ასე რომ არ მოხდეს, უფროსს აუცილებლად უნდა გამოვუმუშაოთ დამოუკიდებლად დაძინების ჩვევა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხშირად დედა დღის ძილის დროს უფროს ბავშვთან ერთად წყნარად ჯდომასაც კი ვერ შეძლებს - პატარა ამ დროს შეიძლება ჭირვეულობდეს, ღუღუნებდეს, ყვიროდეს... იდეალური ვარიანტია, თუ პატარა ძუძუს წოვს და დედას საშუალება აქვს, უფროსს ხელი მაინც გაუწოდოს ან წყნარად მოუყვეს ზღაპარს, მაგრამ, სამწუხაროდ, განსხვავებული რეჟიმის, პატარას მგრძნობიარობის ან უფროსის მომთხოვნელობის გამო ეს შეუძლებელია. დაჰპირდით ბავშვს რამეს, თუ დამოუკიდებლად დაიძინებს. ეს ნუ იქნება მატერიალური ჯილდო - სათამაშო ან ტკბილეული; უმჯობესია, ჯილდო იყოს დედის ყურადღება - საყვარელი თამაში ერთად, ზღაპრის წაკითხვა, თოჯინური სპექტაკლი. ამავე დროს “პრიზი” ძალზე ფასეული უნდა იყოს. ჩვეულებრივი ფრაზა “დაიძინე და ზღაპარს წაგიკითხავ” პატარას ნამდვილად არ დააკმაყოფილებს, დედის მიერ მოწყობილი თოჯინური “სპექტაკლი” კი, რომელიც სულ რაღაც 8-10 წუთს გაგრძელდება, ნამდვილად მომხიბლავია. ასეთ სანახაობას უმცროსიც კი ყურადღებით მიაპყრობს მზერას. დაეხმარეთ ბავშვს ჩაძინებაში, დაამშვიდეთ ძილის წინ იავნანით, მოუყევით ზღაპარს ფერიის შესახებ, რომელიც პატარებს ფერად სიზმრებს მოუტანს ხოლმე. ამ ფერიას ძალიან უყვარს ბავშვები, რომლებიც დედას ეხმარებიან - მას დასვენების საშუალებას აძლევენ და დღისით თავისით იძინებენ. როცა პატარა გამოიღვიძებს, ჰკითხეთ, რა სიზმარი მოუტანა ფერიამ. თუ უფროსი ბავშვი მაინც არ არის თანახმა დამოუკიდებლად დაძინებაზე, შეიძლება შევუთანხმდეთ, რომ 30-40 წუთის განმავლობაში წყნარად იწვება და ზღაპარს მოისმენს (ზღაპარი დისკზე გექნებათ ჩაწერილი). შესაძლოა, მისი მოსმენისას თავისთავად ჩაეძინოს.  ზოგჯერ დედისთვის პრობლემად იქცევა არა უფროსი, არამედ უმცროსი ბავშვის ძილი, ვინაიდან არიან პატარები, რომლებიც დედის ხელებში დაძინებას მოითხოვენ. ამ დროს იდეალური იქნება, ბავშვების ძილის დრო ერთმანეთს ემთხვეოდეს.

სხვაობა - 2-3 წელი

ხშირად მშობლები განზრახ გეგმავენ ორსულობას ისე, რომ ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა 2-3 წელი იყოს. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი შუალედი საკმარისია მრავალი სირთულის თავიდან ასაცილებლად. რეალურად კი აღმოჩნდება, რომ სულაც არ ყოფილა იოლი დღის გატარება ახლშობილსა და 2-3 წლის მოუსვენარ პატარასთან ერთად. სირთულე განსაკუთრებით დიდია მაშინ, როცა დედას სურს, თავად აღზარდოს შვილები და გაურბის ბებიების დახმარებას და საბავშვო ბაღს. რასაკვირველია, ბავშვების ზრდასთან ერთად სირთულეებიც იკლებს, მაგრამ სრულყოფილ დივიდენდს მშობლები მხოლოდ მაშინ მიიღებენ, როცა უმცროსი შვილი სამი წლის გახდება - სწორედ ამის შემდეგ შეძლებენ პატარები ერთად დიდხანს თამაშს უფროსების მეთვალყურეობის გარეშე, უფროსი უმცროსს რამე სასარგებლოს შეასწავლის, მიაქცევს ყურადღებას.

