როგორ ვეთამაშოთ პატარას
არასერიოზული გაკვეთილები
ადრეულ განვითარებაზე საუბრისას პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიისგან შორს მყოფი ადამიანები ადრეულ სწავლებას გულისხმობენ. სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე. ბავშვის მიზანმიმართული სწავლების დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა. ამ ასაკში მისი მთავარი საქმეა აღქმის განვითარება სამყაროს კვლევის პროცესში, განსხვავებული სენსორული გამოცდილების დაგროვება, მეტყველების სწავლა. ასეთი განვითარება განუწყვეტლივ მიმდინარეობს - პატარა ყოველ წუთს სწავლობს რაღაც ახალს. უფრო მეტი წარმატების მისაღწევად კი არსებობს განმავითარებელი თამაშები. პატარა ბავშვთან მეცადინეობა პირველ რიგში თამაშია და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰგავდეს სასკოლო გაკვეთილს. როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს არ შეუძლია თამაშის დროს ყურადღების კონცენტრირება? პირველ რიგში, უნდა შევარჩიოთ ისეთი თამაშები, რომლებიც ბავშვის ასაკს შეესაბამება. თამაში აუცილებლად მარტივი და ხანმოკლე უნდა იყოს, რათა ბავშვი არ დაიღალოს. მეორე - თამაში უნდა იყოს საინტერესო და ემოციური. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიღებს ის შედეგს.
მაგიდასთან თუ იატაკზე
3 წლამდე ბავშვები ძალიან მოძრავნი და ცნობისმოყვარენი არიან. მაგიდასთან დიდხანს ჯდომა მათთვის ტანჯვაა. ამის გათვალისწინებით, თუ ხატვას ან ძერწვას არ აპირებთ, ჯობს ხალიჩაზე მოკალათდეთ. არავითარ შემთხვევაში არ აუკრძალოთ ბავშვს თამაშის დროს მოძრაობა. მეტიც - მოძრაობისკენ მისი სწრაფვა შეიძლება ჩვენი ინტერესებისთვის გამოვიყენოთ, მაგალითად, მოვიფიქროთ მოძრავი თამაში.
მიბაძვის მნიშვნელობა
ბავშვთან მეცადინეობისას უნდა გვახსოვდეს, რომ ის სამყაროს მოზრდილთა დახმარებით, მათი მიბაძვით შეიცნობს. პატარას სჭირდება არა ახსნა და შეგონება, არამედ მოძრაობა, ქმედება, რომლის მეშვეობითაც ის გაიგებს, გაიმეორებს და დაიმახსოვრებს. პატარა ბავშვი დიდი ინტერესით შეისწავლის ირგვლივ არსებული საგნების სენსორულ თვისებებს: აღებს და ხურავს უჯრებს, ხდის და ახურავს სახურავებს, იატაკზე აგდებს სათამაშოს, ხელს შეახებს, ყნოსავს, აგემოვნებს საკვებს, თუმცა საყოფაცხოვრებო საგნების ფუნქციურ დანიშნულებას პატარა მხოლოდ მოზრდილების დახმარებით იგებს. ის აცნობიერებს, რომ კოვზით ჭამენ წვნიანს, ნიჩბით თხრიან მიწას, წიგნს კითხულობენ, ხოლო ფანქრებით ხატავენ. მოზრდილი ადამიანი აცნობს ბავშვს ახალ თამაშებს - ასწავლის თოჯინას დაძინებას, სახლის აშენებას, ქვიშისგან "ნამცხვრის" გამოცხობას... უფროსის საქმიანობაზე დაკვირვებისას და მისი ქმედებების გამეორებისას ბავშვი იძენს ახალ ჩვევებს, სწავლობს საუბარს, საკუთარი თავის მომსახურებას, ხდება დამოუკიდებელი. უნდა გვახსოდეს, რომ ბავშვი მხოლოდ მაშინ ვითარდება კარგად, როცა უფროსები მას სათანადო ყურადღებას უთმობენ. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ბავშვთან ურთიერთობა - ლაპარაკი, თამაში, საქმიანობა.
გამეორება ცოდნის დედაა
ახალი უნარის განმტკიცებისთვის აუცილებელია მისი გამეორება. პატარებს ერთი და იმავე ქმედების გამეორება ძალიან მოსწონთ. რაც უფრო რთულია ჩვევა, მით უფრო მეტი გამეორებაა საჭირო. წარმოდგენა, რომ თამაში მრავალფეროვანი უნდა იყოს, მხოლოდ უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეხება, ერთიდან სამ წლამდე ასაკის პატარებს კი სიამოვნებთ ნაცნობი სიტუაცია და თავს კარგად სწორედ საყვარელი თამაშების გამეორებისას გრძნობენ.
ხანგრძლივობა
პატარა ბავშვის ყურადღება უნებლიე და ხანმოკლეა, ამიტომ აუცილებელია, პატარა ვარიდოთ გადატვირთვას. თამაშის ხანგრძლივობა 5-დან 15 წუთამდე უნდა იყოს. მშობელმა უნდა გამოიჩინოს მოქნილობა და გაითვალისწინოს კონკრეტული სიტუაცია. თუ ხედავთ, რომ პატარა გადაიღალა, თამაში უნდა შეცვალოთ. კარგია, როცა ყველა განმავითარებელი თამაში რამდენიმე მოკლე თამაშისგან შედგება. საქმიანობათა ცვლილება, მაგალითად, კითხვა-ხატვა-ვარჯიში, საშუალებას გვაძლევს, დიდი ხნით მივიპყროთ ბავშვის ყურადღება, გავახანგრძლივოთ ურთიერთობა და ის უფრო ეფექტური გავხადოთ.
ნუ გაართულებთ!
განმავითარებელი მეცადინეობისას მშობლებმა ხშირად არ იციან, როგორი თამაში შეარჩიონ, ამიტომ ხშირად ირჩევენ შეუფერებლად რთულ თამაშს, პატარას ზედმეტს სთხოვენ. ჯობს, განმავითარებელი თამაშების სიუჟეტები ისე შევარჩიოთ, რომ პატარა ბავშვი ხვდებოდეს მათ შინაარსს, ის შეესაბამებოდეს მის ემოციას. გამოიყენეთ პატარასთვის ნაცნობი სიტუაციები. ძირითადი თემებია დღის რეჟიმი, ოჯახის ცხოვრება, ცხოველები და ფრინველები, ამინდი, სეზონური ცვლილებები. აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის განვითარების ინდივიდუალური დონეც.
პრაქტიკა
იზრუნეთ იმაზე, რომ მეცადინეობისას მიღებული ჩვევა ბავშვმა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს. ბავშვები ხშირად ზარმაცობენ და ივიწყებენ იმას, რაც ისწავლეს. აუცილებელია შეხსენება, რათა ჩვევა განმტკიცდეს. მაგალითად, თუ პატარამ ბაფთა შეუკრა თოჯინას, უნდა ვეცადოთ, ფეხსაცმლის თასმების შეკვრაც მოახერხოს.
კეთილი სიტყვა
პატარას სწრაფი და უკეთესი განვითარებისთვის აუცილებელია ხშირი ქება, ამიტომ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბავშვის თუნდაც მცირე წარმატებები, წარუმატებლობაზე ყურადღების გამახვილება კი არ ღირს. საკმარისია ვუთხრათ: "კიდევ ერთხელ სცადე!" ან "სხვა დროს აუცილებლად გამოგივა!"