როგორ მოვექცეთ სათამაშოებს
ძალიან მოხერხებულია სათამაშოების თაროებზე დაწყობა. დაბლა შეიძლება ადგილი მუვუჩინოთ მანქანებს და სხვა დიდი ზომის სათამაშოებს, პატარები კი პატარა ყუთებში ჩავაწყოთ და ერთმანეთზე შევდგათ. ყოველ ყუთს მივაკრათ ნახატი ან ჟურნალიდან ამოჭრილი სურათი, რომელზეც ყუთში მოთავსებული სათამაშოა გამოსახული. თუ პატარამ კითხვა უკვე იცის, შეიძლება, ყუთზე ლამაზი ასოებით დავაწეროთ სათამაშოს სახელწოდება. თუ სათამაშო ბევრია, ბავშვი კი ისეთი პატარაა, რომ მხოლოდ რამდენიმეთი თამაშობს, შეიძლება სათამაშოები გადავანაწილოთ შვიდ ყუთში და მათ კვირის დღეების სახელები დავაწეროთ. ბავშვს შეეძლება, სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ნივთით ითამაშოს. თქვენ საღამოობით უფრო ნაკლები სათამაშოს ალაგება მოგიწევთ, პატარას კი მუდმივი სიახლის შეგრძნება არ მიატოვებს. ძალიან პატარა სათამაშოები შეიძლება ჩავაწყოთ ყავის, კანფეტების ლამაზ კოლოფებში. ერთნაირი ყუთები შეიძლება ერთმანეთზე შევაწყოთ. რბილ სათამაშოებს შეიძლება მარყუჟი გავუკეთოთ, ხოლო ბავშვის ოთახში, კედელზე, სპეციალური საკიდები მივამაგროთ. ასეთ საკიდებზე ჩამოკიდებული სათამაშოები ძალიან ორიგინალურად გამოიყურება, ადგილსაც დაზოგავთ იატაკსა თუ თა-როებზე. ზოგიერთი საკიდი შეიძლება ისეთ სიმაღლეზე დავამაგროთ, რომ პატარამ თავად შეძლოს სათამაშოების დაკიდება და ჩამოღება. ზემოთ შეიძლება ის სათამაშოები დავკიდოთ, რომლებითაც პატარა იშვიათად თამაშობს ან საერთოდ არ ეკარება. საკმაოდ მომხიბლავია ძველი ნეილონის ფარდისგან შეკერილი ზონარგაყრილი ტომსიკა. მასში სათამაშოები კარგად ჩანს. დიდ ყუთში შეიძლება კონსტრუქტორის დეტალები ჩავაწყოთ. თხელი საბავშვო წიგნების ჩასაწყობად შეიძლება გამოვიყენოთ პლასტმასის ჭურჭლის საშრობი. ასე პატარას უფრო გაუადვილდება საჭირო წიგნის პოვნა. ერთი სიტყვით, თუ მოინდომებთ, ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, რათა სახლში წესრიგი სუფევდეს.