რჩევები მშობლებს

დაიძინე, პატარავ!

დაიძინე, პატარავ!

ზოგჯერ ბავშვი ღამით რამდენჯერმე იღვიძებს. რისი ბრალია ეს?

წყვეტილი ძილი
პრობლემა: ბავშვი რამდენიმე საათში ერთხელ იღვიძებს, დედა კი დგება და უნანავებს. სამწუხაროდ, შედეგი არცთუ ისე კარგია - დედა გამოუძინებელი რჩება, ბავშვიც აგზნებულია და საკმაო ხანი სჭირდება დასამშვიდებლად. დღისით პატარა აქტიურია, დედა კი მოთენთილი...
მიზეზი: დედისა და შვილის ძილის ფაზები ერთმანეთს არ ემთხვევა. ძუძუთა ბავშვის ძილის ციკლი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა. ღრმა ძილიდან ზედაპირულის ფაზაში გადასვლა ზოგიერთი პატარასთვის შეუმჩნეველია, ზოგი კი იღვიძებს და უფროსებსაც აღვიძებს.

რა ვიღონოთ? პირველი გაღვიძებისას პატარა გვერდით

მოიწვინეთ, ძუძუ მოაწოვეთ, მოეფერეთ. ბავშვი მალე ჩაიძინებს. მომდევნო გაღვიძებისას ჭმევა აღარ არის საჭირო, უბრალოდ ჩაეხუტეთ. ცოტა ხანში ბავშვისა და თქვენი ძილის ფაზები ერთმანეთს დაემთხვევა. როგორც კი შეამჩნევთ, რომ პატარა წრიალებს, მიეფერეთ. ის იგრძნობს დედის გვერდით ყოფნას, მის სითბოს და დამშვიდდება. ამის შემდეგ ორივე ტკბილად დაიძინებთ.
დროთა განმავლობაში ბავშვს გაუადვილდება ღრმა ძილის ზედაპირულით შეცვლის მომენტის გადატანა.

 


დავიძინოთ თუ არა?
პრობლემა: დედა ბავშვს საწოლში აწვენს და ოთახიდან გადის, რამდენიმე წუთში ბავშვი იღვიძებს და ტირილს იწყებს.
მიზეზი: ბავშვი ღრმა ძილის ფაზაში ვერ გადავიდა.
რა ვიღონოთ? უფრო მეტხანს დარჩით ბავშვთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გგონიათ, რომ უკვე დაეძინა. ნუ იჩქარებთ. დააცადეთ, ღრმად დაიძინოს. დააკვირდით, ხომ არ აქვს ხელები მუშტებად შეკრული, წარბები შეჭმუხნილი, სუნთქვა არათანაბარი, სხეული დაჭიმული. თუ ეს ნიშნები შეამჩნიეთ, ესე იგი ბავშვს ღრმად არ სძინავს.


ღამის თამაშები
პრობლემა: ღამით ბავშვი იღვიძებს და თამაშს იწყებს. თუ ასეთი ქცევა ჩვევად ექცა, მშობლები მუდამ გამოუძინებლები იქნებიან.
მიზეზი: ბავშვს ჩამოუყალიბდა აზრი, რომ საწოლი ისეთივე სათამაშო ადგილია, როგორიც საბავშვო ოთახი. რა მნიშვნელობა აქვს, როდის ეთამაშება მშობლებს - დღისით თუ ღამით?
რა ვიღონოთ? ბავშვს უნდა აგრძნობნოთ, რომ საწოლი ძილის ადგილია და არა თამაშისა. ამის გამო საწოლში შეიძლება იყოს მხოლოდ ის ერთადერთი სათამაშო, რომელიც ძილთან ასოცირდება. ნუ აჰყვებით პატარას სურვილს და ნუ ეთამაშებით ღამით. ნუ შეიმჩნევთ, რომ მას არ სძინავს და ნურც მის შეძახილებს უპასუხებთ. თუ ერთხელ მაინც ეთამაშეთ, შემდეგ რამდენიმე "შეტევის" მოგერიება მოგიწევთ. აუცილებლად მოახდინეთ ღრმა ძილის იმიტაცია, თანდათან პატარა მიხვდება - ღამე ძილის დროა და არა თამაშის.


