ჩაბჟირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩაბჟირება

ამ და სხვა კითხვებზე ბავშვთა ნევროლოგი რუსუდან გაჩეჩილაძე გვიპასუხებს.

- რისი ბრალია, როდესაც ბავშვი ტირილის დროს ბჟირდება?

- ჩაბჟირება ანუ აფექტორულ-რესპირატორული შეტევა - ეს არის სუნთქვის შეკავება, ისტერიული შეტევის ან გულის წასვლის ყველაზე ნაადრევი გამოვლინება. სიტყვა "აფექტი" ნიშნავს ძლიერ, ძნელად კონტროლირებად ემოციას. "რესპირატორული" - იმას, რომ ეს ემოცია დაკავშირებულია სასუნთქ სისტემასთან.

შეტევები, ჩვეულებრივ, სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს იჩენს თავს და შესაძლოა ორ-სამ წლამდე გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის შეკავება შეიძლება მოგვეჩვენოს ბავშვის მხრიდან წინასწარ დაგეგმილად, ჩვეულებრივ, ისინი ამას სპეციალურად არ სჩადიან. ეს უბრალოდ არის რეფლექსი, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც ტირილის დროს ბავშვი ძლიერად ამოისუნთქავს ფილტვებიდან თითქმის მთელ იქ არსებულ ჰაერს. ამ მომენტში იგი გაირინდება, პირი ღია აქვს, მაგრამ ხმას არ გამოსცემს. უმეტესად ასეთი სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები არ გრძელდება 30-60 წამზე მეტხანს და გაივლის, როცა ბავშვი კვლავ დაიწყებს სუნთქვას და მასთან ერთად ყვირილს.

აფექტორულ-რესპირატორული შეტევები ორი ტიპისაა, რომლებსაც პირობითად ლურჯ და ფერმკრთალ ტიპებს უწოდებენ.

ფერმკრთალი აფექტორულ-რესპირატორული შეტევები უმეტესად წაქცევის, ნემსის გაკეთების დროს აღმოცენებული ტკივილის ბრალია. პულსის გასინჯვის ან დათვლის მცდელობა უშედეგოა, რადგან ის ამ დროს რამდენიმე წამით ქრება.

ფერმკრთალი აფექტორულ-რესპირატორული შეტევები განვითარების მექანიზმით გულის წასვლასთან უფრო ახლოს დგას. შემდგომ ასეთი შეტევების (პაროქსიზმების) მქონე ბავშვების ნაწილს უყალიბდება გულის წასვლის მდგომარეობა.

უფრო ხშირია ლურჯი აფექტორულ-რესპირატორული შეტევები. ის წარმოადგენს უკმაყოფილების, სურვილის შეუსრულებლობის, გაბრაზების გამოხატვას ბავშვის მხრიდან. როცა ბავშვი უარს იღებს მისი სურვილების, მოთხოვნების შესრულებაზე, ყურადღების მიქცევის მიზნით იწყებს ტირილს, ყვირილს. ამ დროს ღრმა სუნთქვა ჩერდება ჩასუნთქვაზე, წარმოიქმნება მსუბუქი ციანოზი - სილურჯე. მსუბუქ შემთხვევაში სუნთქვა აღდგება რამდენიმე წამში და ბავშვის მდგომარეობა ნორმალიზდება. ასეთი შეტევები გარეგნულად ძალიან ჰგავს ლარინგოსპაზმს (ცრუ კრუპს) - ხორხის კუნთების სპაზმს. ზოგჯერ შეტევა ხანგრძლივდება, რასაც თან სდევს კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება - ბავშვი დედის ხელებში სრულიად ეშვება, ზოგჯერ კი, პირიქით, კუნთების ტონური დაჭიმულობა იმატებს და ბავშვი რკალივით იდრიკება.

- ტირილის დროს ყველა ბავშვს როდი აქვს ასეთი შეტევები. უმთავრესად როგორ ბავშვებს ახასიათებთ ისინი?

- აფექტორულ-რესპირატორული შეტევები შეინიშნება ადვილად აგზნებად, კაპრიზულ, ადვილად გაღიზიანებად ბავშვებში. ისინი ისტერიული შეტევების სახესხვაობაა.