სეირნობა

ორ ბავშვთან ერთად სასეირნოდ წასვლა სულაც არ არის ადვილი. თავდაპირველად მათ უნდა ჩავაცვათ. ეს საკმაოდ რთული საქმეა, განსაკუთრებით - ზამთარში. საქმის გასამარტივებლად შეიძლება მოვიქცეთ ასე: უფროსს ჩავაცვათ ყველაფერი, პალტოსა და ქუდის გარდა, და უმცროსის ჩაცმამდე რაიმე გასართობი შევთავაზოთ, მაგალითად, სიმღერის მოსმენა ან პატარა ფაზლის აწყობა. თუ დედა მოახერხებს, ორსულობის პერიოდში უფროს შვილს შეასწავლოს სეირნობისას უსაფრთხოების წესების დაცვა, საქმეს ძალიან გაიადვილებს. იდეალურ შემთხვევაში, პატარა ბავშვი, როგორც კი ფეხს აიდგამს, უნდა მიეჩვიოს, რომ ქუჩაში სეირნობისას დედას ხელი მოჰკიდოს ან რამდენიმე ნაბიჯზე მეტად არ მოსცილდეს. მიაქციეთ ყურადღება: დედა კი არ იჭერს ბავშვს და კი არ დასდევს, არამედ ბავშვი ცდილობს, არ მოსცილდეს დედას. ასევე უნდა ვასწავლოთ ქუჩაზე გადასვლა - პატარამ უნდა იცოდეს, რომ გადასასვლელთან შეჩერდეს, დედას ხელი მოჰკიდოს და წინ არ გაიქცეს. ასევეა შესასწავლი ქუჩაში შემხვედრ ცხოველებთან და უცნობ ადამიანებთან ქცევის წესები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდოთ ამ ყოველივეს სწავლება სამომავლოდ, მეორე შვილის დაბადების დროისთვის. აბა, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებით, როცა ერთი ბავშვი ეტლში ტირის, მეორე კი სადღაც გარბის - სურს, მარტო წავიდეს სხვა გზით, თანაც არა შინ, არამედ სულ სხვაგან, ყოველივე ამასთან ერთად კი გამვლელ-გამომვლელის კომენტარებს ისმენთ! ძალიან არასასიამოვნო მომენტია, როცა სეირნობისას უფროს ბავშვს ვინმე აწყენინებს. ის ტირის და დედისკენ გამორბის, მისი ხმამაღალი ტირილი პატარას აღვიძებს, ორივეს დედის ყურადღება სჭირდება... ასეთ დროს დახმარებას გაგვიწევს სათამაშო, რომელზეც უცებ შეიძლება გადავიტანოთ უფროსი ბავშვის ყურადღება - ბურთი, მანქანა, ნიჩაბი... ორწლიანი შუალედის შემთხვევაში კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ორი წლისთვის ყველა ბავშვი ეჩვევა თავისი საკუთრების განკარგვას, შეიმეცნებს, რომ რაღაც მისია და ხშირად სულაც არ სურს, თავისი საკუთრება სხვებს უწილადოს. ეს კი ნიშნავს, რომ გარდაუვალია ჩხუბი საბავშვო მოედანზე. დედა ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობას ვერ აუკრძალავს, მაგრამ ხშირად ჩვილით ხელში უწევს დაძაბულ სიტუაციაში “საქმის გარჩევა”. ძალიან კარგია, თუ უფროს ბავშვს მშვიდი მეგობარი ჰყავს, თქვენ კი მის დედასთან მეგობრობთ, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, სასიამოვნო ურთიერთობა მაინც გაქვთ. ეს საშუალებას მოგცემთ, დროდადრო ჩვილი ოდნავ მოშორებით გაიყვანოთ და მშვიდად დააძინოთ, უფროსს კი მისი მეგობრის დედა მიაქცევს ყურადღებას. უფროსი შვილის თანატოლებთან თამაშის ორგანიზება არ გამოგდით? ნუ ინერვიულებთ, ამ ასაკში ბავშვს უპირველესად დედის ყურადღება სჭირდება. როგორც წესი, ჩვილი სეირნობისას იძინებს და დედას საშუალება ეძლევა, უფროსს დაუთმოს დრო, რასაც შინ იშვიათად თუ მოახერხებს. უფროსი ბავშვები ასეთ დროს ხმაურსაც ერიდებიან, რათა პაწია არ გააღვიძონ და დედასთან ურთიერთობის დრო გაიხანგრძლივონ.