დიდი გაიზარდე!
რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ასე ფიქრი არაბუნებრივია. აბა, დაფიქრდით, როგორ ჟღერს ფრაზა: "არ მინდა, ჩემი შვილი გაიზარდოს!" უმალვე გვახსენდება, რომ ზოგიერთი პატარა, საუბედუროდ, მართლაც ვერ აღწევს ზრდასრულ ასაკს ავადმყოფობისა თუ უბედური შემთხვევის გამო. რა თქმა უნდა, ზემომოყვანილი ფრაზა ასეთ ტრაგიკულ დასასრულს სულაც არ გულისხმობს. უბრალოდ, დედას უნდა, შვილის ბავშვობა დიდხანს გაგრძელდეს. მაინც რატომ გვასევდიანებს ის ფაქტი, რომ შვილი იზრდება? ერთ წლამდე ბავშვის მოვლა ადვილია, თუმცა შესაძლოა, ეს უცნაურად ჟღერდეს. მართლაც, რამდენი ნაშრომი, წიგნი თუ პუბლიკაცია არსებობს იმის შესახებ, როგორ მოვუაროთ ჩვილს, როგორ გავართვათ თავი დედის ახალ როლს. აქ სწორედ "ახალი როლია" საკვანძო სიტყვები, მათში იმალება ყველა სირთულის ახსნა. სულაც არ არის ადვილი ჩვილის ჩაცმა, დაბანა, კვება; კიდევ უფრო რთულია მისი ტირილის ატანა, პირველი ავადმყოფობის გადატანა, ბავშვისა და მთელი ოჯახისთვის მისაღები რეჟიმის განსაზღვრა. დედას აკლია თავდაჯერება, გამუდმებით ღელავს ბავშვის განვითარების, თვითშეგრძნების, ჯანმრთელობის გამო. თუმცა ეს სირთულეები მალე გაივლის, ორიოდე კვირაც და პატარას მოვლა რუტინად იქცევა, დედა ყველაფერს ავტომატურად აკეთებს და ეს სავსებით ბუნებრივია - ჩაცმა, ხელში აყვანა, დაბანა და პამპერსის გამოცვლა ხომ დღეში რამდენჯერმეა საჭირო. ერთი-ორი თვის შემდეგ კი დედა ადვილად გაარჩევს მშიერი ბავშვის ტირილს მოწყენილის ტირილისგან, მიხვდება, როგორი უნდა იყოს რეჟიმი და ყველა სირთულეს დაივიწყებს. ამის შემდეგ ის უკვე ბედნიერი იერით შეჰყურებს შვილს, რომელიც ისეთი პაწაწინაა, თავს მშვიდად მხოლოდ დედის გვერდით გრძნობს. სწორედ ამ დროს შეიძლება დაეუფლოს დედას შიში, რომ ბავშვობა მალე დამთავრდება და ახალი სირთულეები იჩენს თავს. პატარა ბავშვი მშობლებს ვერ აწყენინებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღამით არ იძინებს, უარს ამბობს საკვებზე ან ჭამით ისე ერთობა, რომ თეფშს გადააყირავებს, სათამაშოებს გადაყრის. დედა ვერ განრისხდება. დედა შეიძლება გადაიღალოს, შეშფოთდეს, შეშინდეს, მაგრამ გაღიზიანება მყისიერი იქნება. დედა არასოდეს დაღონდება სერიოზულად ჩვილის ცელქობის ან ჭირვეულობის გამო, რადგან ეცოდინება - პატარა დამნაშავე არ არის, ხოლო მისი უსაქციელობის მიზეზები ზედაპირულია: დაღლილობა, შიმშილი ან, პირიქით, უმადობა. ყოველივე ამის გამოსწორება კი ადვილია: საკმარისია, პატარას ვაჭამოთ, ხელში ავიყვანოთ ან დავაძინოთ. გავა ერთი-ორი წელი და "არასწორი" საქციელის მიზეზიც გაქრება, მაგრამ გაჩნდება პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლადაც არასტანდარტული ქმედებები იქნება საჭირო. როგორ უნდა მოიქცეთ, როცა პატარა ტირის, შესანიშნავად იცით, მაგრამ რა ვიღონოთ, როცა ორი წლის ბავშვი ღრიალებს, სათამაშო მოედნიდან წასვლა არ უნდა ან დაჟინებით ითხოვს მამის ორგანაიზერს? რა მოგდით პირველად თავში? ცხადია, პატარა უნდა დავიყოლიოთ. მაგრამ მას სულაც არ სურს შეთანხმება, არ თმობს პოზიციას, წივის, კივის, ღრიალებს, დაბლა გორავს და ხელ-ფეხს აფართხალებს. ახლა რას ფიქრობთ? პასუხი ნათელია: ბავშვს ხელი უნდა დავავლოთ და შინ წავათრიოთ ან მივტყიპოთ. შედეგად ორივეს გაგიფუჭდებათ განწყობა, პატარა გაიბუტება, თქვენც უკმაყოფილო დარჩებით საკუთარი საქციელით, შვილიც შეგეცოდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხართ გაღიზიანებული... როდის ვეჯახებით ყველაზე ხშირად ასეთი სიტუაციებს? სწორედ მაშინ, როცა უკვე წამოზრდილ შვილს ისევ ჩვილ ბავშვად აღვიქვამთ. აქედან მოდის ჩვენი შაბლონური გადაწყვეტილებებიც. რეალურად კი ბავშვი ჩვილი აღარ არის. უნდა გაიგოთ და მიიღოთ ის ფაქტი, რომ მისი შინაგანი სამყარო გაცილებით რთულია. გუშინდელი ჩვილი დღეს უკვე პიროვნებაა თავისი აზრებით, სურვილებით, ქმედებებით, მოთხოვნილებებით. და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ვინაიდან ყველა პიროვნება უნიკალურია, თქვენ უკვე ვეღარ იპოვით მზა რეცეპტს ყოველგვარი ვითარებისთვის, იძულებული იქნებით, მიიღოთ თქვენი, სწორედ თქვენი შვილისთვის შესაფერისი გადაწყვეტილება, თანაც ყოველი შემთხვევისთვის - განსხვავებული. თუ ამ გადაწყვეტილებას იპოვით კონფლიქტამდე რამდენიმე წუთით ადრე, შეიძლება, მრავალი უსიამოვნება აიცილოთ თავიდან. თუ ერთი ბავშვი გყავთ, შეგიძლიათ გამონახოთ საინტერესო საქმე, ორი შვილის დედა თუ ბრძანდებით, ორივეს მიეცით მნიშვნელოვანი დავალება. ხანდახან პატარას უცნაური ახირებაც შეიძლება დავაკმაყოფილოთ. გეშინიათ, რომ ეზოში დიდხანს ყოფნით ბავშვი დაიღლება ან მამის ნივთებს გააფუჭებს? ნუ შეშინდებით, ის ჩვილი აღარ არის და შეიძლება, მეტის უფლებაც მივცეთ. მზა რეცეპტების უქონლობა რთულია, მაგრამ საინტერესო. ასევე საინტერესოა იმის ყურება, როგორ იზრდება ბავშვი. ამასთან ერთად კი უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა არა მარტო ის მარტივი ურთიერთობა, რომელიც ცხოვრების პირველი წლინახევრის განმავლობაში ჩვეულებრივი მოვლით შემოიფარგლებოდა, არამედ გაქრება ბავშვის თქვენზე დამოკიდებულებაც. სწორედ ეს არის კონფლიქტების მთავარი მიზეზი. იმ კონფლიქტებისა, რომელთა გარეშეც ბავშვის გაზრდა წარმოუდგენელია. კაცმა რომ თქვას, ბავშვური სკანდალები სულაც არ არის ცუდი - ადამიანი იზრდება, სწავლობს დამოუკიდებელი