ვისწავლოთ თამაში
ახალბედა მშობლები ხშირად ცდილობენ, ბავშვის ოთახში იდეალური წესრიგი და სტერილურთან მიახლოებული პირობები შეინარჩუნონ. ასეთ დროს ბავშვიც ინტერიერში მოთავსებული სამუზეუმო ექსპონატის შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგიერთი პატარა ორი წლის ასაკშიც კი დუმს - ექსპონატები ხომ უტყვნი არიან!
შეიძლება გამოვიტანოთ ერთადერთი დასკვნა - პატარას არა მარტო მყუდროება, არამედ კომფორტული სათამაშო გარემო სჭირდება.
ვინ არის შენი მეგობარი
ჩვილის საუკეთესო მეგობარი სათამაშოა. სწორედ მათთან ურთიერთობისას შეიცნობს ბავშვი სამყაროს, სწავლობს ახალ სიტყვებს, ეჩვევა ირგვლივ მყოფებთან კონტაქტს, იძენს მოტორულ ჩვევებს. პატარა ბავშვს აუცილებლად სჭირდება კომპანია. როცა მშობელი ბავშვს მანეჟში ჩასვამს, შიგ სათამაშოებს ჩაუყრის, დარწმუნდება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და თავად სხვა ოთახში გავა, ის არასწორად იქცევა.
თავის ხელთ არსებულ "სიმდიდრეს" პატარა საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს. ნახევარი საათის შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ბურატინოს ფეხი აღარ აქვს, ხოლო ცხვირის წვერზე კბილების ნაკვალევი ატყვია. სამყაროსთან ურთიერთობის ასეთი მეთოდი ბავშვმა შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. არ არის გამორიცხული, მომავალში ასევე მოექცეს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, წიგნებს...
ბავშვმა სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე უნდა ისწავლოს საგნებით, მათ შორის სათამაშოებით მანიპულირება. ამ დროს აუცილებელია სიტყვიერი აკომპანემენტი, ამიტომ სათამაშოების ჩვენებისას სიტყვიერი კომენტარი არ დაიზაროთ. თავდაპირველად ახალგაზრდა მშობლებს ეს უჭირთ, მაგრამ თანდათან მიეჩვევიან.
გარდა ამისა, აუცილებელია, ბავშვთან ურთიერთობისას შევარჩიოთ სათანადო ტონი, სწორად ავაგოთ ყოველი ფრაზა. თუ პატარაც უცნაურად ლაპარაკს მიეჩვია და ჩათვალა, რომ სწორედ ეს არის ნორმა, შემდეგ მანერის შეცვლა ძალიან გაუჭირდება. ჩვილთან საუბრისას შეიძლება უმნიშვნელოდ შევანელოთ მეტყველების ტემპი, ვილაპარაკოთ მუსიკალურად, მოკლე ფრაზებით. ამ პრინციპების დაცვით უმღერიან პატარას, უყვებიან მას მოკლე ისტორიებს. ეს არის წლამდე ასაკის ბავშვთან ურთიერთობის ოპტიმალური ვარიანტი. ფრაზები სავსე უნდა იყოს სიყვარულით, მაგრამ არამც და არამც არ გირჩევთ ენის მოჩლექას!
თითოეული სათამაშო კარგად უნდა დავათვალიეროთ, რამდენჯერმე გავიმეოროთ მისი სახელი. ჩვილი მხოლოდ მაშინ დაინტერესდება სათამაშოთი, თუ თქვენს ინტერესსაც შეამჩნევს.
უსაფრთხო თამაში
ხშირად ახალბედა მშობლები ბავშვის საწოლში ძალიან დიდი ზომის რბილ სათამაშოს მიუჩენენ ხოლმე ბინას. ეს ბავშვის ბუნებრივ პროტესტს იწვევს: ჯერ ერთი, ეშინია, მეორე - თავს ვიწროდ გრძნობს, თანაც ცხვირში რაღაც უღიტინებს და ცემინებას აწყებინებს. როგორც ვხედავთ, ასეთ სათამაშოსთან მეზობლობას მხოლოდ პრობლემები მოაქვს.
ბებიები ამ დიდ რბილ სათამაშოებს "მტვრის ბუდეს" უწოდებენ და მშობლებს მოუწოდებენ, მათთან ურთიერთობა დაახლოებით ორი წლით გადადონ. არც მედიკოსები არიან აღფრთოვანებულნი ჩვილის საწოლში რბილი სათამაშოების ბინადრობით, ვინაიდან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც მდიდარია ალერგენებით. ამასთანავე, პატარებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, გემო გაუსინჯონ სათამაშოს ყურსა თუ კუდს, ეს კი სახიფათოა.
სიცოცხლის პირველ წელს ბავშვის საუკეთესო მეგობრები რეზინისა და პლასტმასის სათამაშოები არიან. მათთან თამაში სასიამოვნოა, თანაც ორივე მასალა ირეცხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კბილების ამოჭრისას კი მათი ღრღნაც უსაფრთხოა. უკანასკნელი გარემოების გათვალისწინებით, აუცილებელია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ სათამაშო ხარისხიანია და ჯანმრთელობას არ ავნებს. ყველაზე საიმედოა აფთიაქებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძენილი სათამაშოები.
არა უშავს, გაიღიმეთ!
სამი წლის ბიჭუნას დედა შეშფოთებულია - რამდენიმე თვეა, რაც მისი პატარა განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს დედის კოსმეტიკის მიმართ. რამდენჯერმე დედის ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმაც კი სცადა! რა ხდება? იქნებ მიზეზი მამის არასაკმარისი გავლენაა? მამა მართლაც ბევრს მუშაობს, შინ გვიან ბრუნდება. ამ დროს ბავშვს ხშირად სძინავს... სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა სულაც არ არის განსაკუთრებული, არც შემაფოთებელია. პატარა ბიჭის ინტერესი დედის ნივთების მიმართ არ არის უცნაური. პატარა ბავშვები, განურჩევლად სქესისა, ხშირად ბაძავენ დედას, ხოლო მისი ქუსლიანი ფეხსაცმელების მორგება მათი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი რეაქცია ღიმილი და იუმორია. შვილს მხიარულად უნდა ვუთხრათ, რომ ეს ყველაფერი დეიდებისთვისაა, ხოლო თავად, როცა გაიზრდება, ბიძია იქნება. აკრძალვა კი ნამდვილად არ არის საჭირო.
აღწერილ სიტუაციაში ერთი რამ მაინც საყურადღებოა. ეს არის მამისა და შვილის იშვიათი კონტაქტი, რაც მართლაც არასასურველია. ცნობილია, რომ მამასთან ურთიერთობის დეფიციტი, მისი მხრივ ყურადღებისა და ალერსის უკმარისობა ხშირად იწვევს ბავშვის ფსიქიკური და ფსიქოსოციალური განვითარების დარღვევას. პატარა ბიჭი ყოველთვის გადის დედით აღფრთოვანების, მისი "შეყვარების" სტადიას, ამის შემდეგ კი მან მამასთან უნდა მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიკაცია. სწორედ ამით იწყება "მამაკაცური განვითარება". ეს ყოველივე 5-7 წლის ასაკში ხდება. ამიტომ ყველა მამა უნდა ეცადოს, ამ პერიოდში აუცილებლად გამონახოს დრო შვილთან ურთიერთობისთვის.