რატომ გვეშინია მწერების?
პატარა თეო ექვსი წლისაა. ერთ საღამოს ოთახში პეპელა შემოფრინდა. ჭაღის ირგვლივ დაფარფატებდა, ბავშვს არაფერს უშავებდა... გოგონამ საბანი წაიფარა თავზე და მანამდე არ მოიცილა, სანამ დედამ პეპელა არ გააგდო... ნორმალურია თუ არა ბავშვის ასეთი საქციელი? როგორ უნდა გავაგებინოთ ბავშვს, რომ პეპელა სულაც არ არის საშიში?
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მწერების მიმართ გაუმართლებელი და ირაციონალური შიში არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც აქვთ. ეს შიში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ფობიების ერთ-ერთ ფორმად არის გამოყოფილი.
მას ენტომოფობია ეწოდება. წარმოიდგინეთ თქვენი მდგომარეობა, როცა შეამჩნევთ, რომ თქვენს ფეხზე მუხლუხო მიცოცავს. ალბათ წამოიყვირებთ და ზიზღით მოიცილებთ. არადა მწერს თქვენთვის არაფერი დაუშავებია. სხვათა შორის, ბზიკიც კი არ ესხმის თავს ადამიანს, მაგრამ მისი ქმედების პროგნოზირება შეუძლებელია.
რა არის ბავშვური ენტომოფობიის მიზეზი?
ფსიქოლოგები ამ შიშს სხვადასხვაგვარად ხსნიან. იუნგის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მწერების შიში "კოლექტიური არაცნობიერის" თეორიით შეიძლება აიხსნას - თითქოს ბავშვში ცოცხლდება შიში, რომელიც ადამიანს ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, განვითარების იმ პერიოდიდან მოსდევს, როცა ადამიანი სრულიად უსუსური და დაუცველი იყო მწერების, გველების და სხვა სისხლის მწოველების წინაშე. დღეს ჩვენ გვაქვს მრავალი საშუალება მათ წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სადღაც ღრმად ჯერ კიდევ ცოცხლობს შიში.
არსებობს უფრო მარტივი ახსნაც. ხშირად ბავშვებში ენტომოფობიას სწორედ მოზრდილები იწვევენ. ბავშვი თავისი ნატურით მკვლევარია. პირველი რეაქცია, რომელიც მას მწერის დანახვისას აქვს, ცნობისმოყვარეობა და ამ ახალი არსების შესწავლის სურვილია. ამ დროს, როგორც წესი, ჩვენ უმალ ვერთვებით საქმეში და პატარას ვმოძღვრავთ: "ფრთხილად, ხელი არ მოკიდო! ბუზი ბინძურია! ფუტკარი იკბინება!" ჩვენი შიში ბავშვს უმალვე გადაეცემა. ამასთანავე, ბავშვი გაოცებულია: ნუთუ შეიძლება, რომ დედას, ასეთ დიდსა და ძლიერს, ამ ერთი ციცქნა არსების ეშინოდეს?! ეს შიშს კიდევ უფრო აძლიერებს, რადგან ყველაფერი უცნაური და აუხსნელი საშიშია. ფობია ბავშვში ძალიან სწრაფად ვრცელდება. თუ ერთხელ პეპლისა შეეშინდა, შიში მაშინვე გავრცელდება სხვა მწერზეც.
როგორ ვძლიოთ მწერების შიშს?
უპირველეს ყოვლისა, უნდა დავამარცხოთ საკუთარი შიში. მაგალითად, ხელზე მაისის ხოჭო დაგაჯდათ. ნუ აიქნევთ ხელს და ნუ აყვირდებით შვილის თანდასწრებით. პატარას უთხარით, რომ ხოჭო ლამაზია, ის მალე გაფრინდება და ხელი შეუმჩნევლად ამოძრავეთ. უფრო მეტი წაიკითხეთ მწერების შესახებ და ეცადეთ, ბავშვიც დააინტერესოთ. წაიკითხეთ წიგნები, ნახეთ ფილმები ბუნების შესახებ, დააკვირდით ჭიანჭველების ბუდეს. ოთხი წლის ბავშვისთვის ეს ძალიან საინტერესოა. ნუ დასცინებთ თქვენი შვილის შიშს. ბავშვი პიროვნებაა და მას ნამდვილად აქვს შიშის უფლება. ფრაზა "ამან როგორ შეგაშინა!" ფობიას კი არ მოსპობს, უფრო მეტად გააძლიერებს.