გრძელი გზა... ქოთნისაკენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრძელი გზა... ქოთნისაკენ

ამიტომაც უწევთ ცხოვრებაში მრავალი განცდის გადატანა ნორმალურ, მოსიყვარულე მშობლებს. ნერვიულობისა და შფოთვის მიზეზს მშობლები ყოველთვის პოულობენ და ერთ მიზეზს განუწყვეტლივ ენაცვლება მეორე: დაიჭერს პატარა თავს? ამოუვა კბილები? დაეხურება ყიფლიბანდი? როდის დაჯდება, როდის დადგება, წესიერად როდის გაივლის? კოვზს ყოველთვის გადააგდებს? კი მაგრამ, ლაპარაკი არ უნდა დაიწყოს?

ერთი წლისაა და "დედასა" და "მომეს" მეტს ვერაფერს ამბობს!

ჩვენი ცხოვრების დამახასიათებელ შტრიხად იქცა ჩვენთვის აქტუალური პრობლემების არა მარტო ოჯახურ წრეში განხილვა, არამედ მუდმივი გამოტანა საყოველთაო განსჯის მიზნით მეგობრების, ამხანაგების, მეზობლების და თანამშრომლების წრეში. საკმარისია, სადმე (მაგალითად, ბავშვის დაბადების დღეზე) ამაყად განაცხადოთ, რომ თქვენი შვილი 10 თვის ასაკში ქოთანზე ჯდებოდა, იქვე გაჩნდება მშობელი, რომელიც იტყვის, რომ მისმა შვილმა ეს 9 თვისამ ისწავლა. საკითხის დეტალური განხილვა კიდევ უფრო გაზრდის "აღმატებული" მშობლების რიცხვს და საღამოს მთავარი გმირი ის დედა გახდება, რომლის პატარამაც 8 თვისამ აიდგა ფეხი. როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, უნებლიეთ აღმოაჩენთ საკუთარი აზრების ტრანსფორმაციას - სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში თქვენი ყველაზე საყვარელი, ნიჭიერი, განვითარებული ბავშვი, რომელიც მშობლების სიამაყე იყო, სავსებით ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ პატარად გადაიქცა. თქვენ დაისვენებთ, დაფიქრდებით და აღმოაჩენთ, რომ ზოგიერთი მშობელი უბრალოდ წინ უსწრებს მოვლენებს.

რატომ ვჩქარობთ? უნარი ბავშვისა, დამოუკიდებლად, უფროსების გარეშე დაიკმაყოფილოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, მისი "დიდობის" იმდენად მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომ მშობლებს დაუძლეველი სურვილი უჩნდებათ, რაც შეიძლება მალე დაინახონ საკუთარი შვილი, რომელიც ამაყად ზის ქოთანზე და შემდეგ არანაკლებ ამაყად იწევს სავსებით მშრალ ტრუსებსა და შარვალს. ცეცხლზე ნავთს ამ შემთხვევაშიც ახლობლებისგან მოპოვებული ინფორმაცია ასხამს: შემთხვევით იგებთ, რომ მეზობლის ბავშვი სამი თვისაა, მაგრამ უკვე აღარ ისველებს, რადგან დედა გადააყენებს ხოლმე და ბავშვიც "ფისი-ფისის" გაგონებაზე შარდავს. ამ დაუჯერებელი ისტორიის მოყოლისას არავინ ამბობს, რომ დედა ჯადოსნურ სიტყვებს რამდენიმე წუთის განმავლობაში იმეორებს. თქვენ ამაზე არც ფიქრობთ, მაგრამ გულში მოხვედრილი ეჭვის მარცვალი ღვივდება და როცა დილით თქვენი შვილის დამძიმებულ პამპერსს უცქერით, მტკიცე გადაწყვეტილებას იღებთ: საკმარისია, უკვე აღარ არის პატარა! სწორედ ამ დღიდან იწყება გრძელი გზა ქოთნისკენ (ან ადაპტორიანი უნიტაზისკენ).