გადწყვეტილებების მიღებას... ეს კარგია, მიუხედავად იმისა, რომ მოზრდილებს მისი გადაწყვეტილებები უგუნურად მიაჩნიათ. მაგალითად, ბავშვი მიდის არა საქანელასკენ, არამედ სადღაც, კაცმა არ იცის, სად; ფეხსაცმლის ჩაცმა არ უნდა - სურს, ფეხშიშველმა ირბინოს, კონსტრუქტორის აწყობის ნაცვლად კი მამის ბლოკნოტის "წაკითხვა" გადაუწყვეტია. რა უაზროც არ უნდა ჩანდეს თქვენი პოზიციიდან ეს გადაწყვეტილებები, ისინი ძვირფასია, რადგან თავად ბავშვის მიერაა მიღებული, ამიტომ პატარა ყოველნაირად ეცდება თავისი პოზიციის დაცვას. ეს შესანიშნავია. ადამიანს თავისი გადაწყვეტილებების დაცვა უნდა შეეძლოს. არც ის არის უცნაური, რომ პატარას უგუნური აზრები მოსდის - ის ხომ ახლა სწავლობს რაღაცის დამოუკიდებლად კეთებას. სინამდვილეში თქვენ იმიტომ არ მოგწონთ ბავშვის დამოუკიდებლობა, რომ ის მოუხერხებელია: თქვენ სახლში გეჩქარებათ, პატარას კი ეზოში უნდა; მამის ბლოკნოტში ხატვა არ შეიძლება; ჭამის დრო ახლაა, მერე უნდა ვძერწოთ... და საერთოდ, თქვენ უკეთ იცით! თუ დედამ ბავშვის ნაცვლად განაგრძო გადაწყვეტილებების მიღება, მოვლენები შეიძლება ორგვარად განვითარდეს: ან პატარას თქვენს სურვილებს მოახვევთ თავს, ან გამუდმებით კამათი გექნებათ. მეორე შემთხვევაში სინანულით გაიხსენებთ, რა საყვარელი იყო თქვენი შვილი ერთ წლამდე, პირველ შემთხვევაში კი ბავშვი სამი და ოთხი წლის ასაკშიც ჩვილივით მოიქცევა. თქვენ თავს კომფორტულად იგრძნობთ, თქვენი შვილი კი ფაქტობრივად არ შეიცვლება. ნამდვილად ღირს დაფიქრება: შეძლებს თუ არა რთული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებას პიროვნება, რომელსაც მარტივი გადაწყვეტილებებიც არასოდეს მიუღია? როდესაც თქვენი შვილი სკოლაში მივა, შესაძლოა ხშირად მოგიწიოთ წუხილი იმის გამო, რომ ის თავისით ვერაფერს აკეთებს, ყველაფრის კარნახი სჭირდება, მასწავლებელი კი იტყვის, რომ პატარა უინიციატივოა, პასიური. შეძლებს კი ასე გაზრდილი ბავშვი, აუცილებლობისას თქვენს ბურჯად და საყრდენად იქცეს? ხომ არ მოგიწევთ შემდეგ სინანული იმის გამო, რომ შვილს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება არ მიეცით? მშობლებზე დამოკიდებულება ჩვილი ასაკით არ შემოიფარგლება. ცხადია, ზრდასრულ ასაკამდე შვილი მშობელზეა დამოკიდებული, თუმცა ეს არ უნდა იყოს აშკარა და იძულებითი. პარადოქსია, რომ მშობლების პასუხისმგებლობა წლიდან წლამდე იზრდება ბავშვის პრობლემებსა და მოთხოვნებთან ერთად. პარალელურად მცირდება ბავშვის დამოკიდებულება მშობლებზე. თუ ამ ფაქტის აღიარება არ გსურთ, დადგება დრო, როცა შვილი თავად შეგახსენებთ, რომ ასეა. ზოგიერთ მშობელს აშინებს შვილის თავისუფლება: "მე აღარ ვჭირდები, ყველაფერი თავადაც შეუძლია, ესე იგი, ზედმეტი ვარ!" თუ ეს აზრი ერთხელ მაინც მოგსვლიათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: თავად თუ გჭირდებათ თქვენი მშობლები? რასაკვირველია, პასუხი ერთმნიშვნელოვანია. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ შვილების დამოუკიდებლობა - თქვენ ძველებურად ძვირფასი იქნებით მისთვის, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი. დროთა განმავლობაში აშკარა ფიზიკური დამოკიდებულება უფრო ღრმა კავშირით იცვლება, ეს კავშირი სიყვარულში გადაიზრდება, სიყვარულის განსამტკიცებლად კი აუცილებელია შვილთან მეგობრობა. ბავშვები არცთუ იშვიათად გვეხმარებიან სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობაში. მართალია, თქვენ ვეღარ შეძლებთ, თქვენი გოგონა ეტლში ჩასვათ და სადაც გსურთ, იქ წაიყვანოთ, მაგრამ შეგიძლიათ, ერთად წახვიდეთ პარკში ან იქ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. ეს ორივესთვის საინტერესო იქნება. თქვენ ვეღარ შეძლებთ, ბავშვს უყიდოთ თქვენთვის მოსაწონი სათამაშო, უკითხოთ წიგნი, რომელიც თქვენ (დიახ, თქვენ) მოგწონთ - მოზარდი თქვენს არჩევანს მხოლოდ მაშინ დაეთანხმება, თუ ის მისთვისაც მისაღებია. სხვაგვარად წიგნი თუ სათამაშო შესაძლოა იატაკზე აღმოჩნდეს. ნუ გაბრაზდებით - ალბათ არც თქვენ მოგწონთ, როდესაც თქვენთვის უინტერესო საქმიანობას გთავაზობენ. ასე რომ, ჯობს გაარკვიოთ, რა აინტერესებს თქვენს შვილს. შესაძლოა მისი გემოვნება არსებითად განსხვავდებოდეს თქვენისგან; მაინც ინტერესით მოეკიდეთ მის არჩევანს - ოდესმე შვილი გასწავლით იმას, რაც თქვენ არ იცით. ესაუბრეთ შვილს ყველაფრის შესახებ და უსმინეთ მას. ენას არ აჩერებს? ნუ შეაჩერებთ - თქვენ ბევრ საინტერესო რამეს გაიგონებთ. პატარა ვერ ჩერდება, რადგან აქტიურად ეცნობა სამყაროს. თუ არ დაიზარებთ და თვალს მიადევნებთ, სულ სხვა თვალით დაინახავთ გარემოს, რომელშიც ცხოვრობთ... მალე შვილი ისეთ ინფორმაციას მოგაწვდით, რომ თქვენი ცოდნის არეალი გაფართოვდება. თუ ის სპორტითაა გატაცებული, შესაძლოა, ცხოვრების ჯანსაღ წესს თქვენც გაზიაროთ. შვილის დამოუკიდებლობა თქვენი ჯილდო იქნება. მოვა დრო და თქვენ აღარ მოგიწევთ ვახშამზე მისი მიპატიჟება - ის თავად გააწყობს სუფრას, გაგეგზავნებათ საყიდლებზე... ერთი სიტყვით, ბავშვები იზრდებიან და ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი ხდება. წინ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო რამაა - ერთობლივი ჩაის სმა, ფილმების განხილვა, თეატრში სიარული... ჯერ კიდევ მიგაჩნიათ, რომ მოზრდილ ბავშვებს იმდენი სიხარული არ მოაქვთ ოჯახისთვის, რამდენიც პატარებს? მაშ, იქნებ კიდევ ერთი შვილი გააჩინოთ, დაფიქრდით!