პირველი შვილის განცდები
მშობლები ყოველთვის ვერ მოახერხებენ ეჭვიანობის თავიდან აცილებას, მაგრამ შეუძლიათ, მინიმუმამდე დაიყვანონ ის. ამისთვის საჭიროა უფროსი შვილის წინასწარ მომზადება ოჯახის ახალ წევრთან შესახვედრად. დაიკოს ან ძამიკოს დაბადებამდე პირმშო მიჩვეული იყო საყოველთაო ყურადღებას, ოჯახის წევრების განსაკუთრებული სიყვარულით იყო გარემოცული, ახლა კი მის ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები ხდება: ის შეიძლება სხვა ოთახში გადაიყვანონ, საბავშვო ბაღში შეიყვანონ, ძიძა დაუქირაონ და ა.შ. სასურველია, ეს ცვლილებები დის ან ძმის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე დასრულდეს. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ გაიზარდა და ცალკე ოთახი სჭირდება და ა.შ. სხვაგვარად პატარა იფიქრებს, რომ მას თავიდან იშორებთ. ბავშვთა ფსიქოლოგების უმეტესობა საჭიროდ მიიჩნევს, ბავშვმა წინასწარ იცოდეს, რომ მისი დედის სხეულში ცოცხალი არსება იზრდება. აუხსენით მას, რომ ისიც იყო ჩვილი, მანაც დიდი სიხარული მოგიტანათ, როცა დაიბადა, აჩვენეთ თავისი პატარაობის დროინდელი ფოტოსურათები, უამბეთ, რომ ისიც ასეთი ნამცეცა იყო და შემდეგ გაიზარდა. უფროსი ბავშვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია "უფროსობის" განცდა. დროდადრო შეახსენეთ, რომ ჩვილი ძალიან უსუსურია და იმედი გაქვთ, მის მოვლაში დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში ის ისე მოიქცევა, როგორც მესამე მშობელი, თქვენთან ერთად აჭმევს, აბანავებს ან ჩააცმევს პატარას, ატირებულს დააწყნარებს... თუ თვითონ ვერ მიხვდა, შეგიძლიათ უკარნახოთ, მაგრამ არამც და არამც არ დაავალოთ და არ დააძალოთ - ამით ეჭვიანობას გაამძაფრებთ. აუხსენით უფროს შვილს, რომ თქვენი ყოველდღიური განრიგი შეიცვლება: "მე ალბათ დავიღლები, ამიტომ ბებიას ვთხოვ, საბავშვო ბაღიდან გამოგიყვანოს", ანდა "ხელით ვეღარ გატარებ, სამაგიეროდ უფრო მეტხანს ვისეირნებთ". წაიყოლეთ მაღაზიაში მომავალი დაიკოს ან ძამიკოსთვის ნივთების საყიდლად. ის ხალისით დაგეხმარებათ საბავშვო ეტლის ან საწოლის შერჩევაში. სამშობიაროში წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე აუხსენით, სად და რისთვის მიდიხართ, როდის დაბრუნდებით, უთხარით, ვინ დარჩება მასთან. ბავშვის ეჭვიანობას აძლიერებს უფროსების საქციელი, ამიტომ სამუშაოდან დაბრუნებულმა მამამ როგორმე უნდა დაიოკოს პაწაწას მოფერების სურვილი - ჯერ უფროსს უნდა მიეალერსოს; თუ ადრე ბებიისა და პაპის საუკეთესო საჩუქარი პირველ შვილიშვილს ეკუთვნოდა, ახლა ისინი ჩვილისკენ გარბიან... ასეთ დროს უფროსი ბავშვი ირწმუნებს, რომ ჩვილობა ჯობია და თავადაც ჩვილივით მოქცევას დაიწყებს. ასე რომ არ მოხდეს, გამოიჩინეთ მის მიმართ სათანადო ყურადღება და სითბო, აჩუქეთ თუნდაც ათი-თხუთმეტი წუთი ძილის წინ. მთავარია იგრძნოს, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ მხოლოდ მას ეკუთვნით. სთხოვეთ ახლობლებს, მეტი დრო გაატარონ მასთან; საჩუქრები მოართვან არა მხოლოდ ახალშობილს, არამედ უფროსსაც. შეინარჩუნეთ რიტუალები, რომლებიც არსებობდა მეორე ბავშვის დაბადებამდე - უფროსი იგრძნობს, რომ ძველებურად გიყვართ და კმაყოფილი იქნება მშობლიური ამაგისა და სიყვარულის კუთვნილი წილით. მოიკრიბეთ მოთმინება და თავი შეიკავეთ მაშინაც კი, როცა ბავშვი მეტისმეტად გამომწვევად იქცევა - გახსოვდეთ, ყოველივე ამას ის თქვენზე ნაკლებად არ განიცდის. ხაზი გაუსვით, რომ თქვენი ოჯახი ერთიანია, ოჯახის ყველა წევრს მასში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თქვენი ძალისხმევა ამაოდ არ ჩაივლის - მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენ გვერდით თანამოაზრეა და არა აბეზარი ეჭვიანი.