ნაძვის ხესთან
ამ დღეს, ტრადიციისამებრ, ოჯახში ვხვდებით, თუმცა ყოფითი სინამდვილიდან გამომდინარე, შესაძლოა 31 დეკემბერი ისე დაღამდეს, რომ პატარებისთვის სიურპრიზის მოსამზადებლად ვერც კი მოვიცალოთ. არა უშავს, წინ ხომ შობაა, თანაც ქართველებს ”ორი ახალი წელი” გვაქვს!
თუ საშობაო საჩუქრების ყიდვა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ ან ეს-ესაა შეიტყვეთ, რომ სტუმრად მიგიპატიჟეს ოჯახში, სადაც პატარებიც არიან, ჩვენი რჩევები აუცილებლად დაგაინტერესებთ.
პატარები ჯადოსნურ საჩუქრებს ელიან. წრფელი სიხარული რომ მივანიჭოთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ფსიქოლოგთა რჩევები. მათი აზრით, საჩუქრის შერჩევა საკმაოდ რთულია. თუ პატარას ვუყიდით იმ სათამაშოს, რომელსაც ის დიდი ხანია ელის, ის შესაძლოა მოსაწყენი აღმოჩნდეს, სიურპრიზი კი საკმაოდ საპასუხისმგებლოა - შესაძლოა, ბავშვს ის სულაც არ მოეწონოს. ყველაფერთან ერთად არც ფასის ფაქტორის უარყოფა შეიძლება. მოკლედ, მოდი, ერთად დავძლიოთ სირთულე.
პირველი ახალი წელი
ჩვილ ბავშვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული საჩუქარი უნდა შევურჩიოთ. უმჯობესია, ეს იყოს სათამაშო, რომელიც პატარას განვითარებას შეუწყობს ხელს. სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვი აქტიურად შეიცნობს სამყაროს, რის გამოც სათამაშო მისთვის საუკეთესო საჩუქარია. წლამდე ასაკის პატარასთვის სავსებით შესაფერისია მოძრავი სათამაშოები, ჩხრიალა, რბილი სათამაშოები, საწოლზე დასამაგრებელი ქსოვილები მძივებითა და ფერადი ზონრებით... როცა ბავშვი იმდენად პატარაა, რომ ჯერ არც კი დაცოცავს, თამაშში აქტიურად არის ჩართული ტაქტილური შეგრძნება და მხედველობა. რაც უფრო საინტერესოა მისთვის სათამაშო, მით უფრო სწრაფად ეცდება ბავშვი მის აღებას, ეს კი პატარას გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
შედარებით მოზრდილი ბავშვი მზად არის რთული სათამაშოების შესაცნობად. 7-8 თვის პატარას შეიძლება ვაჩუქოთ მარტივი კონსტრუქტორი დიდი დეტალებით, საქანელა, რომელზეც დათუნია, კურდღელი ან თოჯინა ”ზის”. ამ ასაკის ბავშვს მოხიბლავს პირამიდა და მუსიკალური სათამაშოები.
აუცილებლად უნდა შევაჩეროთ ყურადღება ტილოს, პოლიეთილენის ან მუყაოს წიგნებზე, რომელთა ”ფურცლებსაც” დიდი ფერადი ნახატები ამშვენებს. სხვათა შორის, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ 7-8 თვის ბავშვს შეიძლება შემოქმედებითი ნიჭიც განვუვითაროთ, რაშიც გამოგვადგება ფანქრები, პლასტელინი, სპეციალური საღებავები და ცარცი. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პატარები ამ ასაკში ყველაფერს გემოს უსინჯავენ. ამიტომ უვნებელი ნედლეულისგან დამზადებული ატრიბუტები უნდა შევარჩიოთ.
რა თქმა უნდა, წლამდე ასაკის ბავშვი შესაძლოა ვერც ახალი წლის ზეიმის არსს მიხვდეს და ვერც ის გააცნობიეროს, რატომ მოუტანეს საჩუქარი, მაგრამ საახალწლო საჩუქრის ტრადიციებს აუცილებლად უნდა დავუდოთ სათავე.
ჯადოსნური ტრადიცია
პატარა იზრდება და სულ უფრო აქტიურად შეიცნობს სამყაროს. 2-დან 4 წლამდე მისი სათამაშოები უფრო და უფრო რთულდება. ერთი რამ კი ცხადია: ამ ასაკში ბავშვს სათამაშოთი უფრო მეტად დააინტერესებთ, ვიდრე ტანსაცმლით. ტანსაცმელს ის ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს, ხოლო სათამაშო, რომლითაც ითამაშებს და სამყაროს შეიცნობს, პატარას ძალიან გაახარებს.
მაინც რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როცა ამ ასაკის პატარებისთვის საჩუქარს ეძებენ?
ბავშვის განვითარების თვალსაზრისით საყურადღებოა მოზაიკა, კონსტრუქტორი, დომინო, ლოტო... ყველაზე პოპულარული მაინც კონსტრუქტორია. ის განავითარებს კოორდინაციას, აზროვნებას, წარმოდგენას საგნებსა და მოვლენებზე, ლოგიკას, ყურადღებას, შემოქმედებით და კონცენტრირების უნარს.
ბიჭუნებს აუცილებლად მოეწონებათ რბილი პლასტმასის კონსტრუქტორები, რომელთაგანაც შეიძლება თვითმფრინავი ან მანქანა ავაწყოთ. ზოგიერთ კონსტრუქტორს ელექტრომოწყობილობაც აქვს, რაც ჩვენი ქმნილების ”გაცოცხლებაში” დაგვეხმარება.
რბილი სათამაშოც ძალიან კარგი საჩუქარია. ის სასიამოვნო დასაჭერია და ლოგინშიც შეიძლება ჩავიწვინოთ.