როცა ამ მიზნისკენ იწყებთ სვლას, კარგი იქნება, თუ წინასწარ გაარკვევთ, რამდენად ისწრაფვის მიზნისკენ თქვენი პატარა და ხართ თუ არა მზად ამ ერთობლივი სვლისკენ. სწორედ ამიტომ უნდა დავფიქრდეთ ერთ საკითხზე. აბა, ჰკითხეთ საკუთარ თავს, იცნობთ თუ არა პატარას, რომელსაც სასკოლო ასაკისთვის არ შეეძლოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. პასუხი ალბათ უარყოფითია. თქვენ კარგად უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ თუ პატარას მძიმე თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება არა აქვს, ის ადრე თუ გვიან ისწავლის საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდება.

მაინც რას ნიშნავს "ადრე თუ გვიან"? როდის არის ადრე? ექვსი თვის თუ ერთი წლის ასაკში? გვიან როდისღაა? 3 თუ 4 წლის ასაკში? სამწუხაროდ, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან ეს ვადები თქვენი პირადი შეხედულებებით განისაზღვრება. დიახ, სწორედ თქვენი აზრია მთავარი და არა მეზობელი მხცოვანი ქალბატონისა, რომელიც იხსენებს, როგორ იკმაყოფილებდა მოთხოვნილებას მისი ხუთივე შვილი ერთი წლის ასაკში და როგორ გაზარდა ისინი ამ სულელური პამპერსების გარეშე. არც თქვენი თანატოლი მეზობლისა, რომელმაც ბავშვს ქოთანზე დაჯდომის ჩვევა ადრე გამოუმუშავა და ამით საკმაო თანხა დაზოგა. თქვენ ყური არ უნდა ათხოვოთ შეგონებებს - ეს თქვენი ბავშვია, თქვენ ხარჯავთ თანხას პამპერსებზე და არა ნაცნობ-მეგობრები და მეზობლები, თქვენი და თქვენი შვილების კომფორტია მთავარი. ასე რომ, როდის და როგორ დაიკმაყოფილებს თქვენი შვილი ფიზილოგიურ მოთხოვნილებებს, სწორედ თქვენი საქმეა.


თეორიული ინფორმაცია

მაშ ასე, გადავწყვიტეთ, რომ დროა. პირველი, რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ სულაც არ არის აუცილებელი რამის ცოდნა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ იცით ქოთანზე ჯდომის ჩვევის გამოსამუშავებლად საჭირო წესები, არასოდეს წაგიკითხავთ სათანადო წიგნები, არ გაქვთ თეორიული მომზადება და პირდაპირ გადახვედით პრაქტიკაზე, ნუ შეშინდებით, თქვენ აუცილებლად გამოგივათ, რაც განიზრახეთ. რა თქმა უნდა, გაჩნდება პრობლემები, იმედს გაგიცრუებთ საკუთარი თავიც და ბავშვიც, იქნება რამდენიმე სკანდალი და შესაძლოა, ისტერიკაც, მაგრამ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ. თუმცა თეორიული ინფორმაცია შესაძლოა დაგეხმაროთ პრაქტიკული წარუმატებლობების შემთხვევაში.

ფაქტია, რომ დაბადების მომენტიდან ბავშვი ვერ აკონტროლებს შარდვასა და დეფეკაციას. ესე იგი, ამ პროცესებს არეგულირებენ უპირობო რეფლექსები და თავის ტვინის მონაწილეობა საჭირო არ არის. ქოთანზე დაჯდომის ჩვევის გამომუშავებისას ჩვენი მიზანია, ეს უპირობო რეფლექსები პირობით რეფლექსებად გადავაქციოთ და ადამიანის სურვილის კონტროლს დავუმორჩილოთ. ამ დროს წარმატებას სამი ფაქტორი განსაზღვრავს:

1. იმ ორგანოების მდგომარეობა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მოშარდვისა და დეფეკაციის აქტში. ესენია შარდის ბუშტი, შარდსადენი, სწორი ნაწლავი, მუცლის პრესის კუნთები, სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის სფინქტერები ანუ მომჭერები.

2. ნერვული სისტემის, უპირველეს ყოვლისა თავის ტვინის ქერქის მდგომარეობა.

3. ახლობელთა პედაგოგიური აქტივობა.

ჩამოთვლილ სამ კომპონენტს მჭიდრო ურთიერთკავშირი აქვს. დასკვნები, რომლებიც არსებით ინფორმაციას გვაწვდიან, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. კერძოდ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ქოთანზე ბავშვის მიჩვევას, მით უფრო მეტი ჯაფა დაგჭირდებათ მიზნის მისაღწევად. ქოთანთან მიჩვევა მით უფრო წარმატებულია, რაც უფრო მაღალია ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარების დონე.

პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რომ მიზნისკენი მიმავალი გზა რთული, ცრემლებითა და ფუჭი შრომით სავსეა, როცა ამ მიზნისკენ სვლას მეტისმეტად ადრე ვიწყებთ. ძალიან ბევრი მომთმენი და აქტიური მშობელი სიცოცხლის პირველ წელსვე შესანიშნავ შედეგებს იღებს. ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ ამაყი განცხადებები, რომ 10, 9, 8 და 7 თვის პატარაც კი იკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას მშობლების მინიშნების საპასუხოდ. ეს არ არის გასაოცარი. მრავალჯერადად ამ სიტყვების წარმოთქმით არ არის რთული პირობითი რეფლექსის გამომუშავება, თუმცა ეს ის რეფლექსი არ არის, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

რატომ არ გვჭირდება ასეთი რეფლექსი? - იკითხავთ თქვენ. იმიტომ, რომ შარდის ბუშტის დაცლა დაკავშირებულია სიტყვებთან "ფისი-ფისი". თუ ამ ბგერებს ხშირად და ხანგრძლივად წარმოთქვამთ და პატარას მანამდე არ დავანებებთ თავს, სანამ არ მოშარდავს, რა თქმა უნდა პირობითრეფლექსური კავშირი ამ სიტყვებსა და მოშარდვას შორის აღმოცენდება. ჩვენ კი სხვანაირი კავშირი გვჭირდება: შარდის ბუშტის ავსება-მოშარდვა. ესე იგი მოტივაცია ქოთანზე დაჯდომისა უნდა იყოს ფიზიოლოგიური პროცესი (შარდის ბუშტის ავსება) და არა განსაზღვრული ბგერების - "ფისი-ფისი" - მოსმენა.

ჩვეულებრივ, სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში ჩვენ ვიხდით ადრეული წარმატებების საფასურს. თითქოსდა ნიჭიერი და ძალიან განვითარებული ბავშვი, რომელიც ცხრა თვიდან იჯდა ქოთანზე, უცებ გაურკვეველი მიზეზით უარს ამბობს ამაზე და აქტიურად იწყებს ახლობლებთან ბრძოლას. ეს მოვლენა სავსებით გასაგებია - მოდის დრო, როცა უნდა ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტი პირობითი რეფლექსი. მაშინ, როცა შარდის ბუშტი ცარიელია, პატარას სიტყვები "ფისი-ფისი" მხოლოდ აბრაზებს.

სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ როგორ წარმატებასაც არ უნდა მივაღწიოთ, წლისა და 6 თვის ასაკამდე ეს წარმატება დროებითია, ხოლო ჩასველების ეპიზოდები - ძალიან ხშირი. ამ კანონზომიერებას სიმშვიდით უნდა შევხვდეთ. არაფერია ცუდი იმაში, რომ თქვენ ახერხებთ დაზოგოთ პამპერსების თანხა და პატარას ადრე გააცნოთ ისეთი საოცრება, როგორიც ქოთანია, მაგრამ ეს ნაცნობობა გარკვეულ ასაკამდე ზედაპირული იქნება, ხოლო გამომუშავებული ჩვევა - არამყარი.

