სკოლა და საჭირო ნივთები
ყველა სკოლას თავისი მოთხოვნები აქვს, ამიტომ მშობლები პედაგოგისგან წინასწარ იღებენ საჭირო მითითებებს და საჭირო ნივთების სრულ სიას (ზოგიერთ კერძო სკოლაში, სადაც სწავლების თავისებური მეთოდები აქვთ, სასწავლო ნივთებსაც ისე არჩევენ, რომ ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოები თუ სხვა ატრიბუტები ერთნაირი ჰქონდეს). თუ ბავშვი ჩვეულებრივ სკოლაში მიდის, შეგიძლიათ უნივერსალურ რჩევებს მისდიოთ. პატარა მოსწავლისთვის განკუთვნილი სასწავლო ნივთების სია ასეთია: თორმეტფურცლიანი რვეულები, ბურთულიანი კალამი, უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, აკვარელი, ფუნჯების ნაკრები, ანბანი, პლასტილინი, სახაზავი, მაკრატელი, ფერადი ქაღალდები, საშლელი, სათლელი, რვეულებისა და წიგნების გადასაკრავები, ფანქრებისა და საწერი კალმის ჩასაწყობი ყუთი. ბავშვის სწორი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქნება შერჩეული თითოეული ეს ნივთი. სასკოლო ჩანთა. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის უმჯობესია ზურგჩანთა. ის უფრო მოხერხებულია, ვიდრე ხელჩანთა ან ცალ მხარზე გადასაკიდი ჩანთა - მათი ტარებისას სიმძიმე სხეულის ცალ მხარეს გადადის, რაც იწვევს ძვლების დეფორმაციას, ზიანს აყენებს ხერხემალს, ბავშვიც მალე იღლება. ზურგჩანთის კონსტრუქცია კი საშუალებას იძლევა, დატვირთვა ზურგსა და მხრებზე თანაბრად განაწილდეს.
შესანიშნავია, როცა ზურგჩანთას აქვს ორთოპედიული ზურგი, რომელიც იმეორებს ხერხემლის ხაზს, ბადისებრი ქსოვილის ჩანართი (რათა ზურგი არ გაოფლიანდეს), სინათლის ამრეკლავი ელემენტები (უსაფრთხოებისთვის) და ფართო (5-5 სმ) ღვედები. ზურგჩანთის წონა (მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე) არ უნდა აღემატებოდეს 1,2 კილოგრამს. უმცროსკლასელთათვის ზურგჩანთის მაქსიმალური დასაშვები წონა სახელმძღვანელოებთან ერთად 1,5 კგ-ია. შეარჩიეთ ჩანთა, რომელსაც ექნება რეზინის ან პლასტიკატის სახელური (რომელიც საიმედოა და რომლის გარეცხვაც შესაძლებელია), მაგარი და მოხერხებული შესაკრავები, რომელთა გაღება და ჩაკეტვა ბავშვს სირთულეს არ შეუქმნის. რვეულების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ნახატებიანი ფურცლები თუ გარეკანი ბავშვს ყურადღებას უფანტავს, ის ვეღარ ახდენს კონცენტრაციას დავალებაზე, რომლის შესრულებასაც მისგან მოითხოვენ. უმჯობესია გამოიყენოთ უბრალო, ერთნაირი ფერის რვეულები. რაც შეეხება ფურცლებს, მეტისმეტად მკვეთრი ან მქრქალი საღებავით შესრულებული ხაზები ხელს უშლის მხედველობით აღქმას. კალამი. უმჯობესია შეიძინოთ კალამი რეზინის ჩანართით, რათა ბავშვს შუა თითის ძვალი არ დაუზიანდეს. ერთი სიტყვით, პატარა მოსწავლეს ისეთი სასწავლო ნივთები უნდა შევურჩიოთ, რომ მათთან შეხება სიამოვნებას ანიჭებდეს და უქმნიდეს სასიამოვნო განწყობას ხალისიანი მეცადინეობისთვის, სწავლისთვის.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სასკოლო დატვირთვისას
ზარი უკვე დაირეკა. ბავშვები სწავლას შეუდგნენ. პირველკლასელები ამაყობენ საკუთარი თავით. პირველმა მღელვარებამ უკვე გაიარა. მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, სავსე ახალი შთაბეჭდილებებითა და აღმოჩენებით. სკოლების დერეფნებში მოსწავლეთა ჟრიამული ისმის. მაგრამ განა ყველა ბავშვი ასეთი ენთუზიაზმით მიიჩქარის სკოლისაკენ? ზოგიერთს სკოლაში სიარული არ უყვარს. მიზეზი სხვადასხვაა: დიდი დატვირთვა, პრობლემები სწავლაში, მასწავლებლის ან საკონტროლოს შიში. ამას ემატება სხვადასხვა სტუდიაში, სექციაში თუ წრეზე სიარული, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას, მეორე მხრივ, ზრდის დატვირთვას და აძლიერებს სტრესს. ჩვენი, მშობლების ამოცანაა, დავეხმაროთ ბავშვებს სასკოლო პრობლემების დაძლევაში. სწორი დღის რეჟიმი საშუალებას მოგვცემს, თანაბრად გავანაწილოთ დრო მეცადინეობისა და დასვენებისთვის. თამაშის ფორმით გადაცემა და დამატებითი მეცადინეობა აადვილებს მასალის ათვისებას. მშობლების მაგალითი უჩვენებს ბავშვს ყოველდღიური შრომის მნიშვნელობას, უმყარებს მოტივაციას და ცოდნისადმი სწრაფვას. მაგრამ ყველა მცდელობა და ძალისხმევა უშედეგო იქნება, თუ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა სათანადო დონეზე არ არის, მის ორგანიზმს აკლია ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. ყურადღებით დააკვირდით ბავშვს. თუ ის ადვილად იღლება, ცუდად ხედავს, უჭირს კონცენტრირება და ძნელად აღიქვამს ახალ ინფორმაციას - ეს სიგნალია იმისა, რომ ორგანიზმი ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს განიცდის. ომეგა-3 გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვის ტვინის მუშაობაში. ამ მჟავებს ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს, ისინი აუცილებლად უნდა მივიღოთ საკვებთან ერთად. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები: ზოოპლანქტონი, ზღვის მოლუსკები, თევზის ზოგიერთი სახეობა (ორაგული, სარდინი და სხვა).