მშობლის ავტორიტეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშობლის ავტორიტეტი

გამოდის, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი ადამიანი დადგება ჩვენი შვილი.

ბავშვი იზრდება ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში... ხშირად გაიგონებთ: "სკოლამ გამიფუჭა", "ცუდმა მეგობარმა დამიღუპა", "ქუჩამ გადამირია", "დედა ნახე, მამა ნახე"... ამ სიტყვების ავტორებს აზრადაც არ მოსდით, რომ ყველგან ჩვენ ვართ - შინაც, ქუჩაშიც, სკოლაშიც. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს სურს, მისი შვილი საუკეთესო იყოს, მაგრამ სურვილი ყველას არ უსრულდება, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, ყველამ არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი კარგად, მეორე - დედაშვილური გრძნობები მშობელს არცთუ იშვიათად ეგოიზმის ვიწრო ნაჭუჭში აქცევს. ავკერძა დედა საკუთარ შვილს ადვილად აპატიებს იმას, რასაც სხვისას არავითარ შემთხვევაში არ შეარჩენდა.

ბავშვებისთვის დედ-მამა დიდი ავტორიტეტია, მშობლის ავტორიტეტს კი ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის აღზრდაში. მაგრამ აღსანიშნავია ერთი რამ: ყველა ბავშვს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს მშობლებზე. დედა ამქვეყნად ყველაზე ლამაზია, მამა - ყველაზე ღონიერი და ჭკვიანი... ბავშვი მწვავედ განიცდის დედ-მამის მისამართით გამოთქმულ თუნდაც სამართლიან საყვედურს.

ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ანტონ მაკარენკო მშობელთა ავტორიტეტის რამდენიმე სახეს განიხილავს, რომელთაგან პირველ რიგში ე.წ. ჩახშობის ავტორიტეტს გამოყოფს.

მშობელი, რომელიც ჩახშობის ავტორიტეტს აღიარებს, მუდამ გაჯავრებულია, ყვირის, ხელს წამდაუწუმ ჯოხს ან ქამარს წამოავლებს, ბავშვის შეკითხვებს უხეშად პასუხობს ან საერთოდ უპასუხოდ ტოვებს, უდიერად ეპყრობა შვილს, ყოველი დანაშაულისთვის სასტიკად სჯის.

ასეთი მშობლები შვილებს აიძულებენ, თავი მათგან შორს დაიჭირონ, შვილები კი ცდილობენ, მოატყუონ ისინი, რადგან იციან - უბრალო ბავშვურ შეცდომასც კი საშინელი ანგარიშსწორება მოჰყვება. ასეთი აღზრდის შედეგად ბავშვისგან ნორმალური ადამიანი ვერ დადგება.

მშობელთა ავტორიტეტის შემდეგი სახეა მანძილის ავტორიტეტი. დედ-მამას ჰგონია, რომ თუ ბავშვისგან თავს შორს დაიჭერენ, მორჩილი შვილი ეყოლებათ. ასეთ ოჯახებში მამა ცალკე კაბინეტშია ჩაკეტილი. დედა მუდამ საქმიანობს, ბავშვი კი ღვთის ანაბარაა მიტოვებული. ასეთი დისტანციური ურთიერთობა, ასეთი "ავტორიტეტი" ბავშვს სარგებლობას ვერ მოუტანს.

არსებობს ყოყოჩობის ავტორიტეტიც. განა იშვიათად გვესმის ბავშვებისგან: "მამაჩემი მინისტრია", "დედაჩემი ვარსკვლავია", "მამაჩემი პარლამენტარებს იცნობს"? ეს უმთავრესად მშობლების გავლენის შედეგია. თუ მოქალაქეს აქვს დამსახურება საზოგადოების წინაშე, იგი ღირსეულად ფასდება, მაგრამ ზოგიერთი აჭარბებს, თავი ყოვლისშემძლე ჰგონია და ამას არ მალავს, თავი ქედმაღლურად უჭირავს და შვილებიც ყოყოჩობენ. ასეთმა მშობლებმა არ იციან, ანდა არ სცალიათ, რომ გაიგონ, როგორ იზრდებიან მათი შვილები.

მომდევნო სახეობაა პედანტიზმის ავტორიტეტი. ამ შემთხვევაში დედ-მამას მიაჩნია, რომ ბავშვმა მშობლის დარიგება უსიტყვოდ უნდა შეასრულოს, თანაც უნდა სჯეროდეს, რომ მშობელი ყოველთვის მართალია. მამამ თუ თქვა, რომ წიგნი არ ვარგა, შვილმაც იგივე უნდა გაიმეოროს, თუნდაც თავად ძალიან მოსწონდეს... ასეთ ოჯახებში დედ-მამა მაშინაც კი "მართალია", როცა აშკარად ცდება. მაგალითად, მშობელი ბავშვის დასჯას აპირებს, მაგრამ უეცრად ირკვევა, რომ იგი არ ყოფილა დანაშავე; მშობელი იხტიბარს არ იტეხს და მაინც სჯის ბავშვს. ასეთი მშობლები ვერასოდეს მოიხვეჭენ ავტრიტეტს, ბავშვი კი ღვარძლიანი და ბოროტი გაიზრდება.

არსებობენ მშობლები, რომლებიც მუდმივი დარიგებითა და ჭკუის სწავლებით სიცოცხლეს უმწარებენ შვილებს. ეს მეტწილად დედებს ახასიათებთ. ამას რეზონიორობის ავტორიტეტს უწოდებენ. ასეთ მშობლებს ჰგონიათ, რომ დიდი ავტორიტეტი აქვთ ბავშვების თვალში. დგას მორჩილად პატარა და დედის შეგონებას უსმენს, ეზოში კი თანატოლები ელოდებიან... ასეთ მშობლებს ავიწყდებათ, რომ ბავშვს თავისი სამყარო აქვს, რომლის პატივისცემა ყველას ევალება, მით უმეტეს - მშობლებს.

ყალბი, თუმცა კი გავრცელებული ავტორიტეტია სიყვარულის ავტორიტეტი. დაუსრულებელი ფერება, ალერსი, მუდმივი დათმობა აფუჭებს ბავშვს. ის პატარაობიდანვე ეჩვევა პირფერობას, ფარისეველი და ეგოისტი იზრდება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, არ დავუთმოთ ბავშვს ის, რაც დასათმობი არ არის.

არსებობს აგრთვე მეგობრობისა და მოსყიდვის მცდარი ავტორიტეტი. პირველ შემთხვევაში ოჯახში ბავშვები და მშობლები ახლო მეგობრებივით ექცევიან ერთმანეთს, არ არის დაცული დისტანცია. თუ ამან უკიდურეს ზღვარს მიაღწია, აღზრდა წყდება და იწყება საპირისპირო პროცესი - შვილები იწყებენ მშობლების "აღზრდას". მეორე შემთხვევაში ბავშვი მშობლებისგან ყოველი დათმობის სანაცვლოდ ჯილდოს იღებს: თუ პურს მოიტან, კინოს ფულს მოგცემ, თუ სახლს დაალაგებ, დაბადების დღეზე გაგიშვებ, თუ დამიჯერებ, საჩუქარს გიყიდი და ა.შ. ბავშვის წაქეზება კარგი საქციელისთვის შეიძლება, მაგრამ გონივრულად. ბავშვი მშობლებს ყოველგვარი დაპირების გარეშე უნდა უჯერებდეს.

მაშ, რას ნიშნავს მშობლის ნამდვილი ავტორიტეტი? მაგალითის ძალა - აი, სად არის ჯანსაღი ავტორიტეტის სათავე.