ფიზიოლოგიური მიზეზები
პრობლემა: დედამ ყველაფერი სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ბავშვი ხშირად იღვიძებს.
მიზეზი: პატარა შესაძლოა იღვიძებდეს კბილების ამოჭრისას ღრძილების ტკივილის, სველი პამპერსის, გაჭედილი ცხვირის ან სიცხის გამო.
რა ვიღონოთ? გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები ამ პრობლემების მოსაგვარებლად.


ვისწავლოთ ძილი
ძილი საოცარი საიდუმლოა. ის ადამიანისთვის ისევე აუცილებელია, როგორც საკვები და სასმელი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ახლახან მოევლინა სამყაროს. ჰკითხეთ ნებისმიერ ახალგაზრდა დედას, როგორ არის საქმე. დაიწყება საუბარი იმაზე, რომ "ვიზრდებით", "ვჭამთ", "ვთამაშობთ", მაგრამ "ცუდად გვძინავს". სტატისტიკის თანახმად, დიდების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ მის შვილს არასაკმარისად ან ცუდად სძინავს. მართალია, ჩვენ ძილში ცხოვრების მესამედს ვკარგავთ, მაგრამ მის გარეშე ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელია. ბავშვებისთვის კი ძილი არსებობის ფორმაა. რა საჭიროა ძილი? სომნოლოგები - მეცნიერები, რომლებიც ძილის პრობლემებზე მუშაობენ - ამ პროცესს ელექტროენცეფალოგრაფის მეშვეობით შეისწავლიან. ეს არის ხელსაწყო, რომელიც ტვინის ელექტრულ იმპულსებს აღრიცხავს. კვლევამ აჩვენა, რომ ტვინი განუწყვეტლივ მუშაობს. ის სიგნალებს წარმოქმნის და სიფხიზლისა და ძილის დროს ეს სიგნალები სხვადასხვანაირია. ძილში სიგნალები ძილის ფაზების მიხედვით იცვლება. განასხვავებენ ნელ (ორთოდოქსულ) და სწრაფ (პარადოქსულ) ძილს. ისინი ციკლურად ენაცვლებიან ერთმანეთს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინის განვითარება სწორედ პარადოქსული ძილის დროს ხდება. ახალშობილის ძილის ხანგრძლივობის 80% სწორედ პარადოქსული ძილის წილად მოდის. 6 თვისთვის ეს მაჩვენებელი 50%-მდე მცირდება, ხოლო 3 წლისთვის - 30%-მდე. მოზრდილი ადამიანის ძილის ხანგრძლივობის 20% პარადოქსული ძილის წილად მოდის. დადგენილია, რომ ძილში ბავშვი გადაამუშავებს და ითვისებს დღისით მიღებულ ინფორმაციას. სიტყვა "ინფორმაცია" ამ შემთხვევაში ნიშნავს როგორც ვიზუალურ, ასევე ტაქტილურ და ბგერით შთაბეჭდილებებს.


მე ვიზრდები!
სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ბავშვს 2-ჯერ მეტი ხანი სძინავს, ვიდრე მოზრდილს. ეს ბუნებრივიც არის: ბავშვი სიცოცხლის პირველ წელს უამრავ ჩვევას გამოიმუშავებს; წუთით დაფიქრდით, რამხელა ძალისხმევაა საჭირო ხელ-ფეხის ასამოძრავებლად, გასაღიმებილად, პირველი სიტყვების სათქმელად, პირველი ნაბიჯების გადასადგმელად... ფორტეპიანოზე დაკვრას მოზრდილები წლების განმავლობაში სწავლობენ, პატარა ბავშვი კი გაცილებით რთულ ინსტრუმენტს - საკუთარ სხეულს - 12 თვეში ეუფლება. ტვინმა ახალი ინფორმაციის უდიდესი ნაკადი რომ აითვისოს, ის სათანადოდ უნდა ისვენებდეს. გარდა ამისა, ძილის დროს გამომუშავდება მრავალი ჰორმონი, მათ შორის ზრდის ჰორმონიც. ასე რომ, "პატარა ძილში იზრდებაო" მხოლოდ ხატოვანი გამოთქმა როდია.



