ახალი წელი და რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი წელი და რჩევები მშობლებს

ბავშვისათვის ყველა დღესასწაული სასიხარულოა, მაგრამ დაბადების დღის შემდეგ, მათთვის ყველაზე ჯადოსნური, შთამბეჭდავი, მოლოდინითა და ბედნიერებით აღსავსე, ახალი წლის დღესასწაულია.

ბავშვებს დადებითი ემოციები ყველაზე კარგად ამახსოვრდებათ და შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება მიჰყვებათ. ამიტომ ყველა მშობელი უნდა ეცადოს, რომ შეძლებისდაგვარად გაულამაზოს პატარებს სადღესასწაულო დღეები, შეუქმნას წინასაახალწლო განწყობა, უფროსებთან ერთად ისინიც ჩართონ სამზადისში. ეს იქნება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ჩართულობაც, ახალი ჩვევებისა თუ გამოცდილების შეძენა, რაც პატარებს წარუშლელ შთაბეჭდილებად და ბედნიერ მოგონებად დარჩებათ.

მშობლებს ხშირად აინტერესებთ, რამდენად გამართლებულია მცირე ასაკის ბავშვების ჩართვა საახალწლო ორომტრიალში.

მშობლების ნაწილი ცდილობს, არ დააძინოს ბავშვები და ოჯახის წევრებთან ერთად განაცდევინოს ახალი წლის დადგომის სიხარული და მხიარულება.

ბავშვები ემოციების განცდასა და გამოხატვას ძალიან ადრე, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იწყებენ. გარდა ამისა, ყველა დედამ უნდა იცოდეს, რომ მისი განწყობა მყისვე გადაეცემა ბავშვს. მას გაცილებით უკეთ ესმის, მეტს ხედავს და გრძნობს, ვიდრე უფროსებს ჰგონიათ. ამიტომ ნუ წაართმევთ პატარას დღესასწაულს. მის ცნობიერებაში უამრავი რამ რჩება, ყველაზე მკაფიოდ კი გამორჩეული დღეები აღიბეჭდება. ისინი განუწყვეტლივ გარემოცულნი უნდა იყვნენ დადებითი ემოციებით. ეს ემოციები მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ – ბავშვის ქვეცნობიერი სამყარო ხომ საოცარი ძალით ისრუტავს ყველაფერს.

ჯადოსნური დღესასწაული ადრეული ასაკიდან იწყება

სასწაულის მოლოდინი, სურვილების ასრულების იმედი და რწმენა სწორედ ბავშვობიდან მოდის, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვემზადებით, როგორ მოვრთავთ სახლს, რამდენად სადღესასწაულო ატმოსფეროს შევქმნით. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენი შვილებიც დაეუფლონ მხიარული და საზეიმო განწყობილების შექმნის ხელოვნებას, რომ სიცოცხლის პირველივე წლებიდან გაუჩნდეთ დღესასწაულების მიმართ მოწიწების გრძნობა. საახალწლო ნაძვის ხე და საგანგებოდ მორთული ოთახი, ტკბილეულისა და სადღესასწაულო კერძების სურნელი – თუ ეს ყველაფერი იქნება, საახალწლო განწყობაც თავისთავად მოვა.

ხშირად მშობლებს ურჩევნიათ, თვითონ მორთონ ნაძვის ხე და ერთგვარი სიურპრიზი მოუწყონ ბავშვებს. არადა, ნაძვის ხის მორთვა პატარებს საოცარ სიხარულს ანიჭებს. ნუ მოაკლებთ მათ ამ სიამოვნებას.

ახალი წელი საჩუქრების გარეშეც წარმოუდგენელია. სასურველია, ბავშვის თანდასწრებით ისაუბროთ იმაზე, რომ ძალიან სასიამოვნოა საყვარელი ადამიანებისთვის საახალწლო საჩუქრის მირთმევა. ამასთანავე, უნდა აუხსნათ ბავშვს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, საჩუქარი ძვირფასი იყოს, მთავარია ყურადღება. იმის თქმაც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დღესასწაულის მთელი ხიბლი არა მარტო ძღვენის მიღება, მისი გაცემაც არის.

მნიშვნელოვანია, რო­გორ იქცევიან საახალწლო ზეიმზე უფროსები. კარგი იქნება, მათ პატარებთან ერთად იმხიარულონ, იცეკვონ, იცელქონ, წარმოთქვან საახალწლო სადღეგრძელოები... ასეთი მშობლების შვილები ლაღები და თავისუფლები იზრდებიან, არასოდეს კარგავენ სიცოცხლის ხალისს და რაც მთავარია, ყოველთვის აქვთ სურვილი და უნარი, მოუწყონ დღესასწაული არა მხოლოდ თავიანთ თავს, სხვათაც. საახალწლო განწყობა და სასიამოვნო მოლოდინის განცდა ბავშვებს ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე ეუფლებათ. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში წინასაახალწლო ზეიმები, მეჯლისები ეწყობა, ამისთვის კი ბავშვები დიდი ხნით ადრე ემზადებიან – სწავლობენ ლექსებსა და სიმღერებს, ამზადებენ სპექტაკლებს და სამეჯლისო კოსტიუმებს. სასურველია, ამ სამზადისში მთელი ოჯახი ჩაერთოს. როცა ბავშვი გრძნობს ახლობლების ყურადღებას, მზრუნველობას, თავადაც უყალიბდება ეს თვისებები.

თოვლის ბაბუა

თოვლის ბაბუის გამოჩენას ბავშვები განსაკუთრებული სიხარულით მოელიან. პატარებს ხშირად არც კი აქვთ წარმოდგენილი, რა ელით – უბრალოდ სასიამოვნო მოლოდინს განიცდიან, გულწრფელად სჯერათ მისი არსებობისა და დაიჯერებენ, ვიდრე ამის სურვილი თავად ექნებათ. თოვლის ბაბუა მუდამ დარჩება მათთვის ახალი წლის, სითბოს, სიყვარულის, სიკეთისა და სანუკვარი ოცნებების ახდენის სიმბოლოდ. უფროსებისთვის კი ეს კიდევ ერთი საშუალებაა შვილისადმი სიყვარულის გამოხატვის და მისთვის სიხარულის მინიჭების.

ასეც ხდება...

ბავშვის ემოციური სამყარო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, მისი ემოციები მუდმივად იცვლება და ვითარდება. ზოგჯერ ისინი იმდენად მძაფრია, რომ ბავშვი ვერ უძლებს და ამ განცდათა ტყვეობაში ექცევა. ასეთ დროს ემოციები უბრალოდ სასიამოვნო ან უსიამოვნო განცდად კი აღარ აღიქმება, არამედ აუტანელი ხდება. ეს ძალიან მცირე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ამიტომ არის, რომ პატარები დაბადების დღეზე ან საახალწლო ზეიმზე ზოგჯერ ისე აღიგზნებიან, რომ ტირილსაც კი იწყებენ. ამ დროს ისინი უნდა მოარიდოთ ძლიერ განცდებს, ხმაურს, მკვეთრ სინათლეს, უნდა ეცადოთ, მარტო არ დატოვოთ, საერთოდ, ემოციური გადატვირთვისგან დაიცვათ.

ნაძვის ხის ბრწყინვალება, თოვლის ბაბუის მოლოდინი, საჩუქრები, მშობლებთან, ბებია-ბაბუებსა და სხვა ახლობლებთან ურთიერთობის სიხარული, სითბო და სიყვარული, საზეიმო განწყობილება, თანატოლებთან ერთად მხიარულება – ეს შთაბეჭდილებები სამუდამოდ დარჩება თქვენი პატარების მეხსიერებაში, დაეხმარება მათ, კარგ და კეთილ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.