საზოგადოდ, რეფლექსების ფორმირების ვადები ინდივიდუალურია. გაცნობიერებული ურთიერთობა ქოთანთან შეიძლება ერთი წლის ასაკშიც ჩამოყალიბდეს, მაგრამ არც ის სიტუაციაა უცხო, როცა სამ წლამდე არაფერი გამოდის. სწორედ ამ დროს იწყება პრობლემები. მშობლები ღელავენ და ცდილობენ, აქტიური ზეგავლენა მოახდინონ პროცესზე. რა თქმა უნდა, ზემოქმედება გულისხმობს ძალადობის ელემენტებსაც - ვაიძულოთ პატარა, დაჯდეს ქოთანზე, არ ადგეს დროზე ადრე, დავსაჯოთ, თუ გუბეს დავინახავთ. შედეგად ვიღებთ ისტერიკას, ბავშვის უარყოფით დამოკიდებულებას პროცესის და კონკრეტულად ქოთნის მიმართ.

სწორედ ზემოთქმულიდან გამომდინარეობს მნიშვნელოვანი წესი: თუ რაღაც არ გამოდის, დაიცადეთ. დახურეთ ეს თემა ერთი-ორი თვით, დაუბრუნდით ჩვეულ პამპერსებს და ნუ გადაძაბავთ ნურც საკუთარ და ნურც ბავშვის ფსიქიკას.

არსებობს სპეციალისტთა მიერ დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმები. ბუნებრივი გადასვლა მოშარდვისა და დეფეკაციის კონტროლზე იწყება სიცოცხლის პირველი წლის შემდეგ და ცხოვრების მეორე წელს "მომწიფდება". საშუალო ასაკი ქოთნით სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბებისა 22-დან 30 თვემდეა. მყარი პირობითი რეფლექსები სამი წლისთვის ყალიბდება. ყველაფერი, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, თეორიაა. ის ქვემოთ მოყვანილი პრაქტიკული რჩევების შესავალია.

სანამ კონკრეტულ რჩევებზე გადავიდოდეთ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ: ერთ წლამდე ქოთნით სარგებლობის ჩვევის გამომუშავების მცდელობისას შეიძლება მივაღწიოთ პამპერსების ეკონომიას, მაგრამ ვერ მივაღწევთ გამოყოფის ფუნქციის გაცნობიერებული კონტროლის ჩამოყალიბებას. როგორც ვხედავთ, რეკომენდებული ინტერვალი ქოთნით სარგებლობის ჩვევის გამომუშავებისთვის საკმაოდ ფართოა - ერთიდან სამ წლამდე.

მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიოს პედიატრთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ 18 თვემდე ამ მხრივ ჩვენი მცდელობები არარაციონალურია, შედეგი ნამდვილად არ ღირს დროის კარგვად. ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას: არც ერთი სპეციალისტი არ ამბობს, რომ 18 თვემდე ქოთნით სარგებლობის ჩვევის გამომუშავება დაუშვებელია. თუ ძალიან ბრძანდებით მოწადინებული, შეგიძლიათ გაცილებით ადრეც სცადოთ - ეს ხომ თქვენი ბავშვია და მისი განვითარებისთვის საკუთარ დროს და ენერგიას ხარჯავთ. უბრალოდ, რეკომენდაციათა ავტორებს მიაჩნიათ, რომ 18 თვემდე მშობლებს შეუძლიათ საკუთარი დრო უფრო რაციონალურად დახარჯონ - დაისვენონ, გაისეირნონ, ბავშვს ეთამაშონ. კიდევ ერთი თეორიული ხასიათის ინფორმაცია. ჭეშმარიტებას შეესაბამება მოსაზრება, რომ გოგონები უფრო ადვილად ეჩვევიან ქოთანს, ვიდრე ბიჭები, ამ ჩვევას გაცილებით სწრაფად და უმცროს ასაკში იძენენ. რატომ არის ასე, არავინ იცის. ერთადერთი მეტ-ნაკლებად წარმატებული არგუმენტი ის არის, რომ ვაჟები სხვადასხვა მდგომარეობაში (დამდგარნიც და დამჯდარნიც) შარდავენ, ხოლო გოგონები - მხოლოდ ერთში. ესე იგი საწყალ ბიჭებს ორჯერ მეტად უჭირთ ქოთანთან მიჩვევა.