რატომ ვცემთ ბავშვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვცემთ ბავშვს

ძველი ეგვიპტელები ამბობდნენ: "ბიჭს ყურები ზურგზე ასხია - მას მაშინ ესმის, როცა სცემენ". ერაზმ როტერდამელი იხსენებდა, რომ მასწავლებელი იმისთვის სცემდა, რათა ენახა, როგორ აიტანდა ის ტკივილს. ინგლისის სკოლებში ფიზიკური დასჯა აღზრდის იმდენად აუცილებელ ელემენტად მიიჩნეოდა, რომ ბავშვებს მხოლოდ დანაშაულისთვის კი არა, ტყუილ-უბრალოდაც როზგავდნენ - არგებთო. მარცვლეულზე დაჩოქება, როზგი, "ლინეიკა" - ასეთი იყო მეფის რუსეთში მიღებული დასჯის მეთოდები, რომლებსაც ყველა გიმნაზიაში მიმართავდნენ. ეს აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავლიდანაც" გემახსოვრებათ. ბავშვის ფიზიკური დასჯის ისტორია სამყაროსავით ძველია, კამათი კი დღემდე გრძელდება. "რომ გვცემდნენ, იმიტომაც დავიზარდეთ წესიერ ადამიანებად!" - ამტკიცებენ ერთნი. "ფიზიკური სასჯელი ამცირებს ბავშვს, ბავშვებს მხოლოდ სადისტები სცემენ!" – ამბობენ მეორენი. მაშ, როგორ მოვიქცეთ - ვცემოთ? არ ვცემოთ? ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ შეიძლება, ბავშვი არ ვცემოთ, ის არ უნდა ვცემოთ. რასაკვირველია, ვერ გამოვრიცხავთ მომენტებს, როცა მოთმინება გიღალატებთ და მსუბუქად შემოარტყამთ ხელს თქვენს პატარას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უკიდურესად იშვიათად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღზრდა კი არა, ბავშვის დამცირება იქნება. პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ ბავშვებს მაშინ ვცემთ, როცა "ჭკუა არ მოგვეკითხება", როცა რაღაც გულს გვტკენს, გვანერვიულებს, გვძაბავს. ყოველივე ამასთან ერთად ბავშვის ურჩობით გულნატკენი, ნაწყენი, გაავებული თავს ვესხმით საკუთარ შვილს და მთელ უარყოფით ემოციას მასზე ვანთხევთ. ქებით კი ბავშვს მაშინ ვაქებთ, როცა მშვიდად ვართ, ჩვენი შვილის მიღწევები აღგვაფრთოვანებს და სამყაროც უფრო მშვენიერი გვეჩვენება. ამიტომ არ გვაწუხებს კითხვა, როგორ შევაქოთ პატარა, თუმცა ყველა დედა ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმაზე, როგორ დავსაჯოთ ბავშვი.


მოდი, გიოს დედას მოვუსმინოთ:

"ბავშვის დასჯის აუცილებლობას პირველად მაშინ შევეჯახე, როცა გიო ჯერ კიდევ რვა თვის იყო. ის სპეციალურ სკამში იჯდა და ჭიქიდან წყალს ღვრიდა. "არ შეიძლება!" - ვუთხარი მკაცრად, თითი დავუქნიე და გავუღიმე. ბიჭმა გაიცინა და წყლის დაღვრა განაგრძო. მე აღვშფოთდი - როგორ, ასეთმა პატარამ უნდა გამომიყვანოს-მეთქი წყობიდან?! ახლა ეს ყოველივე სასაცილო მეჩვენება... გიო ორი წლისაა და დღეში რამდენჯერმე ვსჯი. შესაძლოა, ეს ცუდია, მაგრამ, სამწუხაროდ, ალტერნატივა ვერ ვიპოვე". გიოს დედას ბავშვის ცემა ჩვევად ექცა. მას ტექნიკა საკმაოდ კარგად აქვს ათვისებული: დააშავა - დაისაჯა. ჩვენ ხომ ქმედებათა დიდ ნაწილს მექანიკურად ვახორციელებთ. არ გვჭირდება ფიქრი, როცა დავდივართ ქუჩაში, ვიხეხავთ კბილებს, ვიღებთ წიგნს ან სადილს ვამზადებთ. ბავშვებსაც ხშირად რეფლექსურად ვსჯით. მაგრამ აღზრდა არ არის მექანიკური პროცესი. როგორც კი შეამჩნევთ, რომ დედისგან რობოტად იქეცით, სასწრაფოდ უნდა ჩაავლოთ ხელი საკუთარ ქოჩორს და მიუნჰაუზენივით ამოათრიოთ ჭაობიდან. აუცილებლად უნდა თქვათ უარი სტერეოტიპზე "დანაშაული-სასჯელი". ყველა დანაშაულზე რეაქცია დანაშაულის მიზეზს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, ბავშვს ჭიქა იმიტომაც შეიძლებოდა გაეტეხა, რომ სურდა, დედას ალაგებაში დახმარებოდა და იმიტომაც, რომ რაღაცაზე გულმოსული იყო. პირველ შემთხვევაში დასჯა კი არა, თანაგრძნობაა საჭირო. ამასთან ერთად, ბავშვს უნდა ვურჩიოთ, სხვა დროს ჭიქას კარგად მოჰკიდოს ხელი, რომ აღარ გაუტყდეს. უნდა აჩვენოთ, რომ დარწმუნებული ხართ, ჭიქა მეტად აღარ დაუვარდება და წარმატებით გაართმევს თავს საქმიანობას. დიდია ალბათობა, რომ ასეთი ფსიქოლოგიური ტრენინგის შემდეგ ბავშვმა მართლაც მოახერხოს ეს. მეორე შემთხვევაში ბავშვი ნამდვილად იმსახურებს სასჯელს. ის შეიძლება კუთხეშიც დავაყენოთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მთავარია, დედ-მამა კმაყოფილი იყოს მისი საქციელით. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდატეხის ასაკი ძალიან რთულად ჩაივლის.

