ახალშობილთა აერობიკა
და ფუნქციობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. უმთავრესი, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი კვება და სწორი ფიზიკური დატვირთვაა.ორგანიზმის გაკაჟება, სწორი მოძრაობა, მასაჟი, სწორი დღის რეჟიმი და კვება დაავადებათა პროფილაქტიკის საწინდარია.
ახალშობილობის პერიოდში მშობლებმა შემდეგი მითითებები უნდა დაიცვან:
- ახალშობილი ხშირად დააწვინეთ მუცელზე, გვერდზე;
- საფენის გამოცვლისას რამდენიმე წუთით დატოვეთ შიშველი, რათა თავისუფლად ამოძრაოს ხელ-ფეხი და მიიღოს ჰაერის აბაზანა.
სამი კვირიდან რეკომენდებულია მსუბუქი მასაჟი. ჩვილებისთვის შემუშავებულია და ფართოდ გამოიყენება ორმოცამდე სახეობის ვარჯიში. სასურველია, ვარჯიში და მასაჟი თოთო ბავშვს თავდაპირველად კვალიფიციურმა სპეციალისტმა ჩაუტაროს დედის თანდასწრებით, მერე და მერე კი დედას შეეძლება, თვითონვე ჩაატაროს იგივე პროცედურები.
რა უნდა ვიცოდეთ მასაჟის შესახებ
პაწიას კანი ძალზე სათუთია და ადვილად ზიანება, ამიტომ გირჩევთ, შეასრულოთ შემდეგი მითითებები:
- ფრჩხილები ძირში დაიჭერით;
- ხელები დაიბანეთ საპნითა და თბილი წყლით;
- პროცედურის დაწყებამდე ხელები გაითბეთ, ცივი ხელებით მასაჟს ნუ გააკეთებთ.
მასაჟის დროს ოთახის ტემპერატურა 21-22 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ბავშვის კანმა თავისუფლად რომ ისუნთქოს, ნუ წაუსვამთ ტალკს, ზეთსა თუ კრემს. უმჯობესია, ის თქვენ თვითონ შეიზილოთ ხელებზე და ისე ჩაატაროთ პროცედურა.
მასაჟი კეთდება დღის პირველ ნახევარში, კვებიდან 40-45 წუთის შემდეგ. პროცედურის დროს პატარას ესაუბრეთ, მოეფერეთ. ტირილი, მოუსვენრობა, აღგზნება სიგნალია იმისა, რომ მასაჟი შეწყვიტოთ.
სამ თვემდე ასაკის ბავშვებს მასაჟს უმთავრესად ხელსმით უკეთებენ. ის უნდა გაკეთდეს მსუბუქად, ნაზად და მიმართული იყოს პერიფერიიდან ცენტრისკენ, ემთხვეოდეს ლიმფისა და ვენური სისხლის მიმოქცევის მიმართულებას. მაგალითად, ხელის მასაჟის დროს - მტევნიდან მხრისკენ, ფეხის მასაჟის დროს - ტერფიდან საზარდულის ღარისკენ მუხლისთავის (კვირისტავის) შემოვლით, ტერფის მასაჟის დროს - ქუსლიდან ფეხის თითებისკენ; მუცლის მასაჟის დროს მოძრაობა უნდა ემთხვეოდეს საათის ისრის მიმართულებას.
ერიდეთ:
- სახსრის მიდამოში ბიძგისებურ მოძრაობებს;
- წელის მიდამოში აქტიურ მოძრაობებს (თირკმლისა და სასქესო ორგანოების სიახლოვის გამო).
მასაჟი გრძელდება 7-8 წუთი. ამის შემდეგ იწყება აქტიური მოძრაობები, ვარჯიში. გაითვალისწინეთ:
- ბავშვის ზრდასთან ერთად ვარჯიშების კომპლექსი უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური ხდება.
- ვარჯიშისა და მასაჟის დროს დატვირთვა თანდათან უნდა გაიზარდოს და მერე თანდათანვე უნდა შესუსტდეს, რათა დატვირთვა სხეულის ყველა ნაწილზე თანაბრად განაწილდეს.
- ახალშობილობის პერიოდში "აერობიკა" მხოლოდ მასაჟით შემოიფარგლება.
- ვარჯიშები 1,5 თვიდან დაიწყეთ.
- სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი კუნთები გამშლელთან შედარებით აქტიურია. ამას ჰიპერტონუსი ეწოდება. ზრდასთან ერთად მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობა თანაბრდება. სამი თვისთვის ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსი პაწიას ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია.
ვარჯიშებისა და მასაჟის შერჩევისას სწორედ ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ. ამ ასაკში შეიძლება შესრულდეს ხელების პასიური მოძრაობები.
- კისრის კუნთები თანდათან ძლიერდება. ამიტომ თავს იჩენს მდებარეობის შეცვლის თანდაყოლილი რეფლექსი (ზურგიდან გვერდზე და მუცელზე გადაბრუნება). თუ პატარა ცდილობს მდებარეობის შეცვლას, ვარჯიშით უნდა დავეხმაროთ.