მხოლოდ სარგებლობა
ადამიანის ყველაზე მკვეთრი მოგონებები ემოციებთან არის დაკავშირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი სწორი განვითარებისთვის კარგ განწყობაზე უნდა იყოს. ესე იგი, ის უნდა იყოს დასვენებული. კარგი ძილი არა მარტო კარგი განწყობის, არამედ ჯანმრთელობისა და ძლიერი იმუნიტეტის საწინდარიც არის. ძილის დროს აქტიურდებიან ლიმფოციტები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ მიკრობებს ებრძვიან. ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით, დედასაც ეხება. როცა ნამცეცას ღამით ტკბილად სძინავს, დედაც კარგად გამოიძინებს და დილით კარგი განწყობით იღვიძებს. ის სავსეა პატარასთან ურთიერთობის სურვილით. იდეალური ძილის ერთ-ერთი პირობა რბილი და მშრალი საფენია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა. ის არც მეტისმეტად მაღალი უნდა იყოს და არც მეტისმეტად დაბალი. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჰაერის ტენიანობას. ოთახში სიბნელე უნდა იყოს. აუცილებლობისას შეიძლება ღამის ნათურა დავტოვოთ.


მნიშვნელოვანი წვრილმანები
ერთ წლამდე ბავშვს ბალიში არ სჭირდება. თუ ხშირი წამოქაფება აქვს, შეიძლება თავქვეშ ოთხად გაკეცილი თხელი მიტკლის ნაჭერი დავუდოთ. საბანი რბილი უნდა იყოს, ის პატარას არ უნდა აწუხებდეს. ჩვილ ბავშვს მუცელზე არ უნდა ეძინოს.


ძილი ნებისა
ნებისმიერი საქმიანობისთვის სათანადო მომზადებაა საჭირო. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ ძილისთვისაც. ზოგი ბავშვი საწოვარას გარეშე ვერ იძინებს, ზოგს საყვარელი სათამაშო სჭირდება. ნეტავ რატომ? ხანდახან გვეჩვენება, რომ პატარას დაბადებისას უკვე მრავალი უნარი აქვს. ერთ-ერთი მათგანი ჩაძინების უნარია. ეს შეხედულება არცთუ მართებულია. პატარას ჩაძინება უნდა ვასწავლოთ. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა. ძილის წინ შეუქმენით განსაკუთრებული ატმოსფერო, მოიფიქრეთ რიტუალები, რომელთა მეშვეობითაც ბავშვი მიხვდება, რომ ძილის დრო მოვიდა. დაიხსომეთ უმთავრესი წესი - ძილის წინ პატარა მშრალი და მაძღარი უნდა იყოს. ბავშვის ძილზე საუბარი ალბათ საწოლით უნდა დავიწყოთ. ჩვილ ბავშვს, მოზრდილი ადამიანისგან განსხვავებით, ხერხემლის შ-ისებური ნადრეკი არა აქვს - ის ფეხზე დგომისას ჩნდება. ამის გამო ლეიბი იდეალურად სწორი და მკვრივი უნდა იყოს. პატარების უმავლესობას წყალი ადუნებს. აბაზანის შემდეგ მათ ტკბილად სძინავთ. მართალია, ისეთი პატარებიც არსებობენ, რომლებიც აბაზანის შემდეგ ძალების მოზღვავებას გრძნობენ, მაგრამ ისინი ცოტანი არიან.


რამდენი უნდა ეძინოს პატარას?
სიცოცხლის პირველი 3 თვის განმავლობაში - დღე-ღამეში 16-20 საათი. თავდაპირველად პატარას ისე სძინავს, რომ დღესა და ღამეს ვერ არჩევს, ცოტა ხნის შემდეგ კი სამი პერიოდი გამოიყოფა - საღამოს 8 საათიდან ღამის ორ საათამდე; დილის ოთხის ნახევრიდან დილის რვამდე; 2 საათი სადილამდე და 4-5 საათი სადილის შემდეგ. 3-დან 9 თვემდე პატარას ღამით 12 საათი სძინავს, დღისით - ჯერ 5, შემდეგ 4, შემდეგ კი 3. 9 თვიდან 2 წლამდე ბავშვს ღამით 11-12 საათი სძინავს, ხოლო სადილის შემდეგ - 3 საათი. ზოგიერთ პატარას ერთი საათი სადილამდე სძინავს და 2 - სადილის შემდეგ.