ადრეული ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია ასევე "მარტივი" ისტერიის პრიმიტიული პროტესტის რეაქცია - სურვილის შეუსრულებლობის შემთხვევაში იატაკზე დაცემა, იატაკისთვის ხელ-ფეხის დაშენა, ყვირილი, ტირილი. ასეთი საქციელი ხდება სათავე შემდგომ წლებში ბავშვის ისტერიული ხასიათის ჩამოყალიბებისა. სამი-ოთხი წლის შემდეგ ეს პოულობს გამოხატულებას ხასიათში, ბავშვი არის პრობლემური, უჭირს ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან. ასე ყალიბდება ორი წლის ისტერიული ბავშვი თორმეტი წლის ძნელად აღსაზრდელ მოზარდად.


- როგორია რესპირატორულ-აფექტორული და ისტერიული შეტევების მქონე პატარა ბავშვების სწორად აღზრდის პრინციპი?

- ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ამ შემთხვევაში უდიდესი როლი მშობელს ეკისრება და სწორად აღზრდა თავისთავად გულისხმობს შეტევების აცილებას. მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს გაბრაზების დროს ემოციების კონტროლი და, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა იყოს მაგალითის მიმცემი.

პაროქსიზმების ჩამოყალიბებაში განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება მშობლებისა და ბავშვის ურთიერთდამოკიდებულებას. ზოგი მშობელი ყველანაირად ცდილობს, ბავშვს ააცილოს სულ მცირე უსიამოვნებაც კი და ამიტომ ყველაფრის ნებას აძლევს, უსრულებს ნებისმიერ სურვილს. ასეთი აღზრდის სავალალო შედეგია მძიმე ხასიათის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, არასწორად აღზრდით სუნთქვის შეჩერების შეტევები შესაძლოა ისტერიულ შეტევებში გადაიზარდოს.

სწორად აღზრდა გულისხმობს ოჯახის ყველა წევრის ერთობლივ მოქმედებას - ბავშვს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თუ დედა და მამა რაიმეზე უარს ეუბნებიან, შეუძლია ბებია-ბაბუას შეაბრალოს თავი და სურვილის ასრულებაზე დაიყოლიოს. მიზანშეწონილია, ბავშვი დადიოდეს სკოლამდელ დაწესებულებაში (ბაგა-ბაღი), სადაც ასეთი შეტევები, ჩვეულებრივ, არ მეორდება. თუ ბავშვს შეტევა ეწყება ბაღში სიარულის პროტესტის ნიშნად, მაშინ უმჯობესია, დროებით შინ დატოვოთ და ნევროპათოლოგის რჩევისამებრ იმოქმედოთ.

გირჩევთ, "ურჩი" ბავშვების მიმართ გამოიყენოთ "მოქნილი" ფსიქოლოგიური მეთოდები: თუ კარგად იცნობთ თქვენს პატარას და იცით, რა აღიზიანებს ყველაზე მეტად, რასაც შეტევა მოჰყვება ხოლმე, შეეცადეთ, სიტუაცია მართოთ. შეცვალეთ მიმართვა "სდექ" მიმართვით "წინ" - თუ პატარა ყვირის და ტირის, კატეგორიულად ნუ ეტყვით: "გაჩუმდი, ხმას ნუ იღებ!", არამედ სთხოვეთ: "მოდი ჩემთან". ასე უფრო შეასრულებს თქვენს თხოვნას.

დაარქვით სახელი ბავშვის ემოციურ მდგომარეობას. თუ პატარა მაღაზიაში იწყებს ტირილს იმის გამო, რომ სასურველი ნივთი არ უყიდეთ, უნდა აუხსნათ, რომ უკვე დიდია, 2 წლის ბავშვები კი ასე არ უნდა იქცეოდნენ. სანამ სახლიდან გახვალთ, უნდა შეახსენოთ, რომ ქუჩაში, ეზოში, მაღაზიაში ცუდად მოქცევა არ შეიძლება, რომ ასე ცუდი ბავშვები იქცევიან. შეეცადეთ ყოველთვის მაშინ ესაუბროთ, როცა მშვიდადაა. აუხსენით, რა მოჰყვება მის საქციელს. გააგებინეთ მარტივად, თუ არ შეუძლია თავისი საქციელის, ემოციების კონტროლი, თავის ოთახში ყოფნა მოუწევს და არც არავინ ეთამაშება. ყოველთვის უმჯობესია მშვიდად აუხსნათ, ვიდრე მოსთხოვოთ და დასაჯოთ ახსნა-განმარტების გარეშე.

- შესაძლოა თუ არა, რესპირატორულ-აფექტორულ შეტევას კრუნჩხვითი რეაქცია მოჰყვეს?

- როდესაც შედარებით მძიმე და ხანგრძლივად მიმდინარე რესპირატორულ-აფექტორული შეტევის დროს ბავშვი კარგავს გონებას, ე.ი. შეტევას თან ახლავს კრუნჩხვა. კრუნჩხვა ტონურია - აღინიშნება კუნთების დაჭიმვა, სხეული გაშეშებულია, ზოგჯერ მოხრილია რკალივით.

რესპირატორულ-აფექტორული შეტევის დროს იშვიათად აღინიშნება კლონური კრუნჩხვა კრთომების სახით. კლონური კრუნჩხვები აღინიშნება ტონური კრუნჩხვების ფონზე (ტონურ-კლონური კრუნჩხვები).

კრუნჩხვებს შესაძლოა თან ახლდეს უნებლიე შარდვა. კრუნჩხვის შემდეგ სუნთქვა აღდგება. როდესაც რესპირატორულ-აფექტორულ შეტევას თან ერთვის კრუნჩხვითი რეაქცია, საჭირო ხდება მისი ეპილეფსიური შეტევებისგან დიფერენცირება. თავის მხრივ, ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადება შეიძლება გახდეს რესპირატორულ-აფექტორული შეტევის მიზეზი. ამდენად, აუცილებელია ბავშვის გამოკვლევა გამოცდილი, პროფესიონალი ნევროლოგის მიერ დიაგნოზის დაზუსტებისა და სწორი მკურნალობის დროულად დაწყების მიზნით.

- როგორ მოვიქცეთ სუნთქვის შეჩერების დროს?

- თუ ბავშვი ძლიერი ემოციური დატვირთვის დროს სუნთქვას აჩერებს - უნდა იცოდეთ, რომ ეს თითქმის არასოდეს მოუტანს ზიანს. შეტევის დროს შეიძლება რამენაირი მოქმედებით - პირში ჰაერის ჩაბერვით, ლოყაზე შემორტყმით, შეღიტინებით - გამოიწვიოთ სუნთქვის რეფლექტორული აღდგენა. უმჯობესია ჩაერიოთ მანამდე, ვიდრე სიბრაზე შეტევაში გადაიზრდება - პატარა ბავშვების ყურადღების გადატანა სხვა რამეზე უფრო ადვილია. მაგალითად, გაართეთ მისი საყვარელი სათამაშოთი. თუ შეტევა გახანგრძლივდა, თანაც ბავშვს კრთომები დაეწყო - დააწვინეთ მაგარ, სწორ ზედაპირზე, თავი გვერდზე გადაუწიეთ, მიაწოდეთ ჰაერი (გამოაღეთ სარკმელი, ოჯახის ყველა წევრი ნუ შემოეხვევით). შეტევის შემდეგ დაამშვიდეთ პატარა და კიდევ ერთხელ აუხსენით, რომ კარგად უნდა მოიქცეს, თუ სურს, ბევრი მეგობარი ჰყავდეს, რომ სათამაშოებს არ უყვართ ისეთი ბავშვები, რომლებიც ცუდად იქცევიან და შეიძლება სხვა ბავშვთან წავიდნენ...

აუცილებელია, ბავშვი აჩვენოთ ნევროლოგს. ის მოგცემთ რეკომენდაციებს მისი სწორად აღზრდის შესახებ და მკურნალობაში ჩართავს დასამშვიდებელ, ნერვული სისტემის გასამაგრებელ (მასტიმულირებელ) საშუალებებს, საჭიროების შემთხვევაში კი ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს.