როგორ გავუუმჯობესოთ ბავშვს მეხსიერება
ჩვეულებრივ, ეს ის პატარები არიან, რომელთა მშობლებიც ადრეული ასაკიდანვე იწყებენ შვილის განათლებაზე ზრუნვას, უკითხავენ ლექსებს, ზღაპრებს, სთხოვენ მოკლე შინაარსის ან რაიმე ამბის მოყოლას. ზოგიერთ პატარას კი უჭირს აუცილებელი ინფორმაციის ათვისება და სწორედ აქ იბადება კითხვა, შეიძლება თუ არა მეხსიერების ვარჯიში. პასუხი მარტივია: ვარჯიში არა მარტო შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა.
მეხსიერების ტიპები
არსებობს მეხსიერების 4 ძირითადი ტიპი - მხედველობითი, სმენითი, მოტორული (მოძრაობითი) და კომბინირებული. თუ ბავშვს დავაკვირდებით, აუცილებლად შევამჩნევთ, როდის უფრო ეადვილება ინფორმაციის დამახსოვრება - როცა ხმამაღლა ვუკითხავთ თუ როცა ის თავად ხედავს წიგნში სურათებს ან დამოუკიდებლად კითხულობს. ზოგიერთი ბავშვი მაშინ იმახსოვრებს უკეთ, როცა მასალას იწერს (მოტორული მეხსიერება), ზოგიერთი კი ამ ყველაფრის კომბინირებას ახდენს. როგორც წესი, ბავშვს უკეთ აქვს განვითარებული ერთი ან, უფრო იშვიათად, მაქსიმუმ ორი სახის მეხსიერება. რასაკვირველია, სწავლებისას ეს უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, როგორ განვუვითაროთ სხვა სახის მესხიერება. თუ ასე არ მოვიქეცით, მოსწავლეს გაუჭირდება მასალის ათვისება მისთვის უჩვეულო სხვა მეთოდებით. ამიტომ უკეთესია, პატარა ბავშვს ინფორმაცია სხვადასხვა ხერხით მივაწოდოთ: ზოგჯერ - კითხვით, ზოგჯერ - სურათებით, ზოგჯერ - წერით ან ამ ყველაფრის შერწყმით. Aარ უნდა დაგვავიწყდეს განვლილი მასალის გამეორება, ხშირი მოყოლა. ეს მხოლოდ მეხსიერებას კი არ განუვითარებს ბავშვს, არამედ გაკვეთილზე პასუხის გაცემაშიც დაეხმარება.
მასალის შესწავლა
ახალი მასალის შესწავლისას არ დაგავიწყდეთ იმის გამეორება, რაც გუშინ ისწავლეთ. ეს დაეხმარება ბავშვს, გაიხსენოს უკვე დასწავლილი, მოიკრიბოს გონება და ახალი მასალის ასათვისებლად მოემზადოს. პირველკლასელებს მეცადინეობის დროს განსაკუთრებით სასიამოვნო გარემო უნდა შევუქმნათ, რადგან ამ ასაკის ბავშვებს ადვილად ეფანტებათ ყურადღება, გადააქვთ მზერა სხვა საგნებზე და ცუდად აღიქვამენ მასალას.
მეხსიერების ვარჯიში
- მოსწავლემ შესწავლილი მასალა აუცილებლად ხმამაღლა უნდა გაიმეოროს.
- წაკითხვის შემდეგ ბავშვს უნდა მოვაყოლოთ, რაც დაამახსოვრდა. რასაკვირველია, პირველი მოყოლისას შინაარსი ძალიან მოკლე იქნება, მაგრამ აუცილებელია გამეორება. თანდათან ბავშვი უფრო და უფრო ადვილად აითვისებს ახალ ინფორმაციას.
- ყოველდღე გაიმეორეთ განვლილი მასალა.
- ყველა ტექსტში იპოვეთ ძირითადი ეპიზოდები - შინაარსობრივად მნიშვნელოვანი ან ემოციურად მიმზიდველი ადგილები. ეცადეთ, ისინი ერთმანეთს დაუკავშიროთ. ეს ეპიზოდები გახსენებაში დაგეხმარებათ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული მასალის ათვისებისას.
- მოიგონეთ მაგალითები. მნიშვნელოვანია არა მარტო მასალის მექანიკური დამახსოვრება, არამედ იმის გააზრება, რის შესახებ არის საუბარი. სწორედ ამაში დაგვეხმარება სხვადასხვა მაგალითი.
- მეცადინეობისას ბავშვი ხშირად შეასვენეთ. პატარა ბავშვებს ძალიან უჭირთ დიდხანს მეცადინეობა, ისინი იღლებიან და დამახსოვრების უნარიც მკვეთრად უქვეითდებათ. ასე რომ არ მოხდეს, ბავშვს ხშირად უნდა მივცეთ შესვენების საშუალება.
- აუცილებელია, მეცადინეობებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს. გაცილებით ეფექტურია მცირე მოცულობის მასალის ყოველდღიური სწავლა, ვიდრე დიდის იშვიათად ათვისების მცდელობა.