ცნობილია, რომ ბავშვი სამყაროს თამაშით შეიცნობს, ამიტომ ძალიან კარგი საჩუქარია თოჯინა, სათამაშო სახლი, ჭურჭელი, საბავშვო ეტლი, საყოფაცხოვრებო საგნები... თუმცა ეს ყველაფერი უფრო გოგონებისთვისაა შესაფერისი.
2-4 წლის ბავშვი თოჯინების თეატრითაც კარგად გაერთობა. მას ექნება საშუალება, სურვილისამებრ, რეჟისორიც იყოს და მსახიობიც. არც ფერადი წიგნები უნდა დავივიწყოთ, მათი მეშვეობით პატარა ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებს.
შემოქმედებითი პიკი
5 წლის ბავშვს შეიძლება სრულიად განსხვავებული საჩუქარი შევურჩიოთ. ამ დროს სათამაშოთი ნუღარ შემოვიფარგლებით. 5 წლის გოგონამ უკვე იცის ლამაზი კაბის, საბავშვო კოსმეტიკის, ჩანთის, ფეხსაცმელების ფასი. არც ბიჭუნა დარჩება გულგრილი იმ ჟილეტის მიმართ, რომელსაც ბევრი ჯიბე აქვს - მას ხომ შეუძლია, უამრავი საჭირო ნივთი ტანსაცმელშივე შეინახოს! მოზრდილი ბიჭები შეიძლება კომპიუტერული თამაშით გავახაროთ, ხოლო გოგონები - საყვარელი მომღერლის კომპაქტდისკით.
კვლავ აქტუალური რჩება კონსტრუქტორები, ზღაპრები, გასაფერადებელი წიგნები.
ჯადოსნური ხე
გიფიქრიათ, რომ ნაძვის ხის მოსართავი შეიძლება იყოს არა მარტო ლამაზი, არამედ... გემრიელიც?! დღეს, ბრჭყვიალა სათამაშოების წარმოუდგენელი მრავალფეროვნების ეპოქაში, შეგიძლიათ ორიგინალურობა გამოიჩინოთ და ნაძვის ხე ლამაზი ტკბილეულით და ხილით მორთოთ. პატარებს, რომელთაც ძალიან უყვართ ნაირ-ნაირი სასუსნავი, თქვენი წამოწყება ნამდვილად აღაფრთოვანებთ.
სასწაულმოქმედი კანფეტები
თითქმის ყველა ბავშვს სჯერა, რომ კანფეტი, რომელიც ნაძვის ხის ტოტზეა ჩამოკიდებული, გაცილებით გემრიელია, ვიდრე იქვე, მაგიდაზე დადებული. შეგიძლიათ, კანფეტები გირლანდისებურად აასხათ ძაფზე, ვარსკვლავის ან ყვავილის მსგავსად შეკრათ, რათა უფრო მიმზიდველი გახადოთ. საკიდად კი შეიძლება ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ძაფი, ფერადი ქაღალდით მორთული უბრალო სამაგრი ან ფერადი ზონარი გამოიყენოთ. შეგიძლიათ, აიღოთ წვრილი ლამაზი მავთული, მასზე მძივის რამდენიმე მარცვალი აასხათ და კანფეტს შემოახვიოთ, ბოლოები კი კაუჭის მსგავსად ჩამოდოთ ტოტზე.
სხვათა შორის, ნაძვის ხის ტოტებზე არა მარტო ვაშლებისა და კანფეტებისთვის, არამედ მარმელადისთვის, ზეფირისთვის, ჩირისა და თხილისთვისაც მოიძებნება ადგილი. მთავარია, ამ ყველაფერს სასიამოვნო და ზღაპრული იერი მივცეთ. დეკორატიული ქაღალდი, ქაღალდის ლამაზი ხელსახოცი და ცელოფანი საზეიმოდ შესაფუთი ტრადიციული საშუალებებია. თუ გსურთ, რაღაც განსაკუთრებული და ორიგინალური შექმნათ, შეკერეთ ნაჭრის პატარა ტომრები და მძივებით ან აპლიკაციებით მორთეთ. გამოგადგებათ ლამაზი ღილები, ფერადი ძაფები.
ჩვეულებრივი ჩუპა-ჩუპსი შეგიძლიათ ნაძვის ხის მოსართავ თოჯინად აქციოთ. ძაფისგან გაუკეთეთ პარიკი, სახე კი შეგიძლიათ დახატოთ ან... ახლობლების სურათები გამოიყენოთ! ეს ლამაზიც იქნება და სასაცილოც!
ნამცხვარი ნაძვის ხეზე
ნამცხვარი, რომლის ”მოწყვეტაც” პირდაპირ ნაძვის ხის ტოტიდან შეიძლება, ნამდვილი საახალწლო სასწაულია. ფხვიერი ცომისგან გამომცხვარი ფერადი ვარსკვლავები, ნახევარმთვარეები, გულები გაცილებით მომხიბლავია, ვიდრე შუშის სათამაშოები. შეგიძლიათ, სპეციალური შაბლონების გამოყენებით ცომისგან გამოჭრათ დათვის ბელი, ციყვი, სახლი, ჩექმა...
ტრადიციულად, ნაძვის ხის მოსართავებს ფხვიერი ან თაფლაკვერის ცომისგან აცხობენ. არჩევანი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. როგორც ვხედავთ, არსებობს უამრავი საშუალება, რათა შობა-ახალი წელი განუმეორებელი და დაუვიწყარი გავხადოთ. მთავარია მონდომება. ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ. იმედია, ყოფითი პრობლემები ვერ გააუფერულებენ ამ იდუმალებითა და იმედით აღსავსე დღეებს.