4 წლის ანას დედა ჰყვება:

"ნამდვილად არ მინდა ბავშვის ცემა, მაგრამ როცა წონასწორობიდან გამოვყავარ, თავს ვეღარ ვიკავებ. გონება მხოლოდ მაშინ მინათდება, როცა შვილს ორ-სამჯერ შემოვარტყამ. თვითონვე ვნანობ და შვილს პატიებას ვთხოვ. მე მგონი, აღმზრდელად საერთოდ არ ვვარგივარ". რასაკვირველია, აღზრდის ასეთ მეთოდებს, ჯობს, საერთოდ არ მივმართოთ. ემოციები აუცილებლად უნდა მოვთოკოთ. ამაში კი ღრმა ჩასუნთქვა დაგვეხმარება. როცა შეატყობთ, რომ ხელი დასარტყმელად იწევს, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. მრისხანება გაგივლით. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მუშტი ბალიშს დაარტყათ და შესძახოთ, რომ ძალიან გაგაბრაზათ შვილის მოუხერხებლობამ. მიაქციეთ ყურადღება: ბავშვს იმას კი არ ეუბნებით, რომ ცუდია, არამედ მოიარებით ატყობინებთ, რომ მისმა საქციელმა გაგაბრაზათ. წყენის მიზეზი ბავშვის საქციელია და არა თავად ბავშვი. არსებობს უამრავი ნაშრომი ბავშვის დასჯის შესახებ. ამის თაობაზე ჩვენც ხშირად დაგვიწერია, მაგრამ ვფიქრობთ არ იქნება ზედმეტი, თუ გავიმეორებთ: როცა ბავშვს უბრაზდებით, არ შეიძლება, სალანძღავი სიტყვები მისი მისამართით წარმოთქვათ. არასოდეს უთხრათ ბავშვს: "ცუდი ხარ", "სულელი ხარ", "ჯიუტი ხარ". ბავშვებს სჯერათ ყველაფერი, რასაც უფროსები ეუბნებიან და მართლაც ასეთები ხდებიან. ამიტომ უნდა შევაფასოთ არა ბავშვი, არამედ მისი საქციელი, უნდა ვთქვათ, რომ ბავშვი "ცუდად იქცევა", "ჯიუტობს", "დედას არ უგონებს". იმედია, განსხვავებას ამჩნევთ. თუ მრისხანების მოთოკვა ვერ შეძელით და ბავშვს ხელით შეეხეთ, მერე მაინც გამოიჩინეთ გონიერება და არავითარ შემთხვევაში არ მივარდეთ პატარას ცრემლებითა და ხვევნა-კოცნით. დაჯექით მარტო თუნდაც თხუთმეტი წუთით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შერიგებაზე ფიქრი. ბავშვს უთხარით: "ისე გავბრაზდი, რომ გცემე. ეს სულაც არ მინდოდა, ცემა ცუდია. მოდი ვეცადოთ, რომ შენ არ გამაბრაზო და მე აღარ გავბრაზდე". თუმცა, რასაკვირველია, ბავშვი კიდევ გაგაბრაზებთ და თქვენც გაბრაზდებით, ზოგჯერ ხელსაც ასწევთ. მიუხედავად ამისა, ფიზიკური დასჯა ნამდვილად მიუღებელია. არის შემთხვევები, როცა ფიზიკური ძალის გამოყენება უბრალოდ აუცილებელია. მაგალითად, როცა ორი წლის ბავშვი ცდილობს, ჩამრთველში რკინის ჩხირი შეყოს, დედამ სასწრაფოდ უნდა დაავლოს მას ხელი; როცა პატარა გზის სამანქანო ნაწილისკენ გარბის, მას უნდა დავეწიოთ და სწრაფად ავიყვანოთ ხელში. ზოგჯერ შეიძლება იძულებული გავხდეთ და მსუბუქად ხელიც შემოვარტყათ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად უნდა მოხდეს.