როგორ გავაკაჟოთ ბავშვი სწორად და უსაფრთხოდ - ოქროს შუალედი ზამთარში
ზოგიერთი ოჯახი პატარას მუდმივად ათბობს, სქლად აცმევს და ყოველ ნიავს უფრთხილდება, სხვები კი მკაცრი გაკაჟების მომხრენი არიან და ზამთარშიც მსუბუქად აცმევენ. რა არის სწორი მიდგომა და სად გადის ზღვარი გონივრულ ზომიერებას შორის?
ათბობენ თუ აციებენ: ორივე უკიდურესობა მცდარია ბავშვის, განსაკუთრებით კი ჩვილის, თერმორეგულაციის სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
-
გადახურების საშიშროება: როდესაც ბავშვს ზედმეტად თბილად აცმევენ, ის ადვილად ოფლიანდება. სველი ტანსაცმლით გრილ ჰაერზე ყოფნა სხეულის სწრაფ გადაციებას იწვევს, რაც გაციების მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, ზედმეტი სითბო ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს ასუსტებს.
-
მკაცრი გაკაჟების მითები: ზამთარში ფეხშიშველი სიარული ან ცივ წყალში ბანაობა მოუმზადებელი ბავშვისთვის სტრესია. შესაბამისი ეტაპების გარეშე ამან შესაძლოა არა იმუნიტეტის გაძლიერება, არამედ მისი დაქვეითება გამოიწვიოს.
ვისთვის შეიძლება გაკაჟება? გაკაჟება სასარგებლოა პრაქტიკულად ყველა ჯანმრთელი ბავშვისთვის, თუმცა არსებობს გამონაკლისები. პროცედურები დროებით უნდა შეწყდეს ან შეიზღუდოს მწვავე ინფექციური დაავადებების (ვირუსი, სიცხე), ქრონიკული დაავადებების გამწვავების, ნერვული სისტემის მძიმე პათოლოგიებისა და მწვავე ალერგიული რეაქციების დროს. ნებისმიერი გამაკაჟებელი პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია.
როგორ გავაკაჟოთ ბავშვი ეტაპობრივად? გაკაჟება ჩვევების ერთობლიობაა, რომელიც თანდათანობითობასა და სისტემატურობას ემყარება.
-
წყლის პროცედურები: დაიწყეთ კომფორტული ტემპერატურით (36-37°C) და ყოველ კვირას წყალი 0.5-1 გრადუსით შეამცირეთ, სანამ 28-30°C-მდე არ ჩამოხვალთ. ბანაობის შემდეგ ბავშვის სხეულის რბილი პირსახოცით მსუბუქად შეზელვა კანის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
-
სუფთა ჰაერი და მიკროკლიმატი: ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა 19–21°C უნდა იყოს. ხშირად გაანიავეთ ოთახი (ამ დროს ბავშვი სხვა სივრცეში გაიყვანეთ). ყოველდღიური სეირნობა სუფთა ჰაერზე საუკეთესო გაკაჟებაა, მოერიდეთ მხოლოდ ძლიერ ქარს და ექსტრემალურ ყინვას.
-
სწორი ჩაცმის კულტურა: ბავშვს ჩააცვით ერთი ფენით მეტი, ვიდრე მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფ ზრდასრულს აცვია.
უსაფრთხო გაკაჟების ჩეკლისტი მშობლებისთვის:
-
შეამოწმეთ ბავშვის კისერი ან კეფა: თუ ის ცხელია და ოფლიანი, ბავშვი გადახურებულია; თუ ცივია - სცივა. (გახსოვდეთ, რომ ცივი ხელები და ცხვირი გადაციების ზუსტი ინდიკატორი არ არის).
-
დაიცავით სისტემატურობა: სეირნობა და ოთახის განიავება ყოველდღიურ რუტინად აქციეთ.
-
დააკვირდით ბავშვს: თუ ის კმაყოფილი, მხიარულია და აქვს კარგი მადა, შერჩეული რეჟიმი მისთვის კომფორტულია.
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა