რჩევები მშობლებს ბავშვთა ჯანმრთელობისთვის
1. თვალის ჯანმრთელობის საიდუმლო
- სწორ კვებასა და მხედველობის შემანარჩუნებელ ჩვევებშია
ეკრანების ხანგრძლივმა გამოყენებამ და ძილის ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს თვალების გადაღლას.
მხედველობის გაუარესება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს. ახლომხედველობა, ანუ მიოპია, ყველაზე ხშირად ბავშვობაში ან მოზარდობისას, 7-დან 18 წლამდე ასაკში ვითარდება. ძირითადი მიზეზებია ახლო ობიექტებზე ხანგრძლივი ფოკუსირება, რაც ბროლის გადაძაბვას იწვევს, ასევე მემკვიდრეობითი მიდრეკილება. გარდა ამისა, კომპიუტერთან ხანგრძლივმა მუშაობამ და მობილური მოწყობილობების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თვალის სინდრომი, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე.
შორსმხედველობა, ანუ ჰიპერმეტროპია, ვითარდება მაშინ, როდესაც თვალის აპარატი განუვითარებელია და ჩვეულებრივ, ვლინდება მოზრდილებთან 40-45 წლის შემდეგ. ასტიგმატიზმი, რომელიც ხასიათდება მხედველობის დაბინდვით, შეიძლება განუვითარდეთ ბავშვებს არასწორი ფორმის ბროლისა და რქოვანას გამო.
ბავშვებისა და მოზარდებისათვის რეკომენდებულია თვალის ყოველწლიური გამოკვლევა ოფთალმოლოგთან, რათა ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს დარღვევები.
მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის პრობლემების განკურნება მხოლოდ საკვებით შეუძლებელია, თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნება სწორი კვებით სავსებით შესაძლებელია. საკვებ რაციონში ჩართული უნდა იყოს ლუთეინით და ზეაქსანტინით მდიდარი საკვები, როგორიცაა კვერცხის გული, ისპანახი და სიმინდი. ცხიმიან თევზში არსებული ომეგა-3 ხელს უწყობს ბადურის შენარჩუნებას. ჩ და E ვიტამინები, ასევე თუთია, ანელებს თვალის ქსოვილის დაბერებას. მათი მიღება შესაძლებელია ციტრუსოვანი ხილისა და თხილისგან. ანტოციანები, რომლებიც განამტკიცებენ სისხლძარღვთა კედლებს, გვხვდება მოცვსა და მოცხარში.
2. ბავშვთა დაღლილობის მიზეზი
- არასწორი რეჟიმი და არაბალანსირებული კვებაა
მშობლები ხშირად ჩივიან შვილების ენერგიის ნაკლებობაზე, ვარაუდობენ, რომ ეს ჰორმონული პრობლემაა. თუმცა, ენდოკრინოლოგ ექსპერტთა აზრით, ეს ასე არ არის. დაღლილობა შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სიმპტომი, მაგრამ თუ ის ერთადერთი სიმპტომია, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
დაღლილობა თითქმის ჩვეულ მოვლენად იქცა, განსაკუთრებით დიდი ქალაქების მცხოვრებთათვის.
- საყურადღებოა, რომ დიდ ქალაქებში სტრესის მაღალი დონე, ხმაური და განათების დაბინძურება, ასევე სკოლაში დიდი დატვირთვა, ხელს უწყობს ბავშვთა დაღლილობას. დაღლილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამუშაო დღეებსა და შაბათ-კვირას შორის რუტინის ცვლილებაა. ბავშვები შაბათ-კვირას ხშირად გვიან იძინებენ და გამოძინებას მეორე დღეს ცდილობენ, რაც არღვევს ცირკადულ რიტმებს და სტრესს უქმნის მათ ორგანიზმს. რეჟიმში ჩადგომასა და ძალთა აღდგენას რამდენიმე დღე სჭირდება. ის მარტივად ვერ ხერხდება, მეტიც, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა მომდევნო დღეებში.
- მნიშვნელოვანი ფაქტორია კვებაც. ბავშვებმა შეიძლება მოიხმარონ ბევრი ნახშირწყალი და ტკბილეული, არ მიიღონ საკმარისი ხილი და ბოსტნეული. არაბალანსირებულმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინების დეფიციტი, რამაც, თავის მხრივ, განაპირობოს დაღლილობა. კერძოდ, B ვიტამინების დეფიციტი ხელს უწყობს მეხსიერების დაქვეთებას, დაღლილობასა და კუნთების სისუსტეს.
- ბავშვებთან დაღლილობის გამომწვევი მესამე მიზეზი ფიზიკური აქტივობის ნაკლებობაა. ბევრი ბავშვი კვირაში მხოლოდ ორი ფიზიკური აღზრდის გაკვეთილით შემოიფარგლება, რაც ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არასაკმარისია. მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ შვილები ფიზიკურად აქტიურობისკენ და შეახსენონ მათ, რომ მოძრაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
3. ჯანსაღი კბილები ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია
დაზიანებული კბილები, კარიესი, პულპიტი ხშირად ახდენს ანგინის პროვოცირებას და დასაბამს აძლევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.
ბევრი მშობელი არასაკმარისად აფასებს ჯანსაღი სარძევე კბილების მნიშვნელობას, რაც იწვევს კარიესის სწრაფგანვითარებას და კბილების ამოღების აუცილებლობას. სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა კი უარყოფითად აისახება ბავშვის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, კერძოდ, ამცირებს ღეჭვის ეფექტურობას, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
ცუდად დაფქულ-დაქუცმაცებული საკვების მონელებას უფრო მეტი დრო სჭირდება, რაც კუჭს აიძულებს მეტი მარილმჟავისა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტის გამომუშავებას. ამან შეიძლება დასაბამი მისცეს სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის, გასტრიტის – კუჭის ლოწოვანი გარსის ანთებას.
გარდა ამისა, დაავადებული კბილები ინფექციის ქრონიკული კერაა. სისხლში მოხვედრილმა ბაქტერიებმა შეიძლება დაასუსტონ იმუნური სისტემა და გამოიწვიონ ხშირი ანგინები, ყურის ინფექციები (ოტიტები) და სინუსიტი. ამრიგად, კბილების ჯანმრთელობა უშუალოდ უკავშირდება ბავშვის ზოგად ჯანმრთელობას.
ბავშვები ხშირად უარს აცხადებენ მაგარ საკვებზე და უპირატესობას ანიჭებენ რბილ საკვებს კბილის ტკივილისა და სხვადასხვა დისკომფორტის გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს ყბების შეფერხებული ზრდა და არასაკმარისი წონა, რამაც შეიძლება მოგვიანებით თანკბილვის პრობლემები შექმნას. ვიწრო ყბები აიძულებს ბავშვს პირით ისუნთქოს, რასაც ასევე უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
მშობლებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ კბილის ძლიერი ტკივილის გამო სტომატოლოგთან ვიზიტის დაგვიანებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. უსიამოვნო სტომატოლოგიურმა პროცედურებმა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ფობია, რამაც შეიძლება მომავალში სტომატოლოგთან ვიზიტები გაართულოს.
ამგვარად, სარძევე კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბავშვის საერთო კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ასპექტია!