რეჟიმი თუ თავისუფლება?
ბავშვები ისეთივე სხვადასხვანაირები არიან, როგორიც ჩვენ. რაც კარგია ერთი პატარასთვის, მეორისთვის შესაძლოა შეუფერებელი იყოს. ახალბედა დედების მთავარი შეკითხვა ასეთია: დავიცვათ თუ არა რეჟიმი პატარას აღზრდისას? მოდი, განვიხილოთ რეჟიმის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ახალი მიდგომების თანახმად, პატარა ბავშვი დაბადების პირველი წუთებიდანვე თავისუფალი უნდა იყოს - ვაჭამოთ, როცა მოითხოვს, დაიძინოს, როცა მოუნდება. ეს პრინციპი უკვე მრავალ ოჯახში დამკვიდრდა. რეჟიმზე უარის თქმას აქვს თავისი ღრმა, შეიძლება ითქვას, ფილოსოფიური საფუძველი. "პატარა ბავშვი ძალიან ახლოს არის ბუნებასთან, რის გამოც თავს ზიანს ვერ მიაყენებს", - ასეთია მოსაზრება. პატარა მართლაც ინსტინქტურად გრძნობს, რა არის უმჯობესი მისი ორგანიზმისთვის მოცემულ მომენტში.

დადებითი მხარე: ბავშვის სურვილზე ორიენტაცია მისი ფსიქიკური განვითარების დამატებითი სტიმულაციაა. ეს მოქმედებს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე. მშობლები მას აღიარებენ სრულფასოვან პიროვნებად, რომელსაც აქვს უფლება, სასურველი ცხოვრების წესი თავად აირჩიოს.

უარყოფითი მხარე: არ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ახალშობილი ასეთი სოციალურად მომწიფებული არსებაა. თავისუფალი რეჟიმის შემთხვევაში ვერც დედა დაგეგმავს დღეს. ძალიან გაძნელდება პატარას დატოვება ახლობელთან, თუნდაც ერთი დღით. რეჟიმის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კვება, სეირნობა, ბანაობა და ძილი, რომელთა დროც დაახლოებით ერთნაირია, ბავშვისთვის ორიენტირებია. თუ არჩევანს ჩვილ ბავშვს მივანდობთ, მას შესაძლოა ორიენტირება ძალიან გაუჭირდეს. ესე იგი, როცა რეჟიმზე, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, უარს ვამბობთ, სინამდვილეში საპირისპირო ეფექტს ვიღებთ. ის სხვადასხვაგვარად ვლინდება, უმეტესად - უმიზეზო ტირილით, რომელსაც ბავშვი მხოლოდ დედასთან ყოფნისას წყვეტს. გაღიზიანებულ პატარას უქრება ახლობლებთან ურთიერთობის სურვილი, ერღვევა ძილი, ეკარგება მადა. თანდათან ეს ყოველივე შესაძლოა ნევროზულობის მიზეზად იქცეს. არსებობენ მკაცრი რეჟიმით ბავშვის აღზრდის მომხრენიც. პედაგოგებს, ფსიქოლოგებს, ექიმებს და სხვა სპეციალისტებს ზუსტად აქვთ შესწავლილი და პრაქტიკაში გამოცდილი, რა ასაკში რამდენი უნდა იძინოს, ჭამოს და, საზოგადოდ, რა უნდა აკეთოს პატარამ. დადებითი მხარე: მშობლებმა, რომლებიც ბავშვს რეჟიმით ზრდიან, ზუსტად (ოდნავი ცდომილებით) იციან, როდის რა უნდა აკეთოს პატარამ. ეს დედას ცხოვრებას უმსუბუქებს, თავიდან აცილებს ზედმეტ ფუსფუსს და მეტ თავისუფალ დროს სჩუქნის. უფრო ადვილია ქოთანზე ჯდომის ჩვევის გამომუშავებაც. უარყოფითი მხარე: რეჟიმის დაცვა ცოტათი მოუხერხებელიც არის. თუ ოჯახის ცხოვრება ცვლილებას მოითხოვს (მაგალითად, სტუმრად წასვლის გამო), მთელი ოჯახი შეზღუდულია პატარას დღის რეჟიმით. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ბუნებრივია, დაიბადება კითხვა: მაინც როგორ მოვიქცეთ? პასუხი აშკარაა: უნდა გამოვიჩინოთ ლავირების დიდი უნარი. არ არის საჭირო ექსპერიმენტები; რაც აქ წაიკითხეთ, მხოლოდ თეორიაა, ცხოვრებას კი ყველაფერში თავისი კორექტივები შეაქვს.