- სამი თვისთვის ქრება ხოხვის ფენომენი და უკვე შეიძლება, ვარჯიშში ქვედა კიდურებიც ჩავრთოთ.
1,5-დან 3 თვემდე
გთავაზობთ 1,5 თვიდან 3 თვემდე ასაკის პატარებისთვის რეკომენდებულ ვარჯიშთა კომპლექსს. თითოეული ვარჯიში 5-6 წუთი გრძელდება. ვიწყებთ ერთ-ორწუთიანი მოძრაობებით, მერე კი ხანგრძლივობას თანდათან ვზრდით.
ხელების მასაჟი (ხელსმა)
პაწიას ვაწვენთ გულაღმა, ფეხებით მასაჟისტისკენ. მარჯვენა ხელის ცერა თითს ვუდებთ მარცხენა ხელისგულში, რომ კარგად მოეჭიდოს და ჩვენკენ მსუბუქად მოვწევთ. ვიწყებთ ხელსმას ხელის ჯერ შიდა, შემდეგ გარეთა მხარეს, მტევნიდან მხრამდე. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
ფეხების მასაჟი
პაწიას მარჯვენა ფეხს ვიდებთ მარცხენა ხელისგულზე. მარჯვენა ხელით ვიწყებთ ხელსმას ტერფიდან საზარდულის ნაკეცამდე, შემდეგ - წვივისა და თეძოების გარეთა მხარეს. ამისთვის ფეხი გადმოგვაქვს მარჯვენა ხელში და ხელსმას მარცხენა ხელით ვაგრძელებთ. ასეთივე თანამიმდევრობით ვასრულებთ მეორე კიდურის ხელსმას. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
ტერფის მასაჟი (დაზელა)
ბავშვს ვაწვენთ ზურგზე. მარცხენა ხელით გვიჭირავს მისი მარჯვენა წვივი, ხოლო მარჯვენა ხელის ზურგით ვუზელთ ფეხისგულს ქუსლიდან თითებისკენ და პირიქით. ვიმეორებთ 6-8-ჯერ.
მუცლის მასაჟი (ხელსმა)
მარჯვენა ხელს საათის ისრის მიმართულებით წრიულად ვუსვამთ მუცელზე. სიფრთხილეა საჭირო მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოსთან შეხებისას, სადაც მდებარეობს ღვიძლი. მოძრაობებს ვიმეორებთ 6-8-ჯერ.
ზურგის მასაჟი (ხელსმა)
პაწიას ვაბრუნებთ მუცელზე, ფეხებით მასაჟისტისკენ. ვიწყებთ ხელსმას კისრიდან დუნდულებისკენ ორივე ხელისგულით, ხოლო პირუკუ - მტევნის ზურგითა და თითებით (სურ. 5). პაწიას ვტოვებთ მუცელზე. ხელ-ფეხი მოხრილი აქვს, მუშტები მკერდქვეშ აქვს ამოდებული. გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში 1-2 წუთი.
ცეკვის ილეთები
პაწიას ორივე ხელი ამოვდოთ იღლიის ქვეშ, სახით მასაჟისტისკენ მოვაბრუნოთ. ვეცადოთ, დავაყენოთ მაგიდაზე და მსუბუქად ჩავაბუქნინოთ. გავიმეოროთ 6-8-ჯერ. ნაბიჯები: პაწია გვიჭირავს იღლიის ქვეშ ამოდებული თითებით, ზურგით მასაჟისტისკენ. ვადგმევინებთ მაგიდაზე 5-6 ნაბიჯს.
მუცელზე ხოხვა
ჩვილი წევს მუცელზე, იდაყვში მოხრილი ხელები მკერდქვეშ აქვს ამოდებული. ხელისგულებით ვეხებით ორივე ფეხისგულზე და ვუბიძგებთ წინ. ვიმეორებთ 5-6-ჯერ.
ცურვა
პაწიას ვაწვენთ მუცელზე, მარჯვენა ხელისგულს მკერდქვეშ ამოვუდებთ, მარცხენა ხელს კი ერთდროულად ვკიდებთ ქუსლსა და ტერფზე და ნაზად ვწევთ მაღლა. პასუხად პაწია რეფლექსურად ზნექს ზურგს და თავს უკან აგდებს. ვიმეორებთ 2-3-ჯერ.
ვარჯიშის დასასრულს პაწიას ჩააცვით, დააფარეთ თბილი საბანი და მყუდრო ოთახში დააწვინეთ. გახსოვდეთ, მასაჟსა და ვარჯიშს სარგებლობის მოტანაც შეუძლია და ზიანისაც, თუ იგი არასწორად ან უდროოდ ჩავატარეთ. ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, კომპლექსი შეასრულოს კვალიფიციურმა სპეციალისტმა პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ.