დედა აუცილებლად მიპოვის! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედა აუცილებლად მიპოვის!

გამოცდილება ამტკიცებს, რომ ბავშვები უმეტესად ადამიანთა თავშეყრის ადგილებში იკარგებიან - ტრანსპორტში, სადგურში, სავაჭრო ცენტრში, ბაზრობაზე... უბრალოდ შეუძლებელია, პატარას თვალი არ მოაცილო და ამავე დროს რაღაც მნიშვნელოვანი აკეთო - შეიძინო ბილეთი, გადაიხადო ფული ან კარგად დაათვალიერო მოწონებული ნივთი. რაღაც საინტერესოს ნახვის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შიშის გრძნობასაც კი თრგუნავს და ბავშვი ახალი ტერიტორიის შესწავლას იწყებს, საწყალი დედა კი გულგახეთქილი აცეცებს თვალებს და პატარა ონავარს დაეძებს...

ზოგჯერ უფროსები გაოცებულნი ჰყვებიან, რომ მათ შვილს უცნაური გატაცება გაუჩნდა - როგორც კი დედა ხელს გაუშვებს, პატარა თავქუდმოგლეჯილი გარბის...

ასე რომ, ბავშვის დაკარგვის საწინააღმდეგო ყველაზე სანდო მეთოდი ის არის, ბავშვს მაგრად ჩავჭიდოთ ხელი ან, თუ პატარაა, ხალხმრავალ ადგილას ხელში ავიყვანოთ. მნიშვნელოვანია, წუთითაც არ დავკარგოთ ბავშვთან ტაქტილური კონტაქტი. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 3 წლის შემდეგ ბავშვს უკვე შეუძლია დაიმახსოვროს საკუთარი სახელი, გვარი და ასაკი. ასწავლეთ ეს ყოველივე. გარდა ამისა, ეცადეთ, ასწავლოთ ბინის მისამართიც. თუ ეს ვერ მოახერხეთ, ბავშვს ჯიბეში ჩაუდეთ ბარათი, სადაც მითითებული იქნება მშობლების ვინაობა და ბინის მისამართი ან ეს მონაცემები ქსოვილის პატარა ნაჭერზე წააწერეთ და შიგნითა მხარეს მიაკერეთ ბავშვის ტანსაცმელს (ქურთუკს, ჟაკეტს).

თუ პატარა ბავშვთან ერთად სუპერმარკეტში იმყოფებით, შეგიძლიათ, ის პროდუქტების კალათაში ჩასვათ. მოზრდილებს მხიარული თამაში შესთავაზეთ - ერთად აარჩიეთ პროდუქტები და ბავშვს მათი კალათაში ჩაწყობა დაავალეთ, სალაროსთან ეს ყველაფერი ერთად ამოალაგეთ. ალბათ თავადაც მიხვდებით, რომ მთავარია, ბავშვს მუდმივად ელაპარაკოთ, არ მისცეთ საშუალება, მოიწყინოს და გასართობი სხვაგან ეძებოს.

ვიზრუნოთ წინასწარ

თუ მოზრდილ ბავშვთან ერთად აპირებთ ხალხმრავალ ადგილას წასვლას, წინასწარ შეიმუშავეთ მოქმედების გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ შვილი უნებლიეთ ჩამოგრჩათ. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით აპირებთ მგზავრობას, წინასწარ მოამზადეთ ბავშვი: დაწვრილებით მოუყევით, რა უნდა მოიმოქმედოთ მგზავრობისას - როგორ უნდა აიღოთ ბილეთი, სად უნდა დასხდეთ, როდის უნდა ჩახვიდეთ... ერთი სიტყვით, პატარა მთელი ამ ფაციფუცის აქტიური მონაწილე უნდა გახდეს. ამ შემთხვევაში მას არ გაუჩნდება სურვილი, სხვა გასართობი ეძებოს.

არანაკლები შანსია, ბავშვი სეირნობისას დაიკარგოს. წლის ბავშვებს დაკარგვის საშიშროება თითქმის არ ემუქრებათ - აბა, რომელი მშობელი მოაცილებს თვალს ასეთ პატარას, მან ხომ ახლახან აიდგა ფეხი. 2,5-3 წლიდან კი დაკარგვის ალბათობა მკვეთრად იზრდება. ამ დროისთვის მშობლები ხედავენ, რომ შვილს უკვე თავისუფლად შეუძლია, მათ გვერდით გაჰყვეს და ყურადღებას ადუნებენ. ამ ასაკის ბავშვი ბევრ საფრთხეს კარგად აცნობიერებს, ძახილზე სწრაფად გარბის მშობლებისკენ. მიუხედავად ამისა, წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვი მაინც ბავშვია და მისი კეთილგონიერების იმედად ყოფნა არ ღირს.

გაითვალისწინეთ: 5 წლამდე ასაკის ბავშვის დატოვება ქუჩაში, უფროსების მეთვალყურეობის გარეშე, თუნდაც მცირე ხნით, უაღრესად საშიშია!

აუცილებლად უნდა დაგეგმოთ წინასწარ, ვინ ისეირნებს ბავშვთან ერთად ან ვინ მიაქცევს მას ყურადღებას შინ ყოფნისას. თუ ბავშვი იმ ასაკისაა, რომ თანატოლებთან ერთად მარტო სურს სეირნობა, იზრუნეთ იმაზე, რომ მის გვერდით ყოველთვის იყოს რამდენიმე (4 და მეტი) ბავშვი, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ბავშვებს ერთად ყოფნა სიამოვნებას ანიჭებს, რომ მათ შორის არასოდეს წარმოიშობა სერიოზული კონფლიქტი, ისინი ერთმანეთზე უნდა ზრუნავდნენ და ფხიზლად იყვნენ, რომ რომელიმე მათგანი არ ჩამორჩეს, არ გაუჩინარდეს. უცხოებთან პატარები თავაზიანად უნდა იქცეოდნენ, მაგრამ სასეირნოდ თუ კაფეში მათ მიპატიჟებას უარით უნდა პასუხობდნენ.


ქცევის წესები

როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია, პატარა ბავშვმა იცოდეს სხვადასხვა სიტუაციაში ქცევის წესები. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკიც - პედაგოგები გვარწმუნებენ, რომ საშიშროების აღქმისა და გაცნობიერების დონე 2-3, 4-5 და 6 წლის ასაკში მკვეთრად განსხვავებულია. 2-3 წლის ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, თავიანთი გრძნობები და აზრები ისე გამოთქვან, რომ ადამიანებმა კარგად გაიგონ, რა სურთ. ბავშვს, რომელსაც შეუძლია საკუთარი შიშის გადმოცემა და ამავე დროს იცის, რომ მზად ვართ, გავუგოთ და დავიცვათ, გაცილებით ნაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე სხვებს.

ამ ასაკისთვის ბავშვები უკვე კარგად იცნობენ ზღაპრების სამყაროს. ზღაპარი კი აღზრდის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტია. მოუყევით ბავშვს, რა მოუვიდა წითელქუდას, რომელმაც დედის რჩევა დაივიწყა, რა განსაცდელში აღმოჩნდა პინოქიო, როცა უცნობ კაცს გაჰყვა სულელთა ქვეყანაში... 4-5 წლისთვის ზღაპრებს შეიძლება დაემატოს თამაშები ქცევის მარტივი და მკაფიო ალგორითმებით. ეს სქემა ყოველთვის უცვლელი უნდა იყოს, ხოლო სიტუაცია იცვლებოდეს და რთულდებოდეს. 6 წლიდან უკვე ზუსტად და პირდაპირ უნდა ავუხსნათ, რა საფრთხე ემუქრება ბავშვს ქუჩაში მარტო დარჩენის შემთხვევაში. ავუხსნათ, რომ არსებობენ კეთილი და ბოროტი ადამიანები. შემდეგ ვკითხოთ, შეუძლია თუ არა ბოროტი და კეთილი ადამიანების გარჩევა ან როგორ მოიქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში.

თუ მაინც მოხდა

ბავშვი უცებ თქვენი თვალთახედვის არიდან გაქრა. აქეთ-იქით იყურებით, მაგრამ ის არ ჩანს, დარბიხართ თაროებს შორის, მაგრამ უშედეგოდ, ფეხით მოირბინეთ ზღვის სანაპირო, მაგრამ შვილი ვერ იპოვეთ... როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

უპირველეს ყოვლისა, არ დაკარგოთ არც ერთი წამი, სასწრაფოდ აცნობეთ ბავშვის დაკარგვის შესახებ სუპერმარკეტის თუ სანაპიროს დაცვას, განაცხადეთ პოლიციაში. თუ საქმე ისე სერიოზულად არის, რომ პოლიციასთან დაკავშირება გახდა საჭირო, ეცადეთ, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ მათ იმის თაობაზე, სად, რა სიტუაციაში გაუჩინარდა პატარა. დეტალურად აღწერეთ ბავშვის გარეგნობა, მისი განსაკუთრებული ნიშნები, საუბრის მანერა, სიარულის სტილი, ჩაცმულობა. გაითვალისწინეთ, რომ პატარას უეცარი გაუჩინარების შემთხვევაში მოქმედებს დაუწერელი კანონი - რაც უფრო მეტმა ადამიანმა იცის ბავშვის დაკარგვის შესახებ, მით უფრო ადვილია მისი პოვნა. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ბავშვის გატაცების საბედნიეროდ უკვე იშვიათობად ქცეულ შემთხვევებს.

ბოლო რჩევა კი ასეთია: იყავით უაღრესად ყურადღებიანი საკუთარი შვილის მიმართ, პატივი ეცით მის პიროვნებას, ხელი შეუწყვეთ ბავშვის პოზიტიურ თვითშეფასებას, დაეხმარეთ თვითრწმენის გამომუშავებაში, ნუ დათრგუნავთ მის ნებისყოფას, ხშირად ესაუბრეთ პრობლემური სიტუაციების შესახებ. ამ რჩევების შესრულების შემთხვევაში შესაძლოა შოპინგისთვის, სილამაზის სალონში სტუმრობისთვის ან სერიალის საყურებლად დრო აღარ დაგრჩეთ; სამაგიეროდ ყოველთვის შვილის გვერდით იქნებით.